ანკა ვასაძე: “ჭორი გავრცელდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილი ვარ და ვმალავთ”

ანკა ვასაძე: "ჭორი გავრცელდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილი ვარ და ვმალავთ"რუსუდან ადვაძე, სარკე

მსახიობი ანკა ვასაძე ვარსკვლავის სტატუსით გამოჩნდა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” და გაიმარჯვა კიდეც. ანკამ და მისმა პარტნიორმა, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილმა, მთელი სეზონი ისე ჩაამთავრეს, რომ აუტსაიდერებს შორის ერთხელაც არ მდგარან. ჟიურისა და მაყურებლის რჩეულ წყვილს ეს გამარჯვება უდიდესი შრომის ფასად დაუჯდა.

ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, ცნობილი რეჟისორი, გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მათი ოჯახი მალე დაინგრა, მაგრამ მარინე თბილელი მამამთილს, აკაკი ვასაძეს, მუდამ ემადლიერებოდა.

წლების შემდეგ მარინე თბილელი ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე, აკაკი დვალიშვილზე დაქორწინდა და მისგან შეეძინა ბაია დვალიშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. ანკა ვასაძე კი აკაკი ვასაძე უმცროსის შვილიშვილია და ბაია დვალიშვილს ბებოს ეძახის… დიდი ბებია, მარინე თბილელი, კარგად ახსოვს, მაგრამ დიდ აკაკი ვასაძეს არ მოსწრებია. სამაგიეროდ, მისმა ფოტოგალერეამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც მსახიობობისკენ უბიძგა.

ანკა ახლა ბაია დვალიშვილთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრია. მას ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ უკვე ორჯერ მიანიჭა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ქალის ტიტული.

ანკა ვასაძე: როცა ფინალში ჩემი სახელი გამოაცხადეს, კადრებშიც ჩანს, რომ შოკი მივიღე. ისეთი დიდი ბედნიერება იყო, ემოციებს დიდხანს ვეღარ ვიკავებდი. ეს იყო ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რაც ამ 3 თვეში განვიცადე. ერთხელაც არ ვმდგარვართ აუტსაიდერებში, მაგრამ ასეთ დროსაც წაუგიათ სხვებს და მაინც ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა ვერ გაგვემარჯვა. თუმცა ხალხის მხარდაჭერის იმედი მაინც მქონდა.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დატვირთული 3 თვე. ცეკვის პარალელურად ხან სამ სპექტაკლზეც მიწევდა მუშაობა. ახალ სფეროში ყოველდღიურად იმდენს ვსწავლობდი და ისე ვცდილობდი, ყველაფერი გამომესწორებინა… ძალიან რთული პერიოდი იყო ემოციურად.

– მანამდე ცეკვავდით?

– ცეკვა მიყვარს და პლასტიკაც მაქვს, მოქნილიც ვარ, მაგრამ ცეკვის გამოცდილება მხოლოდ იქიდან მქონდა, რომ ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. თავის დროზე თეატრალურშიც გაგვატარეს ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ, რასაც ცეკვა ჰქვია, ამ პროექტში ვისწავლე ვალსის ნაბიჯებიდან დაწყებული.

თავიდან ისე სასაცილოდ ვაკეთებდი რაღაც მოძრაობებს, არავის ეგონა, რომ საბოლოოდ ასე გამოვიდოდა. გარდა ნიჭისა, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და ეს ამის შედეგიც იყო. თან პარტნიორი მყავდა ყველაზე მაგარი! როდესაც ასეთი პარტნიორი გყავს, შენი ამბიციაც იზრდება და გინდა, მეტი გააკეთო. ყოველდღე დამატებით საათებსაც მითმობდა და ოთოს დიდი დამსახურებაა ჩვენი გამარჯვება. ვინც ოთოს იცნობს, ყველას უყვარს. რომ გაიცნობ, მაშინვე მიხვდები, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ საქმეში ძალიან მკაცრი ხდება და ეს საჭიროც არის. ზუსტად მისი სიმკაცრე დამეხმარა, რომ მეტი შედეგი დამედო.

