მურმან დუმბაძე: „ღარიბაშვილის ოჯახში არავითარი 6 მილიონი და ოქროს ზოდები არ არის აღმოჩენილი, ასჯერ მეტი აქვს მოპარული“
„სააკაშვილს რის გამოც ვებრძოდი, აღმოჩნდა, რომ პირადად ჩემთან მიმართებაში მართალი იყო“

„სარკე“, რუსუდან დუმბაძე

„26 მაისს მე ხელი შევუშალე აღლუმს და სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო“, _ ამბობს პარლამენტის უკვე ყოფილი ვიცესპიკერი, მურმან დუმბაძე, 2011 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გამართული აქციის სასტიკად დარბევაზე, სადაც მას სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. საბოლოოდ კი სასამართლომ მას პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პოლიტიკოსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დაუძინებელი მტერი იყო, ახლა „ქართულ ოცნებას” უდგას მძაფრ ოპოზიციაში და „სარკესთან“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქართული სახელმწიფოს წინაშე ახლოსაც ვერ მივა მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო რეფორმებთან და  ქვეყნის მშენებლობასთან.

მურმან დუმბაძე: ქვეყანა ვერ არის ჯანმრთელად. თუ რამის დაწერას აპირებთ, თქვენც უნდა გეშინოდეთ და მეც, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც თავისუფალი აზრისთვის შეიძლება დაგიჭირონ.

ამის ბოლო მაგალითი გიორგი ბარამიძის დაჭერაა. კი, მართალია,  მცდარი წინადადება თქვა, მაგრამ აზრი თავისუფალია. ქმედების გამო კი არა, სიტყვის თავისუფლების გამოა დაჭერილი, იმ სიტყვის გამო, რომელიც იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა.

_ დანაშაული ხომ იკვეთებოდა მის სიტყვაში? თქვა, აფხაზეთის ომში ქართულ შეიარაღებულ ძალებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენო. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ საუბრობდა საკუთარ აღქმაზე 32 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

_ დანაშაული არის ქმედება და არა _ სიტყვის თქმა. ნებისმიერი წინადადება შეიძლება იყოს მცდარი ან ჭეშმარიტი. შეიძლება გამოთქმული აზრი იყოს უგუნური, სულელური და მტკივნეული ვიღაცისთვის ან სასიხარულო, მაგრამ ეს მაინც არის აზრი. აზრის გამო დაპატიმრება დანაშაულია და კონსტიტუციის დარღვევაა. ვინც ამას აკეთებს, მას მოუწევს ციხეში წასვლა!

კი, არც კორექტული იყო მისი სიტყვა და აზრიც უგუნური გახლდათ, მაგრამ ეს მაინც აზრია! ამის გამო ადამიანი დააპატიმრო, ანუ ადამიანს უნდა ეშინოდეს, სიტყვა თქვას თუნდაც ყალბი. ადამიანი თუ შიშის ქვეშ ცხოვრობს, იმ ქვეყანას განვითარება არ უწერია.

არც გარე ძალების და არც ხელისუფლების ბრალია ეს ამბავი. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ სუსტები. უბედურება ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენი არჩეული ადამიანები გავაკონტროლოთ, არჩევანის გაკეთების უნარიც დავკარგეთ.  იყო დრო, როდესაც ამას ვაკეთებდით, გაბედულებიც ვიყავით. ახლა კი ჩვენი გაბედულება გარდაიცვალა. თუ ერი გაბედული არ იქნება, წარმატებას ვერ მიაღწევს, გამორიცხულია!

დღეს კი საქართველოს გაბედული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთშია. აქ დარჩენილი ვართ საპენსიო ასაკის ხალხი, ახალგაზრდები და ძალიან მცირე ნაწილი სხვა ასაკისა. ენერგიული, მშრომელი, უნარიანი ადამიანები კი სამშობლოს მიღმა არიან გადახვეწილი და იმიტომ ვართ იმ დღეში, რა დღეშიც ვართ.

 _ დამონებული საქართველო ჯერ არავის ახსოვს!

_ შესაბამისად, ეს ამბავი მუდამ ვერ გაგრძელდება. ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა დროში გაიწელება. ჩვენ, როგორც წესი, აქტიურები ვართ სუფრასთან, საახლობლოში და ქუჩური აქტიურობა, როგორც ჩანს, გარდაცვლილია. მე მინდა, ეს გაცოცხლდეს!

