„სარკე“, რუსუდან ადვაძე
მომღერალი, საბავშვო მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელი, ირმა არავიაშვილი, ძმას ეძებს. დარწმუნებულია, რომ ბიჭი, რომელიც 1994 წლის 7 ნოემბერს დაიბადა, სამშობიაროდან გაყიდეს, მის მშობლებს კი უთხრეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.
ირმა არავიაშვილის მამა, მიხეილ არავიაშვილი, 68 წლის იყო, ვაჟი რომ შეეძინა, თავად ირმას დაბადებისას კი 70 წლის გახლდათ. შემდეგ ირმას მშობლებს კიდევ ერთი გოგონა შეეძინათ.
ირმას მშობლები მეორე ქორწინებაში იყვნენ. პირველი ქორწინებიდან მამას ოთხი შვილი ჰყავდა, დედას _ ორი. როგორც მომღერალი „სარკესთან“ ყვება, მისი მშობლების სიყვარულმა სიცოცხლის ბოლომდე უამრავ დაბრკოლებას გაუძლო და თავად ირმას ბავშვობაც უამრავი პრობლემითა და სისასტიკით იყო სავსე…
ირმამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა შეისწავლა და პროფესიით დიპლომატია. მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა და სტუდიაც გახსნა. ყველა სიძნელე უკან მოიტოვა, პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, მაგრამ, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გული იმაზე სწყდება, რომ მამა ამ ყველაფერს ვერ მოესწრო.
_ ირმა, როგორია თქვენი ძმის ამბავი, რომელიც მაშინ დაბადებულა, როდესაც მამა 68 წლის ყოფილა… დედაც ასაკში იყო მაშინ?
_ დედა ასაკიანი არ გახლდათ. ასაკს არ დავაკონკრეტებ, რადგან თვითონ არ უნდა. ჯანმრთელი ბავშვი შეეძინათ. ადრე ქულებს ანიჭებდნენ ახალშობილებს და 10-დან 10 ქულა დაუწერიათ. მესამე დღეს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, მიცვალებულს კი ახლოს არ მიაკარეს.
შეუთავაზებიათ, სამშობიაროს ბავშვთა სასაფლაოზე დავკრძალავთო და დათანხმებულან, რადგან ძალიან უჭირდათ ფინანსურად. 2 წლის მერე კი ტელევიზიით გაიგეს, რომ სწორედ ამ სამშობიაროში ბავშვებს ყიდდნენ.
მიაკითხეს სამშობიაროს, მაგრამ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. მას მერე რამდენჯერმე სცადეს ბავშვის მოძებნა. მაშინ სოციალური ქსელები ასე გავრცელებული არ იყო და ვერაფერი შეძლეს.
იმედი მაქვს, მივაგნებთ იმ ბავშვს, რომლის გამოც დედაჩემი 32 წლის წინ ცხარე ცრემლებით ტიროდა და სამშობიაროდან შვილის გარეშე გამოვიდა. ბავშვი დაიბადა 1994 წლის 7 ნოემბერს თბილისის პირველ სამშობიაროში.
იქნებ მართლა გარდაცვლილია, არ ვიცით არაფერი, თუმცა ზუსტად ისეთი ტყუილები უთხრეს დედაჩემს, როგორიც სხვა დედებს, ვისაც ბავშვები გაუყიდეს.
ჩემი მშობლები ყველაზე დასამახსოვრებელი წყვილი იყო. 68 წლის იყო მამაჩემი, როცა ბიჭი შეეძინათ. ალბათ ყველას კარგად დაამახსოვრდებოდა…
გავიკეთე გენეტიკური ტესტი და პასუხი ორ თვეში იქნება. როგორც აღმოჩნდა, არც ბავშვთა სასაფლაო ჰქონიათ. ისეთი ამბები მოვისმინეთ, რომ გვჯერა, გაყიდულია. თან, რადგან ასაკში იყო მამაჩემი, თან ძალიან უჭირდათ, ეტყობა, იფიქრეს, რად უნდა ამ მოხუცს შვილი, როგორ უნდა გაზარდოსო და გაუყიდეს…
მას მერე, რაც დედაჩემისთვის უთქვამთ, ბავშვი გარდაიცვალაო, ძალიან ცუდად იყო. მერე კი ჩემმა დაბადებამ გადაატანინა ეს ამბავი. ახლაც რომ ვუთხარი, გენეტიკური ტესტი გავიკეთე-მეთქი, ძალიან გაუხარდა. სულ ეძებდა, სულ და ამბობს, იქნებ ვიპოვოთო. არასოდეს დავიწყებია შვილი.
