„სარკე“, რუსუდან ადვაძე
კაცობრიობა მესამე ომის რეჟიმში ცხოვრობს _ ამბობს პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიოლოგიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომელსაც „სარკემ“ დღევანდელი სამყაროს პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა სთხოვა. რაც შეეხება საქართველოს ადგილს, როლს და მისიას ამ სიტუაციაში, პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით, მისთვის მისაღებ ნაბიჯებს დგამს.
__ ბატონო მამუკა, მსოფლიოში უამრავი ცხელი წერტილია _ ისრაელ-ირანის ომი, რუსეთ-უკრაინის ომი… რა რეალობაში ცხოვრობს კაცობრიობა, როგორია თქვენეული შეფასება?
_ წლების განმავლობაში ცდილობდა ისრაელის მთავრობა, რომ ამერიკის მოკავშირეობა თავისი გადამწყვეტი უპირატესობისთვის გამოეყენებინა. „ისრაელი არ უნდა არსებობდეს“ _ ეს ლოზუნგი ისლამურ სამყაროში 1948 წლიდან არსებობს, რაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. როდესაც ისლამური რევოლუციის შედეგად რელიგიური მოღვაწეები მოვიდნენ ირანის ხელისუფლებაში, იმ წუთშივე გაცხადდა, ხმამაღლა ითქვა, რომ სსრკ მტერია, აშშ მტერია და ისრაელი არ უნდა არსებობდეს. ეს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იყო. იმ დღიდან ისრაელსა და ირანს შორის მუდმივად არის დაძაბულობა და დაპირისპირება.
ისრაელი თავისი არსებობით დისკომფორტს უქმნის მუსლიმურ სამყაროს. მსოფლიო ისტორიაში იყო შემთხვევა, როდესაც ბაბილონის ხელმწიფემ, ნაბუქოდონოსორმა, ებრაელების სახელმწიფო გაანადგურა, მოსპო. ეს 26 საუკუნის წინ მოხდა. მაშინ ერთადერთი ერი, რომელიც ებრაელებს დაეხმარა და ტყვეობისგან გაათავისუფლა, სპარსეთია. სწორედ 26 საუკუნის წინ ისრაელიდან წამოსული ებრაელები არიან საქართველოში, მცხეთაში რომ დასახლდნენ. ეს ის თემია, რომელსაც ქრისტეს წამებაში მონაწილეობა არ მიუღია. როდესაც კითხულობენ, საქართველოში ებრაელებს რატომ არ არბევდნენ, ეს ზუსტად იმის გამოა, რომ ისინი აქ მანამდე მოვიდნენ…
სპარსელებმა გაათავისუფლეს ებრაელები ბაბილონის ტყვეობისაგან და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. ამის შემდეგ კი მუდმივი გახდა დაპირისპირება, რომელიც ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული. ებრაელები ნიჭიერი ხალხია და ყველგან ხელში იგდებდნენ საფინანსო თუ სავაჭრო სისტემას, რაც დაპირისპირებას იწვევდა და ამიტომაც ჩამოყალიბდა მათ მიმართ რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში.
ისლამის დოქტრინაში, ყურანში, ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია ის, რომ ისლამი, ისლამური ხალიფატი უნდა იყოს გაბატონებული რელიგია მთელ მსოფლიოში. სხვა რელიგიის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებიც და იუდეველებიც მუჰამედის შეფასებით არიან ასატანი ხალხი, ფიზიკურად არ უნდა შევიწროვდნენ, მაგრამ მათ სახელმწიფოები არ უნდა ჰქონდეთ. სახელმწიფოებში უნდა იყოს გაბატონებული ისლამი.