ქუჩაში აქტიურობა თუ არ იქნება, ხელისუფლება დაგვჩაგრავს. როდესაც ხელისუფალს ეუბნები, ის კაცი არ გივარგა ხელისუფლებაში, ქრთამს იღებსო, ამაზე გალაპარაკებს 10 წელი და 10 წლის მერე თავად ამბობს, კი, ასე ყოფილაო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს, ის გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით და არა _ ვითარებიდან გამომდინარე.

ეს არის ქვეყანა, სადაც აზრის გამო შეიძლება ადამიანი დაიჭირონ და ყველაზე დიდი იარლიყი აკიდონ _ სამშობლოს ღალატი. სამშობლოს ღალატობს ადამიანი, თუ ის მტერს შეეკრა. მე გია ბარამიძის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ თუ გია ბარამიძე სამშობლოს მოღალატეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ვინაა, რომელმაც თქვა, იმ ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ვინც 30 წლის წინ სტადიონზე ქართველთა თავებით ფეხბურთი ითამაშა?

მე დღეს თქვენ, ჟურნალისტს, რომ გითხრათ, 100 კაცი მოვკალი-მეთქი, უნდა დამიჭირონ? ის ამბობს, ტყვეებს ხოცავდნენო, რაც მცდარია. მცდარი განცხადების გამო შეიძლება სამშობლოს ღალატის იარლიყი აკიდო?! ბარამიძემ, სამხედრო კაცმა როგორ აღიქვა ომი აფხაზეთში, მისი საქმეა.

ბარამიძეს რუსეთის სახელმწიფომ სასჯელი მიუსაჯა 6 წელნახევარი. რუსეთის ტერიტორიაზე რომ შევიდეს, ციხეში ჩასვამენ. რუსეთი ეუბნება ბარამიძეს, რომ ის რუსეთის მტერია. საქართველოს მთავრობა კი ამბობს, რომ ის სამშობლოს გამყიდველია. სამშობლოს გამყიდველი არის ადამიანი, რომელიც მიეყიდა მტერს, ანუ მიეყიდა რუსეთს და რუსეთი ამბობს, რომ ბარამიძე მისი მტერია?! სინამდვილეში  რუსეთის ნების აღსრულება მოიწადინა ბიძინა ივანიშვილმა და შეასრულა კიდეც. სულ ეს არის.

გია ბარამიძის დაპატიმრება უფრო ადრე უნდოდათ. წულუკიანმა შექმნა კომისია, სადაც აფრასიძეების საქმეზე მოიწვიეს ადამიანები. ჰოი,  საოცრებავ! დედა-შვილი მიიწვიეს, რომლებმაც ბარამიძის სასარგებლოდ ილაპარაკეს. აფრასიძეების ნათესავები იყვნენ და თქვეს, რომ ბარამიძე იყო მართალი, რადგან ის ხალხი აწიოკებდა მთელ სვანეთს.

  _ თავის დროზე ნაციონალების, მიხეილ სააკაშვილის დაუძინებელი ოპოზიცია იყავით. ფიზიკურადაც გაგისწორდათ ის მთავრობა. პარადოქსული ისიც არის, რომ ახლა ამ გუნდს იცავთ. ივანიშვილის მომხრე იყავით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას…

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბარამიძე მართალია! როცა სააკაშვილი არ მომწონდა, მე მაშინ ვიბრძოლე და სახელმწიფოს მოვუგე! 1-ელ ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა დასრულდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარამიძე სიტყვის თავისუფლების გამო უნდა დავიჭიროთ.

მე კი არ ვიყავი მაშინ ბიძინას მომხრე, ის იყო ჩემი მომხრე! ის რომ მოვიდა პოლიტიკაში, მე პოლიტიკაში 25 წლის ნამყოფი კაცი ვიყავი. ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, შექმნა პარტია და მთხოვა, მის გვერდით დავმდგარიყავი და დავდექი. მან გაიზიარა ჩემი აზრი და არა მე! სწორედ იმ დროს, რომელიც თქვენ ახსენეთ, 2007-2008 წლებში, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო, უფრო მეტიც, ის აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. მე გავაგრძელე იმ გზით ცხოვრება, რა გზითაც ვცხოვრობდი.

ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ივანიშვილს დავუპირისპირდი და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამრიცხეს პარტიიდან. რაც მოსახლეობამ რამდენიმე წლის შემდეგ იგრძნო, მე 3 თვეში მივხვდი. ივანიშვილი არ შეცვლილა. არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან, ზუსტად 2 ოქტომბრიდან, ისე იქცეოდა, როგორც დღეს იქცევა.

_ მაგალითად, რა გააკეთა 2 ოქტომბერს?

_ 2 ოქტომბერს თქვა, რომ თუ პიროვნულად მას დავუჭერდით მხარს, ჩვენ კარგად ვიცხოვრებდით. ეს უმრავლესობის სხდომაზე თქვა, რაც საკმარისი საფუძველი გახდა, რომ ჩემს გზაზე წავსულიყავი, რადგან ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა. 1-ელ ოქტომბრამდე ასე არ ლაპარაკობდა. მანამდე ის ამბობდა, რომ მოვიდოდა ხელისუფლებაში, რათა ეშველა ქართველი ხალხისთვის და სამართლიანობა დაემყარებინა  ქვეყანაში. 2 ოქტომბერს კი თქვა, რომ ვინც მას პიროვნულად დაუჭერდა მხარს, ის იცხოვრებდა უკეთესად.

ამ პირობას ასრულებს ბიძინა ივანიშვილი. სხვა პირობები არ შეასრულა,  მაგალითად, გაზის გაიაფება, უფასო ფული, დემოკრატია და ა.შ. ვინც ბიძინა ივანიშვილს დითირამბებს უმღეროდა, ის ცხოვრობს კარგად.

 _ ყველაზე დიდ დითირამბებს ირაკლი ღარიბაშვილი უმღეროდა, ყველაზე ერთგული ეგ ჰყავდა, მაგრამ დღეს ციხეშია.

_ დიახ, მაგრამ ღარიბაშვილი კახელი კაცია და ეტყობა, ღვინის დალევა უყვარს. ღვინო რომ დალია, რაღაც წამოაყრანტალა, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა ივანიშვილისთვის, რომ ის გაეკეთებინა, რაც გააკეთა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ღარიბაშვილი სამართლიანი სასამართლოთი არ არის გასამართლებული.

ღარიბაშვილი სრულიად შემთხვევითი პიროვნებაა ქართულ პოლიტიკაში და ვერც მის დამცველად გამოვდგები მე. ბარამიძე ნაბრძოლი კაცია, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, თუმცა დადასტურებით გეუბნებით, რომ მის ოჯახში არავითარი 6 მილიონი არ არის აღმოჩენილი და არავითარი ოქროს ზოდები. ღარიბაშვილს კარგად ვიცნობ, მასთან ერთი წელი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა და მას იმდენი ვირეშმაკობა კი აქვს, რომ ოქროს ზოდები და ფული სახლში არ დაემალა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ღარიბაშვილს ასჯერ მეტი 6 მილიონი აქვს მოპარული. ივანიშვილის ახირებაა _ უნდოდა მისი გაფუჭება და გააფუჭა კიდეც.

_ დღევანდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, თქვენი აზრით, რამდენად ერთგულია ივანიშვილის?

_ არ ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც იმ წასულ ხელისუფლებას ლანძღავენ, რომელთანაც აშკარა კონტაქტში იყვნენ ან მაშინ სიჩუმეს ამჯობინებდნენ ხმის ამოღებას. მაგალითად, 2011 წლის 26 მაისს, როცა მე დამიჭირეს, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე, იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები. კობახიძის მამამ დამპატიჟა ამ მიტინგზე სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად. მერე, როცა ეს მიტინგი სასტიკად დაარბიეს, ირაკლი კობახიძის მამა გაიპარა იქიდან, სახლში წავიდა კარაქიანი პურის საჭმელად და მე დამიჭირეს, ანუ მაშინაც უშიშროების კაცი იყო და დღესაც ასე არიან.

სააკაშვილის რეჟიმი თუ სისხლიანი იყო, კობახიძეს მაშინ ერთხელ ხომ მაინც უნდა ამოეღო ხმა?! 2012 წლის 1-ელ ოქტობრამდე მისი ხმის ამოღება არავის ახსოვს.

