„სარკე“, ლიკა ოსაძე
კომპოზიტორი, მომღერალი და მსახიობი, გიორგი შალვაშვილი, „სარკეს“ იმ საოცარ მინიშნებებზე უამბობს, რომლებითაც მისი ცხოვრებაა სავსე. ბედისწერის ნიშნებს ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობს და სწორედ მათ უკავშირებს ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას, რომლებიც მისი სიცოცხლის გზაზე ხდება.
ამ დღეებში გიორგი დიდი შემოქმედებითი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა _ კიტა ბუაჩიძის უკვდავი პიესა „ეზოში ავი ძაღლია“ თეატრ „ვერიკოში“ შთამბეჭდავად გაცოცხლდა და ლეგენდარული ელენე ყიფშიძის ფოფიას როლი გიორგის ანდეს. მომღერალი გვიყვება სცენურ გარდასახვაზე, გეგმებზე, მშობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე და ოცნებაზე, რომლის ახდენაც ყველაზე მეტად სურს.
__ გიორგი, ელენე ყიფშიძის შემდეგ ფოფიას როლის შესრულება თქვენთვის მეტად საპასუხისმგებლო იქნებოდა. რა სიძნელეების წინაშე დადექით?
_ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დიდი იყო. სანამ ამ სპექტაკლში ამიყვანდნენ, მანამდე ვითამაშე ოსეფ შატპლუტოვის როლი სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“. ვასო გოძიაშვილის შემდეგ ამ როლის თამაში ძალიან მეშინოდა, მაგრამ რეჟისორმა კიაზო ჯობავამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავთანხმებოდი.
ანალოგიური რამ მოხდა ახლაც. კიაზო ჯობავამ დამირეკა და მითხრა, სპექტაკლი „ეზოში ავი ძაღლია“ უნდა დავდგაო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ უფრო ძალიან გამიკვირდა, როცა ფოფიას როლი შემომთავაზა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობ ნინო ლეჟავას, რომელიც ამ სპექტაკლში სარეს როლს თამაშობს (თავის დროზე ეს როლი სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა _ რედ. შენ.), რეჟისორისთვის ჩემი თავი შეუთავაზებია ფოფიას როლზე.
ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემეშინდა კიდეც, ვიფიქრე, როგორ შეიძლება მე, ბარიტონმა, ფოფიას როლი შევასრულო-მეთქი. ელენე ყიფშიძის შემდეგ ითამაშო ეს როლი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ გამოწვევა მივიღე.
ამერიკაში ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც გამომიგზავნა ქალის უზარმაზარი სილიკონის მკერდი. შეიკერა კოსტიუმები, დამზადდა პარიკი, მოკლედ მეგობრებმა ძალიან იზრუნეს ჩემს გარდასახვაზე. ფოფიას ჩაცმულობით და გრიმით სარკეში რომ ჩავიხედე, საერთოდ დამავიწყდა, ვინ ვიყავი.
იცით, როდის მივხვდი, რომ გადავრჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა? როცა „პაკლონზე“ გამოვედი და დარბაზმა იხუვლა. სასწაული ოვაციები იყო!

__ როცა როლისთვის ემზადებით, რამდენად მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის მიმართ?
_ ძალიან მომთხოვნი ვარ. თუ არ გამომდის, მე იმ როლს არ ვითამაშებ, აუცილებლად დავტოვებ. ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ასეა. პრემიერას დაესწრო მსახიობი მარინა კახიანი და, იცით, რა მითხრა? ეს რა ჰქენი, რამხელა ბომბი გაისროლეო. აღფრთოვანებული მაქებდა.
__ დუბლიორი არ გყავთ?
_ კი, მყავს არაჩვეულებრივი მსახიობი, სოფო ფერაძე. ფოფიას უზარმაზარი სილიკონის სამოსი ძალიან მძიმე, 7 კილოა. ენერგიისგან ვიცლები, ამიტომ მჭირდება დუბლიორი. ზოგადად არ მიყვარს დუბლიორი, მაგრამ ამ როლზე მჭირდება.
__ როგორ შეგაფასეს ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა?
_ არაჩვეულებრივი შეფასება მომცეს. სამწუხაროდ, მშობლები გარდაცვლილი მყავს. ჩემა ძმამ, დავითმა, მითხრა, რომ ჩემით ამაყობს. მისი ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ბედნიერებაა.
