„სარკე“, ლიკა ოსაძე
ულამაზესი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი დიდიხნის შუალედის შემდეგ პირველად ჩვენს ჟურნალთან საუბრობს თავის პირადზე და იმ საინტერესო საქმიანობაზე, რომელსაც უცხოეთში ეწევა. აქამდე ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებდა, თუმცა „სარკისთვის“ გამონაკლისი დაუშვა და ინტერვიუზე თავაზიანად დაგვთანხმდა. ის რამდენიმე წელია დუბაიში ცხოვრობს და, როგორც აღმოჩნდა, მეუღლეც ჰყავს, რომელიც ეროვნებით ფრანგია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ნინი 7 წლის წინ გარდაცვლილი პოპულარული ტელეწამყვანის, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის, ყველასთვის საყვარელი გოგიჩას, უმცროსი ქალიშვილია. 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტული მოიპოვა, ხოლო 2019 წელს ჩვენი ქვეყანა კონკურს „მის მსოფლიოზე“ წარადგინა. დანარჩენზე დეტალურად ქვემოთ.
_ ნინი, როგორ და რატომ მიიღეთ უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილება?
_ წასვლის მიზეზი კარიერული ზრდა იყო. საზღვარგარეთ პროფესიული თვალსაზრისით უფრო მეტი შესაძლებლობებია. ძალიან დიდი წინადადება მივიღე და წავედი. 4 წელია, რაც დუბაიში ვცხოვრობ.
პირველად რომ ჩავედი, ჩემი საავტორო გადაცემა „ნინის დღიურები“ გავაკეთე. აუდიტორიას ვაცნობდი სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს. მერე ამ პროექტის შეჩერება მომიხდა, მაგრამ ჟურნალისტური საქმიანობა გავაგრძელე და „ფეშენ ტივის“ კორესპონდენტი გავხდი. დუბაიში თუ რამე ხდება, ყველაფერს ვაშუქებ, ვიღებ ინტერვიუს, ვესწრები ღონისძიებებს.
ამავე დროს ვმუშაობ სტარტაპის წამოწყებაში. ეს არის აპლიკაციის „ჩუგო, ჩუ გოუ“ ეკვივალენტი, რომელიც აქტუალური და პოპულარულია ევროპაში, განსაკუთრებით ლონდონსა და გერმანიაში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ვიზრუნოთ მდგრად სამყაროზე, ანუ მე ვმუშაობ იმ აპლიკაციაზე, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებათ, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ რესტორნის საკვები, რომლებსაც ის ობიექტი ვეღარ გაყიდის, ანუ ის საკვები გაფუჭებული კი არ არის, უბრალოდ, რესტორნისთვის უკვე მიუღებელია.
სექტემბრიდან გვექნება აპლიკაციები, რომლებიც მთელ საამიროებში გავრცელდება და ადამიანს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლება ამ საკვების შეძენა, იმ ადამიანებისთვის დარიგება, რომლებსაც შეძენის საშუალება არ აქვთ.
დუბაიში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რესტორნებთან ახლოს ამონტაჟებს გარე მაცივრებს. რესტორნის თანამშრომლები იმ საკვებს, რომლებიც დარჩათ, ამ მაცივრებში დააწყობენ. ვისაც უნდა, მივა, გამოაღებს მაცივარს და უფასოდ წაიღებს საკვებს, რომელიც ხარისხით კარგია, გაფუჭებული არ არის, მაგრამ რესტორნისთვის უკვე მიუღებელია. სხვათა შორის, ლონდონში საკონდიტრო მაღაზიები საღამოს საათებში საკონდიტრო ნაწარმს ფასდაკლებით ყიდიან. მაქვს სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ ამას მერე გაგიმხელთ.