__ ახლა რა ხდება, რის მიღწევას ცდილობს ან რას შეიძლება მიაღწიოს ირანმა ისრაელთან ომით?
_ ახლა კი ხდება ის, რომ, როგორც გაირკვა, ირანის ხელისუფლება ემზადებოდა ამ ომისთვის, ამერიკელებისგან განსხვავებით, რეალურად აფასებდა თავის ძალებს. იცოდა, რომ სამხედრო წინააღმდეგობაში აშშ-სთან ვერაფერს გახდებოდა და შესაბამისი ტაქტიკა აირჩია. მარცხი არ განუცდიათ, ვერც იმარჯვებენ, მაგრამ სერიოზულ დისკომფორტს ქმნიან. მათი ტაქტიკური ჩანაფიქრის მთავარი კომპონენტი მდგომარეობდა იმაში, რომ ისეთი პირობები შეექმნათ, მთელი მსოფლიო მეტნაკლებად შეწუხებული ყოფილიყო ამ ომით. ვგულისხმობ ორმუზის ყურის ფაქტორის გამოყენებას, რომელიც მსოფლიოს ნავთობის მომარაგების ძალიან სერიოზულ ნაწილს, დაახლოებით მესამედს მოიცავს.
ამ სწორი ტაქტიკური ჩანაფიქრის რეალიზებით მოახერხეს ის, რომ ანტაგონიზმი გააჩინეს მსოფლიოში ამ კონფლიქტის მიმართ. აშშ-მა თავისი მოკავშირეებიც კი ვერ დაარწმუნა თავის სისწორეში. ვგულისხმობ ნატო-ს წევრ ქვეყნებს.
დღეს ისრაელი მომგებიან მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ საომარ ვითარებაშია ერთბაშად ორ ფრონტზე _ ირანისა და ლიბანის მიმართულებით, გვერდით გრძნობს უძლიერეს მხარდაჭერას. ისრაელსაც ჰქონდა ტაქტიკური ჩანაფიქრი, ადრე დაიწყო მუშაობა ირანთან სავარაუდო დაპირისპირების შემთხვევაზე, მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან, რომლებსაც ირანთან თავისი პრობლემები ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ არის რელიგიური დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის, რელიგიური დაპირისპირება ისლამის შიგნითაც არის სუნიტებსა და შიიტებს შორის. არაბული ქვეყნები სუნიტურია, ირანი _ შიიტური. ეს დაპირისპირება კარგად გამოიყენა ისრაელმა და მოახერხა ე.წ. აბრაამის ხელშეკრულების ფორმატის შექმნა.
ითვლება, რომ აბრამიდან მოდიან ებრაელებიც და არაბებიც და ამ ხელშეკრულების შექმნა დაიწყეს, სადაც აქცენტი კეთდება ეკონომიკურ და სავაჭრო ხელშეკრულებებზე. არაბული ქვეყნების ასეთმა ნაბიჯმა კი გამოიწვია ირანთან მათი ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესება. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს დანაკარგი აქვს სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინც სარგებელს ნახულობს, ბევრი პროექტი დაიწყეს. თურქეთიც გაღიზიანებულია ამ მდგომარეობით, რადგან ისრაელმა მუსლიმურ სამყაროში ბზარის შეტანა მოახერხა. დღეს თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ისრაელის გავლენები მაქსიმალურად შეამციროს.
რაც შეეხება პროგნოზს, ჯერჯერობით ვერც ერთი მხარის გადამწყვეტ უპირატესობას ვერ ვხედავ. აშშ-მა მძიმე დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას, მაგრამ ირანი მიეჩვია სანქციების პირობებში დუხჭირ ცხოვრებას. ირანის საზოგადოება შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ გარეშე მტრის წინააღმდეგ ეს მაინც კონსოლიდირებული ძალაა.
__ ეს ვითარება რას უქადის საქართველოს, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება სწორად და რას _ არასწორად?
_ რასაკვირველია, ახდენს ჩვენს ქვეყანაზე გავლენას. გეოპოლიტიკური ტერმინი არსებობს _ დიდი კავკასია, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზს გულისხმობს. ირანი კასპიის ზღვის აუზში მდებარეობს და, აქედან გამომდინარე, ჩვენი უშუალო მეზობელია.