__ ასეთი რთული კოსტიუმის ტარება იოლი არ იქნება და შეიძლება სასაცილო ან უხერხულ სიტუაციებშიც აღმოჩნდეთ.
_ კურიოზი პრემიერაზე მოხდა. სპექტაკლის დროს ორჯერ უხერხულად დავჯექი, ფეხები გადმოყრილი მქონდა. ისე ვინერვიულე ამის გამო, რომ ვერ გეტყვით, მაგრამ მაყურებელმა ხუმრობაში გაატარა და ვერც მიხვდა.
__ თქვენს შემოქმედებაში კიდევ რა სიახლეები იგეგმება?
_ ივნისის ბოლოს ევროტური მეწყება. 25 წლის წინ დავაარსე თოჯინების მუსკომედიის თეატრი, მერე რაღაც პერიოდი გავაჩერე. შემდეგ დავაარსე თოჯინების თეატრი ბავშვებისთვის. თავად პროფესიონალი მეთოჯინე ვარ. 29 სპექტაკლი მაქვს დადგმული. ჩემს სპექტაკლებზე ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა. ეს დადგმები უნდა აღვადგინო და კიდევ ის გადაცემა, რომელსაც ჰქვია „გაფანტული მარგალიტები“. ახლა მაქვს ევროპის 7 ქვეყანაში საკონცერტო ტურნე. თბილისშიც ვაპირებ კონცერტის ჩატარებას.
__ პირად ცხოვრებაში ხპმ არ გაქვთ სიახლეები?
_ პირადი ცხოვრება საერთოდ დამავიწყდა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ჩემს სოფელში, პატარძეულში, ავაშენე პატარა სალოცავი. მშობლებს შევპირდი, რომ მათ სახელზე ავაშენებდი სალოცავს. ადამიანს სრული უფლება აქვს, საკუთარ ეზოში ააშენოს თავისი გვარის სალოცავი. ამაზე კურთხევა მივიღე.
ოქტომბერში დედა გარდამეცვალა და აპრილში, მის დაბადების დღეს, სალოცავი ვაკურთხეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი უწმინდესის, ილია II-ის, კურთხევით ჩაიყარა საძირკველი. ამ სალოცავში რომ მოდიან მოძღვრები და დედები, ყველა აღნიშნავს, ეს ისეთი ადგილია, სურვილი რომ უნდა ჩაუთქვათო. ძალიან კარგი აურაა. გავიღვიძებ თუ არა, იქ მივდივარ და ვლოცულობ. ამ სალოცავს diadTa savane დავარქვი. მთელი დღე აქ ვარ და მის მოვლაში ვატარებ დროს. ირგვლივ ყვავილების ლამაზი ბაღი გავაშენე.
__ როგორ გაჩნდა ამ სალოცავის აშენების სურვილი, რაიმე ამბავს ხომ არ უკავშირდება?
_ დედაჩემი ცუდად რომ გახდა, პატარძეულში წავიყვანე. სოფელში უფრო სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო იყო. დედას სიმსივნე დაუდგინეს და თვენახევარში გარდამეცვალა.
ცუდად რომ მყავდა, ვუთხარი, ეზოში ავაშენებდი ერთ ოთახს, სადაც მე და ჩემი მეგობრები შევიკრიბებოდით. მეგობრები ხშირად ჩამოდიან ჩემთან და მშობლები რომ არ შეწუხებულიყვნენ ხმაურით, იმიტომ მინდოდა იმ ოთახის აშენება. დედამ მითხრა, გიორგი, ის ოთახი ააშენე, მაგრამ მე და მამაშენს გვაჩუქეო. ამ სიტყვების შემდეგ დედა სამ დღეში გარდამეცვალა. მეც ვაჩუქე, შევუსრულე უკანასკნელი თხოვნა. ეს არის შალვაშვილებისა და ბეროზაშვილების გვარების სალოცავი.
ბოროტი არასდროს ვყოფილვარ. ვიღაცას თუ დავუყვირე, შეიძლება ერთი კვირა ვინერვიულო. ადრე თუ ვიღაცაზე ვჯაჯღანებდი, ახლა სახლიდან რომ გამოვდივარ და ამ სალოცავს დავინახავ, ვმშვიდდები.