– თქვენ მიმართ სიმკაცრეს როგორ გამოხატავდა?

– ხანდახან ჩხუბითაც, მაგრამ ზღვარს არ გაცდენია. ძალიან რთულია, ასეთ დროს ასწავლო და ნერვები გქონდეს მყარი. ხშირად მეუბნებოდა, თავს ზოგავო. ჩემი პროფესიის გამო შეჩვეული ვარ, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში უნდა მეყოს ენერგია და ოთო მასწავლიდა, რომ 3 წუთში უნდა დამეხარჯა მთელი ენერგია.

ეს იყო ჩემს პროფესიასთან შეუსაბამო, თორემ ამ სფეროში მიღებული განათლება ძალიან დამეხმარა ცეკვაში. როცა ძალიან გინდა რაღაც, მაინც ახერხებ.

– ცნობილ ოჯახში გაიზარდეთ. როგორი იყო თქვენი ბავშვობა, მოასწარით ცნობილი ბებია-ბაბუების გაცნობა?

– დიდ აკაკი ვასაძეს ვერ მოვესწარი. ბავშვი როცა ხარ, ბევრ რამეს ვერ აღიქვამ. ოჯახის პოპულარობას არასდროს შევუწუხებივარ და არც რაიმე დაღი მქონია ამის გამო. ადამიანებისგან კი მუდამ დიდ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობდი, როდესაც ჩემი ოჯახის შესახებ იგებდნენ, რაც მუდამ სასიამოვნო იყო. როდესაც წამოვიზარდე და თეატრალურ წრეში შევედი, ჩემ მიმართ უფრო დიდი მოთხოვნები გაჩნდა – როგორ ვითამაშებდი, მაგრამ მაინც არ მქონია პრობლემა.

ფაქტობრივად აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმში გავიზარდე და, როგორც სახლს, ისე აღვიქვამდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენთან ხდებოდა და სხვები ჩვეულებრივ სახლებში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფუნქციონირებს, რადგან რამდენიმე წელია სახლ-მუზეუმები გაუქმდა, მაინც გვაქვს სამუზეუმო სივრცე. ხშირად მოდიან უცხოელები, რადგან ტურისტულ რუკაზეა დატანილი და მათ ვმასპინძლობთ ხოლმე.

ბავშვობაში სულ ამ ფოტოებს ვუყურებდი, სადაც ბაბუა სხვადასხვა როლში იყო და ეს ძალიან მომწონდა. დიდხანს ვაკვირდებოდი, რადგან აკაკის ყველა როლი და მათი ამსახველი ფოტოები ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული იყო. ხანდახან შიშითაც ვუყურებდი ამ სურათებს და ამ შიშს გრიმი იწვევდა.

მახსოვს, მარინას შვილი, ჩემი ბაბუა რომ გარდაიცვალა, რამდენი ხალხი მოვიდა. მერე მარინა გარდაიცვალა და ეს ხალხმრავლობა დღემდე მახსოვს. 13 წლის ვიყავი, მარინა რომ გარდაიცვალა. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ სულ დავდიოდით მათთან. რომ შევდიოდით მის სახლში, ყოველთვის ფანჯარასთან იჯდა და იცქირებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი. მახსოვს მისი ძალიან ლამაზი თვალები, რომლებიც ანათებდა. ძალიან უხაროდა, როცა ჩემზე ამბობდნენ, რომ მას ვგავდი და მის გზას გავაგრძელებდი.

ბაიას და მეც ძალიან გვამსგავსებენ და ბევრ უცხო ადამიანს უკითხავს, დედა და შვილი ხომ არ ხართო. იმასაც მეუბნებიან, ბაიას ბაძავო, არადა არაფერს ვბაძავ. მსიამოვნებს, როცა მამსგავსებენ და, მგონი, ვახერხებ კიდეც, რომ მისგან განსხვავებულიც ვიყო. ბაია ჩემი ბაბუის ნახევარდაა.

