„სარკე“, ია ქუთათელაძე
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ამერიკაში ბიჭების ჯგუფი „ბექსთრით ბოიზი“ სცენებსა და მაყურებლების გულებს იპყრობდა, თბილისში ბორჯომელი ბიჭების მუსიკალური ჯგუფი გამოჩნდა, სახელწოდებით „ქუჩის ბიჭები“. ახალგაზრდული სითამამითა და რეპერტუარით, რომელიც ახალგაზრდა თაობამ აიტაცა, ჯგუფმა მალე მოიპოვა პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმიაც გაიჩინა. დღეს, 33-ე წლისთავზე, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტებს ყველა თაობის მსმენელი სიამოვნებით ესწრება.
თავიდან ხუთნი იყვნენ, ცოტა ხანში ოთხნი დარჩნენ _ ზურა ხაჩიძე, პაატა ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე და გურამ ლომიძე. რთული გზა გაიარეს. პრობლემები პირად ცხოვრებაშიც ჰქონდათ და ჯგუფის საქმიანობაშიც, მაგრამ ყველა სიძნელეს გაუძლეს, ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ და შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი, მესამე წრე დაიწყეს. რაც მთავარია, დიდი სამზადისი აქვთ 35 წლისთავის გრანდიოზული, საიუბილეო კონცერტისთვის.
ჯგუფის გზასა და პირად ცხოვრებაში გამოვლილ გაკვეთილებს „სარკესთან“ პაატა ხაჩიძე იხსენებს.
_ პაატა, სულ მაინტერესებდა, რატომ დაირქვით „ქუჩის ბიჭები“. მიბაძეთ ვინმეს თუ 90-იანი წლების სულისკვეთების გამოძახილი იყო?
_ არავისთვის მიგვიბაძავს. მოგეხსენებათ, როგორი დრო იყო, ბიჭები მართლაც უმეტესად ქუჩაში იყვნენ. ყველა სისტემა დაიშალა, ახალმა წარსულის მემკვიდრეობა ჯეროვნად ვერ გადაიბარა, არ იყო დენი, გაზი, გასართობი. მართალია, იმ დროს მუსიკალურ სასწავლებელშიც დავდიოდი და ბორჯომის ახალგაზრდობის სახლშიც ვმღეროდი, მაგრამ მაინც ბევრ დროს ვატარებდი ქუჩაში, ამიტომ ავირჩიეთ ბიჭებმა ჯგუფისთვის ეს სახელი პირდაპირი მნიშვნელობით.
_ როგორ შეხვდა თბილისის შოუბიზნესი რეგიონიდან ჩამოსულ უცნობ მუსიკალურ ჯგუფს?
_ სანამ თბილისში ჩამოვიდოდით, ჯერ ბორჯომსა და სამცხე-ჯავახეთში ვმართავდით კონცერტებს და, რომ იტყვიან, სცენას ვუშინაურდებოდით. მოგეხსენებათ, ბორჯომში იყო კომპოზიტორთა სახლი, იმართებოდა მუსიკალური ფესტივალები. ასე რომ, იმდროინდელ მომღერლებთან და შემოქმედებთან შეხვედრილები ვიყავით. ბევრს სახეზე ვცნობდით, ბევრთან ვმეგობრობდით.
15 წლის ვიყავი, როცა ფესტივალზე გამოვედი. ჟიურიში ცნობილი მუსიკოსები ისხდნენ, მათ შორის _ „ივერიელი“ ნუგზარ კვაშალი. ჩემთვის ასეთ დიდ ადამიანებთან შეხვედრა ბედნიერება იყო. ვოცნებობდი, ოდესმე დიდ სცენაზე დამედგა ფეხი, მათსავით ცნობილი გავმხდარიყავი.
თბილისში უცხოობა არ გვიგრძვნია, შეიძლება ზოგს არც მოვეწონეთ, მაგრამ აშკარად არავის გამოუხატავს. როგორც ყველა ახალი ჯგუფის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, ჩვენც გვაკვირდებოდნენ, ელოდნენ, რა რეპერტუარი გვექნებოდა, როგორ დავიმკვიდრებდით თავს. პირველი წარმატება სიმღერას „ადექი, იცეკვე“ მოჰყვა, რომელიც ელვის უსწრაფესად გაჰიტდა.
ბევრს ვმუშაობდით, ვწერდით სიმღერებს, ხუთი ალბომი გამოვეცით. სპორტის სასახლეში გვქონდა კონცერტი, რომელსაც 12 ათასი კაცი დაესწრო. ისინი ჩვენთან ერთად მღეროდნენ, ზეპირად იცოდნენ ჩვენი სიმღერები. დავდიოდით გასტროლებზე, მთელი საქართველო მოვიარეთ. 2005 წლამდე პოპულარობის ზენიტში ვიყავით.