რამდენჯერმე დაწერეს განცხადება შესაბამის უწყებებში, მაგრამ ვერანაირ კვალზე ვერ გავიდნენ. მერე, სოციალური ქსელები რომ შემოვიდა, ჩვენც დავიწყეთ ძებნა. ახლა გენეტიკური ტესტის იმედი გვაქვს.
_ დედა რას ამბობს, შინაგანად გრძნობს, რომ შვილი ცოცხალი ჰყავს?
_ დიახ, დედა სულ ამბობდა, მესიზმრებოდა და მეუბნებოდა, ცოცხალი ვარო. დედას სულ ახსოვდა, მაგრამ ჩვენ არ გვახვევდა თავზე ამ სევდას. როგორც ყვება, იმაზე დიდი საშინელება არაფერია, როცა სამშობიაროდან ბავშვის გარეშე გამოდიხარ.
მართალი გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ ძმას ვიპოვი. მას თუ არ აქვს ტესტი გაკეთებული, რას შევძლებთ? შეიძლება არც უთქვამს გამზრდელ მშობელს, რომ აყვანილია. დედა ამბობს, რომ ბავშვი მამაჩემს ძალიან ჰგავდა. ალბათ ახლაც მამაჩემს ემსგავსება. მეც მამას ვგავარ და ალბათ მეც მგავს. ახლა 32 წლის უნდა იყოს.
მამაჩემი საკმაოდ ძლიერი ინჟინერი გახლდათ. ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა. მე რომ დავიბადე, უკვე აღარ მუშაობდა თავისი პროფესიით. თავის დროზე საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსიც გახლდათ, მაგრამ მისი გვარი და სახელი არსად ფიგურირებს. მამამისი რევოლუციონერი იყო და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. ათას რვაას რომელიღაცა წელს არის დაბადებული მამაჩემის მამა. თავად მამაჩემი 1927 წელს იყო დაბადებული.
_ როგორია თქვენი მშობლების სიყვარულის ამბავი?
_ მამა ისე კარგად ყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ მე კარგად არ მახსოვს და თავს ავარიდებ ამ თემაზე საუბარს. ფაქტია, რომ 28 წელი იყვნენ ერთად და ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთმანეთი რომ გაიცნეს, არც ერთს აღარ ჰქონდა ოჯახი. დედაჩემს 2 შვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან და ერთი დაეღუპა. მამას 4 შვილი ჰყავს პირველი ცოლისგან და უფროსი, მგონი, 70 წლის არის ახლა. დედაჩემმა და მამაჩემმა ოჯახი რომ შექმნეს, 3 წლის შემდეგ გაუჩნდათ ვაჟი. მერე კი მე და ჩემი და გავჩნდით.
მამას 91 წლის შესრულებას ორი თვე აკლდა, რომ გარდაიცვალა. რაც თავი მახსოვს, სულ მუშაობდა. ღამეც მუშაობდა, დღეც… ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. სანამ საავადმყოფოში არ მოუწია წასვლა, იწვა და ისე აკეთებდა თავის საქმეს. გენეტიკაში ჰქონდა დიდხანს სიცოცხლე და რომ არა ექიმების დაუდევრობა, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. სულ სხვა დიაგნოზის მიხედვით მკურნალობდნენ და თურმე სიმსივნე ჰქონია. მოხუცებში სიმსივნე ისე ნელა ვითარდება, მაშინ რომ სწორად გვემკურნალა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა.
