ემზარ ნადირაძე: „ჯოისტიკები გაქვს თითებზე და შენს მოძრაობებს აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს რობოტის ხელები“ – უნიკალური ოპერაციის დეტალები
როგორ გააკეთა ჩინეთიდან საქართველოში 6 ათასი კილომეტრის დაშორებით რობოტული ოპერაცია ქართველმა ექიმმა   

ემზარ ნადირაძე: „ჯოისტიკები გაქვს თითებზე და შენს მოძრაობებს აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს რობოტის ხელები“ - უნიკალური ოპერაციის დეტალები„სარკე“, რუსუდან ადვაძე

მუცლის ღრუს ონკოქირურგმა რობოტული სისტემის მეშვეობით 6 ათასი კილომეტრის სიშორიდან 62 წლის პაციენტს სწორი ნაწლავის კიბო ამოკვეთა. ოპერაცია 8 საათი და 30 წუთი გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ემზარ ნადირაძე „სარკეს“ დეტალურად უამბობს ამ პროცესის თავისებურებებსა და ზოგადად რობოტული ქირურგიის მიღწევებზე.

ემზარ ნადირაძე: ერთი წელია, რაც ქირურგიული რობოტი შევიძინეთ და უკვე 100-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული ონკოქირურგიაში. ის, რომ რობოტი ასრულებს ოპერაციას, მითია. რობოტი შედგება ორი ნაწილისგან, ქირურგისა და პაციენტის კონსოლისგან. ერთი ნაწილი სხვაგან დგას და მეორე, რომელსაც ხელები აქვს _ პაციენტთან.

რობოტი ნასა-ს პროექტია და შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შორი მანძილიდან. მაგალითად, ქირურგს, რომელიც იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში, შეძლებოდა, ოპერაცია ჩაეტარებინა დაჭრილი ჯარისკაცისთვის დისტანციურად.

თუ ინტერნეტკავშირი კარგია, ქირურგის კონსოლი საოპერაციოში იდგმება, ჩინეთში თუ იტალიაში, მნიშვნელობა არ აქვს. ქირურგის კონსოლს კავშირი აქვს საოპერაციო ბლოკში მყოფ ასისტენტთან და ექთანთან. უყურებ გამოსახულებას, გესმის ხმა და შენი ხმაც ესმით იქ.

_ რა უპირატესობები აქვს რობოტულ ქირურგიას?

_ რობოტული ქირურგია ძირითადად ლაპარასკოპიული ქირურგიის გაგრძელებაა და იმით განსხვავდება, რომ უკეთესი ვიზუალიზაცია აქვს, დამატებით _ ხელების მოძრაობის უკეთესი საშუალება. ჩვენი მაჯა აკეთებს 4 მოძრაობას, რობოტის _ 7 მოძრაობას, 7 მოხრას. შესაბამისად, რობოტი კარგად უდგება შედარებით მიუდგომელ ადგილებს, ტრავმაც ნაკლები აქვს ქსოვილებს, უფრო დახვეწილად სრულდება ქირურგიული ჩარევა, ტკივილიც ნაკლები აქვს პაციენტს და უფრო ხარისხიანადაც სრულდება.

სწორ ნაწლავზე ოპერაციის დროს, როდესაც მენჯი ვიწროა და განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაში, რადგან ქალებს მშობიარობის შემდეგ უფრო გაშლილი მენჯი აქვთ, საშუალება გვეძლევა, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ. მეტი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს, ვიდრე ლაპარასკოპს. ღია ქირურგიის შემთხვევაში კი შეიძლება ვერც გააკეთო ის ოპერაცია ხარისხიანად. როდესაც ვიზუალიზაცია უკეთესია, მეტად დახვეწილად და ნატიფად მუშაობ ქსოვილებთან, სისხლის დანაკარგიც შემცირებულია ლაპარასკოპიასთან თუ ღია ქირურგიასთან შედარებით. შესაბამისად, ნაკლებია ინფექციები, გართულებები, ტკივილი ფაქტობრივად არ აქვს.