__ სალოცავის აშენებაში ფინანსურად დაგეხმარათ ვინმე?
_ მშენებლობა რომ დავიწყე, დანაზოგი მქონდა. ამერიკიდან დამეხმარა ჩემი მეგობარი, რომელმაც სალოცავს გუმბათი გადააფარა. სახურავი რომელ კომპანიასაც შევუკვეთე, თანხა არ გამომართვა, მონაწილეობა მიიღო მშენებლობაში. მოკლედ, ბევრმა ფული არ გამომართვა. ეს სალოცავი 3 თვეში აშენდა და იკურთხა. ვისაც როგორ შეეძლო, ყველა ისე დამეხმარა.
იცით, ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის? ამ სალოცავის საძირკველი მამაჩემმა გაჭრა და მერე გარდაიცვალა. ჯერ დედა გარდამეცვალა და მერე მამა. დედა რომ დავკრძალეთ, მამამ უთხრა, ჩემო სიყვარულო, არ შეგეშინდეს, მე ორმოცამდე შენთან ვიქნებიო და მართლაც ასე მოხდა. დედაჩემის გარდაცვალებიდან 22-ე დღეს მამა გამოიპრანჭა, ლამაზად ჩაიცვა, მამაკაცის სუნამო დაისხა, დედაჩემს რომ უყვარდა. კი გამიკვირდა, რა სჭირს ამ კაცს-მეთქი, მაგრამ არაფერი ვუთხარი. მერე მითხრა, მეზობელთან საკურთხს გავიტანო და წავიდა. ერთ საათში დამირეკეს, ჩქარა მოდიო. რომ მივედი, მამა გარდაცვლილი დამხვდა.
ერთი ამბავიც მერე გავიგე. ჩემი ძმისშვილი თბილისიდან რომ ჩამოვიდა, თქვა, მამაჩემს მისთვის დაურეკავს და უთქვამს, პირობა მომეცი, რომ არ იტირებო. ბავშვმა თქვა, პაპამ დამირეკა და მითხრა, ბებოსთან მივდივარ, ბებო იქ მარტოაო და არ იტიროთო.
ერთი სასწაულიც მოხდა. როგორც კი სალოცავი აკურთხეს და პირველი „ამინ“ თქვეს, გუმბათზე ორი მტრედი მოფრინდა და იქ დაიდეს ბუდე, მთელი ზამთარი იქ გაატარეს.
ადრე ჩვენმა უწმინდესმა ილია II-მ მითხრა, გარდაცვალება შინ დაბრუნებას ნიშნავ,. ღმერთმა ჩვენი სულები სადაც შექმნა, იქიდან მოვიდნენ, დედამიწაზე ჩვენს მისიას რომ დავასრულებთ, მერე ვბრუნდებით შინო. ამიტომ მგონია, რომ ჩემი მშობლების და ძმების (ორი ძმა მყავს გარდაცვლილი) სულები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
სხვათა შორის, სწორი ნათქვამია, კომედიური ჟანრის როლებს ყველაზე ტრაგიკული ცხოვრების მქონე ადამიანები ასრულებენო. როცა სახლში მარტო ვრჩები, ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. როცა მარტო არ ვარ, სულ სხვანაირი ვხდები. 48 წლის ვარ და მთელი ცხოვრება ადამიანებზე ვზრუნავ. ყველას ყველაფერზე ბოდიშს ვუხდი, არ მინდა, ვინმე ჩემზე იყოს ნაწყენი.
__ თქვენ თუ გიხდიან ბოდიშს?
_ არა.
__ გაქვთ ნატვრა, რომელიც ძალიან გინდათ, რომ შეგისრულდეთ ან მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვით?
_ ძალიან მინდა, ჩემი სალოცავის გვერდით ავაშენო სამი ოთახი და სამ ხანდაზმულ ადამიანს მოვუარო. რატომ მინდა, სამი მოხუცი მყავდეს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, მყავდეს და მათ მოვუარო. რა თქმა უნდა, დამხმარესაც ავიყვან, მაგრამ გულით მინდა, მოვლა და მზრუნველობა ვაჩუქო მოხუცებს. მნიშვნელობა არ აქვს, ქალბატონები იქნებიან თუ მამაკაცები. ამ ოცნების ასახდენად უკვე დავიწყე მუშაობა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე უფლის ნიშნებს სულ მივყვები. ასე რომ, მჯერა, ამის დროც მალე დადგება.