_ უამრავი გამომწერი გყავთ სოციალურ ქსელებში. როდიდან მღერით?
_ ჩემს სიმღერებს ბევრი უსმენს და მღერის. ბევრი ნახვაც მაქვს. დედაჩემი და მამაჩემი მღეროდნენ ხოლმე და მათ ვუსმენდი. როცა შუქი არ იყო და სხვა საქმე არაფერი ჰქონდათ, მღეროდნენ… ამის გავლენით მეც ბავშობიდანვე დავიწყე მღერაც და თავადაც ვწერ სიმღერებს. თითქმის ყველა ჩემ მიერ შესრულებული სიმღერა ჩემი დაწერილია, რომლებსაც ფაქტობრივად მთელი საქართველო მღერის.
საბავშვო მუსიკალური სტუდია მაქვს, სადაც ბავშვები სწავლობენ გიტარაზე დაკვრას, ფანდურს, სხვადასხვა ხალხურ საკრავებს, ვოკალს, ამუშავებენ სმენას და ა.შ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. მათთან როცა ვარ, თითქოს მეც მათი ტოლი ვარ, ისე ვგრძნობ თავს. არც ვთვლი, რომ ეს ჩემი სამსახურია, სიხარულით ვურთიერთობ მათთან.
ძირითადად ბავშვებზე ვარ გადართული და ხშირად მიწვევებზეც უარს ვამბობ ხოლმე, რადგან არ მცალია. სიმღერებსაც ჩემთვის ვწერ და მერე ხალხსაც მოსწონს. ფოლკლორს, პოპროკს ვმღერი, ფანოღს _ არა.
_ სოციალურ ქსელში წერდით, მეუღლის გვერდით პატარა ზღაპრის პერსონაჟს ვგავარო. როგორია ეს ზღაპარი?
_ ზღაპრის პერსონაჟი იმიტომ ვახსენე, რომ ის მაღალია და მე დაბალი, თორემ ისე შეიძლება სულაც არ ვარ ზღაპრული პერსონაჟი. ჩემი მეუღლე მეტრი და 90 სანტიმეტრია სიმაღლეში და მე ალბათ მეტრნახევარი ვიქნები. საკმაოდ უცნაურ წყვილად გამოვიყურებით, თუმცა მე ეს უცნაურად არ მიმაჩნია.
სხვათა შორის, ვისაც კი მოვწონდი, ჩემი მეუღლე მათ შორის ყველაზე დაბალი იყო. თავიდან, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სტუდია გავხსენი. გამოცდილება არ მქონდა და მაშინ ვთქვით, რომ ჩვენს სტუდიაში სწავლა შეეძლო ნებისმიერ მსურველს ასაკის მიუხედავად. 53-55 წლის მოსწავლე ქალბატონებიც მყოლია. მომავალი ქმარი მაშინ დარეგისტრირდა ჩვენთან, სიმღერის სწავლა უნდოდა.
როგორც მერე მიამბო, ჩემთან მოსვლამდე, 3 წლის განმავლობაში სიზმარში მნახულობდა ანუ გოგონა, რომელსაც სიზმარში ხედავდა, მე მგავდა ძალიან. 3 წლის შემდეგ კი ეს სურვილი აისრულა. გიტარაზე დაკვრის სასწავლად დარეგისტრირდა. მომწერა, რომ უნდოდა, სიმღერა შეესწავლა, რათა შეყვარებულისთვის სერენადა ემღერა და ამით მოეწონებინა თავი.
რომ მოვიდა, ვკითხე, რა სიმღერა გასწავლო, რა გინდა, რომ შეყვარებულს უმღერო-მეთქი. მიპასუხა, გიტარის სწავლა მინდა და არანაირი შეყვარებული არ არსებობსო… მივიღე და ერთ თვეში გავრიცხე სტუდიიდან, რადგან კარგად არ სწავლობდა. ვინც არ სწავლობს, იმის ნერვი სად მაქვს?!