– ძალიან გქომაგობდათ. როგორი ბებიაა?

– ძალიან მაგარი! მით უმეტეს, რაც ერთად დავიწყეთ თეატრში მუშაობა, მას მერე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი აღარ არსებობს. რჩევებს მას ვეკითხები. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისით. ბაია ძალიან მართალი ადამიანია. ერთადაც ვდგავართ სცენაზე და ამას თანდათან შევეგუე, თორემ თავიდან გული მიჩუყდებოდა. ამბობდა ხოლმე, მომესწრო ბავშვიო.

– ბებიას ეძახით?

– ბაბოს ვეძახი ხუმრობით და თვითონაც მეხუმრება ხოლმე, ბაბო გენაცვალოსო, თორემ ისე ბაიას ვეძახი. კომიკურია, ბაია რომ ჩემი ბებიაა. პროექტში რომ ვცეკვავდი, ეგონათ, რომ მისი შვილი ვიყავი და ვმალავდით. რატომ უნდა დაგვემალა, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ჭორი გაავრცელეს.

– მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი რომ გახდით, ამაში რა დაგეხმარათ?

– ბავშვობიდან ვიცნობდი ლევან წულაძეს და “თეატრალური სარდაფის” მთელ დასს. მესამე კურსზე ვიყავი, ლევან წულაძემ სპექტაკლ “ტარტიუფში” რომ მათამაშა. ამის მერე ამიყვანეს შტატში. მეორე კურსზე რომ ვიყავი, ქორეოგრაფმა გია მარღანიამ შემამჩნია და ჩემი თავი ლევანს შესთავაზა.

მსახიობობა ყველაზე მეტად მაინტერესებს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სანამ ფართო საზოგადოება გამიცნობდა, დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ამ საქმეს და მომავალშიც ასე იქნება. ამ პროექტმა დიდი პოპულარობა მომიტანა და ხალხმა ისეც გამიცნო, როგორც მსახიობი. მე ვარ მსახიობი ანკა ვასაძე, რომელიც გამოვიდა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” და ბევრს ალბათ სცენაზე ნანახიც არ ვყავარ.

– სერიალ “იდეალურ დედაში” თამაშობთ და თქვენი გმირი დადებითი სულაც არ არის…

– როლს ვერ აირჩევ, სულ კარგი როლი ვერ გექნება. ეს გოგო მე საერთოდ არ მგავს. სხვა ხასიათი და მიზნები აქვს. ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და სწორედ ის არის საინტერესო, როდესაც შენგან განსხვავებულ პერსონაჟს თამაშობ. სხვა სერიალებიდანაც მიმიღია შემოთავაზება, მაგრამ ახლა უფრო მქონდა დრო, ვიდრე ადრე. ძალიან კარგი სერიალია, რომელსაც არაჩვეულებრივი გუნდი აკეთებს.

– თეატრალური როლებიდან რომელი გიყვართ განსაკუთრებით?

– “უსახელო ვარსკვლავში” – მონა და “ჰამლეტში” – ოფელია. ოფელია საინტერესო და საყვარელი პერსონაჟია. ამ როლზე ბევრი ვიშრომე და ძალიან განსხვავებული გამოვიდა. მაყურებელი ამას ყოველთვის აღნიშნავს. ასევე ძალიან მიყვარს ჩეხოვის “სამი დიდან” მაშას როლი… ეს ის როლებია, რომლებზეც ძალიან ბევრი ვიწვალე.

– ადრე გათხოვდით და 9 წლის ნიკოლოზის დედა ხართ. როგორია თქვენი და თქვენი რჩეულის სიყვარულის ამბავი?

– დიახ, ძალიან პატარა გავთხოვდი, 18 წლის ასაკში. 10 წელია ერთად ვართ და სიყვარულითა და მეგობრობით სავსე ოჯახი გვაქვს. ჩემი მომავალი მეუღლე, გიორგი თოფურიძე, სკოლაში გავიცანი. ჩემზე უფროსი იყო და ჩვენი ამბავი მაშინ არ დაწყებულა. 17 წლის ვიყავი, ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს და მას მერე ერთად და კარგად ვართ.