რასაკვირველია, საომარ ვითარებას, რომელიც ჩვენ სამხრეთით და ჩრდილოეთითა, ხიფათი მოაქვს. ეს არის ეკონომიკური ხიფათი, დევნილებისგან გამომდინარე ხიფათი და სხვა. ევრაზიულ რეგიონში რომ ამხელა დონის კონფლიქტები მიმდინარეობს, თავისთავად ყველა ტიპის რყევებს იწვევს. მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები აქამდე გარკვეული თამაშის წესების მიხედვით მოქმედებდნენ, მაგრამ ეს წესები უცებ დაირღვა, მსოფლიო წესრიგი ჩამოიშალა და ყველა ცდილობს, უკეთესი ადგილი დაიკავოს იმ მომენტისთვის, როდესაც თამაშის ახალი წესები შეიქმნება.
საერთაშორისო სამართალი ახლა ფაქტობრივად აღარ არსებობს. არსებობს მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები და სწორედ ამ ინტერესების რეალიზების თემას ვადევნებთ თვალს.
საქართველოსთვის გამოწვევები ძალიან სერიოზულია, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გამოწვევა არის როგორც სახიფათო, ისე საინტერესო, რადგან პროდუქციის მიწოდების მარშრუტები იცვლება. სავაჭრო გზები, რომლებიც ჩამოყალიბებული იყო წლების განმავლობაში, ზოგი მიმართულებით ჩაიკეტა. სამხრეთ კავკასიის, საქართველოს გარეშე ახალი გზების დალაგება ძალიან ჭირს და გვაქვს როგორც ხიფათის, ასევე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაც.
რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ყოველთვის ვსაყვედურებდი საქართველოს ხელისუფლებებს, რომ ბევრად უფრო აქტიური რეგიონული პოლიტიკა იყო საჭირო, როგორც სამი ქვეყნის, ისე შავი და კასპიის ზღვის რეგიონში განლაგებულ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას. ამ თვალსაზრისით, ახლა საქართველოს ხელისუფლების აქტივობა მისაღებია, მაგრამ მუდმივი კონფრონტაცია ევროპასთან… სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა სერიოზული როლი შეიტანეს ამ კონფრონტაციული ველის შექმნაში, ბრიუსელს ვგულისხმობ. ამაზე რეაგირება შეიძლება იდეურად სწორია, მაგრამ ფორმას გააჩნია. ჩემთვის ეს ფორმა არ არის ბოლომდე მისაღები.
იმ ფორმით მუშაობა იქნებოდა კარგი, რომლითაც წლების განმავლობაში აზერბაიჯანი მუშაობს. ამ ქვეყანამ ძალიან სერიოზულად იმუშავა 20-25 წლის განმავლობაში და შექმნა აღმოსავლური დიპლომატიის კლასიკა. მოახერხა ყველგან, ყველა ფრონტზე თამაში და თავისთვის სარგებლის მიღება.
მათ მხარეს სერიოზული ფაქტორი მუშაობს _ ეს ენერგორესურსებია, მაგრამ მეორე ფაქტორი მათი დიპლომატიაა. არ დაუშურებიათ არც დიპლომატიური მუშაობა, არც კულუარული, არც საჩუქრები… ეს ახასიათებს აღმოსავლურ დიპლომატიას თავის მოსყიდვიანად. ზოგი რამ ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ქვეყანა რომ ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას, ეს უნიკალური მაგალითია, რადგან მიუხედავად თავისი უახლოესი მოკავშირის, თურქეთის, უკმაყოფილებისა, აზერბაიჯანი ისრაელის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება რეგიონში. ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ ისრაელს აქვს აზერბაიჯანში გარკვეული ბაზა, რომელსაც თავისი მოთხოვნილებისამებრ იყენებს.
__ შესაბამისად, საქართველო კავკასიაში პოზიციებს თმობს?
_ ასე ვერ ვიტყოდი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ იმ დიპლომატიურ რესურსსა და რეზერვს, რაც გვაქვს. ეს არის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული კავშირები და მათი სწორად გამოყენება სერიოზულ ფაქტორად შეიძლება ქცეულიყო.