_ როგორ აღმოგაჩინათ?
_ მთაში, თუშეთში ყოფილა და იქ მოუსმენია პირველად ჩემი სიმღერა. მას მერე კი 3 წელი ვესიზმრებოდი. ერთი მოსმენით შევუყვარდი…
_ სიმღერა და დაკვრა ისწავლა?
_ ნელ-ნელა ისწავლა. ჩვენს შვილს „იავნანას“ თვითონ უმღეროდა და აძინებდა. ერთი დუეტიც გვაქვს ჩაწერილი, რომელსაც „მე დღეს გეტყვი“ ჰქვია და საკმაოდ პოპულარულია. დიდი შრომა კი დამჭირდა, რომ ემღერა. ნელ-ნელა დახვეწა სმენა, სხვა გზა არ ჰქონდა, სულ მისმენდა და…
_ თქვენი ვაჟიც მღერის?
_ საკმაოდ კარგი სმენა აქვს. ჯერ პატარაა და ცოტა ხანში ალბათ ავამღერებ. მამაჩემიც მღეროდა და დედაჩემსაც კარგი სმენა აქვს. მამა მწერალი გახლდათ, ბევრი ლექსი და ცნობილი ჰიტი აქვს დაწერილი თავის დროზე. მეც ვწერ, მაგრამ ისე კარგად არ გამომდის, როგორც მამას გამოსდიოდა.
თავიდან „ქრიზანთემები“ ვიმღერე, რომელიც ჩემი დაწერილი არ არის და ამით შემიყვარა ხალხმა. მანამდეც ვდებდი რაღაც სიმღერებს სოციალურ ქსელში, მაგრამ „ქრიზანთემებმა“ ცნობადობა მომიტანა. თავიდან ჩემს დაწერილ სიმღერებს არ ვაქვეყნებდი, რადგან, სანამ სტუდიურად არ ჩავწერდი, შეიძლებოდა ვინმეს მოეპარა.
ჩემი და ჩემი მეგობრის მიერ დაწერილმა სიმღერამ „აფხაზი ვარ“, საკმაო აღიარება მომიტანა, 25 მილიონი ნახვა აქვს, „ქრიზანთემებს“, მგონი _ 5 მილიონი. ბევრს აქვს მილიონობით ნახვა და ეს ალბათ ბევრი არაფერია, მაგრამ მე მიხარია. ყველაზე დიდი ნახვა ალბათ უფრო ფოლკლორს აქვს, ქართულ ხალხურ მელოდიებზე შექმნილი სიმღერები უყვარს ხალხს.
_ ცხოვრება ჰგავს ზღაპარს?
_ ალბათ ჰგავს… კარგი ცხოვრება არც დედაჩემს ჰქონია და არც მამაჩემს. ისეთი გაჭირვებული ოჯახი ვიყავით, იატაკიც კი არ გვქონდა და საწოლები პირდაპირ მიწაზე იდგა. ფაქტობრივად ტალახით ააშენეს დედაჩემმა და მამაჩემმა სახლი და როცა წვიმდა, ყველა მხრიდან ასხამდა. ნიაღვარი რომ მოდიოდა, საწოლებზე ავდიოდით, რომ წყალს არ წავეღეთ.
_ თბილისში ცხოვრობდით?
_ დიახ, ნაძალადევში. ადრე ნაგავსაყრელები იყო კერძო დასახლებებში და იქ დავდიოდით, რომ ჯართი შეგვეგროვებინა, სათამაშოები და ტანსაცმელი გვეპოვა. ბევრს უკითხავს, მამაშენის ასაკის გამო გაბულინგებდნენო. იმდენად ბევრი რამის გამო მაბულინგებდნენ, მაგაზე არც მიფიქრია და არც მახსოვს. გაჭირვების გამო დაგვცინოდნენ, კარგად რომ არ გვეცვა… არავის უფიქრია, რომ დაგვხმარებოდა.