_ 2018 წელს „მის საქართველო“ გახდით და 2019 წელს საქართველოს წარმოადგენდით კონკურსზე „მის მსოფლიო 2019“, ალბათ იქ მიღებულმა გამოცდილებამაც განაპირობა, რომ ასეთ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთეთ. სილამაზის კონკურსებიდან ხომ ძირითადად ასეთი გზავნილები ისმის ხოლმე.
_ კი, ამან ძალიან იმოქმედა. როცა გავიმარჯვე და „მის საქართველო“ გავხდი, გავემგზავრე „მის მსოფლიოზე“, რომლის ერთ-ერთი მთავარი უცვლელი მისია იყო „სილამაზე მიზანთან ერთად“. შენს სილამაზეს ახმარ პროექტს, რომელიც ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. მაშინ „მის მექსიკამ“ თავის სახელმწიფოსთან ერთად 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს პროთეზი დაუფინანსა.
ჩემი ძალებით რაც შევძელი, ის გავაკეთე, რომ ონკოლოგიური პაციენტები მოვინახულე და დავეხმარე. ჩემმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თან ეს თემა, სამწუხაროდ, ჩემთვის ახლოს იყო, რადგან მამას სიმსივნე ჰქონდა. როცა ამ პრობლემას ეჯახები, ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, უფრო გესმის იმ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების. კარგად გესმის ის ტკივილი და ის პრობლემები, რაც ამ სენით დაავადებულ ადამიანს გააჩნია.
_ საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ დროის და ენერგიის გადანაწილებას?
_ მე და ჩემი და, ნანუკა, ისეთ ოჯახში გავიზარდეთ, რომ ჩვენი მშობლებიც და ბებია-ბაბუაც ყოველთვის შრომობდნენ. მათ ცხოვრებაში ყველაფერი მოვიდა შრომით და დამსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სულ დაკავებულები იყვნენ, თავიანთი საქმეები ჰქონდათ, ჩვენთვის დროს მაინც გამონახავდნენ ხოლმე. ურთულესია, ადამიანს ჰქონდეს კარგი კარიერა და კარგი ოჯახი. რაც გავიზარდე, ამ ყველაფერს კიდევ უფრო ვაფასებ. ახლა უფრო ვხვდები, რამხელა ძალისხმევაა ამ ყველაფერში ჩადებული. როცა ასეთ ოჯახში იზრდები, აღარც ფიქრობ, ამ ყველაფერს როგორ ასწრებ.
კიდევ უფრო მეტის გაკეთება და მიღწევა მინდა. მაქვს დიდი გეგმები და პროექტები, რომლებზეც მინდა, რომ ვიმუშაო.
_ უცხოეთში ცხოვრებამ რა გასწავლათ?
_ საზღვარგარეთ ცხოვრება ჩემთვის უცხო არ არის. პირველად 15 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი სასწავლებლად. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და კონკურსში გავიმარჯვე. ამ კონკურსმა მთლიანად დამიფინანსა ერთ-ერთ პრესტიჟულ გერმანულ კოლეჯში სწავლა. სწორედ მაშინ ჩავედი პირველად გერმანიაში. მერე მინდოდა, იქ გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ 17 წლის ასაკში საქართველოში ტელევიზიიდან მივიღე დიდი შემოთავაზება და დავთანხმდი.
დუბაიში რომ ჩამოვედი, თავიდან ცოტა გამიჭირდა. საქართველოდან რომ წამოვედი, დავტოვე ძალიან კარგი სამსახური. რაღაც დონეზე ცნობადი სახეც ვიყავი. სხვა ქვეყანაში ყველაფერი თავიდან დავიწყე. კი, უცხოეთში როცა გაიგებენ, რომ შენ „მის საქართველო“ ხარ, ეს ძალიან დიდი რამეა, განსაკუთრებით საფრანგეთში, მაგრამ ყველაფერს მაინც თავიდან იწყებ.