აზერბაიჯანი დღეს ორ თეთრ ცხენზეა ამხედრებული და როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური რესურსი აქვს, მაგრამ ესეც გამოწვევაა საქართველოსთვის. აზერბაიჯანი გახდა ერთგვარი წარმომადგენელი რიგ ფორუმებზე მთელი ცენტრალური კავკასიისა, ყაზახეთის გარდა. თავის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას იყენებს. საქართველო შავ ზღვაზეა მიბმული. შავი ზღვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალია. გვინდა თუ არა, ეს ფაქტორია მსოფლიო ეკონომიკური სივრცისა.
რაც ბევრს ყვირი, როგორც ამის წინა ხელისუფლება აკეთებდა, თუ გგონია, ამით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებ, ცდები. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პლუსი ალბათ ის არის, რომ ის არ ცდილობს თავის დემონსტრირებას, როგორც მხარე. ცდილობს, ყველასთან ურთიერთობის სხვადასხვა სისტემა შექმნას, როგორც მტერთან, ისე მოყვარესთან, მაგრამ ზღვარგადასული კონფრონტაცია ევროკავშირთან, მე ხელს მიშლის. გასათვალისწინებელია, რომ ცდილობენ ევროკავშირის მიღმა ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მონახონ საერთო ენა. რამდენად გამოსდით, ეს მეორე საკითხია.
კულუარულ მუშაობას თავისი შედეგები უნდა მოჰქონდეს, რასაც ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ. საქართველოს ძალიანაც რომ უნდოდეს გატრუნვა, არ გამოუვა, რადგან სხვადასხვა ფაქტორები მუშაობენ იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გაააქტიუროს.
__ არის თუ არა დაწყებული მესამე მსოფლიო ომი, თუ ჯერ შესავალია და მოსალოდნელია უფრო მეტად გამწვავება შემდგომ წლებში?
_ როცა ომზე ვსაუბრობთ, წარმოგვიდგენია ერთიანი ფრონტი, რომლის აქეთ და იქით არიან კონკრეტული ქვეყნები და ძალები. დღეს სხვანაირი ომი მიმდინარეობს. ომის ტექნოლოგიაც შეიცვალა. მაგალითად, უკრაინაში ვერც ერთი მხარე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევს, რადგან ვერ გადაადგილდება მსხვილი საბრძოლო ერთეული, რადგან მათ შორის დრონების ფლოტებია აღმართული ორივე მხრიდან. საკმარისია 2-3 ტანკი დაიძრას, რომ დრონები იქ ჩნდება. დრონების წინააღმდეგ ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით ვერავინ მოიფიქრა.
ტექნოლოგია შეიცვალა ომის წარმოებაში. ჩვენ ფაქტობრივად ვცხოვრობთ მესამე მსოფლიო ომის რეჟიმში. სხვა, მომცრო ქვეყნები უპირისპირდებიან ერთმანეთს, დიდი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთის მთავარი, უმსხვილესი შეცდომა ის იყო, რომ ამ ომში ჩაება. ეს ისეთივე შეცდომაა, როგორიც თავის დროზე ავღანეთის ომში ჩაბმა, აშშ კი _ ვიეტნამის ომში იმ პრინციპით, რომ მათ სამ დღეში გაანადგურებდნენ. ვერ გაანადგურა ვერც ერთმა სამ დღეში ვერც ვიეტნამი და ვერც ავღანეთი. რუსეთი უკრაინას მთლიანად ვერ დაიპყრობს, ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა. რუსეთს უნდა, კიევი გაანადგუროს, რაც არ გამოუვა. დონეცკი, ლუგანსკი და სხვა ტერიტორიები შეიძლება დაიტოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის გამარჯვებას, მხოლოდ წარმატებაა, რაც დღევანდელი კრემლის მესვეურებს არ აწყობთ.
სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც ძალიან აწყობთ ამ ომის დაუსრულებლად გაგრძელება.