ლაპარასკოპს სახსრები არ აქვს, სწორი ინსტრუმენტებია მხოლოდ, რობოტის შემთხვევაში კი ეს „სახსრები“ შვიდი კუთხით შეგიძლია მოხარო. ლაპარასკოპის მსგავსად, წერტილებით შედის მუცელში რობოტიც.

_ ჩინეთიდან ოპერაციის გაკეთება როგორ და რატომ დაიგეგმა?

_ ჩინური კომპანიის წარმოებაა ეს რობოტი. გარკვეული გამოცდილება გვქონდა, მაგრამ ჩინურმა მხარემ მოითხოვა, რთული ოპერაცია შეგვესრულებინა ტელერობოტის საშუალებით. აქამდე რობოტით ვაკეთებდით ნაღვლის ბუშტის, თიაქრის და მსგავს პატარა ოპერაციებს. გვითხრეს, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, ასეთი მასშტაბური ჩარევა შეგვესრულებინა, ოღონდ ან ჩინეთიდან, ან იტალიიდან.

„მაგთიმ“ ცალკე ხაზი გამოგვიყო ამის გამო, რომ ძლიერი ინტერნეტკავშირი გვქონოდა. ინტერნეტკავშირი ფაქტობრივად 12 100 კილომეტრი იყო _ თბილისი-სტამბული-ფრანკფურტი-პეკინი-უხანი. 6 ათასი კილომეტრი კი საჰაერო მანძილი გახლდათ. ჩინურმა მხარემ გვითხრა, თუ პრობლემა არ გვექნებოდა, მათთვის ამ ოპერაციის დაგეგმვა და გაკეთება ჩინეთიდან ჯობდა. ჩინური მხარე იყო აქტიურად ჩართული ამ ყველაფრის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. 3 თვე ვემზადებოდით ამისთვის.

პაციენტი უნდა შეგვერჩია სწორად, ასევე ქირურგი უნდა მოგვემზადებინა, რომელიც საქართველოში იქნებოდა და თუ ინტერნეტკავშირი გაწყდებოდა, პაციენტს პრობლემა არ შექმნოდა. ეს კავშირი რომ გაწყვეტილიყო, ვერ დავასრულებდით ოპერაციას და აქ მყოფ ქირურგებს უნდა გაეგრძელებინათ.

ამ ოპერაციას სჭირდებოდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ამ კავშირს დაამყარებდა. ეს აპარატი ახლა ჩვენთან დგას კლინიკაში, რომელიც ერთი წლით გადმოგვცეს. მსგავსი აპარატი ამ რობოტის მწარმოებელ კომპანიას აქვს. ჩვენ რომ საქართველოდან ჩინეთში გავაკეთოთ ოპერაცია, ეს ახლა უკვე შეგვიძლია, მაგრამ თუ არ გვექნება, ვერ გავაკეთებთ. ეს არის აპარატი, რომელიც რობოტებს აკავშირებს ერთმანეთთან შორ მანძილზე.

ახლა ვგეგმავთ, საქართველოდან ყაზახეთში გავაკეთოთ ეს ოპერაცია და ასევე, იტალიიდან გავაკეთებთ საქართველოში. ისე განვითარდება მალე ეს ყველაფერი, რომ გერმანიიდან, იაპონიიდან და ა.შ. ქირურგმა საქართველოში გაუკეთოს ქართველ პაციენტს ოპერაცია. ეს მომავალი რამდენიმე წელიწადში დაგვიდგება. ჩინეთში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა რობოტული ქირურგია.

ქირურგი ჯერ ლაპარასკოპიას უნდა ფლობდეს, რომ რობოტულ ქირურგიაზე გადავიდეს. 3-4-ჯერ ვიყავი კორეაში რობოტულ ქირურგიასთან დაკავშირებით. მაშინ, 2018 წელს, ყაზახეთში ვმუშაობდი და საქართველოში ჯერ ასეთი რამ არ იყო. მერე კოვიდი დაიწყო, დავბრუნდი საქართველოში და აღარ წავედი ყაზახეთში.

კორეაში ძალიან განვითარებულია ეს დარგი. ჩვენთვის არის ახალი, თორემ მსოფლიოსთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. რობოტი შეიქმნა 2006 წელს, 2020 წლიდან კი მას უკვე აქტიურად იყენებენ. ბოლო 2-3 წელია, ქირურგიის ყველა მიმართულებაში გადავიდა რობოტული ოპერაციები. ვინც ქირურგია იცის და ლაპარასკოპიას ფლობს, რამდენიმეთვიანი გადამზადება საკმარისია, რომ რობოტული ქირურგიის გაკეთება შეძლოს.