რთული იყო ის, რომ უცხოეთში თავიდან უნდა დაგეწყო შენი სახელისა და პიროვნების მშენებლობა. უფრო დიდი კონკურენციაცაა. დედა მე და ჩემს დას სულ იმას გვასწავლიდა, თქვენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, თუნდაც მიზერული, რადგან ის იქნება თქვენი დამოუკიდებლობის წყაროო.
დღეს საქართველო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ძალიან პოპულარულია, გიჟდებიან ჩვენს ბუნებაზე, კლიმატზე, კულტურაზე. დუბაიში როცა ვამბობ, რომ ქართველი ვარ, უხარიათ. იციან ბათუმი, კახეთი, ჩვენი ქვეყანა და დიდ პატივსაც სცემენ.
_ ახლა საფრანგეთში ცხოვრობთ?
_ საფრანგეთში ხშირად მიწევს ჩამოსვლა, რადგან ჩემი მეუღლე ფრანგია. ახლა საფრანგეთში დასასვენებლად ჩამოვედი. ამერიკასა და ირანს შორის ომი რომ დაიწყო, მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მეუღლე.
_ მოგვიყევით მის შესახებ _ რა პროფესიისაა, როგორ გაიცანით ერთმანეთი…
_ ჩემს მეუღლეზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისში გავიცანი. საქართველოში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. თბილისი არის ჩვენი სიყვარულის ადგილი.
_ რა პროფესიისა, ის მაინც გვითხარით.
_ პროფესია რომ გითხრათ, მიხვდებით. ჯერჯერობით არ ვამბობ, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. პროფესიული თვალსაზრისით გვაქვს უდიდესი კვეთა. ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს, საერთო ინტერესი და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს.
_ რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
_ უკვე საკმაოდ დიდი დროა.
_ ჯვარი დაიწერეთ?
_ ჯვრისწერა ჯერ არ გვქონია.
_ ბედნიერებას გისურვებთ! 4 ივლისს მამათქვენის, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილის, გოგიჩას გარდაცვალების დღე იყო. რა მოგონებას გაგვიზიარებდით მასზე?
_ მადლობა დედას, რომ ასეთი საოცარი მამა შეგვირჩია. ძალიან მიკვირს, მამამ როგორ მოახერხა, რომ ამდენ ადამიანს ასე შეაყვარა თავი. დღესაც სითბოთი მოიხსენიებენ. 4 ივლისს 7 წელი გახდა, რაც გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე არ ავიწყდებათ. ჩემთვის და ჩემი დისთვის მამაზე საუბარი ურთულესია. თავიდან რეალობის მიუღებლობა მქონდა. არ მინდოდა, არ ვაღიარებდი მის გარდაცვალებას. მამას არასოდეს არავისთვის გაუკეთებია ცუდი, მას სიცოცხლე ძალიან უყვარდა, ამიტომ ჩემთვის რეალობის მიღება მძიმე იყო.
4 ივლისი ჩემთვის ურთულესი დღეა. სულ მინდა, ეს დღე გაქრეს ან ამ დღეს გადავახტე. ყოველ წელს რეალობას უნდა შევეჯახო, რაც მძიმეა. მენატრება და ძალიან მინდა მისი ხმის გაგონება. მეც და ნანუკაც ძალიან ახლოს ვიყავით მამასთან.
ერთხელ მე, ნანუკა და მამა ბათუმში ვიყავით. დაახლოებით 50 ბავშვი გამოიქცა და მამაჩემს ჩაეხუტა. ყველამ რაღაცა პატარა საჩუქარი აჩუქა. მამას სახლში ჰქონდა უჯრა, სადაც ბავშვების მორთმეულ საჩუქრებს ინახავდა. მანქანაში ყოველთვის ჰქონდა პატარა ქვა, პატარა ღილი, კანფეტი, წერილი… რასაც კი ბავშვი გაიმეტებდა და მისცემდა, ყველაფერს ინახავდა.
ჩემს ცხოვრებაში თუ რამე მოხდებოდა, პირველი ზარი სულ მამისგან იყო.
