ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და გაყინული 30 მილიონი – „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება შემდგომი ნაბიჯებიც“

ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და გაყინული 30 მილიონი - „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება შემდგომი ნაბიჯებიც“ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და გაყინული 30 მილიონი – ასეთია ევროპის ლიდერების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში.
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ ეს არის შედეგი რუსული კანონის მიღების.
-სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ.
გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიების პროცესი შეაჩერონ.
ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო.
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ.
როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო.
ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ, – ამბობს კაჩინსკი.
ევროპის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა:
„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონ ევროს გაყინვა.
ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით, სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!).
ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის : ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან!
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?” რატომ? … და ამიტომ!“.