“კვებითმა აშლილობამ კინაღამ გამანადგურა” – 16 წლის ნინო ციცქიშვილი, რომელიც დიეტის შედეგად 38 კილო გახდა, თანატოლებს აფრთხილებს 

"კვებითმა აშლილობამ კინაღამ გამანადგურა" - 16 წლის ნინო ციცქიშვილი, რომელიც დიეტის შედეგად 38 კილო გახდა, თანატოლებს აფრთხილებს “დიეტით ჩემი სხეულის მასის ინდექსი ზღვარს ჩამოსცილდა, 38 კგ ვარ… ნუ გაუკეთებთ ამას თქვენს თავს!” – ეს 16 წლის ნინო ციცქიშვილის სიტყვებია, უფრო სწორად, შეძახილია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წონასთან ბრძოლას არასწორი აღქმითა და მეთოდებით იწყებენ. მერე კი უარეს ომში ებმებიან, რადგან გამოსასწორებელი ხდება  ყველაფერი – სხეულის რიტმი, ორგანოების ფუნქციები და ა.შ.

ბევრი ამას ჩუმად აკეთებს, საზოგადოებასთან ხმამაღლა საუბარს ერიდება. ნინო კი გამონაკლისია. მან საკუთარ თავში გამონახა ძალა, რომ ამაზე ილაპარაკოს და ის განსაცდელი, რისი გავლაც თავად მოუხდა, სხვებს აარიდოს.

“კვებითი აშლილობა – ეს ფსიქიკის მოშლაა, სულის განადგურებაა, საკუთარი ნებით საკუთარი სხეულის სამსხვერპლოზე მიყვანაა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზე სისასტიკე არსებულა, ერთად აღებული ყველა სისატიკე ვერ გადაწონის მის ბოროტებას. იმას, რაც შენს თავს უნდა დამართო, ვერ წარმოიდგენ, რაოდენ მწარედ შესაგუებელია შენ გვერდით მყოფი ახლობლებისთვის.

ბავშვობაში ვიყავი გამხდარი, აქტიური და დაუღალავი. 11-12 წლიდან წონაში მოვიმატე. მოზარდობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბიძგია იმის, რომ კვებითი აშლილობა დაგემართოს. ვარჯიშობ, მიმართავ დიეტებს, იკვებები არასრულფასოვნად, იწყებ შიმშილს და იბრძვი მიზნის მისაღწევად, ოღონდაც ჭარბი წონა მოიშორო.

გატაცებული ვიყავი კალორიების დათვლით, საკვების შერჩევით, ვარჯიშებით. დღემდე მაქვს ჩემი ძველი დღიური, რომელიც მთელი დღის საკვებს, წონის დაკლებას და კალორიებს ეხებოდა. ამაზე უფრო საინტერესო ჩემთვის არაფერი არსებობდა.

ამ დროს წონას ემშვიდობები, მაგრამ ისე ნადგურდები, ამას უკვე ვეღარ ხვდები. სიგამხდრის უკიდურეს ზღვარზეც რომ იყო, შენ ამას სილამაზედ აღიქვამ. შინ ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, არ მინდოდა, მეგობრებს შევხვედროდი მარტო იმიტომ, რომ სადმე კაფეში წასვლა არ შემოეთავაზებინათ…

ჩემი თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა საშინელი გახდა, ორგანიზმში არასახარბიელო ცვლილებები დაიწყო. ჩემი წონა 38 კგ გახდა. ჩემი სხეულის მასის ინდექსი ზღვარს ჩამოსცილდა, აქეთ-იქიდან წამოსული ხმები – შენ ძალიან გახდი, ჩონჩხს ხომ არ უნდა დაემსგავსო – მოსვენებას მიკარგავდა. ექიმს მივაკითხეთ. დავრწმუნდი, რომ ჩემი სხეული ავად არ იყო, პრობლემა ჩემს გონებაში აკვიატებული ფიქრებით იყო გამოწვეული…

კვებითი აშლილობა საშინელი გამოცდილება იყო ჩემთვის. ეს ტრაგედიაა და ამას მტერსაც კი არასოდეს ვუსურვებ. მინდა, ხმამაღლა ვიყვირო ამ საშინელებაზე; მინდა, ხმა მივაწვდინო ყველა იმ ადამიანს, ვის სულშიც ამ სივერაგეს მოუნდმებია შეღწევა.

