„სარკე“, ლიკა ოსაძე
ლეგენდარულმა „ივერიელმა“, ჯემალ ბაღაშვილმა, თავის იუბილემდე _ 12 სექტემბრამდე, ჩვენი მკითხველებისთვის დრო გამონახა და თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზაზე გვესაუბრა. ცნობილ, მუსიკოსს, ესტრადის რეჟისორსა და სცენარისტს, რომელმაც ქართულ ესტრადაში წარუშლელი კვალი გაავლო, მრგვალი ასაკი _ 85 წელი _ შეუსრულდა. სცენაზე 67 წელი გაატარა, აქედან 60 წელი ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიას“ ეკუთვნის.
ბატონი ჯემალისთვის ამ იუბილეს დიდი სევდაც ახლავს _ უკვე 2 წელია, რაც მისი ცხოვრების დიდი სიყვარული _ მანანა პატარაია-ბაღაშვილი _ ცოცხალი აღარ არის. მუსიკოსმა საყვარელ ქალთან პირველი შეხვედრა და მასთან გატარებული ბედნიერი წლებიც გაიხსენა.
__ ბატონო ჯემალ, როგორია თქვენი განწყობა 85-ე დაბადების დღეზე?
_ საბრძოლო! ამ ასაკამდე შრომამ მომიყვანა. სანამ უფალი თავისთან არ მომიხმობს, ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებ. ეს თარიღი არის განვლილი წლებისთვის თვალის გადავლება, რა შევძელით და ვერ შევძელით, რა გამოგვივიდა და რა არა. ამ შემთხვევაში შედეგია მთავარი _ ჩემს შემოქმედებით გზას ვგულისხმობ. 67 წელია, სცენაზე ვდგავარ. ამ 67 წლიდან 60 წელი ჩემს მშობლიურ ანსამბლ „ივერიაში“ გავატარე.
ჩემს მეგობართან და უნიჭიერეს ადამიანთან, ალექსანდრე ბასილაიასთან ერთად ლამაზი და ნაყოფიერი წლები გავატარე. შევქმენით 30 საკონცერტო პროგრამა და 4 მიუზიკლი, რაც თავისთავად უპრეცედენტო შემთხვევაა. უფლის წყალობით, აღმოჩნდა, რომ ერთ ანსამბლში, სადაც 13 ადამიანი ვიყავით, გვყავდა კომპოზიტორი (ალექსანდრე ბასილაია) და სცენარისტი, შემდგომ კი რეჟისორიც ჩემი სახით. ასევე გვყავდა უნიჭიერესი და ბრწყინვალე მონაწილეებიც.
__ „ივერიამ“ ნამდვილად შექმნა ეპოქა, მსმენელს უბერებელი სიმღერები და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეთ, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო და დღესაც არ კარგავს თავის განსაკუთრებულ ხიბლს.
_ ეს ყველაფერი მაყურებლის, მსმენელის სიყვარულმა განაპირობა. როცა მათგან ვგრძნობდით ასეთ სითბოსა და სიყვარულს, ჩვენც თავს არ ვზოგავდით, ორმაგად ვუბრუნებდით.
უკვე 30 წელია, რაც დავაარსეთ „ლომისი“, რომელიც დღესაც დიდი წარმატებით სარგებლობს. მისი გენერალური დირექტორი გია ბაღაშვილია, მე სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავართ.
ჩვენ მაყურებელზე ვართ დამოკიდებული. როგორც მსახიობი კახი კავსაძე ბრძანებდა, მისი უდიდებულესობა მაყურებელია მთავარი. როცა მაყურებელი უფლებას გაძლევს, 67 წელი სცენაზე იდგე, ესე იგი რაღაცას ხედავს შენში საინტერესოს და კარგს. ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს.
მერე დავაარსეთ „მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის ვარსკვლავები“. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ უმძიმეს 90-იან წლებში მაყურებელი არ დაეკარგათ თეატრისა და კინოს მსახიობებს. ამ პროგრამამ 10 წელი იარსება. შევქმენი არაჩვეულებრივი წამყვანების დუეტი გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის სახით.
მერე დაარსდა „იუმორინა“ და, 27 წელია, უპირობო ლიდერია რეიტინგებში. ნიჭიერ ახალგაზრდებს ვეძებდი და გზას ვუკვალავდი დიდი სცენისკენ, რომ მაყურებელს გაეცნო ისინი.
