“სარკის” დახმარებით 38 კილოს უარი ვტკიცე” – კაფანდარა გოგოს ამბავი

"სარკის" დახმარებით 38 კილოს უარი ვტკიცე" - კაფანდარა გოგოს ამბავიგზაზე კაფანდარა გოგო ისე მიდიოდა, მიწაზე ფეხს არ აბიჯებდა, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს ჰაერში დაფრინავდა.

ქუჩის მეორე მხარეს ნაცნობ მზერას წააწყდა. ეს მისი დედის თვალები იყო. გოგომ ხელი აუწია და მისკენ წავიდა. ქალს თვალები ცრემლიანი ჰქონდა, ხოლო გული – სევდით სავსე, მაგრამ შვილს რომ რაიმე შეემჩნია, ამას არ დაუშვებდა.

ის კაფანდარა გოგო მე ვარ, 16 წლის ნინო ციცქიშვილი. იმ დღეს დედასთან ერთად განვაგრძე გზა. ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მზერამ ჩემი გული შეაკრთო.

– რატომ მიყურებენ ასე? – ვკითხე დედას გაუბედავად.

დამამშვიდა –  ჩემო გოგონა, ყურადღება არ მიაქციოო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამაყოლეს თვალი და ბრაზი მომერია. ვამჩნევდი, ისედაც დადარდიანებულ დედას დარდი კიდევ რომ ემატებოდა, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ აპირებდა. ფიქრობდა, ექვსთვიანი ბრძოლა ბოლოს ხომ უნდა დამთავრებულიყო და ეს იმედის ნაპერწკალი მას ძალას მატებდა.

მე კი მინდოდა, ისევ კაფანდარა ვყოფილიყავი. 38 –  ჯიუტად იმეორებდა ჩემი გონება. წონის დეფიციტი რომ მქონდა, კარგა ხანი ვიცოდი, მაგრამ საკუთარი თავი ასეთი მომწონდა. აკვიატებულ 38-ს პრობლემური დღეების უსასრულობა მოჰყვა. ბევრი უტაქტო ნათქვამი, ბევრი მწარე სიმართლე ვიგემე, მაგრამ იმას ვერ ვეგუებოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მართებული არ იყო და ამდენი “შრომა” წყალში  მეყრებოდა.

– ავადმყოფს ჰგავხარ, – მეუბნებოდა ერთი.

– ბიოლოგიის კაბინეტში რომ ჩონჩხია, იმას უფრო ჰგავს, – ამბობდა მეორე.

– არა, მაკარონი უფროა, – თავის აზრს გამოთქვამდა მესამე.

ყოველივე ამას მტკივნეულად განვიცდიდი, რეალობიდან გამორკვევას ვცდილობდი, საკუთარ თავთან ჭიდილი მქონდა და ველოდებოდი, როდის გაიმარჯვებდა პირადი “მე”.

ეს დღეც დადგა. ჩემი ამბავი “სარკეს” მოვუყევი  და თითქოს სარკეში ჩამახედა, საკუთარი სხეული დამანახა. თითქოს მადლიანმა ადამიანებმა ჩამჭიდეს ხელი და სწორი გზის მინიშნებით ფეხზე დამაყენეს. შეიძლება თავადაც არ იციან, რომ ჩემი ცხოვრებისკენ შემობრუნება მათი მეშვეობით მოხდა.

მას შემდეგ აკვიატებულ 38-ს უარი ვტკიცე. ჩემი ფიქრი და ოცნება სიკეთით, სილაღით და მომავლის რწმენით აივსო. გზაზე ახლაც მიდის კაფანდარა გოგო, მაგრამ ავადმყოფი კაფანდარა კი არა, ჯანსაღი, ბედნიერი და გამარჯვებული.

ნინო ციცქიშვილი, 16 წლის