ირაკლი კობახიძე დღეს ქონიან ნიჩაბზე ზის _ უცებ შეიძლება დასრიალდეს და ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში. კობახიძე ვიღაცებს შეეკრა და დაარწმუნა ივანიშვილი, რომ მისი წინამორბედის გაწირვა უკეთესი იყო მისი მომავლისთვის, მაგრამ ბოლომდე შეძლებს თუ არა ამ პოზიციის შენარჩუნებას, რთული სათქმელია. სტატისტიკას თუ დააკვირდებით, ივანიშვილი ხელისუფლებაში დიდხანს არავის აჩერებს. 2-3 წელია მაქსიმუმი. ახლა კობახიძის წასვლის დროა და ამიტომ ვამბობ, რომ ის ქონიან ნიჩაბზე ზის.

_ მიხეილ სააკაშვილი რა მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, მის პატიმრობაზე, პარტიის ლიდერობასა და მის განცხადებებზე რას ფიქრობთ?

_ როგორც კი დაიჭირეს, იმ დღიდან ვამბობ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ეს არ ნიშნავს, რომ უცოდველია. შეიძლება თანამდებობის პირს ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი და იმ დანაშაულისთვის უნდა დაიჭირო და არა იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. ასე რომ, სააკაშვილი ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში. ის არ გაუსამართლებიათ იმის გამო, რაც ჩაიდინა, პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ.

სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია _ მას პოლიტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ასეთი ადამიანია, ასეთი ნატურაა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკაშია. 60 წლის ხდება მალე. ის პოლიტიკით ცხოვრობს.

რამდენი დროც უნდა გავიდეს, მიხეილ სააკაშვილის სახელთან საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი ასოცირდება როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი მოკავშირე და მეგობარი შეიძინა დასავლეთში. საქართველოში ამერიკის სამი პრეზიდენტი ჰყავს ჩამოყვანილი მოკლე პერიოდში, 4-5 წელში. ჯერ ბუში ჩამოიყვანა, მერე _ ბაიდენი და მერე _  ტრამპი. ესენი მაშინ პრეზიდენტები არ იყვნენ, მაგრამ გათვლა სწორი ჰქონდა. მთელი ევროპა ლაპარაკობდა სააკაშვილზე, როგორც ერთ-ერთ დიდ რეფორმატორზე.

ბათუმში ვარ ახლა და ზემოდან დავყურებ ქალაქს. რასაც ვხედავ გაჩახჩახებულ, მაღალსართულიან სახლებს, გალამაზებულ ქუჩებსა თუ განათებას, ეს ყველაფერი სააკაშვილის დამსახურებაა. მერეც გაგრძელდა მშენებლობები, მაგრამ ეს უკვე ინერციით ხდებოდა. სააკაშვილმა შემოიყვანა ბრენდები ქვეყანაში.

_ მაშინ რომ ერჩოდით, ისიც რომ გერჩოდათ და თან გცემდათ?

_ ზოგ ამბავში მართალი ვიყავი და ზოგში _ მტყუანი. ადამიანს უნდა შეგეძლოს აღიარება, რომ რაღაც შენ შეგეშალა. მაგალითად, ანბანის კოშკი რომ ააშენა და 60 მილიონი დაჯდაო, მე ვამბობდი, მომიტანეთ დოკუმენტები-მეთქი. ანბანის კოშკს კი არ ვაპროტესტებდი, არამედ იმას, რომ ძალიან ძვირი დაჯდა. როგორც ჩანს, დაჯდა, რადგან სააკაშვილი ვერ დაიჭირეს კორუფციის გამო, ვერ აღმოაჩინეს მისი სასახლეები, მიწები, მისი შვილებიც 2-3-ოთახიან ბინებში ცხოვრობენ…

სააკაშვილმა, რაც მოსახლეობას დაჰპირდა, შეუსრულა. ეს გახლდათ კრიმინალის აღმოფხვრა, კორუფციის აღმოფხვრა, სინათლეს დაჰპირდა და მისცა… არ დაპირებია დემოკრატიას. მან შეცვალა კონსტიტუციის მნიშვნელოვანი მუხლები და თქვა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ვერტიკალით, რადგან უკიდურესი გაჭირვებაა ქვეყანაში და სწრაფი რეაგირებაა საჭიროო. სწორედ ამ ვერტიკალმა უმტყუნა, რადგან ვერტიკალი მოკლე გზებში ამართლებს, მაგრამ დისტანციაში _ არა.