ჩემი შვილის კლასში რომ იყოს ვინმე ისეთი, რომელსაც ჩასაცმელი და საჭმელი არ ექნება, ავდგები და ვუყიდი. ჩვენთვის გამოწვდილი ხელი კი არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ბულინგი. რომ ვთქვა, საჭმელი გვქონდა-მეთქი, მოვიტყუები. მერე ერთი დაწესებულება გახსნეს, „კარიტასი“ ერქვა, სადაც ბავშვებს აჭმევდნენ. იქ მოვიმატე წონაში. ვიცოდი, რომ სახლში საჭმელი არ მექნებოდა და იქ ვჭამდი.
მოვიმატე წონაში და მერე წონის გამო მაბულინგებდნენ. სკოლა, როგორც ჯოჯოხეთი, ისე მახსოვს. დღესაც, სიზმარში რომ ვნახულობ კოშმარს, ყოველთვის ჩემს სკოლაში ხდება მოქმედება.
ზღაპარს ჩემი ცხოვრება სწორედ იმით ჰგავს, რომ ნაგავსაყრელიდან ცნობილ მომღერლად ვიქეცი. მაშინ ამაზე ხომ ვერც კი ვიოცნებებდი. ახლა ყველაფერი მაქვს. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ის არის, რომ ვერ მოვასწარი, მანამდე შემექმნა ეს ყველაფერი, რომ მამაჩემს ენახა. რამდენიმე ჩემი სიმღერა კი მოისმინა. ბოლო სიმღერა, მამაზეა. სამჯერ მოასწრო მისი მოსმენა და ამაყობდა, მაგრამ მაშინ იმდენი შესაძლებლობა არ მქონდა, რამდენიც ახლა მაქვს.
ახლა სახლიც მაქვს, მეორე ბინაც ვიყიდე. მამაჩემის სახლიც კარგად გავარემონტე. მას არ დავანგრევდი. გადავაკეთე, გადმოვაკეთე… ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რომელსაც ვერც ერთი სასახლე ვერ შემიცვლის. საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს და, შესაბამისად, კარგი შემოსავალიც.
ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი ვარ, არ მაქვს თავში ავარდნილი წარმატება, არ ვარ ამპარტავანი…
_ სკოლის მეგობარი არავინ შემოგრჩათ?
_ არა, რაში მჭირდება?! მადლობა მითხრან, ზოგიერთს გამარჯობა რომ ვუთხრა. მეც მყავს მოსწავლეები და ვხედავ, ბავშვებმა როგორი აყოლა იციან. არ ვიცი, ახლა რამდენად არის კიდევ ეს ტრენდი მოდაში, მაგრამ მაშინ… ალბათ არც ესმოდათ, რა იყო ბულინგი, რა უნდა ეთქვათ, რა _ არა. ალბათ არ ასწავლეს მშობლებმა ეს ყველაფერი.
მე ყოველთვის ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, მასწავლებელი რას იტყოდა და რას _ არა, ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებდი. არ აქვს მნიშვნელობა, მცდარია თუ სწორი, ის ჩემი აზრია. ამ ჩემი აზრებით ვარ დღეს ის, რაც ვარ და ისინი სად არიან, არ ვიცი. კარგია, როდესაც საკუთარი აზრი, შეხედულებები გაქვს, საკუთარ ბიზნესს ქმნი და ბევრი მიმდევარიც გყავს.
განსხვავებული ადამიანი ალბათ ყოველთვის იჩაგრება. მე კი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს შვილს ისე არ გავზრდი, როგორებიც ჩემი კლასელები იყვნენ. არც იმას ვურჩევ, განზე გადგეს. როცა ვიღაცას უჭირს, უნდა მივიდეს და დაეხმაროს! როცა ვინმეზე ამბობენ, ცუდიაო, არ დაუჯეროს, დაელაპარაკოს, დახმარების ხელი გაუწოდოს. თუ ისიც გამოუწოდებს და გამოიყვანს ჭაობიდან, ხომ კარგი, მაგრამ ჭაობში არ ჩაჰყვეს!