 _ რობოტული ქირურგია ალბათ გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლაპარასკოპია.

_ ხარისხიან მედიცინას დიდი ხარჯი აქვს. რობოტული ქირურგია ბევრად ძვირია. რობოტის ხელები 24-საათიანი გამოყენებისაა. მე რომ ოპერაციაზე 4 ინსტრუმენტი გამოვიყენო, ჩათვალეთ, რომ 3-დან 5 ათას დოლარამდე დავხარჯავ ერთ ოპერაციაზე. ამ ინსტრუმენტს გამოვიყენებ 2 წუთით თუ მთელი დღის განმავლობაში, ერთი და იგივე ხარჯი აქვს. 24 საათის შემდეგ სხვა სიცოცხლეზე გადადის. არის 10-სიცოცხლიანი, 12, 15 და ა.შ.

ამას ჩინური რობოტის ინსტრუმენტებზე გეუბნებით და არსებობს ამერიკული რობოტი „დავინჩი“, რომელიც „ბენტლია“ ქირურგიაში და მისი ინსტრუმენტები 3-4-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩინურის.

_ შესაბამისად, საქართველოს პაციენტებისთვის მიუწვდომელ ოცნებად რჩება პროგრესული რობოტული ქირურგია. თუ აფინანსებს რაიმე სახით სახელმწიფო?

_ ქართველი მოსახლეობისთვის 20-25 ათასი დოლარის გადახდა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, ძალიან უჭირს ხალხს.

კვირაში 2 ოპერაციას მაინც ვაკეთებთ. ძირითადად ის კონტინგენტია, რომლებსაც მძიმე პათოლოგიები აქვთ _ პანკრეასის სიმსივნე, კუჭის, სწორი ნაწლავის… მოდაშია ჩვენთან, რომ ეს პაციენტები მიდიან თურქეთში, სადაც სამმაგს იხდიან _ 30-50 ათას დოლარს მაშინ, როცა ჩვენთან რობოტით პანკრეასის სიმსივნის ოპერაცია 25 000 ლარი ღირს. იგივე ოპერაცია რომ თურქეთში გაიკეთოს პაციენტმა, 45 ათასიდან 60 ათას დოლარამდე ღირს. სწორი ნაწლავის ოპერაცია 28-32 ათასი დოლარი ღირს რობოტით და ჩვენთან 23 ათასი ლარი. 4-5-ჯერ ნაკლები გამოდის.

_ როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, საზღვარგარეთ დააფინანსებს რთულ ოპერაციებს. თქვენს შემთხვევაში რა ხდება ამ მხრივ?

_ დღეს კვირაში თუ 2 ოპერაციას ვაკეთებთ რობოტული ქირურგიით, პაციენტს რომ ვინმე უფინანსებდეს ნაწილობრივ მაინც, გვექნებოდა ალბათ 8-10.  გერმანიაში რომ ვმუშაობდე, 10-დან 9 ოპერაციას რობოტული ქირურგიით გავაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბავშვობიდან ლაპარასკოპიის აპარატი მიჭირავს ხელში და ალბათ 20 ათასი ოპერაცია მაინც მექნება გაკეთებული, რადგან მეტად ხარისხიანად ვაკეთებ.

სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გველაპარაკება, გაბუტულია ჩვენზე. ჯანდაცვის წინა მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და ავუხსენით მდგომარეობა. ვთხოვეთ, გამოეყოთ ადამიანი, რომელიც პაციენტის შემოსვლიდან გაწერამდე დააკვირდებოდა პროცესს. პასუხად მივიღეთ ის, რომ ექსელის ფაილით მკურნალობენ პაციენტებს.

_ ეგ რას ნიშნავს?

_ იმას, რომ რამდენი გადაირიცხა, ვის რამდენი უნდა გამოეყოს და ა.შ., დაშტამპული… მე ვერ ვმკურნალობ ექსელის ფაილით, რადგან ჩემთვის ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. ჩემთვის მთავარია, მქონდეს შესაძლებლობა, პაციენტს ყველაფერი გავუკეთო, რაც სჭირდება.

