დღეს ბათუმში დიდი ტრაგედია დატრიალდა. კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ლიზა მოისწრაფიშვილი გარდაიცვალა. ის რეჟისორი ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი იყო.
ლიზას 11 წლის გოგონა დარჩა.
ლიზა 14 წლის იყო, როცა პოდიუმზე გავიდა და მაშინვე უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი. შემდეგ იყო ძიებები, სწავლა, წარმატებები… ლიზა 2014 წელს გამოცემა „ბათუმელებთან“ ყვებოდა:
-სილამაზისკენ სწრაფვა მქონდა მუდმივად. 14 წლის ვიყავი, როცა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი, შემომთავაზა, მასთან დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.
დაახლოებით 16 წლის ასაკში გამოვჩნდი სამოდელო სივრცეში. გოგას ჩვენებაზე გამოვედი პირველად, ეს იყო 2011 წელს „აკროპოლისში”. ყველას გვეცვა ერთი სტილის კაბა და მაღალი ჩექმები, გული საშინლად მიცემდა, მეგონა, რომ დავეცემოდი, მაგრამ არა, ჩემი დებიუტი წარმატებით შედგა…
ამ პროფესიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, თუ როგორ ვიყო ყოველთვის ფორმაში, როგორ გავიკეთო მაკიაჟი ისე, რომ შემდგომ არ დავინაოჭო სახე.
ჩვენებებში და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მერე გავთხოვდი, 27 დეკემბერს გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, მე ამ დღეს ერთი ფრაზით გამოვხატავ: „ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება”…
გათხოვილის სტატუსი არ მზღუდავს, ხუთი თვის ფეხმძიმეც კი ვიდექი პოდიუმზე. ერთმანეთი დანახვისთანავე მოგვეწონა, მალევე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ქორწილი ბათუმში გვქონდა, გოგა ნიქაბაძის კაბა მეცვა. საერთოდ არ ვღელავდი, მხოლოd ეკლესიაში შესვლისას მივხვდი, რომ სერიოზულ ფიცს ვდებდი…
მონატრებული მქონდა ოჯახური ურთიერთობა, მამა ადრე დამეღუპა, დედისერთა ვარ, მე და დედა მარტო ვცხოვრობდით. იმისათვის, რომ არაფერი მომკლებოდა, დედა ძირითად დროს სამსახურში ატარებდა, ამას ყოველთვის განვიცდიდი. ბავშვობაში დიდ სახლზე ვოცნებობდი, სადაც ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებდი, ახლა მაქვს დიდი სახლი, სადაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ გარემოში…
ყველა გზას ვიყენებ, რომ რამე ვისწავლო, ინტერნეტშიც ვეძებ, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხები რა როგორ გავაკეთო, ძირითადად მაინც დედის რჩევებს ვითვალისწინებ. ჩემთვის დედობა ყოველთვის ნიშნავდა ყველაზე რთულ და სერიოზულ პროფესიას.
როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამიხარდა, მერე დავჯექი და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. ჩემს თავს ვუთხარი: ლიზა, მორჩა, შენ სერიოზული უნდა გახდე, ამის შემდეგ უფრო მშვიდი და ყურადღებიანი გავხდი, პატარა ნიცამ ჩემი გეგმები დააჩქარა, მინდა, რომ სწრაფად მივიღო შედეგი. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, მინდა, კარგი დედა ვიყო, აი, ისეთი, როგორი დედაც იყო დედაჩემი ჩემთვის…
ძალიან მიხარია ის, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა, – ყვებოდა ლიზა მოისწრაფიშვილი გამოცემა „ბათუმელებთან“.