ჩემო მეგობრებო, ჩემთვის ნაცნობო თუ უცნობო ადამიანებო, ნუ დაუმეგობრდებით ამ სნეულებას, ნუ გაინადგურებთ სულსა და სხეულს, რადგან ამით შეპყრობილთ უჭირთ თავის დაღწევა, რეალობის წაღმა დანახვა. ეცადეთ, ღრმად არ ჩაგითრიოთ ჭაობმა, თორემ მისგან განშორება შესაძლოა ვეღარ შეძლოთ…

იწყება ადამიანებთან გაუცხოება, მარტოსულად ქცევა, დეპრესია, ჯანმრთელობის განადგურება, სასიცოცხლო ორგანოების სრულფასოვნების შეწყვეტა…

მიდი, დაადექი სწორ გზას, ის უფალმა გიჩვენა, დაადექი და მიგიყვანს იქ, სადაც უნდა იყო. იქ  გელოდება ყველა, ვისაც მთელი გულით უყვარხარ, ვინც მხოლოდ შენით ცოცხლობს. იქ გელოდება დედა, რომელსაც შენით უფეთქავს გული. დაასრულე მისი მღელვარება, შენ ყველაფერს შეძლებ!..” – მოგვწერა ნინო ციცქიშვილმა. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვთხოვეთ, რომ საკუთარ თავზე მეტი რამ მოეყოლა.

ნინო ხაშურელია. დედისერთაა. ჰყავს მშობლები, პაპა და ბებია. აქვს ბევრი ოცნება, მიზანი და მათკენ ისე ძლიერად მიისწრაფვის, შეუძლებელია, არ ირწმუნო, რომ ყველაფერს მიაღწევს და გამოუვა.

– ნინო, პირველ რიგში, მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდი. რატომ ჩათვალე, რომ წონაში კლება გჭირდებოდა?

– ახლანდელ დროში სიგამხდრე მოდის ტენდენციაა და მეც ავყევი ისე, როგორც ჩემი ასაკის თინეიჯერ გოგონებს მოსდით ხოლმე. ეს ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. ვარჯიშის პროგრამას ვასრულებდი. ინტერნეტში ვკითხულობდი სტატიებს წონის კლებასთან დაკავშირებით, კვებაზე, აკრძალვებზე და მათი შესრულება დავიწყე. საკვები საგრძნობლად შევამცირე და დატვირთულად ვვაჯიშობდი. რაიმე სპეციალური დიეტა არ ამირჩევია. რაციონიდან მე თვითონ ამოვიღე კალორიული საკვები და “ჯანსაღი კვება” დავიწყე.

– რა ამოიღე რაციონიდან, რომელ პროდუქტებზე თქვი უარი?

– ტკბილეული, შაქარი, ხორცი, ცომეული და ცხიმიანი საკვები, რაც, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მოზარდს აუცილებლად სჭირდება სწორი და სრულფასოვანი კვება, მათ ვურჩევ, რომ ინტერნეტში წაკითხულ ე.წ. “ჯანსაღ კვებას” და “დიეტებს” ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ყველა არ არის მართებული და ისეთივე  სასარგებლო, როგორც იქ წერია.

– რითი იკვებებოდი?

– ძირითადად ვიღებდი ბოსტნეულს ან ხილს, ასევე – იოგურტს, ხაჭოს და უცხიმო რძეს, შვრიის ფაფას მაწონთან ერთად, უსაფუარო პურს, თანაც ცოტას, ოსპს, ბარდას, მოხარშულ გოგრას, ყაბაყს. 2 ლიტრზე მეტ წყალს ვსვამდი.

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას, რომ ასე რადიკალური მეთოდით დაგეკლო?

– ყველა ძალიან განიცდიდა, განსაკუთრებით დედა, რომელიც მირჩევდა, რომ ამ ასაკში ასეთი მკაცრი შეზღუდვა არ იყო მართებული და უნდა შემეწყვიტა. მე არ ვეთანხმებოდი, რადგან სარკეში ჩემი თავი არ მომწონდა.

– როგორი რეაქცია გქონდა დაკლებულ პირველ 5 კილოზე?

– დიდი სიხარული იყო, ყველას ვუზიარებდი და უფრო მეტი სტიმული მიჩნდებოდა, რაც საჭმლის უფრო მეტ შეზღუდვას იწვევდა. 5 თვეში შევძელი, 38 კილო გავმხდარიყავი, რაც ჩემი სიმაღლისთვის წონის დეფიციტს ნიშნავს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ენერგიაზე, გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.