_ მაგრამ შემდეგ დადგა დრო, როცა დაიშალეთ და რამდენიმე წელი არ ჩანდით. რამ განაპირობა ეს პაუზა?
_ იმ წლებში, როცა კონცერტები მრავლად გვქონდა, ფინანსურადაც ძლიერად ვიყავით. ამას ემატებოდა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი „არტ-იმედი“, რომელიც ზრუნავდა ჩვენს კონცერტებზე, პიარზე, კლიპებზე. შემდეგ დაიწყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია. როგორც კი პროტესტი გამოვთქვით არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინვე დაიწყო ჩვენი დევნა.
ყველამ იცის, ზურა ხაჩიძეს როგორ ემუქრებოდნენ, ავიწროებდნენ. იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასულიყო და რამდენიმე წელი იქ ეცხოვრა. უფრო ადრე ირაკლი ნოზაძემ მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა ჯგუფი, ოღონდ აქ სხვა თემა იყო. შემდეგ გურამ ლომიძე გაემგზავრა ამერიკაში. ჩვენთანაც, ბორჯომში, მივიდა უშიშროების ხალხი, იქ პაპაჩემი დახვდა და გააფრთხილეს, ჭკუით ვყოფილიყავით. თბილისშიც დამყვებოდა მანქანა, სახლთანაც მყარაულობდნენ. მოკლედ, რამდენიმე წლით იძულებითი შესვენება ავიღეთ.
იმ პერიოდში უკვე მყავდა შეყვარებული, ლილე, რომელსაც ერთი წელი ვხვდებოდი, შემდეგ შევუღლდით. ლილე გახდა ჩემი საყრდენი და საიმედო მეგობარი, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემთან ერთად.
_ მაგრამ შემდეგ თქვენც დაგეძაბათ ურთიერთობა და რაღაც დროით დაშორდით. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
_ უმძიმესი პერიოდი იყო, აღარ მქონდა კონცერტები, ვერც სამსახურს ვშოულობდი, ორი შვილი უკვე გვყავდა. გაჭირვებამ თავისი ქნა, ოჯახს უამრავი რამ სჭირდებოდა. გაჩნდა მესამე ბავშვი. ლილეც ვერ უძლებდა ასეთ მდგომარეობას და მეც ვერ გავიმართე წელში. უსიამოვნებებმა იმატა და დროებით გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ერთი წუთით არ გამიწყვეტია შვილებთან ურთიერთობა, დავდიოდი უცხოეთში, ხან კონცერტი მქონდა, ხან რაღაც საქმეს ვაკეთებდი, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ.
არ იყო ადვილი ლილეს შემორიგება, მაგრამ ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. ბოლოს ამ სიყვარულმა გაიმარჯვა და ისევ შევერთდით. მადლობა უფალს, რომ კვლავ დავიბრუნეთ ჩვენი ოჯახი, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენს ცხოვრებაში.
_ ძალიან პოპულარულები იყავით, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. ეჭვიანობაც ხომ არ იყო თქვენი უთანხმოების მიზეზი?
_ არა, ლილე რომ გავიცანი, ერთი წელი გვქონდა დრო დაქორწინებამდე. ის ჩვენს კონცერტებზეც დადიოდა, ივენთებზეც და კლიპების გადაღებაზეც. საკუთარი თვალით ხედავდა ყველაფერს და ძალიან ადეკვატურად იღებდა გოგონების აღტაცებას, მათ მიერ მოწერილ წერილებს, სატელეფონო ზარებს. არაფერი მქონდა დასამალი, ამ მხრივ მენდობოდა. 27 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. გართობის, ფლირტის და თავის მოწონების ეტაპი უკვე გავლილი იყო.
_ ახლა, როცა წლებმა ბევრი რამ გასწავლათ, ნანობთ იმ დროს, ცალ-ცალკე რომ გაატარეთ?
_ რა თქმა უნდა. შეიძლებოდა, მეტი მომეთმინა, უფრო მეტად მოვფერებოდი ჩემს მეუღლეს, გამეგო მისი გულისტკივილი, მაგრამ მეც ახალგაზრდა ვიყავი, დაუფიქრებელი და მოხდა ის, რაც მოხდა. ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომას, მთავარია, გაიაზრო და იფიქრო გამოსწორებაზე.
_ როგორ მოახერხეთ თავის გატანა იმ წლებში?