საქართველოდან სხვა ქვეყანაში არ უნდა მიდიოდეს პაციენტი. მე მრცხვენია, როდესაც პაციენტი თურქეთში მიდის. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, მაქსიმუმს ვაკეთებ, მუდმივად ვვითარდები. რამდენიმე წლის წინ თურქეთში ნამკურნალევი პაციენტი რომ მხვდებოდა, არ მქონდა შთაბეჭდილება, რომ იქ პაციენტს ცუდად უმკურნალეს. დღეს კი პირიქით, 10-დან 8 პაციენტი მოდის მოტყუებული, ფულს სძალავენ და არ მკურნალობენ სათანადოდ. არაერთი პაციენტის დასახელება შემიძლია, რომლებსაც ოპერაცია ან არ სჭირდებოდათ, ან ისეთი მდგომარეობა ჰქონდათ, რომლისთვისაც მუცელი უნდა გაეხსნათ და დაეხურათ.

კლინიკის მხარდაჭერით, რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ. სამინისტროს რომ მივწერეთ, გამოხმაურებაც კი არ გვქონია. საბოლოოდ გვითხრეს, ბევრი კლინიკა ყიდულობს რობოტს და ჩვენ ყველგან ვერ ჩავერთვებითო. პაციენტს ჰგონია, რომ სამინისტრო ჩვენთან მჭიდრო კავშირშია. სამწუხაროდ, ასე არ არის.

სამინისტროს ბევრჯერ დაუფინანსებია რობოტული ქირურგია თურქეთში მაშინ, როცა ჩვენთან უკვე კეთდებოდა ამ მეთოდით ოპერაცია. აქ ყველა რობოტულ ჩარევაზე რამდენჯერაც მივმართეთ, იმდენჯერ მოგვწერეს, არ ვაფინანსებთო. არ აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ სამჯერ მეტს იხდიან თურქეთისთვის.

გერმანიაში კიდევ უფრო ძვირია. რაც თურქეთში 32 ათასი დოლარი ღირს, იგივე მანიპულაცია გერმანიაში 40-45 ათასი ევრო ღირს. ვერ იგებ, როგორ შეიძლება შენს მოქალაქეს დაუფინანსო სხვა ქვეყანაში და შენივე ქვეყანაში ბევრად იაფად არ აფინანსებდე. არც გველაპარაკებიან და ვერ ვხვდები, რატომ არის სამინისტრო გაბრაზებული ექიმებზე.

_ ჩინეთიდან რომ ოპერაცია გაუკეთეთ ქართველ მამაკაცს, მან რა თანხა გადაიხადა?

_ ინსტრუმენტები და ყველაფერი ჩინურმა მხარემ დააფინანსა. ამერიკული რობოტისთვის კონკურენციის გაწევა უნდათ. უნდათ, იტრაბახონ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვთ გაკეთებული ოპერაცია.  საკმაოდ დიდი ფული დახარჯეს.

პაციენტისთვის ღია წესით რომ გაგვეკეთებინა ოპერაცია, ბუნებრივი უკანა ტანის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. რობოტული ქირურგიის პირდაპირი ჩვენება ჰქონდა. როდესაც შევთავაზეთ ამ მეთოდით ოპერაცია, მისთვის ფინანსურადაც შეღავათი იყო და ყველამხრივ. ყველანაირი გართულების გარეშე გაეწერა. შეუნარჩუნდა უკანა ტანიც და ბევრად ხარისხიანად გაუკეთდა ყველაფერი. ამ ადგილებში გადის ნერვული წნულები, რომლებიც თვალით ფაქტობრივად უხილავია. ღია ჭრილობაში რომ უყურებ, ამას ფაქტობრივად ვერ ხედავ. ლაპარასკოპით და რობოტული ქირურგიით კი ჩანს. ეს წნულები უზრუნველყოფს სპინქტერის, ბუნებრივი უკანა ტანის ფუნქციონირებას. ლაპარასკოპიის შემთხვევაში მაინც ზიანდება ეს ნერვული წნულები, რობოტის შემთხვევაში კი _ არა.

