ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე – შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში”
როგორ გადაარჩინა ირაკლი კაკაბაძე მომავალი პატრიარქის რჩევამ და როგორია ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე - შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში"„სარკე“, რუსუდან ადვაძე
წმინდა სინოდმა ისტორიული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს – შიო III.  ერისკაცობაში ის ელიზბარ მუჯირი გახლდათ. ის 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. სკოლის პარალელურად, სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა. 1988 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე - შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში"

ელიზბარ მუჯირს კონსერვატორია არ დაუმთავრებია, რადგან მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1994 წლის 2 იანვარს მორჩილი ელიზბარი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა.

ბერი შიო შიომღვიმის მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ  ეკონომოსად დაადგინეს. 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს კი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წელს მან ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად… მას შემდეგ არაერთ ტაძარში იმსახურა. 2010 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა ილია II-ის ქორეპისკოპოსად…

შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეს” მისმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობარმა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ, მოუთხრო. ინტერვიუ პატრიარქად არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრეა ჩაწერილი.

_ ირაკლი, მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დასახელების დროს სოციალურ ქსელებში მისი ახალგაზრდობის ამსახველი ფოტოების გავრცელება მოჰყვა. ფოტოებზე მეუფე შიოსთან ერთად გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე, თქვენ და გიო მგელაძე ხართ აღბეჭდილი. გვიამბეთ ამ ფოტოების ისტორია.

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე - შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში"

_ ეგ ფოტო ვერის ბაღში 1987-88 წლების მიჯნაზეა გადაღებული. მაშინ გაზეთ „თბილისში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ექვსეულთან, სადაც იყვნენ გიო მგელაძე, რომელიც არაფორმალური ლიდერი იყო ამ ექვსეულისა, მეუფე შიო, ლევანი, მარგველა და მამა გრიგოლ ჭიჭინაძე. თუ არ ვცდები, ეს ფოტო გადაღებულია 1987 წლის დეკემბერში და  გამოქვეყნდა უკვე მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში.  ირაკლი ბერიაშვილი, მაია გოგოლაძე და ხათუნა მაისაშვილი ამზადებდნენ ამ მასალებს მაშინ.

_ ამ დღიდან კიდევ რა მოგონებები შემოგრჩათ?

_ ამ დროს დაწყებული გვქონდა უკვე ლიტერატურული სამზადისი _ ჟურნალის გამოშვება სხვადასხვა ფსევდონიმებით. ამ ჯგუფში იყვნენ სხვა ადამიანებიც, მაგალითად, გოგა თავაძე, დიმა მამულია, რეზიკო თაბუკაშვილი, ირაკლი ყაზახიშვილი, გიორგი მაისურაძე, ჭელა, შალვა ამირეჯიბი და სხვები, ანუ მარტო ექვსნი არ ვიყავით. უბრალოდ, იმ დღეს ჩვენ ექვსნი აღმოვჩნდით იქ და იმ ადგილას. უკვე იწყებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და სიონის ეკლესიაში ხშირად დავდიოდით.

ნამდვილად ძალიან ამაღლებული განწყობა გვქონდა ყველას. სიონთან ახლოს იყო ყავახანა „ნარიყალა” და მერე იქვე ვსხდებოდით ხოლმე. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა რუსეთის კოლონიური სტატუსისგან, აგრეთვე მაგ დროის თანამედროვე ხელოვნება, ეს ყველას გვიტაცებდა, ცოტა ფილოსოფიაც და, რა თქმა უნდა, ლამაზ გოგოებზეც ვსაუბრობდით, ჩვენი დროის ლამაზ გოგოებზე, ცხადია.  ბევრი კარგი მოგონება გვაქვს მაგ დროიდან.

 _ პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის ფოტოც ძალიან საინტერესოა. როდის და რა ვითარებაშია გადაღებული?

_ როგორც მახსოვს, ჩვენი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა შეგვატყობინა, რომ პატრიარქს სურდა ჩვენი ნახვა და ჩვენთან საუბარი. ძალიან კარგად დაგვხვდა უწმიდესი, როგორც იცოდა ხოლმე, თბილად და ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო მისი საუბრის მოსმენა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და თან ზედმიწევნით წყნარად გვესაუბრებოდა. ნამდვილად საოცარი გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის.

_ როგორც გიო მგელაძე იხსენებდა, მაშინ ელიზბარი არ ემთხვია ხელზე ილია II-ს, კაცს ხელზე არ ვაკოცებო… როგორი იყო კანდიდატის მსოფლმხედველობა მაშინ, რა გახსენდებათ? 