დეპრესიული გავხდი, დამეწყო თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ყოველ დილით თავის ტკივილი, ამას დაერთო გასტროენტეროლოგიური პრობლემები, მუცლის ტკივილი და მრავალი სხვა.

ჩემს ასაკში მსგავსი რამ ძალიან სარისკოა, ამიტომ თინეიჯერებს ვურჩევ, სიგამხდრის მოდის ტენდენციებს არ აჰყვნენ და მსგავსი სისულელეებით თავი არ დაიტანჯონ.

– რა ეტაპებს გადიხარ ახლა, რომ ეს პრობლემა მოაგვარო?

– ამ დროს საჭიროა ჩარევა ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგისა და ფსიქოთერაპევტის. ჩემს შემთხვევაში ენდოკრინოლოგიური პრობლემა მოგვარებულია. ამჟამად მკურნალობის კურსებს გავდივარ გასტროენტეროლოგთან და ფსიქოთერაპევტთან კვებითი დარღვევის მოსაგვარებლად

– რატომ გადაწყვიტე, ასე ღიად გელაპარაკა? ბევრს არ ეყოფოდა ამის ძალა და გამბედაობა.

– მინდოდა, ჩემი სატკივარის გადმოცემა სხვებისთვის შეცდომის არიდების საფუძველი გამხდარიყო. კვებითი დარღვევის შეცნობა და შემდეგ გამოსწორება იოლი არ არის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ძნელია მისი მოგვარება.

მთავარია, ადამიანმა ირწმუნოს, რომ ის მარტო არ არის და ყველანაირი პრობლემა მოგვარდება. უფლის რწმენით, საყვარელი ადამიანების მხარში დგომით ყველაფერი სიკეთით დასრულდება.  შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთები, როგორებიც ხართ. ამ ცხოვრებაში იმდენი სიკეთეა, რომ საკუთარ თავს მათი  შეგრძნებისა და აღქმის სურვილი არ უნდა დავუკარგოთ.

– როგორ ფიქრობ, ამ დროს გარშემომყოფები რა შეცდომებს უშვებენ, რას ეუბნებიან ადამიანს არასწორად და როგორ უნდა ავირიდოთ ეს პრობლემა?

– გარშემომყოფები გარკვეულწილად მოტივატორები არიან და ეს არასწორია. დედა ყოველთვის განიცდიდა, როდესაც მისი თანდასწრებით მაქებდნენ. ზოგი გულისტკივილს გამოხატავდა და ეს უფრო რეალური იყო.

ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, პირველ რიგში,  ცოდნაა საჭირო. გარშემომყოფებმა უნდა იცოდნენ ყველა ის ნიშანი, რაც ამ დაავადებას ახასიათებს და მისი დროული ჩარევა საფრთხის არიდების საწინდარი იქნება. პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაა საჭირო

– რა არის პირველი ნიშნები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– პირველი ნიშნებია საკუთარი სხეულის არარეალური აღქმა, როდესაც ადამიანი გამხდარია და თავი მსუქანი ჰგონია. წონის ყოველდღიური შემოწმება, დანაშაულის გრძნობა ყოველი ჭამის შემდეგ, სტრესი და უგუნებობა, კალორიების შემოწმება, თვლა, სწრაფვა უფრო და უფრო მეტად წონის კლებისკენ, თვალშისაცემი სიგამხდრე, კანის სიმშრალე და სიყვითლე, სხეულის დაბალი წნევა, პულსისა და სუნთქვის სიხშირის შემცირება, სხეულის ტემპერატურის კლება, დაბალი თვითშეფასება.

– ახლა რაზე ოცნებობ და რა მიზნები გაქვს?

– პირველ რიგში, ვებრძვი კვებით დარღვევას. ვცდილობ, ვიქცე იმად, ვინც აქამდე ვიყავი – გოგონა, რომელსაც სიცოცხლე უხაროდა და საკუთარ ფიქრებთან ჩაკეტილი არ იყო. მოუთმენლად ველოდები იმ ოთხშაბათდღეს, როცა ჩემი პირადი ,,მე” გაიმარჯვებს.

– აუცილებლად გაიმარჯვებ და სხვებსაც მისცემ ძალას, ამ პრობლემას გაუმკლავდნენ.

– უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.

 ირინე მჭედლიძე, სარკე