„იბრძოლა, რომ ვენახე… რა ლამაზი ხარო, დე, შემომანათა ნატანჯი თვალები“ – ქუთაისს აღარ ჰყავს სიყვარულის ბიჭი, გიორგი დალაქიშვილი

„ქუთაისს აღარ ჰყავს გიორგი დალაქიშვილი“ – წერენ სოციალურ ქსელში და ახალგაზრდა კაცს  ემოციური  სიტყვებით ემშვიდობებიან ახალგაზრდა კაცს. ის მძიმე სენს ებრძოდა. სიცოცხლის უკანასკნელი საათები 11 წლის უნახავი ემიგრანტი დედის გვერდით გაატარა.

„რეისმა რომლითაც ჩამოვფრინდი, 20 წუთით დააგვიანა. პოსფაქტუმ გავიგე (მაზლი+რძალი დამხვდნენ), რომ რეისების უმეტესობა გადაიდო ზუსტად იმ დღეს ან 9 საათის დაგვიანებით შედგა. მხოლოდ ჩემი რეისი ჩამოფრინდა დაუბრკოლებლად.
სახლში შემოვვარდი თუ არა, გამიცინა და ყვავილები დამახვედრა. თურმე ჩემს ჩამოფრენამდე ორჯერ კომიდან ძლივს გამოიყვანეს. რომ გაახელდა თვალს, მე მკითხულობდა, რა ადგილზეაო, რამდენ საათში მოვაო. მელოდა, იბრძოლა, რომ ვენახე… მეგობრებმა აცოცხლეს ჩემს ჩამოსვლამდე ადრენალინით და სხვა პრეპარატით. დამინახა, რა ლამაზი ხარო, დე, კომპლიმენტით შემომანათა ნატანჯი თვალები. ელდა მეცა, საერთოდ სხვა ადამიანი დამხვდა. არ შეიმჩნია ეს ნაბრძოლი დღე..
ღმერთმა ერთმანეთს შეგვახვედრა, 2 დღე ვიყავით ერღად. აქამდეც ყველაფერს ვუკეთებდი და ბოლო წამსაც მე მივეხმარე, თვალიც კი დავუხუჭე და ნიკაპის ახვევაც. იმდენი იტანჯა, ნეტა არ მენახა ეს უბედურება. მაგრამ ისეთი მშვიდი და დასვენებული სახე აქვს, ზუსტად ვიცი,  ღმერთთან ახლოსაა და ნაზიარებიც წარდგა.
აღარ მყავს ქუთაისის სიყვარულის ბიჭი. დაკრძალვა ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს“, – წერს დედა, ქალბატონი თამუნა გამრეკლიძე.