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე - შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში"

_ კი, ბატონო, ნამდვილად ასე იყო. მისი მსოფლმხედველობა ბავშვობაში იყო უაღრესად ჰუმანისტური და სეკულარული. მისი მშობლები უგანათლებულესი ხალხი იყო. მეუფე შიოს მამამ, თეიმურაზ მუჯირმა, საყდრისი-ყაჩაღიანი აღმოაჩინა!  საოცარი ოჯახი ჰქონდა, ერთ-ერთი სამაგალითო მთელ საქართველოში. თუმცა მაშინდელი ელიზბარი იყო ძალიან სეკულარული ადამიანი, რომელიც მუსიკით ცხოვრობდა და კლასიკურ მუსიკას მისდევდა. ვიოლონჩელოს პროფესიულ დონეზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი მსოფლხედვა იყო მუსიკიდან წამოსული ჰუმანიზმი.

მეუფე შიო მე დაახლოებით 1982 წელს გავიცანი, თუ ზუსტად მახსოვს. მაშინ უკვე ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, რომელზეც ბევრ დადებითს ლაპარაკობდნენ.

ელიზბარი იმით გამოირჩეოდა, რომ არასდროს უცდია, თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით და ძალმომრეობაში მონაწილეობით. ბავშვობიდანვე ჰქონდა არჩეული არაძალმომრეობის გზა. კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის საოცრად კარგი მცოდნე და, ამავე დროს, ძალიან კარგად გარკვეული გახლდათ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ საკითხებში. კეთილშობილი ადამიანი იყო ყოველთვის. მორიდებულიც იყო, არ უყვარდა ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა და გამოირჩეოდა ყოველთვის იმით, რომ ზედმეტი თვითრეკლამა არ უყვარდა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, პიარის კაცი არ იყო.  ამას ყველა აფასებდა.

_ რა გაკავშირებდათ ერთმანეთთან, რა იდეა და რისი რწმენა გაერთიანებდათ?

_ მაშინ თავისუფლების იდეა იყო მთავარი. დღესაც მთავარია ის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი, საკუთარი ბიოლოგიური ინსტიქტების მონა არ იყოს.  ამ ხაზს, შეიძლება ითქვას, რომ მეუფე შიომ და მამა გრიგოლმა ყველაზე უფრო თანმიმდევრულად მისდიეს. დანარჩენები ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ბიზნესში და პოლიტიკით იყვნენ დაკავებულები. ცხადია, იქაც შეიძლება, თავისუფალი იყო, თუმცა ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთნაირი ჟინით ვიბრძოდით და გაგვიმართლა, რომ საინტერესო დროში მოგვიწია ცხოვრება.

მაშინ სიონის ეზოში ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, რომელთაც დიდი პატივისცემით ვუყურებდით. ამას გარდა, ხშირად დავდიოდით ოპერის თეატრში, რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა თეატრების წარმოდგენებზე, კინოს სახლში და კინოთეატრ „გაზაფხულში“, ფეხბურთზეც და კალათბურთზეც. შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების იდეა მთავარი იყო და ის ყველაზე ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა.

დღემდე გვიწევს ბრძოლა ბიოინსტინქტებისა და ბიოპოლიტიკის დასაძლევად. ეს მუდმივი ბრძოლაა, თუმცა კარგია, როცა იცი, რომ არსებობდნენ დაყუდებულები, უტყვები, სრულად ასკეტი ბერები და მონაზვნები. ეს ძალას გვმატებს იმისათვის, რომ პირუტყვებად არ ვიცხოვროთ და პირუტყვებად არ მოვკვდეთ.

_ რა გარდატეხა მოხდა ახალგაზრდა ელიზბარის ცხოვრებაში, რომ ბერობა გადაწყვიტა?

_ მე მაგ დროს უკვე ამერიკაში ვიყავი, როდესაც მეუფემ ბერობა გადაწყვიტა. მგონი, გიო მგელაძემ აიყვანა მონასტერში რემკასთან და ნიკოსთან ერთად.

_ მას შემდეგ, რაც სასულიერო პირი გახდა, ხვდებოდით?

_ დიახ, მე რომ დავბრუნდი, მასთან უკვე, როგორც სასულიერო მამასთან, ისე მქონდა ურთიერთობა. კიდევ უფრო და უფრო იმაღლებდა განათლებას და ძალიან ბევრს კითხულობდა. არაჩვეულებრივად იცოდა კლასიკური ლიტერატურა და ანტიკური წყაროებიც. ამავე დროს, მის ცოდნას ახასიათებდა სიღრმე _ რაოდენობრიობაზე მეტად სიღრმე და სინაღდე აინტერესებდა ყოველთვის. ადამიანის ეგზისტენციური კრიზისის მიმართ იჩენდა ყოველთვის ყურადღებას, ყოფიერების არსს ყოველთვის ეძიებდა და პასუხები ქრისტეს სწავლებაში იპოვა.

