ვინ დაჯილდოვდა ბათუმში ზღვის ცხენებით – კინოფესტივალის 20 წლისთავს მისი დამაარსებელი ვერ მოესწრო

„სარკე“, კობა ბრეგვაძე

დღეს მსოფლიო კინემატოგრაფი მასშტაბურ ტრანსფორმაციას განიცდის. საკვანძო კინოფესტივალები (კანი, ვენეცია, ბერლინალე, სანდენსი) ამტკიცებენ, რომ ფილმების მასშტაბი ბიუჯეტით აღარ იზომება _ გადამწყვეტ როლს საავტორო სათქმელის გამბედაობა და ემოციური გამოძახილის სიღრმე თამაშობს.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ იდეის ერთგული იყო 20 წლის განმავლობაში ბათუმის საავტორო კინოფესტივალი – ბიაფი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ატმოსფერული  ფესტივალი შავი ზღვის რეგიონში. როგორც მხცოვანმა კინემატოგრაფისტმა, ანჟეი სლოვიცკიმ, განაცხადა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში მცირებიუჯეტიან ფესტივალებს შორის.

ბოლო წლებში, ეს ფესტივალი დახურვის პირას მივიდა. ყველაზე დიდი ტრაგედია 2023 წელს მოხდა, როცა ფესტივალის დირექტორი,  გიორგი გოგიბერიძე, გარდაიცვალა. შემდგომ წლებში სახელმწიფო სტრუქტურებმა მიზეზების დაუსახელებლად დაფინანსება შეწყვიტეს და ფესტივალი კერძო შემომწირველების იმედზე დარჩა…

საიუბილეო 2026 წელს ყველა, ვისაც გული შესტკიოდა ქართულ კინემატოგრაფსა და ბათუმზე, გვერდში დაუდგა ფესტივალს, დირექტორად აირჩიეს გიორგის ძმა, გოჩა გოგიბერიძე, გუნდს შეუერთდნენ კინორეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში და მისი დაარსებიდან უცვლელ მენეჯერ ზვიად ელიზიანთან ერთად უამრავი სიახლითა და სასიამოვნო მოულოდნელობით სავსე ფესტივალი ჩაატარეს.

ფესტივალის გახსნა

19 სექტემბერს, ფესტივალის გახსნის დღეს, ბათუმში რეკორდული ნალექი მოვიდა. როგორც სინოპტიკოსები იტყობინებოდნენ, ასეთი ინტენსივობის წვიმა ბოლო 100 წელი არ დაფიქსირებულა, თუმცა ბათუმის დრამატულ თეატრში უამინდობამ ოდნავაც ვერ გაანელა საზეიმო განწყობა.

სცენაზე ასულმა ფესტივალის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 2006 წლიდან მოყოლებული უერთგულა კინოფესტივალს და პირველი სიურპრიზი გამოაცხადა: ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებოდათ, ბათუმის ბულვარში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ახალშექმნილ ფესტივალის ხეივანში ხეების ნერგები დაერგოთ, ხოლო შემდეგი  წლების განმავლობაში ბათუმში დაბრუნებულებს თავიანთი დარგული სახელობითი ხე მოენახულებინათ, რომლის ზრდაზე დაკვირვებას აპლიკაციით სატელიტიდან მოახერხებდნენ. მეორე და მესამე დღეს ეს შესაძლებლობა ფესტივალის ყველა მონაწილე სტუმარმა გამოიყენა.

ტრადიციულად, კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო ოქროს ცხენთევზა (ფესტივალის სიმბოლო) პოლონელ რეჟისორს, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტ აგნეშკა ჰოლანდს გადაეცა. მეორე დღეს მისი ბოლო ნამუშევარი „ფრანცი“ (ებრაული წარმოშობის ცნობილი ჩეხი მწერლის ფრანც კაფკას ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი) იქნა ნაჩვენები. ასეთივე ჯილდო ფესტივალის დახურვაზე კინორეჟისორ თემურ ბაბლუანსა და ბრიტანელ პროდიუსერ მაიკ დაუნის გადაეცა.

ფესტივალის გახსნის აპოთეოზი ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი „გურია“ აღმოჩდა, რომელსაც ვენეციის ფესტივალზე წარმატებული პრემიერის შემდეგ ბათუმში არანაკლები ოვაციები შეხვდა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების გურიის ერთ-ერთი სოფლის ტრაგიკომიკური ბალადა ორ ტომარა თხილზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე სავსეა ნათელი სევდით, გურული იუმორით, გამოირჩევა პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობების შესანიშნავი თამაშით. მეორე დღეს პრესკონფერენციაზე რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა უამრავი საინტერესო ამბავი გაიხსენეს. ლევან კოღუაშვილმა აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების ინსპირაცია გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ გახდა.

ისევე, როგორც ბევრ ცნობილ ფილმს, „გურიასაც“ გადაღებებზე პრობლემები და კურიოზები არ მოჰკლებია, იყო გადაღების პროცესის წყვეტა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუ არ ჩავთვლით ამბავს იმის შესახებ, რომ ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო თხა, რომელმაც ფილმში შესანიშნავი ეპიზოდი შექმნა.

ფესტივალის უჩვეულო დღეები

ბათუმის ამინდს მეორე და შემდგომ დღეებში ფესტივალის სტუმრები აღარ შეუწუხებია. ოთხ სხვადასხვა ადგილას მოეწყო 50-ზე მეტი ფილმის ჩვენება. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმი, ასევე ნაჩვენებ იქნა პროგრამით გათვალისწინებული დიდოსტატთა კოლექცია, მათ შორის _ ისეთი ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები, როგორებიცაა პაოლო სორენტინოს „შეწყალება“, პაველ პავლიკოვსკის „სამშობლო“, კრისტიან მუნჯიუს „ფიორდი“ (ამ წლის კანის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი) და ასევე რამდენიმე ცნობილი რეჟისორის ნამუშევარი.

ფარგლებში „სპეციალური ჩვენებები“ და „მუსიკა კინოში“ წარმოდგენილი იყო არასაკონკურსო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მათ შორის _ თემურ ბაბლუანის უმცროსი შვილის, სოფო ბაბლუანის, 2024 წელს გადაღებული ფილმი „ფოფოდიას შვილები“. ფილმის პრემიერას ბათუმში თემურ და გელა ბაბლუანები დაესწრნენ. ასევე წელს ბათუმის ფესტივალის მთავარ ბანერზე დატანილი კოლაჟი სწორედ ბატონი თემურის ფილმის „ბეღურების გადაფრენის“ მიხედვითაა შექმნილი.

ფესტივალზე სასიამოვნო სიახლე ვიხილეთ _ „ქართული კინოს საგანძურისა“ და „ქართული ანიმაციის კლასიკის“ ეგიდით წარმოდგენილი იყო აღდგენილი (გაციფრული) ქართული მხატვრული და ანიმაციური კინოს შედევრები. ახალ თაობას შესაძლებლობა მიეცა და მიეცემა, ქართული კინოს ეს საუკეთესო ნიმუშები საუკეთესო ხარისხში ნახოს.

ფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის,  ბოლო ნამუშევარს „მთვარე მამაა ჩემი“. დრამატულ-კამერული ფილმი დასრულებამდე დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს და მამა-შვილის რთულ ურთიერთობას ეხება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მსახიობების შესრულებაც. გივი ჩუგუაშვილი საქართველოში ცნობილი მსახიობია, მოზარდი გიორგი გიგაური კი ფილმში შემთხვევით მოხვდა. რეჟისორმა ის ერთ-ერთ ქართულ სოფელში გადაღებების ადგილას აღმოაჩინა. როგორც რეჟისორმა განაცხადა, მამაშვილობის თემით, დიდი ხანია, დაინტერესებულია და ახლა მიეცა ამ თემის განვითარების საშუალება.

სიახლე დაგვხვდა ჟიურის შემადგენლობაში, ტრადიციული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიურის დაემატა ორი: ქართველ კინოკრიტიკოსთა, რომელმაც ფესტივალისთვის ოლღა თაბუკაშვილის პრიზი დააწესა და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც ახალბედა კინომცოდნეებით არის წარმოდგენილი და ფესტივალის გარდაცვლილი დირექტორის, გიორგი გოგიბერიძის,  სახელობითი პრიზით დააჯილდოვებს გამორჩეულ ფილმებს.

როგორც უკვე ცნობილია, წელს „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენილია ლევან კოღუაშვილის „გურია“. საინტერესოა, რომ ბათუმის ფესტივალზე სომხეთმა (თამარ სტეფანიანის „არტოს მიწა“) და იაპონიამ (რიუსუკე ჰამაგუჩი „უეცრად“) გამოაგზავნეს ფილმები, რომლებიც ამ წელს ასევე „ოსკარზე“ იქნებიან წარდგენილი თავიანთი ქვეყნების მიერ.

ფესტივალის დახურვა და ღირსეული პრიზიორები

მე-20 საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართა. წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გამოავლინა.

გრან პრი ლენს ჰამერის ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი) მოიპოვა. ფილმი გაბედულად აღწერს ხანდაზმულთა სექსუალობის ტაბუირებულ თემას, ასევე თანხმობის იურიდიულ და ეთიკურ საზღვრებს, როდესაც პარტნიორი დემენციით არის დაავადებული. ლენს ჰამერი იყენებს მკაცრ, უპრეტენზიო და „სასამართლოსებრ“ ესთეტიკას, განზრახ ერიდება მარტივ პასუხებსა თუ იაფფასიან სენტიმენტალიზმს. ერთ-ერთ მთავარ როლს ჟულიეტ ბინოში ასრულებს. ფილმს წლევანდელ ბერლინის ფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.

კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ლევან კოღუაშვილმა მიიღო, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმ „გურიას“ მთავარი როლის შემსრულებელმა, კახა ჭოლაძემ, გაიმარჯვა. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მთავარი პრიზი ჟიურიმ ბრიტანელ მსახიობ ანა კეპლერ მარშალს გადასცა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა გრან პრით დაჯილდოებულ ფილმში „დედოფალი ზღვასთან“. ასევე სპეციალური აღნიშნვით გიორგი გიგაური დაჯილდოვდა, რომელმაც ფილმში „მთვარე მამაა ჩემი“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი ფილმს  „მწველი სურნელის ჩურჩული“  (სომალი/ავსტრია/გერმანია, 2026) გადაეცა. ჟიურიმ სპეციალური აღნიშვნით დააჯილდოვა მარიამ ხაჭვანი _ „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში _ „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა _ „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი).

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის  გადასცა ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურია“. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა „მთვარე მამაა ჩემი“ დაიმსახურა.

ახალგაზრდული ჟიურის რჩეული  რაფაელ მანუელის ფილმი „ფილიპინიანა“ (სინგაპური/ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა.

ჟიურის წევრმა, სალომე გოგოლმა, განაცხადა: „ფილმი საკმაოდ აქტუალურ თემაზეა, სიუჟეტი მდიდრულ გოლფის კლუბში ვითარდება, რის მაგალითზეც რეჟისორი რაფაელ მანუელი კინოენით მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროში არსებულ სოციალური უთანასწორობის მწვავე პრობლემებზე. კინოსურათის ვიზუალური მხარე კიდევ უფრო აძლიერებს ფილმის სათქმელს, რაც მას უფრო შთამბეჭდავს ხდის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფილმისთვის პრიზის გადაცემა“.

აგრეთვე ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა „მთვარე მამაა ჩემი“. ის ასევე დაჯილდოვდა „ქართული ფილმის“ მიერ დაწესებული რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ამავე ფილმის საუკეთესო რეჟისურისთვის.

 …

დამთავრდა ბათუმის შესანიშნავი საავტორო ფესტივალი.  სტუმრებმა და მონაწილეებმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები და გამოცდილება მიიღეს და მისი საზოგადო როლი იმაშიც გამოვლინდა, რომ წარმოდგენილ საუკეთესო ფილმებზე მოხვედრა ნებისმიერ კინომოყვარულს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად შეეძლო. „ოქროს ცხენთევზები“ კი გამარჯვებულებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გაემგზავრნენ.

დაბოლოს, როგორც კინორეჟისორმა და ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თინათინ ყაჯრიშვილმა, თქვა, მეორე დღიდან უკვე დაიწყეს მომავალი წლის ფესტივალისთვის მზადება.