10 თუ 11 წლის ვიყავი. მეგობარ გოგონასთან დამტოვეს. მამას უნდოდა, გაეგო, რა ხდებოდა, როგორ ვიყავი და დამირეკა. მერე კიდევ უნდოდა დარეკვა, მაგრამ მოერიდა. დედას სთხოვა, შენ დაურეკეო. დედამ უთხრა, რამდენჯერ უნდა დავრეკოთო. მამამ ვერ მოითმინა და კიდევ დარეკა, დედაშენმა მთხოვა, დამერეკაო, ამით გაიმართლა თავი.
_ მამას რა თვისებით ჰგავხართ?
_ მისნაირი კეთილი ვერ ვიქნები, მაგრამ სიკეთით ვგავარ. მასავით კარგი აურა მაქვს და მასავით კეთილი ვარ. სულ ვცდილობ, რა ღირებულებებიც დანერგა ჩემში, იმ ღირებულებებით ვიცხოვრო.
_ როცა გაიზარდეთ და თაყვანისმცემლები გყავდათ, არ გაკონტროლებდათ, არ ეჭვიანობდა?
_ არც მე და არც ჩემი და მშობლებს არ ვატყუებდით. იცოდნენ, სად ვიყავით და რას ვაკეთებდით. 24 საათი ჩვენს ოჯახში ჰარმონია იყო. არ ეჭვიანობდა, მაგრამ უნდოდა, ჩვენ გვერდით ისეთი ადამიანი ყოფილიყო, რომელიც პატივს გვცემდა. მე და ჩემს დას არასდროს არავინ მოგვწონდა. არ ყოფილა ისე, რომ აუცილებლად შეყვარებული მყოლოდა. მამას ჩვენი არჩევანისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. ბუნებით იყო ისეთი, რომ სხვის არჩევანს დიდ პატივს სცემდა.
_ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია გავრცელდა თქვენი და იტალიელი რეპერის ურთიერთობაზე, თითქოს რომანი გქონდათ. იყო ამ ინფორმაციაში სიმართლის მარცვალი?
_ არა, არასდროს ვყოფილვარ იტალიელ ფედესთან ერთად. ეს არის სრული აბსურდი! იმ პერიოდში ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი. საფრანგეთის ერთ-ერთ გალერეაში ვიყავი და ერთ-ერთი არტისტის შემოქმედების ვიდეო დავდე. მოხდა ისე, რომ ამ იტალიელმა რეპერმა იგივე ვიდეო დადო, რაც მე გადავიღე. სწორედ აქედან დააკავშირა იტალიურმა მედიამ, ვითომ ჩვენ ერთად ვიყავით. ეს იყო სრული სიცრუე! მერე დაწერეს, ვითომ ლოს ანჯელესში ვიყავით ერთად, მაგრამ ესეც სიცრუეა. პირადადაც არ ვიცნობ მას. უბრალოდ, ფედემ მოიწონა ჩემი სურათები. სულ ეს იყო.
_ თქვენს ოჯახს კიდევ ერთი დიდი დანაკარგი აქვს _ 2024 წელს ბაბუათქვენი, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი, გარდაიცვალა. შეძელით მის დაკრძალვაზე ჩამოსვლა?
_ კი. ბაბუას როგორც კი ინსულტი დაემართა, მეორე დღესვე ჩამოვედი. ყოველდღე მივდიოდი საავადმყოფოში და ვნახულობდი. სანამ ბაბუა ბოლო გზაზე არ გავაცილე, საქართველოდან არ წავსულვარ. ბებია და ბაბუა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები იყვნენ და არიან.
_ საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
_ ჯერჯერობით _ არა, რადგან ჩემი საქმინობა ამის საშუალებას არ იძლევა, თუმცა არ ვაპირებ, სიცოცხლის ბოლომდე ემიგრანტი ვიყო. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს.