_ რაც მოსაყდრე გახდა, რამდენად ადვილი იყო მასთან შეხვედრა, საუბარი?

_ ცხადია, ამ პოსტზე მყოფ ადამიანს ბევრი დრო არ აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის გულისხმიერი იყო ყოველთვის და ადამიანების გასაჭირს თუ პრობლემებს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებდა.

_ მიგიმართავთ რჩევისთვის ან თავად თუ გამოუთქვამს თქვენთან შეხვედრის სურვილი?

_ რა თქმა უნდა. მე მახსოვს, მეუფეს 2000 წელს აღსარება ჩავაბარე და რჩევებიც ვკითხე. მაშინ, 90-იან წლებში, მე ვაშინგტონში კალვინისტების და სამხრეთელი ბაპტისტების ეკლესიებში ხშირად დავდიოდი. ბევრი აფროამერიკელი მეგობარი მყავს და მათი სულიერებაც ძალიან მიყვარს.

ერთხელ შემხვდა ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელმაც ლუციფერელების შეხვედრაზე დამპატიჟა. მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა და წავედი. საინტერესო მეცნიერი და ბოჰემურად ხელოვანი ხალხი იყო იქ. მივეჩვიე იქ სიარულს. და მანდვე დავიწყე მარიხუანის სისტემატურად მოწევა. ამ პრაქტიკის მერე დამეწყო სერიოზული პარანოიის შეტევები. როგორც ჩვენთან უწოდებდნენ, „იზმენები”.  ისე ცუდად ვიყავი, რომ 15-ჯერ დამემართა შეტევა, როდესაც საერთოდ დავიკარგე და სახლში აღარ ვბრუნდებოდი. სერიოზულად მეგონა, რომ გამოსხივება იყო ჩემს ბინაში და ასე შემდეგ.

ამის შესახებ რომ მოვუყევი მეუფე შიოს, მან ძალიან ჯანსაღი პასუხი გამცა, რა თქმა უნდა, ტაძარში სიარულია საჭირო და ღმერთის უნდა გჯეროდეს და არა ლუციფერის, ეს ისედაც ცხადი უნდა იყოს, მაგრამ, ამის გარდა, გირჩევ, კარგი ფსიქოლოგიც ნახო და „პლანს” თავი დაანებოო.

გამიკვირდა, ისეთი სეკულარული პასუხი გამცა. მერე კი მართლაც მივედი მარგველას დედასთან, არაჩვეულებრივ ეგზისტენციალურ ფსიქოლოგ მზია გომელაურთან. ქალბატონმა მზიამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან და მოვრჩი. მეუფის რჩევა კი ძალიან პრაგმატულიც იყო და ძალიან იდეალურიც ერთდროულად. ლუციფერელებსაც თავი დავანებე, მარიხუანასაც და „იზმენებსაც”.  ასე დამთავრდა ეს ამბავი.

_ თქვენი აზრით, რით გამოირჩევა მეუფე შიო სხვა ადამიანებისგან?

_ მე ვიტყოდი, რომ მისი სულიერება დინჯია.  სიდინჯით გამოირჩეოდა ჩვენგან ხშირად. ამავე დროს, სიღრმეებში უყვარდა წასვლა. არასდროს იყო მეინსტრიმ „მასკულტურის” მოყვარული. ყოველთვის ეძებდა სიკეთეს და სიმართლეს საზოგადოების განაპირა ნაწილზე _ მარგინებზე. და ეს მას გამოარჩევდა ბევრისგან.

_ როგორ ფიქრობთ, როგორი პატრიარქი იქნება არჩევის შემთხვევაში?

_ ვფიქრობ, აქამდე რასაც აკეთებდა, კარგად აკეთებდა და რასაც გააკეთებს, სადაც უნდა იყოს, ვფიქრობ, კარგად გააკეთებს. არ მინდა მკითხაობა, თუ სად და როგორ იქნება მეუფე შიო, მაგრამ ვიცი, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის კარგად ასრულებს და მომავალშიც ასე იქნება. მე მინდა, რომ ის კარგად იყოს და მწამს, რომ ის კარგი იქნება ყველგან, სადაც  უნდა იყოს.

_ რუსეთუმეაო, მისი მოწინააღმდეგები ამბობენ. მათ რას უპასუხებდით?

– ამ ბრიყვულ წინადადებას არ ვთვლი პასუხის ღირსად. დროს მოფრთხილება უნდა.