__ მედალს ორი მხარე აქვს. ყველა წარმატების უკან ხომ გადალახული სიძნელეები და თავდაუზოგავი შრომა დგას?
_ ადამიანს სხვა არაფერი აბარია, „ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა“. შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. როცა შრომობ, შედეგიც სახეზეა. მეორე საკითხია, გიფასდება თუ არა. როცა შრომა დაგიფასდება, უფრო ცდილობ, მეტი გააკეთო. საკმარისია, ერთი შეგეშალოს და ყველაფერი დაიკარგება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას.
__ როდესაც „ივერია“ დააარსეთ და პირველი ნაბიჯები უნდა გადაგედგათ, იყო შიში და იმაზე ფიქრი, გაამართლებდა თუ არა?
_ კარგი კითხვაა, ჭკვიანი გოგო ყოფილხარ. ჩვენ ასპარეზზე 1968 წელს გამოვედით. ეს იყო ქართული ესტრადის პიკი. მაშინ „ორერას“ უდიდესი სიტყვა ჰქონდა ნათქვამი. არსებობდა „რერო“, რომელსაც ბრწყინვალე სოლისტები ჰყავდა. ასევე იყვნენ ანსამბლები „დიელო“, „ციცინათელა“ და მათ შორის დამკვიდრება რთული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საკავშირო მასშტაბზე. ალექსანდრე ბასიალიას უდიდესი დამსახურებაა ის წარმატებები, რასაც „ივერიამ“ მიაღწია.
წარმატების მეორე მიზეზი იყო მონაწილეების სწორი კასტინგი და სწორი შერჩევა. „ივერიაში“ კოლეგების გარდა მეგობრებიც ვიყავით, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სანამ ჩვენ გავბედავდით და ძალებს მოვსინჯავდით ალექსანდე ბასილაია _ კომპოზიტორის და მე ლიბრეტოს ამპლუაში, პირველ ეტაპზე, 1971-1973 წლამდე, სხვადასხვა კომპოზიტორებისა და პოეტების ნაწარმოებებით გავდიოდით ფონს. მერე ნელ-ნელა მოვიდა ჩვენი საკუთარი „ივერიული“ რეპერტუარი.
__ ბევრი პროფესია გამოიცვალეთ, მაგრამ მუსიკა თქვენი განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ გზაზე სხვადასხვა განათლებაც მიიღეთ. მოგვიყევით ამის შესახებ.
_ ეს ცოტა რთული თემაა. ჯერ იყო პუშკინის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი, მერე „გეპეიში“ გადავედი მეტალურგიის ფაკულტეტზე, მერე დავამთავრე უცხო ენების ინსტიტუტი ინგლისური და ესპანური ენების განხრით.
ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ ბევრი გასტროლი გვქონდა და ხშირად მიწევდა თარჯიმნობა. ეგვიპტეში არაბულ ენაზე წავიყვანე კონცერტი. ამას ძალიან სასაცილო ისტორია უძღოდა წინ. 1972 წელს ეგვიპტეში მიგვიწვიეს. მაშინ მოსკოვში ვიყავით და მოგვიყვანეს ეგვიპტელი თარჯიმანი, რომელსაც ტექსტი უნდა ეთარგმნა. მან ტექსტს რომ გადახედა, მითხრა, თქვენ გაგიჭირდებათ, არაბულად თქვათ, საღამო მშვიდობისა, მეგობრებო, რადგან ჩვენ ხორხისმიერი რთული ბგერები გვაქვს და ამას ვერ წარმოთქვამთო. მე მაშინვე წარმოვთქვი და ის თარჯიმანი მიხვდა, რომ ქართველებს ფონეტიკასთან არანაირი სირთულე არ გვქონდა. დაჯდა და ტექსტი გადაგვითარგმნა.
კაიროში რომ ჩავედით, კონცერტი ომახიანად წავიყვანე. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ 2 კვირით ჩასულები 3 თვე დაგვტოვეს. ასეთი უცნაურობებიც ხდებოდა.
__ მუშაობის პროცესში თქვენს კოლეგებთან მკაცრი იყავით?
_ როგორც ჩემები მეუბნებიან, საკმაოდ მკაცრი ვიყავი. ალბათ ასეც იყო, მაგრამ მე და ალექსანდრე ბასილაია ერთმანეთს ვაბალანსებდით. ალექსანდრე საოცრად გულჩვილი ადამიანი იყო. მე მხიარული კაცი ვარ, მაგრამ მუშაობაში მკაცრი. ეს ბალანსი კარგად გამოგვდიოდა. შემდგომ უკვე „ლომისში“ ჩემი შვილი, გია, მაბალანსებს. ვამაყობ იმით, რომ ჩემი გიას წყალობით ჩვენი ქართული ფოლკლორი ასე ამაყად დგას მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.
__ რთულია მამა-შვილის ერთად მუშაობა, რა თავისებურებები აქვს?
_ მაქსიმალურად საპასუხისმგებლოა. პირადი მაგალითით ხდება აღზრდა და არა ჭკვიანური ფრაზების სროლით. შენ როგორი იქცევი, ეს არის მთავარი. კარგი იყო ერთად მუშაობა, რადგან მუდმივ კონტროლში მყავდა საკუთარი თავი. მინდოდა, მეჩვენებინა მკაფიოდ და ნათლად, რითი მიიღწევა წარმატება. წარმატება კი მიიღწევა თავდაუზოგავი შრომით. მან გააცნობიერა, რომ, თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა და ასეც მოიქცა. ამიტომაც აქვს დღეს ასეთი დიდი დიაპაზონი.
__ ძალიან საინტერესოა, რატომ არასოდეს ყოფილხართ რომელიმე კონკურსის ჟიურის წევრი.
_ მართლაც არასდროს ვყოფილვარ ჟიურის წევრი და გეტყვით, რატომაც. პრინციპულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ დამწყებ მომღერალს კრიტიკა დავუწყო. ყოველთვის პლუსს ვეძებ და არა მინუსს. მომართული ვარ იმისკენ, რომ ხელი შევუწყო და არა _ გავაკრიტიკო. ადამიანს რომ ეტყვი, შენგან არაფერი გამოვა და წადიო, ამით მას ანადგურებ. შენ რა იცი, რა პოტენციალი იმალება მასში?! იქნებ ნიჭიერია და შესაბამისად ვერ წარმოაჩინა თავი?!
ჩემი მისიაა, დავეხმარო ნიჭიერ ადამიანს და მაყურებლის წინაშე წარვადგინო. მე მაშინ ვარ ბედნიერი და კმაყოფილი.
__ რამდენი შემთხვევა ყოფილა, საქართველოში დაუწუნიათ ჟიურის წევრებს და იმ მომღერალს საზღვარგარეთ უსახელებია თავი.
_ მართალია, ასეთი ბევრი შემთხვევაა.
__ „ივერია“ თვეებით იყო ხოლმე გასტროლებზე წასული. ოჯახი, ცოლ-შვილი როგორ ეგუებოდა თქვენს არყოფნას?
_ ყოჩაღ! კეთილგონიერიც ყოფილხარ. ჩემთვის, როგორც ტრადიციული კაცისთვის, ყველაფერი ოჯახიდან იწყება. ჩემი თავშესაფარი, ჩემი სტიმულის მომცემი და საერთოდ ყველაფერი ოჯახი იყო, კერძოდ კი, ჩემი დაუვიწყარი მეუღლე, მანანა პატარაია-ბაღაშვილისა. ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზი, ჩემი შვილების გამზრდელი.
72 ქვეყანა მაქვს მოვლილი. ძალიან ძნელია, ოჯახიდან თვეობით წახვიდე და ყველაფერი მეუღლის იმედად დატოვო. საოცრად კეთილშობილი ქალი იყო. არ მახსოვს, ერთხელ მაინც აეწია ხმა ან ბავშვთან, ან ჩემთან. მონუსხულები ვიყავით მისით. როგორ ახერხებდა ამას, არ ვიცი. ალბათ იმ სიბრძნით, იმ მოხერხებულობით, რაც ქართველ ქალებს გააჩნიათ.
მე და მანანა 60 წელი ვიყავით ერთად, ჯერ როგორც შეყვარებულები, მერე როგორც ჯვარდაწერილი მეუღლეები. თუკი რამე გამიკეთებია, მანანა იყო ჩემი შემოქმედებითი მუზა. ისეთ კომფორტს მიქმნიდა თავისი სიმყუდროვით, თავისი სითბოთი და სიყვარულით, თავისი თბილი და მოსიყვარულე ხასიათით, რომ შევეცადე, მაქსიმალურად დამეფასებინა მისი ეს ამაგი.
მანანას დამსახურებაა, თუკი რამეს მიაღწიეს ამ ცხოვრებაში მამა-შვილმა ბაღაშვილებმა. თეონას სახით ბრწყინვალე გოგონა გამიზარდა, რომელიც დღეს ჩემი პატრონია და უშველებელ ოჯახს უძღვება. მანანას დამსახურებაა, რომ ჩემი შვილები სწორად არიან აღზრდილები.
__ რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი გყავთ?
_ 6 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი მყავს.
__ მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი, ის ბედნიერი დღე გაიხსენეთ, როცა საყვარელ ქალს შეხვდით.
_ მაშინ „გეპეის“ სტუდენტი გახლდით და იქ ჯაზორკესტრის გიტარისტი ვიყავი. რეპეტიცია დასრულებული გვქონდა, მაგრამ გიტარაზე მაინც ვუკრავდი. დაბრაზი ჩამქრალი იყო, სცენა _ განათებული. ამ დროს შემოვიდა ჩემი მეგობარი და კოლეგა გოგონა, რომელსაც ვიღაც გოგონა მოჰყვა. ეს უცნობი გოგონა დარბაზში ბოლო რიგში დაჯდა. ჩემი კოლეგა გოგონა ჯაზორკესტრის ხელმძღვანელს, ბატონ სოსო ტუღუშს, ეძებდა. მივანიშნე, სადაც იყო ბატონი სოსო და წავიდა.
ასეთი რამ არ მჩვევია, მაგრამ მაშინ გულმა რაღაც მიკარნახა, დავდე გიტარა და დარბაზში ჩავედი. მივედი იმ უცნობ გოგონასთან, რომელიც შემდგომში ჩემი მეუღლე გახდა. გამოველაპარაკე. გავაბით საუბარი. ბოლოს ვუთხარი, დამელოდე-მეთქი. მაშინ არ დამელოდა და წავიდა, მაგრამ, რაც ჩემი მეუღლე გახდა, სულ ჩემს ლოდინში იყო. დანახვისთანავე მომეწონა _ შავი თმა, თეთრი პირისახე და დიდი ლურჯი თვალები. ასე გავიცანი ჩემი მანანა, რომელიც შემდგომში ჩემი დიდი და სერიოზული სიყვარული გახდა.
წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ მანანას სახით ღმერთმა მფარველი ანგელოზი გამომიგზავნა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული. ასეთი ამაგდარი ადამიანი მყავდა გვერდით.
2 წლის წინ დავკარგე ჩემი მანანა. ეს ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო. დღესაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემგან არსად წასულა, სულ ჩემ გვერდით არის. მიხარია, რომ შვილთაშვილებსაც მოესწრო.
__ ამ უდიდეს ტკივილს როგორ გაუმკლავდით?
_ ისევ იმით, რაც მისთვის ყველაზე ძვირაფასი იყო. მისთვის ყველაზე ძვირფასი და ფასეული კი ოჯახი გახლდათ.
სხვათა შორის, სულ მეგონა, ამქვეყნიდან ჯერ მე გავიდოდი, რადგან მასზე 4 წლით უფროსი ვიყავი. სულ ვეუბნებოდი, მე რომ არ ვიქნები, ეს ასე გააკეთე, ეს ასე-მეთქი. ის მიყურებდა და იცინოდა, არავინ იცის, ვინ როდის წავაო. მართლაც, არავის უკითხავს არც ჩვენი მოსვლა და არც წასვლას გვკითხავენ, უბრალოდ, ჩვენი გზა ღირსეულად უნდა გავიაროთ, იქ შვილებს დავეხმარო, იქ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფასეულობა ოჯახი და ოჯახის სიყვარულია.
__ რომ შეგეძლოთ, დღევანდელი გადასახედიდან თქვენს ცხოვრებაში რას შეცვლიდით ან გამოასწორებდით?
_ არჩეულ პროფესიას არ შევცვლიდი, არც მეუღლეს. სხვა ქალი რომ ყოფილიყო ჩემი მეუღლე და არა _ მანანა, რაც გავაკეთე, იმის მეათედსაც ვერ გავაკეთებდი. არ დავიღლები ჩემი მეუღლის ქებით. ისეთი კეთილშობილება, რაც ჩემს მანანას ჰქონდა, არსად არავისში მინახავს. კეთილშობილების ეტალონად გამოდგებოდა.
ახალგაზრდობაში კარგი მოკრივე ვიყავი და, მინდოდა თუ არ მინდოდა, ქუჩაში ჩხუბი მიწევდა. წვრილმან რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ ძირითადს _ არაფერს.
ფოტოებზე: ჯემალ ბაღაშვილი, დედა-შვილი – გია ბაღაშვილი და მანანა პატარაია-ბაღაშვილი
