ქეთი ვადაჭკორია: „სანამ ზურა გარდაიცვლებოდა, მეგონა, დრო ყველაფრის მკურნალი იყო“
ვინ „გამოუგზავნა“ მომღერალმა ცოლს საჩუქრად - „საოცარი მსგავსებაა ზურასთან“

„სარკე“, ია ქუთათელაძე

ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სახე, ზურა დოიჯაშვილი, ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი დღემდე ცოცხლობს და კვლავ უყვარს ქართველ მსმენელს.

ზურა თბილისელი იყო მთელი არსებით. ამ ქალაქით ცხოვრობდა, მისი ქუჩებით, სახლებით, უბნებით, თბილისური ნიავით, მელიქიშვილის გამზირით. როგორც ბეღურა, ერთგული იყო თავისი ქალაქის და დროებითაც კი არ შეეძლო გადაფრენა სხვაგან.

ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო სიცოცხლის ბოლო წლები მომღერალმა ისრაელში გაატარა. იქაც ბევრი მეგობარი დახვდა, არც კონცერტები აკლდა, მაგრამ თავისი თბილისი ენატრებოდა. წუხდა, დარდობდა, ფიქრობდა დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, ვერაგმა დაავადებამ ნატვრის ასრულება არ აცალა. როცა ძალიან დამძიმდა და აპარატზე აერთებდნენ, მისი ბოლო სიტყვები იყო, ნუთუ, ჩემი თბილისის ქუჩებში ვეღარ გავივლიო…

გავლით ვეღარ გაიარა, მაგრამ მისი ნეშტი თბილისის მიწამ ჩაიხუტა. მახათას მთის პანთეონში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

მომღერლის მეორე ნახევარი, ქეთი ვადაჭკორია, საყვარელი ადამიანის გარეშე და ამავე დროს მასთან ერთად ცხოვრებაზე გვიამბობს.

_ ქეთი, ძნელია ზურაზე წარსულ დროში საუბარი. ხუთი წელი ცოტა არ არის, როგორ ისწავლეთ მის გარეშე ცხოვრება?

_ როცა ამბობდნენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მეც ასე მეგონა, სანამ ზურა არ გარდაიცვალა. დრომ არ მიშველა, პირიქით, უფრო დამამძიმა, უფრო მენატრება. მინდა, მისი ხმა გავიგონო, მისი სიცილი, მისი თვალები დავინახო. მის გარეშე ცხოვრება ნაცრისფერია.

ზურას გაღვიძება მზის ამოსვლას ჰგავდა, მხიარული, ღიმილიანი ღიღინით ადგებოდა, მოგვეფერებოდა, გაგვეხუმრებოდა. რაც უნდა პრობლემა გვქონოდა ოჯახში, მეტყოდა, გაიღიმე, ქეთუშ, ამასაც გადავლახავთო. იმედიანი იყო. ეს იმედი, ეს საყრდენი გამომეცალა.

_ მაგრამ ხალხში დიდი სიყვარული დატოვა. ეს სიყვარული არ განუგეშებთ?

_ ვიცოდი, რომ ზურა უყვარდათ, მაგრამ ასეთ სახელს თუ დატოვებდა და ამდენი წლის შემდეგაც ასეთი სიყვარულით გაიხსენებდნენ, არ ველოდი. ზოგადად გარდაცვალების შემდეგ იოლად ივიწყებენ ადამიანებს, ზურა კი ისევ ახსოვთ და ეს ჩემს გულს ძალიან ათბობს. დღე არ გავა, რომელიმე მისი თაყვანისმცემელი არ შემეხმიანოს, არ მომწეროს, ზურას ვიდეო ან სიმღერა არ ჩამიგდოს.

მართლაც სახალხო იყო, დიდი გული ჰქონდა, ყველა უყვარდა, ყველას ეფერებოდა. ვამბობ ხოლმე, რომ თუ გინდა, ხალხმა არ დაგივიწყოს, ისე უნდა იცხოვრო, როგორც ზურა ცხოვრობდა.

_ დიდი სიყვარულით იცხოვრეთ, მაგრამ ოჯახი არ არსებობს კამათისა და უსიამოვნების გარეშე. როგორი იყო გაბრაზებული ზურა?

_ მე ასეთი არ მინახავს. როგორ არ გვიკამათია, გვიჩხუბია კიდეც. ყოველთვის მე ვიყავი ბუზღუნა, კამათის წამომწყები. ზურა არ მყვებოდა, ხმას არ აუწევდა, სულ იუმორში გადაჰქონდა ჩემი ნათქვამი. ვერ გავებუტებოდი, ამის საშუალებას არ მაძლევდა. ისე გამეხუმრებოდა, ისეთ სცენას დადგამდა, მაშინვე გამეცინებოდა და გაბრაზებაც გადამივლიდა.

_ ყოველ წელს იმართება ზურას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტები. ვინ არის მათი ორგანიზატორი?

_ ზურა ბორჯომის საპატიო მოქალაქე იყო. ყოველი წლის აგვისტოში (აგვისტოში იყო დაბადებული) ბორჯომის მერიის ინიციატივით და ზურას მეგობრების მონაწილეობით (ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, ზურა კოპეშავიძე, მაკა ქაჯაია, ბესო ჩუბინიძე და სხვები) იმართება ბორჯომში მისი ხსოვნის საღამო, ასევე თბილისშიც. მისი მეგობრები და კოლეგები არ ივიწყებენ, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომელმაც მისი გარდაცვალებიდან მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ქუჩას, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა _ ძველ თბილისში, მისი სახელი მიენიჭა.

_ როგორც ვიცი, ზურა დოიჯაშვილის მშობლიური სახლი ავარიულია და სახიფათოა იქ ცხოვრება. ხომ არ შეიცვალა სიტუაცია?

_ სამწუხაროდ, სახლი ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება ყოველ წუთს დაინგრეს და ვინმე იმსხვერპლოს. თბილისის მერია, დიდი ხანია, გამოთქვამს მზადყოფნას, დაგვეხმაროს და მოხდეს სახლის რეაბილიტაცია, მაგრამ ორი ოჯახი უწევს წინააღმდეგობას. ძალისმიერი მეთოდით კი მათი გაყვანა არ შეიძლება. არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, ვერაფრით მივაღწიეთ შეთანხმებას. მათ გამო შეიძლება მალე საცხოვრებლის გარეშე დავრჩეთ და ქუჩაში აღმოვჩნდეთ.

_ თქვენმა შვილებმა არ ისურვეს სიმღერა. შვილიშვილებიდან რომელიმეს ხომ არ ამჩნევთ მუსიკალურ ნიჭს?

_ ხუთი შვილიშვილი მყავს, სულ პატარა _ დუდა, რომელიც ზურას გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, ჯერ სამი წლის არის, მაგრამ საოცარი მსგავსებაა ზურასთან, მისი ფერები აქვს, თვალებიც მისი, ხმაც დაბალი, ხრინწიანი, სიარულითაც ზურასნაირად დადის და მუსიკალურადაც დაემსგავსება, ეტყობა. უყვარს ცეკვა და სიმღერა. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარია, მგონია, ზურამ გამომიგზავნა, რომ ამქვეყნიური ცხოვრება გამიადვილოს.

_ ზურას ოხუნჯობებსა და ხუმრობებზე ლეგენდები დადის. თქვენ რას გაიხსენებდით?

_ ხუმრობის დიდოსტატი იყო, განსაკუთრებით, თუ მამუკა ონაშვილი და ის იყვნენ ერთად. თავიანთი სასაუბრო და სასიმღერო ენა ჰქონდათ. ისე მღეროდნენ თურქულად, აზერბაიჯანულად, სომხურად, ჩინურად და იაპონურადაც კი, მსმენელი სიცილისგან ტიროდა და მართლა ეგონათ, რომ ის ენები იცოდნენ. არადა  ქართულ სიტყვებს ხმარობდნენ, ოღონდ ზუსტად იმ ტონალობით, რა ენაზეც ვითომ მღეროდნენ. ალბათ ახლაც ერთად არიან და იქ აგრძელებენ დუეტში მხიარულებას.

_ თქვენს ოჯახს ისრაელში ცხოვრების უფლება ჰქონდა. ხომ არ აპირებთ იქ დამკვიდრებას?

_ მადლობელი ვარ ისრაელის სახელმწიფოსი, რომ იმ მძიმე ჟამს ხელი გამოგვიწოდა. ჩემთვის ძალიან ძნელია იმ პერიოდის გახსენება, რადგან ზურა იქ აღესრულა. მეც, როგორც ზურა, თბილისზე ვარ შეყვარებული, ამიტომ მხოლოდ ცოტა ხნით თუ ჩავდივარ ისრაელში. ზურას საფლავი აქ მაქვს, ზურას თბილისი უყვარდა და როცა მე თბილისის ქუჩებში დავდივარ, მგონია, ზურაც ჩემ გვერდით არის. ეს ცოტათი მამშვიდებს.

ფოტოებზე: ქეთი ვადაჭკორია, ზურა დოიჯაშვილი და მათი შვილიშვილი – დუდა