გზა დედობისკენ – ნინია იმერლიშვილთან ერთად
„ყოველი წყვილის უკან დგას ადამიანი თავისი ისტორიით, მოლოდინით, ამიტომ პროფესიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია ემპათია, მოსმენა და მხარდაჭერა“

გზა დედობისკენ

დედობისკენ გზა ყოველთვის ერთნაირი არ არის,ზოგისთვის ეს გზა სიხარულით და მოლოდინით იწყება,ზოგისთვის კი კითხვებით, შიშით, იმედით,  გაურკვევლობით, ხანგრძლივი ლოდინით და ზოგჯერ ისეთი სირთულეებით, რომლებზეც ხმამაღლა საუბარი არც ისე მარტივია

უკვე 14 წელია, ჩემი პროფესიული ცხოვრება რეპროდუქციულ მედიცინასა და ქალებზე ზრუნვას უკავშირდება. ამ წლების განმავლობაში ჩემთვის ეს სფერო მხოლოდ სამედიცინო პროცედურები, კვლევები და მკურნალობის მეთოდები არასოდეს ყოფილა, ყოველი ადამიანის და წყვილის უკან დგას ადამიანი თავისი ისტორიით, მოლოდინით, შფოთვით, იმედით და რაც უფრო მეტ ადამიანს ვხვდებოდი ამ გზაზე, მით უფრო ნათლად ვხედავდი, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიულ ცოდნასთან და სწორ სამედიცინო გადაწყვეტილებასთან ერთად ემპათია, მოსმენა, გულწრფელი საუბარი და მხარდაჭერა.

დედობისკენ მიმავალი გზა ზოგჯერ მარტივია, ზოგჯერ ხანგრძლივი და რთული; ზოგჯერ პასუხებს სწრაფად ვპოულობთ, ზოგჯერ კო ბევრი კითხვის დასმა და მოთმინება გვჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ეს რუბრიკა – გზა დედობისკენ ნინია იმერლიშვილთან ერთად.

ეს იქნება სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ქალის ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციული პოტენციალის შეფასებაზე, თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებზე, ორსულობაზე და იმ ემოციებზე, რომლებიც დედობის მოლოდინს ახლავს.

შევხვდებით სხვადასხვა სპეციალისტს, მოვისმენთ ნამდვილ ისტორიებს და ვუპასუხებთ კითხვებს, რომელთა დასმაც ბევრ ადამიანს სურს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ბედავს. ჩემი მიზანია, სამედიცინო ცოდნა გასაგები და ხელმისაწვდომი გავხადო, ხოლო რთულ თემებზე საუბარი – უფრო ადამიანური.

როდესაც პასუხები მხოლოდ ანალიზებში არ არის

 

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი ხშირად მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც პრობლემა უკვე იჩენს თავს. მანამდე ბევრი ქალი საკუთარ ჯანმრთელობას, რეპროდუქციულ შესაძლებლობებს და სამომავლო გეგმებს სათანადო ყურადღბას ვერ უთმობს. ზოგჯერ ამისი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა, ზოგჯერ – უხერხულობა, შიში ან მცდარი წარმოდგენები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთლობაზე საუბარი უფრო ადრე, მშვიდად და გასაგები ენით უნდა დავიწყოთ.

ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და შესაძლებლობა, იცოდეს, როდის არის სასურველი ექიმთან კონსულტაცია, ასაკის მიხედვით რა ფაქტორები შეიძლება ახდენდეს გავლენას შვილოსნობის პოტენციალზე, რა შესაძლებლობებს გვაძლევს თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა და რა შემთხვევავშია საჭიირო დამატებითი გამოკვლევები.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის მდგომარეობა ინდივიდუალურია, სხვისი გამოცდილება ყოველთვის ვერ გახდება ჩვენი

გზამკვლევი, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ექიმის შეფასებას და პერსონალურ სამედიცინო რეკომენდაციას.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება

 

დედობისკენ გზა გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ორსულობის დაგეგმვის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის იწყება საკუთარი ჯანმრთელობის გააზრებით, ორგანიზმის ინდივიდუალური შესაძლებლობების ცოდნით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც მომავალში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ორსულობისთვის მომზადებას გულისხმობს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლა ქალსა და მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეაფასონ 20-30-40 წლის ასაკში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტები, დროულად გამოავლინონ შესაძლო რისკები და მიიღონ ექიმის რეკომენდაციები ინდვიდუალური საჭიროების მიხედვით.

ეს არ არის უნაყოფობის დიაგნოსტიკა. ეს არის პრევენციული მიდგომა, რომელიც ადამიანს ეხმარება, გააზრებულად დაგეგმოს მომავალი, დაგეგმოს პირობითად, 35 წლამდე, შეინახოს ბიოლოგიური მასალა და გადაავადოს ორსულობა 40 წლის შემდეგ დარეზერვებული მასალით. ასევე პრევენციული კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში დროულდა ჩარევის და პრობლემის დროულად მოგვარების.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს – თითოეულუ ადამიანს ერთნაირი კვლევის ჩატარება არ სჭირდება. გამოკვლევების ჩამონათვალი განისაზღვრება ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ისტორიის და ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით.

 

როდის უნდა დავიწყოთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

 

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასურველია, დაიწყოს ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვამდე. პრევენციული კვლევები მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვინც უკვე გეგმავს ორსულობას, ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა ასაკში, კონკრეტული ჩივილებისა და რისკების შესაბამისად.

თუ ორსულობა არ დგება, დამატებითი შეფასება რეკომენდებულია, როგორც წესი, 35 წლამდე ასაკში 12- თვიანი, ხოლო 35 წლიდან 6-თვიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. 40 წლის ზევით კი გარკვეული რისკფაქტორების არსებობის გამო მიზანშეწონიალია უფრო ადრეული კონსულტაცია.

 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ორივე პარტნიორის პასუხისმგებლობაა

 

დედობის და მამობის გზაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის ჯანმრთელობის შეფასებაც. ბაზისური კვლევების ჩატარება მამაკაცებშიც სასურველია პრევენციულად ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის ჯერ კიდევ არ განიხილავს შვილის ყოლას, რადგან მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის სტატისტიკა პრაქტიკულად გათანაბრდა ქალისმიერ უნაყოფობასთან.

რეპროდუქციული პოტენციალის შეფასება ქალსა და მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეაფასონ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტები, დროულად გამოავლინონ შესაძლო რისკები და დროულად მიიღონ ექიმის რეკომენდაცია ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით.

ცოდნა, პრევენცია და დროული კონსულტაცია ხშირად პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედობისკენ მიმავალ გზაზე.

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ნინია იმერლიშვილი