სააკაშვილს ჰქონდა დარღევევები ადამიანის უფლებებში, თავისუფლებებში, სასამართლო სისტემებში, რომლის მსხვერპლიც თავადაც აღმოჩნდა. სააკაშვილს რომ სასამართლო სისტემა გამოესწორებინა, ვერ დაიჭერდნენ. დაიჭირა იმ სასამართლო სისტემამ, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა.

ასე რომ, შეცდომები აქვს დაშვებული. რეფორმები პოლიციაში კარგი იყო, ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი იყო, უცხოელებთან პარტნიორობა კარგი იყო, მაგრამ მან ვერ შეძლო ყველაზე მთავარი _  სასამართლო სისტემის რეფორმა. უმაღლეს სასწავლებელში ადამიანთა 70% ქრთამის გადახდის შედეგად ირიცხებოდა. მშობლები ეძებდნენ ადამიანებს, ვისთვისაც ქრთამი უნდა მიეცათ. ეს ხომ დადასტურებული ფაქტია, რომ გამოცდებზე ქრთამი მოსპო და ეს დასაფასებელია.

დანაშაულებები და უმძიმესი ვითარება კი იყო ადამიანის უფლებების კუთხით, რასაც მეც ვაკრიტიკებდი. ჩემი ცემა რა მოსატანია ქვეყნის მდგომარეობასთან?! პარტნიორი აღარ დაგვრჩა მსოფლიოში. მე გამარჯვებული კაცი ვარ _ დავამარცხე ასლან აბაშიძეც, მიხეილ სააკაშვილიც და დავამარცხებ ივანიშვილსაც.

სააკაშვილს რის გამოც ვებრძოდი, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი პირადად ჩემთან მიმართებაში მართალი იყო. 2011 წელს აქციაზე ყოფნისას მე მართალი ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს, 26 მაისს, მე ხელი შევუშალე აღლუმს და სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ასე რომ, იყო საქმეები, რაშიც მართალი ვიყავი და იყო საქმეები, რომლებშიც არ ვიყავი მართალი და მე ამის აღიარება შემიძლია.

 _ დღევანდელი ხელისუფლება ხშირად გვახსენებს, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომში ჩაგვითრევდა.

_ სააკაშვილმა ჯარისკაცს ფეხსაცმელი ჩააცვა და გამოკვება, მაგრამ მას არ აქვს იმხელა ძალა, რომ ომში ჩაგვითრიოს. ომი საქართველოში რუსეთმა დაიწყო და სააკაშვილმა შეძლო, რომ სახელმწიფო გადაარჩინა. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ არა სააკაშვილი, არავინ იცის, აჭარას რა ბედი ელოდა. ვინც აქ არ ცხოვრობდა, კარგად არ ესმის აჭარის თემა. სააკაშვილი რომ არა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისე მშვიდობიანად და აკურატულად გადაწყდებოდა ის ამბები, რომლებიც გადაწყდა.

14 წლის განმავლობაში ვებრძოდით ასლან აბაშიძეს, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავით ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტამ. როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ასლან აბაშიძე დაამთავრა და სწორად დაამთავრა. ეს მისი ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა.

სააკაშვილს ორი დიდი დამსახურება აქვს თავის ცხოვრებაში და ბევრი რამეც რომ ჰქონდეს გაფუჭებული, ამ ორით გადაწონის. პირველი ის არის, რომ აჭარა ერთიან პოლიტიკურ სივრცეში მოაქცია, რომელიც მანამდე განდგომილი სეპარატისტული რეჟიმი იყო. ხალხი კი არა, ხელისუფლება იყო სეპარატისტული. მთავრობაში იყო ხალხი, რომლებიც სეპარატისტობდნენ. რას აკეთებდნენ, ამის თქმა სირცხვილია, რადგან ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ და არ ვიტყვი.

მეორე, უმთავრესი წინგადადგმული ნაბიჯი ის არის, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილმა დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით დათმო ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არავის გაუკეთებია.

