ოთო ფოლადაშვილი: ,,სიყვარულს ზედმეტი ფიქრი არ უხდება”

ოთო ფოლადაშვილი: ,,სიყვარულს ზედმეტი ფიქრი არ უხდება"ჟურნალი ,,სარკე”, ლელა დევდარიანი

ოთო ფოლადაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში უდაოდ გამორჩეული სახეა. გარდა იმისა, რომ თავის პარტნიორ ჯულიანა ბარგ-ნართან ერთად არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია, ტელეკონკურსებშიც უმართლებს. გასულ წელს რეალური შოუ “ყველაზე ძლიერის” გამარჯვებული გახდა, ახალახან კი მან და მისმა მეწყვილემ, მსახიობმა ანკა ვასაძემ, პირველი ადგილი აიღეს პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” – (გადადით ბმულზე და იხილეთ ანკა ვასაძის ინტერვიუ).

ამ ყველაფერზე ოთომ ,,სარკესთან” ისაუბრა.

– ოთო, პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” ყოველთვის წარმატებას აღწევთ. როგორ ფიქრობთ, ეს იღბლის დამსახურებაა თუ თქვენი პროფესიონალიზმის?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ცხოვრებაში იღბალს არ ვუჩივი, ძალიან იღბლიანი ვარ. შესაბამისად, ყველა სეზონში და ყველა მეწყვილეში გამიმართლა. რა თქმა უნდა, ეს არამარტო ჩემი დამსახურებაა. ყველა გამორჩეული, ვარსკვლავი გოგონა ვინც იყო, ჩემი მეწყვილე გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში მოცეკვავის, ანუ ჩემი, როლი ძალიან დიდია მათ განვითარებაში.

მაყურებელმა უნდა დაინახოს, რომ იმ 3 თვის განმავლობაში მოცეკვავე წინ მიდის. ამაში ვეხმარები. დიდ შრომას და ენერგიას ვდებ, რომ მათი ყოველი ცეკვა წინაზე უკეთესი და განსაკუთრებული იყოს.

– გიმართლებთ, ასეთი გამორჩეული, ვარსკვლავი გოგონები რომ გყავთ პარტნიორებად თუ თავად ირჩევთ, ვისთან ერთად იცეკვებთ?

– მოცეკვავეებს ასეთი მოთხოვნები არ გვაქვს. ტელეკომპანია ,,იმედის” პროდიუსერები წყვეტენ, მეწყვილეები ვინ იქნებიან. აბალანსებენ სიმაღლით, ფერებით.

– თქვენი მეწყვილეები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ.

-იმიტომ ვარ, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. მე კი ზუსტად ვიცი, ამისთვის რა შრომა და ენერგიაა საჭირო.

– პირადში არ შეინიშნება სიახლეები, საყვარელი გოგონა არ გყავთ გვერდით?

– პირადზე ზოგადად არ ვსაუბრობ. ისე კი, ამ მხრივ სიმშვიდეა, ყველაფერი კარგად მიდის. სიყვარულს ზედმეტი ფიქრი არ უხდება, წინასწარ ვერ დაგეგმავ, ამიტომ ჯერჯერობით მშვიდად, წყნარად და ბედნიერად მივყვები ცხოვრებას.