__ და საქართველოს ჩათრევაც ამ ომში?
_ რასაკვირველია. ომის დასაწყისში მოსკოვი იყო პეკინის თანაბარი პარტნიორი. მერე ნელ-ნელა უმცროსი პარტნიორი გახდა და ახლა უმცროსი ძმაა, რომელსაც თავში წამოარტყამ, თუ ძალიან გაგაბრაზებს. მესამე მსოფლიო ომის რეჟიმში ვცხოვრობთ, სადაც მხარეები ერიდებიან ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ბირთვულ იარაღთან იქნება ბმაში, მაგრამ სხვა ყველა სისტემას იყენებენ.
ეს არის კოსმოსური მექანიზმი _ თანამგზავრების მასობრივად გამოყენება, ფინანსური რესურსების გამოყენება. ეს მსოფლიო ომი ცნიკურია, რადგან, ერთი მხრივ, ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმანეთს ხვდებიან, ელაპარაკებიან, მხარზე ხელს უტყაპუნებენ, მაგალითად, ტრამპი და პუტინი.
__ მსოფლიოს ფაქტობრივად ორი ლიდერი, ტრამპი და პუტინი მართავს. ამ ორ პოლიტიკოსს, როგორც მოვლენას, როგორ შეაფასებდით, ჯანსაღ, ადეკვატურ ლიდერებთან აქვს მსოფლიოს საქმე?
_ ადეკვატურობასთან დაკავშირებით პრობლემებია. ერთს ფიქრობენ ისინი და მეორეს ის ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან. საოცარი რამ ხდება. პოლიტკური ელიტები, რომლებიც დღეს ეკრანზე ჩანან, ეს ის ხალხი არ არის, ვინც მხოლოდ თავის ნებით მართავს ვითარებას. ამ ელიტების უკან ყოველთვის დგანან ძალიან სერიოზული, გავლენიანი ფინანსური სტრუქტურები. ხშირ შემთხვევაში მათ სურვილზეა დამოკიდებული, ომი გაგრძელდება თუ არა.
პუტინი ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელია და ითვლება, რომ ის წყვეტს ყველაფერს, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. ადამიანი, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო დგას, ისე არ უნდა იქცეოდეს, როგორც პუტინი იქცევა. დაცვას ყოველდღიურად აძლიერებს, რადგან თავის არამყარ მდგომარეობას გრძნობს.
რაც შეეხება ტრამპს, აქაც არ არის ადეკვატურად საქმე. არჩევნებზე გაირკვევა, რამდენად კმაყოფილნი არიან მისი მმართველობით ის ძალები, მის უკან რომ დგანან. რამდენიმე ადეკვატური ლიდერი კი არის მსოფლიოში _ კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი…
__ რაც შეეხება ჩვენს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პაიკია, როგორც ოპოზიცია უწოდებს თუ გავლენიანი ლიდერი?
_ კონკრეტულ პიროვნებაზე ვერ ვისაუბრებ. მე ვხედავ, რას აკეთებს მთლიანად ხელისუფლება. სრული ინფორმაცია მე ვერ მექნება. ინფორმაცია თუ მაქვს, ნიუანსები არ ვიცი. ამიტომაც ვერ დავიწყებ პრემიერმინისტრის შეფასებას. მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ _ რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით ჩემთვის მისაღებ ნაბიჯებს დგამს, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სამხრეთ მეზობლებთან ურთიერთობის გააქტიურება. მე ვურჩევდი, ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან უფრო მაღლა იყოს თამასა აწეული, რომ მომავალში პრობლემები არ გაგვიჩნდეს.
მე ვხედავ კოლექტიური მმართველობის ფორმებს, რაც ჩემთვის მისაღებია დღევანდელ ვითარებაში. კოლექტიურ მმართველობას თავისი პლუსებიც აქვს., როდესაც ასეთი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა. მომწონს თუ არ მომწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთ-ერთ ჩვენს მეზობელს სწორედ ეს კოლექტიური მმართველობის ფორმა არ აქვს და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.