ვერაფრით დავიჯერებდი, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი ჩაებღაუჭებოდა ხელისუფლებას. ის, რაც მან იკადრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს, ოფიციალურად, ღიად, საჯაროდ, სისხლის სამართლის დანაშაულია. აღიარა კიდეც, რომ 600 000 ადამიანზე მეტს მაშინ საბანკო ვალები ვითომ დაუფარა. ეს წერილი გამოაქვეყნა და ამით ტრაბახობს. ეს სატრაბახო წერილი სწორედ მაშინ გამოგვადგება, როდესაც სამართლიანი სასამართლო გვექნება. მას მოუწევს ამის გამო პასუხისგება. მე ბანკის მეპატრონეებსაც ვიცნობ და არც ერთი თეთრი არ შესულა ბანკებში. ძალაუფლება გამოიყენა და სულ ეს იყო.

_ როგორც ვიცი, ბანკებმა მაშინდელი ვალების მოთხოვნა დაიწყეს მერე და ამის გამო დავები დღემდე გრძელდება…

_ დიახ, ამ ფულს ბანკები ახლაც ითხოვენ მომხმარებლებისგან. ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში არ იქნება, მისი და ბანკი „ქართუს“ განაცხადი, რომ მან 600 000 ადამიანს ვალები დაუფარა, კარგ სამხილებელ მასალად გამოდგება, რომ არჩევნების ყიდვა დაბრალდეს. ასევე იყიდა არჩევნები 2020 წელს, ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი. 2024 წელს კი 53% დააგროვა, ანუ იმდენივე, რამდენიც 2012 წელს, რაც აბსოლუტური სისულელეა, რადგან 12 წლის შემდეგ მოსახლეობის იგივე პროცენტი გაძლევდეს ხმას, რამდენიც 12 წლის წინ, ასეთი რამ დედამიწაზე არ არსებობს.

ფაქტია, რომ ხელისუფლება მიტაცებულია. ის არ სცნო დასავლეთმა, არ ცნო შიდა ოპოზიციამ, არც ერთმა თავმოყვარე პარტიამ… ასე რომ, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, თავგასულია და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

_ თქვენ რას საქმიანობთ პოლიტიკური თვალსაზრისით, ვის ბანაკში ხართ?

_ არავის ბანაკში არ ვარ, მხოლოდ აქტიური მოქალაქე ვარ. სახლში ვარ. ბოლო წლები ამერიკაში გავატარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ფაქტობრივად ამერიკის მოქალაქე ვარ, რამდენიმე წლის წინ მწვანე ბარათი მოვიგე. ბოლო 3-4 წელი იქ გავატარე და დავბრუნდი. აქტიურ მოქალაქეობას არ ვწყვეტ. მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. პარტიული კონკურენცია და თავისუფალი არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს. ივანიშვილისთვის მილევადი რეჟიმია. ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდი მაგონდება.

მოკლევადიანი თუ არ არის ხელისუფლება, რაც უნდა კარგი იყოს, მაინც ირყვნება. მეც რომ ვიყო, მეც ასე დამემართებოდა. 14 წელი რომ ერთი და იგივეა ხელისუფლება, ქრთამი სტანდარტად იქცევა.

_ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების ჩამნაცვლებელ ძალად?

_ სამწუხაროდ, დღეს ივანიშვილი სუსტია, მაგრამ დღეს ყველაზე სუსტი ოპოზიციაა. ასეთი სუსტი ოპოზიცია მე არც მახსოვს. ხელისუფლებას სწორედ სუსტი ოპოზიცია კვებავს.

ოპოზიცია რომ სუსტია, ცუდია, მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს კარგი _ საზოგადოება, მოქალაქეთა ერთობა აიღებს პასუხისმგებლობას და სწორედ ისინი შეძლებენ ივანიშვილის დამარცხებას! იმედი არ მაქვს, რომ ივანიშვილი არჩევნების გზით წავა ხელისუფლებიდან. ის საქართველოს მოქალაქეების თავგანწირული ბრძოლით, ზეწოლით უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. საქართველოს მოქალაქეები არიან გადამრჩენელი და არა პოლიტიკური პარტიები.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები იპოვიან საკუთარ თავში ძალას და ივანიშვილს გაუშვებენ ხელისუფლებიდან.