19 წლისას შემეძინა ნიკოლოზი და ოჯახისა და შვილის მიმართ პასუხისმგებლობის შეგრძნებამ ძალიან შემცვალა. მანამდე ზარმაცი და მოუხერხებელი ვიყავი. პასუხისმგებლობამ კი გამომწვრთნა და გამაყოჩაღა. უფრო მობილიზებული გავხდი, მანამდე ყველაფრის გადადება მიყვარდა.

– კარგი დიასახლისიც გახდით?

– ვერ ვიტყვი, რომ სულ სამზარეულოში ვტრიალებ, მაგრამ, როცა ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. უცხო-უცხო კერძების მომზადება მიყვარს.

– თქვენი ქმარი რას საქმიანობს და რამდენად ეგუება მუდმივად დაკავებულ ცოლს?

– გიორგი პროფესიით ეკონომისტია და თავისი ბიზნესი აქვს. იცის, რომ ჩემი პროფესიისთვის დიდი დროა საჭირო, მაგრამ, ტყუილი იქნება, ვთქვა, სიამოვნებს, სულ დაკავებული რომ ვარ და პროტესტი არ აქვს-მეთქი. რასაკვირველია, უნდა, უფრო მეტ დროს ვატარებდე მასთან, მაგრამ იცის, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. იუმორით მეუბნება ხოლმე, არასოდეს ხარ სახლში და ყველაფერი შენზეა მორგებული, დასვენებაც და სხვა რამეცო. ხანდახან ამოუვა ხოლმე ყელში ჩემი არყოფნა და რა არის, რა უბედურებააო, ამბობს.

– ეჭვიანობს?

– არა, რადგან ყველა ჩემს პარტნიორს იცნობს თეატრში და მათთან მეგობრობს. რომ გითხრათ, ძალიან სიამოვნებს, როცა სხვას ვეხუტები-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ… ზუსტად იცის, რომ ეს არაფერს ნიშნავს.

– ოთო ფოლადაშვილიც გაიცნო?

– დიახ, გაიცნო და უთხრა, ძალიან არ მომწონდა, ჩემს ცოლთან რომ ცეკვავდი და მორჩა, ამის მერე მხოლოდ ჩემთან იცეკვებს და მე და შენ ვიმეგობროთო. რა თქმა უნდა, ხუმრობით უთხრა. კარგად გაუგეს ერთმანეთს. იმდენად შეჩვეულია გიორგი, რომ ყველა ჩემს პარტნიორს უნდა იცნობდეს და კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს… გამიხარდა, რომ ოთოსაც კარგად გაუგო.

– დადიოდა შოუებზე?

– არა, სახლში იჯდა და იქიდან ნერვიულობდა. მხოლოდ ფინალს დაესწრო. თეატრში პრემიერას არ ტოვებს. შოუებზე მეუბნებოდა, იქ არ ჩანს კარგად, ტელევიზორში უკეთესად ვხედავო.

– თქვენი ვაჟი არტისტულია?

– დიახ და ცეკვის ნიჭიც აქვს. არ მინდა, მსახიობი იყოს, მაგრამ არჩევანს თავად გააკეთებს. საყვარელი და ცელქი ბიჭია. ისე მგულშემატკივრობდა, გული მიჩუყდებოდა.

– ცეკვასთან დაკავშირებით რაიმე გეგმები თუ გაქვთ?

– არა. თეატრში გაბრაზდნენ, ნუ გექაჩებიან ცეკვისკენო. თუ ამ პროექტში დამიძახებენ და მაცეკვებენ, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემი პროფესია მაქვს, რომელიც იმდენად მიყვარს… ამ შოუშიც მოცეკვავის როლი მქონდა მორგებული. მეუბნებოდნენ, მოცეკვავის როლში ხარო. მართლაც ასე იყო და, მგონი, ეს როლი კარგად ვითამაშე.