_ ხშირად ვამბობ, რომ დედა მეგრელი მყავს, ძალიან მშრომელი, გონიერი და მოხერხებული. ეტყობა, რაღაც დოზით მეგრული მოხერხება გამომყვა. ადამიანი არ უნდა დანებდე, თუ ხელს გაანძრევ, საქმეს აუცილებლად იპოვი. როგორც კი მივხვდი, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი შვილების მომავალი და, საერთოდ, ჩვენი ოჯახის ყოფნა-არყოფნა, ყველა ღონე ვიხმარე. შრომა არ მეთაკილება და ღვთის მადლით დღეს ყველაფერი კარგად მაქვს.
_ შვილები ალბათ უკვე დაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ თავიანთ არჩევანში.
_ უფროსმა გოგონამ სკოლა დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია. საშუალო 15 წლისაა, თეატრალია, სიმღერაც გამოსდის, ყველაფერს დამოუკიდებლად, თავისით აკეთებს და ეს ძალიან მომწონს. ვაჟი ჯერ პატარაა, დრო გვიჩვენებს, საით გადაიხრება.
_ თბილისს დიდი მიზიდულობის ძალა აქვს, რაიონიდან ჩამოსულებს აღარ ახსენდებათ საკუთარი ფესვები. თქვენთვის ბორჯომი ისევ ძვირფასია?
_ ულამაზესი სოფელი მაქვს ბორჯომში _ სადგერი, არასდროს გამიწყვეტია კავშირი, ჩემი ბავშვობაც ბორჯომში გავატარე და თავისუფალ დროს დღემდე იქ მივრბივარ. სულ მინდოდა, საკუთარი კერა მქონოდა, სახლი ამეშენებინა და ხე დამერგო. როგორც იქნა, მოვაბი თავი და პატარა სახლი ავიშენე მამაპაპისეულ მიწაზე. მუშებთან ერთად მეც ვშრომობ. მინდა, ყველაფერს ხელი შევახო, ჩემი შრომა, ჩემი ოფლი ჩავდო. საბოლოოდ აქ ვფიქრობ ცხოვრებას. ბავშვებსაც ძალიან უყვართ აქაურობა და ლილესაც.
ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება და შვილებიც ასე გავზარდე. ჯანმრთელი ცხოვრებისთვის სპორტს არაფერი სჯობია.
_ სიმღერის პარალელურად სამსახური გაქვთ?
_ დიახ, ბორჯომის დასვენებისა და კულტურის პარკის ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. არაერთი კონცერტი თუ გასართობი ღონისძიება მაქვს გაკეთებული. მინდა, ბორჯომის პარკი ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი გახდეს როგორც ბორჯომელების, ისე დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის.
_ რა ტრანსფორმაცია განიცადა პატარა პაატამ დღევანდელობამდე?
_ წლების მატებასთან ერთად ადამიანი იცვლება, ყალიბდება, სწავლობს ბევრ რამეს, ზოგს საკუთარ და ზოგს სხვის შეცდომაზე. როგორც გითხარით, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, ვიოლინოს ვატარებდი, ბიჭები ზედმეტ სახელად სკრიპკას მეძახდნენ. მაშინ ქუჩაში ვიოლინოთი გავლა სირცხვილი იყო. ბევრჯერ მოხვედრიათ მუშტი ამ სახელის დაძახებისთვის.
ქუჩა არ იყო ჩემთვის უცხო, მიჩხუბია კიდეც, უკან არ დამიხევია, მეც ბევრჯერ მომხვედრია. მაშინ პატიება ნაკლებად ვიცოდი, მერე და მერე დავღვინდი, შევიცვალე, პატიება ვისწავლე. ახლა თუ საშინელ საქმეს არ ჩაიდენს ვინმე, პასუხს არ მოვთხოვ.
პატარა პაატას მუსიკა უყვარდა, სულ ოცნებობდა, ცნობილი ყოფილიყო და დიდ სცენაზე დამდგარიყო. ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა. მყავს საყვარელი ოჯახი, ჩვენი ჯგუფი და ჩემი ბიჭები, რომლებთანაც მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო.
_ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
_ პირველად რომ შევქმენით ჯგუფი, 10 წელი უწყვეტი აღმასვლის პერიოდი იყო. მერე იძულებით გავჩერდით რამდენიმე წელი და ისევ დავიწყეთ. ახლა, რომ იტყვიან, მესამე წრეზე ვართ. ორ წელიწადში 35 წელი შეგვისრულდება. გვინდა, დიდი საანგარიშო კონცერტი გავმართოთ _ ძველი ჰიტები, ახალი სიმღერები. გურამ ლომიძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, 2 წელია დიდ დროს ატარებს საქართველოში. ასე რომ, მუშაობაში ხელს არაფერი გვიშლის. მჯერა, ჩვენს მსმენელს ძალიან გავახარებთ, შემდეგ კი ვარსკვლავის გახსნის დროც დადგება.