ვუყურებდი საოპერაციო ველს, მესმოდა ხმა და ვაკეთებდი ოპერაციას. შორს რომ ვიყავი, ეს მომენტი არ იყო. მთავარია, არ დააგვიანო. წამის მეხუთედი დასაშვებია, მაგრამ თუ წამის მესამედი დააგვიანე, სრულყოფილად ვერ შეასრულებ ოპერაციას. ჩვენ ნორმაში ვჯდებოდით და პრობლემა არ იყო, თუმცა ფსიქოლოგიური მომენტი, რომ შორს ვიყავი, მაინც მქონდა. სხვა განსხვავება არ იყო.

ზიხარ აპარატურასთან, ჯოისტიკები გაქვს თითებზე და შენს მოძრაობებს აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს რობოტის ხელები. მაქსიმალური სიზუსტით ასრულებ ყველა მოძრაობას, ვიდრე ღია ქირურგიული წესით ან ლაპარასკოპით, რადგან ხელში კი არ გიჭირავს ინსტრუმენტი, თითებზე გიკეთია.

_ მხოლოდ ონკოლოგიაში გამოიყენება რობოტული ქირურგია?

_ არა, ყველა ქირურგიული მანიპულაციის შესრულება შეიძლება. ზოგადი ქირურგიული პათოლოგიები ფინანსურად ნაკლებად ხარჯიანია. ონკოლოგიური პაციენტი კი უფრო მძიმე კონტინგენტისაა. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ გერმანიასა და შვეიცარიაში, ნაღვლის ბუშტის, აპენდიციტის და ა.შ. ოპერაციებსაც ამ მეთოდით გავაკეთებდით, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე… იქამდე თუ მივედით, რომ აპენდექტომიაზეც რობოტი გამოვიყენოთ, ძალიან კარგი იქნება!

_ ეს მძიმე პროფესია როგორ აირჩიეთ თავის დროზე?

_ მე-7 კლასში ვიყავი, ეს პროფესია რომ ავირჩიე და სხვაზე აღარაფერზე მიფიქრია. სულ მინდოდა, მუცლის ღრუს ქირურგი ვყოფილიყავი. მიუხედავად რთული გავლილი გზისა, მაინც იმავეს ავირჩევდი. ბედნიერებას მანიჭებს ის, რომ ვიღაცას ვეხმარები. ეს არ არის პროფესია, რომელსაც ვიღაც გირჩევს და აირჩევ. ვიღაცას რომ ერჩია, ალბათ ყოველდღე დავაყვედრიდი, ეს რატომ მირჩიე-მეთქი, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობაა.

_ ყველაზე საინტერესო რა გინახავთ ადამიანის მუცელში?

_ როდესაც 200-500 ერთი და იგივე ოპერაცია გაქვს შესრულებული, მთლიანად გაქვს შესწავლილი ადამიანის ანატომია და იცი, როგორ გამოიყურება კუჭი თუ პანკრეასი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაოცებულვარ. მაგალითად, სისხლძარღვი უნდა გამოეყოფოდეს კონკრეტულ არტერიას და შედიოდეს კონკრეტულ ადგილას. ამ დროს საერთოდ ვერ ნახულობ ამ სისხლძარღვს _ ან არ აქვს, ან საერთოდ სხვა არტერიიდან იკვებება. ასეთ დროს მთლიანად ცვლი ოპერაციის მიდგომას. ამ დროს ისეთ მდგომარეობაში ვარდები, თითქოს პირველად აკეთებ ამა თუ იმ ოპერაციას.

ახლა ნაკლებად ვიბნევი, ადრე კი ცრემლებითაც მიტირია, რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ყაზახეთში რომ ვმუშაობდი, ღამის 3 საათზე გამოვსულვარ საოპერაციოდან და მიტირია, რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. შუაღამეა, გარშემო არავინ არის, ვერც ვერავის ურეკავ, რომ ჰკითხო, რა გააკეთო… სიცოცხლე შენს ხელშია და შენ გაბარია, შენზეა დამოკიდებული, ხვალ ცოცხალი იქნება თუ არა. ამას რომ იაზრებ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია.