„სარკე“, რუსუდან ადვაძე
რეჟისორი ციცინო კობიაშვილი „სარკესთან” თავის სარეჟისორო და საოჯახო გამოცდილებაზე ყვება. მის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობს. როგორც გვითხრა, მისი სათქმელი ისეთი მარადიული თემებია, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა _ ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი…
რეჟისორის ოჯახში ორი მსახიობი ცხოვრობს _ ქმარი, თემურ კილაძე და შვილი, ჯაბა კილაძე. ქალბატონი ციცინო გვიამბობს, რომ როდესაც რეჟისორობა გადაწყვიტა, ქმარი ცოლს თვეების განმავლობაში ხმას არ სცემდა, ახლა კი მის სპექტაკლებში მთავარ როლებს სიამოვნებით ასრულებს.
ციცინო კობიაშვილი: სპექტაკლისთვის მზადება უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს არა მხოლოდ ჩემგან, ეს გუნდური მუშაობაა და ყველა ჩართულია _ ტექნიკური სტაფი, ქორეოგრაფი, კომპოზიტორი… ეს ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ჩვენთვის ეს სიცოცხლეა და ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ყველაზე კარგი კი ისაა, როდესაც შენს ნაშრომს მაყურებელი აფასებს დადებითად. ამაზე დიდი ბედნიერება არც არსებობს!
ჩემთვის მთავარია, რა მაქვს სათქმელი მაყურებლისთვის. გავაკეთო სპექტაკლი იმიტომ, რომ ვინმე მოვიდეს, მოკვდეს სიცილით და წავიდეს, არ იქნება მნიშვნელოვანი. მთავარია, ძალიან სერიოზულ თემებზე ვილაპარაკო, თუნდაც გაიღიმოს, გაიცინოს, ოღონდ ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდეს.
არ მიყვარს ბოროტი პიესები და ისეთი სპექტაკლის დადგმა, რაც მე არ მაინტერესებს. არის საინტერესო და ღრმა პიესები, თუმცა იქ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც მე მანადგურებს და არ შემიძლია მათზე მუშაობა. როცა ბოროტება, გველობა, ტრაგიკული მომენტებია, ვერ ვმუშაობ. მე ადამიანურ თემებზე მიყვარს ლაპარაკი. ისეთ თემებზე, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა არც ერთ დროში, არც ერთ სივრცეში. ეს არის ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი და ა.შ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი და ამაზე მინდა, ვილაპარაკო, სანამ კიდევ მექნება ღონე.
_ ძირითადად ქალების სათქმელსა და სატკივარზე ყვებით, არა?
_ არა მხოლოდ ქალებზე. დავდგი არაჩვეულებრივი სპექტაკლი „კაცები“. 6 კაცი მონაწილეობდა. ჩემი „ქალების“ ავტორი ვინც არის, მან ჯერ კაცებზე დაწერა პიესა. ქალებმა რომ ნახეს, შეუჩდნენ და დააწერინეს ქალების ვარიანტი. ჩვენ ჯერ „ქალები“ დავდგით და მერე „კაცები“. გული მწყდება, რომ აღარ არის ეს სპექტაკლი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ზურიკო (მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი _ რედ.შენ.) აღარ არის. სხვა კიდევ ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც აღარ განვაახლეთ.
კაცებსაც თავისი პრობლემები აქვთ. თითქოს ქალებზე უფრო ცეტები არიან და უფრო მსუბუქად უყურებენ გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ პრობლემები მათაც აქვთ.
_ სპექტაკლი „უშენოდ არ შემიძლია“ მარადიულ პრობლემაზეა _ ღალატზე. თვლით, რომ ეს აქტუალური პრობლემაა?
_ ჩვენ დავარქვით ასე, თორემ პიესას ჰქვია „მომყიდეთ თქვენი ქმარი“. ამ სპექტაკლში კლასიკური სამკუთხედია _ ცოლი, ქმარი და ახალგაზრდა საყვარელი. როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, არაფრით მიფიქრია, რომ ასეთი მწვავე იქნებოდა საზოგადოებისთვის. ახლობელი თუ შორებელი, ვინც უყურებდა ამ სპექტაკლს რეპეტიციებსა თუ თამაშის დროს, იმდენ მაგალითს ყვებოდა… აღმოჩნდა, რომ ღალატი ძალიან აქტუალური საკითხია და ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში.
_ ალბათ წარმოუდგენელი ტკივილია, რაც ღალატს მოაქვს. როგორ შეძელით, ღალატზე იუმორით გელაპარკათ?
_ მე დამიფარა უფალმა ამისგან! ჩემს თავზე არ გამომიცდია ეს საშინელება, მაგრამ მართლა კატასტროფაა, როდესაც შენს მრავალი წლის ოჯახს ანგრევს შვილისტოლა ადამიანი და ანგრევს ყველაფერს, რაც მთელი ცხოვრება გიშენებია. ამას შეიძლება გადაჰყვეს ადამიანი…
მართალია, ჩვენ ამაზე სპექტაკლში გაღიმებული და კომედიის ჟანრში ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ხომ ძალიან მტკივნეული ამბავია?! აღმოჩნდა, რომ იმდენი მოღალატე ყოფილა გარშემო… მიყვებოდნენ, ჩემს ოჯახში ასე მოხდა, იმის ოჯახში ასე მოხდაო. გაოცებული ვარ ამ ყველაფრით! მაყურებლის რეაქციიდანაც ხვდები, რა ხდება ქვეყანაში.
ამ სპექტაკლით მინდოდა, მეთქვა, რომ ოჯახი ტაძარია! ცაში ღმერთია და მიწაზე ოჯახი, რომელიც შენ უნდა მართო. როდესაც ვქორწინდებით, ერთმანეთის წინაშე ვიღებთ ვალდებულებებს. როდესაც ეს მიცემული პირობა ირღვევა, ტყუილზე დგას ოჯახი, მერე უკვე… ძალიან დიდი მოთმინება და გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი არ დაინგრეს.
ამ სპექტაკლში ოჯახის დიასახლისს ეყო ჭკუა, გონიერება და ისე მოატრიალა ეს ყველაფერი, რომ ყველას ეშველა, ოჯახი ოჯახად გადარჩა, ქმარი კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან სახლში მისულს ცოლი და საყვარელი ერთად დახვდა. ეს რომ კომედია არ ყოფილიყო, ამას თამაში არ უნდა? დრამატული ჟანრი რომ აგვეღო, ხომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი?! საშინელება მოხდებოდა.
პიესა ბალტიისპირელი კაცის დაწერილია, რომელიც თავად გამოდიოდა და კითხულობდა თავის პიესებს. ამოიჩემეს და გვიწერენ, რუსული პიესააო. ჯერ ერთი, არ არის რუსული პიესა და თუნდაც რუსული იყოს, ჩეხოვსა და დოსტოევსკის რა ვუყოთ, არასოდეს გავიხედოთ მათკენ თუ რა ვქნათ?! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ კომენტარებზე გული მტკივა. გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას წერენ, რადგან მეტი ტვინი არ აქვთ.
ქართული პერსონაჟები ავიღეთ, ქართულ რეალობას მოვარგეთ ეს ყველაფერი. მაყურებელი, რომელმაც არ იცის პიესის წარმომავლობა, ვერაფრით მიხვდება, რომ ეს ქართველის დაწერილი არ არის. ბევრი ვიშრომეთ, რომ ქართული გამოსულიყო, თან თურმე რამდენი მოღალატეა ირგვლივ…
_ მსახიობ ეკა მჟავანაძის ცეკვაზე ატყდა დიდი ამბავი, რომელიც სპექტაკლ „ქალებში” ფაქტობრივად სტრიპტიზს ცეკვავს. წერდნენ, ქართველ ქალს არ უხდება ასეთი ქცევაო, არადა მაყურებელს ეს სცენა ისე მოსწონს, დარბაზი ტაშით ინგრევა. ამ ეპიზოდის დადგმა როგორ გადაწყდა?
_ მაშინ დაძაბული პერიოდი გვქონდა და ვიღაცამ აგვიგორა ეს ამბავი, თორემ დიდი სისულელეა, რასაც წერდნენ. იმდენად კარგია ეკა სპექტაკლში, იმდენად ლოგიკურია ეს ცეკვა, გიჟდება მაყურებელი ამ სცენაზე და სულ ტაშითა და ბრავოს ძახილით მიდის ეს ყველაფერი.
ცალკე რომ დადებ ამ ცეკვას მსხვილი პლანით, არ არის ეს ბრიჯიტ ბარდოს პარამეტრები, რომ ყველას მოეწონოს. დგას ეს არაჩვეულებრივი არტისტი და რაღაცას აკეთებს, არ უნდა გაინტერესებდეს, ამ ცეკვის წინ რა ხდებოდა ან მის მერე რა ხდება და ისე წერდე კომენტარებს?! ამ სპექტაკლს 14 წელია, ვთამაშობთ და ეს ცეკვა სულ იყო.
_ ეკა მჟავანაძე ამ ცეკვაზე ადვილად დაითანხმეთ?
_ ეკა ჩინებული არტისტია და არც არაფერი იყო აქ დასათანხმებელი. როლს არაჩვეულებრივად ასრულებს. 14 წელია, ვთამაშობთ ისეთი ანშლაგებით, რომ დადებული არ არის ბილეთები, უკვე იყიდება. დადის მაყურებელი, რომელმაც ზეპირად იცის ეს სპექტაკლი. სულ არის მაყურებელი, სულ!
ამ კომენტარებმა ცოტა დააფრთხო ეკა, დაიბნა იმ მომენტში _ სპექტაკლს რომ თამაშობ ბევრი წელი და უცებ ასეთ რამეს აგიგორებენ. ეს ხომ შარშანდელი ამბავია, უცებ ვიღაც იდიოტმა დაწერა და ატყდა ამბავი.
_ თქვენ თავიდან მსახიობი იყავით. როგორ გადახვედით რეჟისორის ამპლუაში?
_ მსახიობები რეპეტიციას რომ მორჩებიან, გადიან ფოიეში ან საგრიმიოროში და სხედან, საუბრობენ, ელოდებიან, როდის დაუძახებენ სცენაზე. მე კი, მათგან განსხვავებით პარტერში ჩავდიოდი და სხვების შესრულებას ვუყურებდი. ჩემს კოლეგებს ვთავაზობდი კიდეც, იქიდან ასე დავინახე და, აბა, ასე შესრულება სცადე-მეთქი. ერთხელ განმეორდა ასე, ორჯერ და მერე თვითონ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, იქნებ შეხედო ჩემს შესრულებას და რაღაც მირჩიოო.
მერე სტუდია „ბერიკებში” მოვხვდი, გოგი თოდაძემ მიმიწვია ბავშვებთან სამუშაოდ და იქ დავდგი პირველი სპექტაკლი. გოგიმ მითხრა, სპექტაკლი დადგიო. ვუპასუხე, რას ამბობ, არ მაქვს ეგ პრეტენზია-მეთქი. რა სისულელეს ამბობ, ეს ის არის, რაც გამოგდის და მე მოგცემ ამის შანსსო. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. პირველი სპექტაკლი „ბერიკების” ბავშვებთან დავდგი. ისეთი ამბავი ატყდა ამ სპექტაკლზე…
ავდექი და წავედი ჩემს პედაგოგ ლილი იოსელიანთან. ვუთხარი, გავაკეთე ეს სპექტაკლი და მინდა, თქვენ ნახოთ-მეთქი. მოვიდა და ნახა. ბევრი ვილაპარაკეთ, შემაქო კიდეც, რაღაცები ამიხსნა.
ამის მერე კიდევ მივედი ლილი იოსელიანთან და ვუთხარი, რეჟისორობა მინდა-მეთქი. კინაღამ მომკლა, ჯოხით გამომიდგა, არტისტი ხარ და შენ უნდა ითამაშოო. რომ ნახა, ძალიან მეწყინა, დავალება მომცა. შევასრულე ეს საკმაოდ რთული დავალება _ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და სად წამეღო ეს ენერგია, არ ვიცოდი. რომ ნახა, რაც გავაკეთე, გადაირია და ულაპარაკოდ მიმიღო ჯგუფში.
შვილებს ეძახდა ყველას, მე კი _ შვილთა შორის უსაყვარლესოო, ასე მომმართავდა. ყველაფერს მას ვუმადლი. დღესაც, როდესაც ვმუშაობ, მას ვეკონტაქტები. გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ მას ვუყვები ყველაფერს და მისი თვალით ვუყურებ. ძალიან მაკლია მისი ამქვეყნად არყოფნა. მოვიდოდა, გადახედავდა, ერთ სიტყვას მეტყოდა და ლიბრი გადამეცლებოდა ხოლმე თვალებიდან. როცა რამეს მეტყოდა, თითქოს შემოგილაწუნესო და მინათდებოდა გონება, ამიტომ დღესაც ვეკონტაქტები და ვეკითხები, აბა, ამაზე რას მეტყოდი-მეთქი.
_ თქვენი ქმარი, თემურ კილაძე, თამაშობს ამ ახალ სპექტაკლში. სწორედ მის პერსონაჟს ჰყავს ცოლიც, საყვარელიც… ქმართან, როგორც მსახიობთან, მუშაობა გიადვილდებათ?
_ სულ სამი მსახიობია ამ სპექტაკლში _ ცოლი, ქმარი და საყვარელი. ნინო დუმბაძეა მისი ცოლის როლში და ანა სანაია _ საყვარლის.
მსახიობს ყველაფერი უნდა შეეძლოს. თემური იმიტომ ავიყვანე, რომ ვიცოდი, ყველაფერს კარგად შეასრულებდა. მასთან მუშაობა ადვილი სულაც არ არის, ისევე, როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანთან. ყველა ნიჭიერი ადამიანი რთულია მუშაობაში, რადგან თავიანთი სამყარო აქვთ და ყველა „რატომ”-ზე უნდა უპასუხო: „აი, ამიტომ”. მან უნდა დაგიჯეროს, უნდა წამოგყვეს…
მე ვიცოდი, რომ ბევრი სირთულის გადატანა მომიწევდა ამ როლის გამო, რადგან რთული ადამიანია მუშაობაში, მაგრამ ვიცოდი, რომ შედეგს აუცილებლად დადებდა. მაყურებლამდე ყველა ემოციის მიტანას სწორედ ის შეძლებდა და ამიტომაც დავაკავე ამ როლზე!
_ საკუთარ თავზე, როგორც ქალზე რას გვეტყვით, ღალატის პატიება შეგიძლიათ?
_ ყველაფრის პატიება შეიძლება, მთავარია, გაისიგრძეგანო ეს ამბავი. საბედნიეროდ, საკუთარ თავზე არ გამომიცდია, რაც ჩვენს სპექტაკლში ხდება. საშინელებაა, რომ გააღებ კარს და ახალგაზრდა, ორმეტრიანი გოგო დაგხვდება და გეტყვის, მე და შენს ქმარს ერთმანეთი გვიყვარსო, შეიძლება გადაბრუნდე და მოკვდე! ღმერთმა არ გამომაცდევინოს ასეთი რამ! თუმცა მაინც შეიძლება პატიება. ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ!
თან მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ოჯახი ყველა გზით უნდა შეინარჩუნო, რადგან ამაზე დიდი მონაპოვარი ცხოვრებაში არაფერია. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.
_ თქვენს ვაჟ ჯაბასაც რომ დაენგრა ოჯახი, რამდენად რთული იყო ეს?
_ ძალიან რთული იყო და ამ ამბავმა ჩვენ დაგვანგრია. ყველანაირად ვეცადეთ, გადაგვერჩინა, მაგრამ… დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, მთელი ოჯახით ჩემს სპექტაკლებზე მოდიან და ა.შ. ჩვენი შვილიშვილი ხომ ჩვენი სიცოცხლეა! ორ ადამიანს შორის რაც ხდება, ეს ისეთი საიდუმლოა… თვითონაც გადასარევად აცნობიერებენ, რაც მოხდა. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი.
_ ოჯახურ ცხოვრებაშიც რთულია ნიჭიერ ადამიანთან ერთად?
_ ოჯახი დიდი ამბავია. 46-ე წელია, ერთად ვართ და უამრავი სირთულე გავიარეთ. უღრუბლო ცხოვრება სულაც არ მქონია. ვყოფილვართ ისეთ ზღვარზე, რომ… ერთხელ ისე გამამწარა…
თეატრში ბიჭები ერთმანეთს ღუპავდნენ, სვამდნენ, ქეიფობდნენ… მერე ყველა ერთად გახდა ავად, ყველას ერთად დაემართა შაქარი. ვიბრძოდი როგორც მე, ისე მათი ცოლები, რომ ამათ არაფერი დამართოდათ, სხვა კი არაფერი გვინდოდა. გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით ცალ-ცალკე გვეცხოვრა და დავფიქრებულიყავით, ღირდა ერთად ყოფნა თუ არა.
მივდივარ სახლში და, როგორც კი კარი გავაღე, ვხედავ, მთელ კედელზე წერია „მიყვარხარ”. საშინლად გავბრაზდი, ეს რა უქნია-მეთქი. შევედი აბაზანაში ხელის დასაბანად და ვხედავ, სარკეზეც იგივე წერია. იცოდა, რის მერე რა ადგილს მივადგებოდი და სადაც მივედი, ყველგან ეს წარწერა დამხვდა. ქაღალდზე დაეწერა და ის გაეკრა. მთელი შეკვრა ქაღალდები მოვაგროვე. გადავწიე საბანი, უნდა დავწვე და იქაც დამხვდა ისეთივე ქაღალდი. სიცილი ამიტყდა და ფაქტობრივად უკვე შერიგებულები ვიყავით. თუ სიყვარულია, ყველაფრის პატიება შეიძლება.
_ როგორი რომანტიკული ყოფილა.
_ კი, რომანტიკული გამოვლინებები აქვს. მოვიდოდა მთვრალი და ქვემოდან მიყვიროდა, ციცინოო! გავვარდებოდი გიჟივით. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, საშინელი კიბეები იყო, ვფიქრობდი, არ გადავარდეს იმ კიბიდან-მეთქი… მოთხრიდა აყვავებულ ხეს და მომიტანდა ხოლმე. ასეთ სისულელეებს აკეთებდა.
მერე კიდევ, მე რომ სარეჟისოროზე ჩავაბარე, ნახევარი წელი ჩემი ქმარი არ მელაპარაკებოდა. მაშინ უკვე შვილიც გვყავდა. გაგონება არ უნდოდა, რომ რეჟისორი გავხდებოდი, ვერც დაველაპარაკე ამ თემაზე.
_ მიზეზი რა იყო?
_ დღემდე არ ვიცი. კატეგორიულად არ უნდოდა ამის გაგონება. ყველაფერი ისე გავაკეთე, მისთვის არაფერი მითქვამს. წავედი ლილისთან, მერე ჩავაბარე…
დიდი ქონება არასოდეს გვქონია და არც გვაქვს, ჩვენი საქმიდან გამომდინარე. ორივე პატიოსანი მშრომელები ვიყავით და უშრომელი შემოსავალი არასოდეს შემოსულა ჩვენს ოჯახში. ორი კინკილა ბეჭედი მქონდა, ახლა ისიც აღარ მაქვს. ის ბეჭდები გავყიდე და იმით ვისწავლე სარეჟისოროზე. როდესაც მეორედ ვაბარებდი უმაღლესში, სწავლა ფასიანი იყო. მაშინ მეტყველებას ვასწავლიდი ამავე ინსტიტუტში. შეღავათი გამიკეთეს და ნახევარ ფასს ვიხდიდი. ჩავაბარე ის ბეჭდები და ამით ვისწავლე.
თემურმა რომ გაიგო, სარეჟისოროზე ჩავაბარე, ნახევარი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და არაფრის გაგონება არ უნდოდა.
_ ახლა ალბათ უხარია, თქვენს სპექტაკლებში რომ თამაშობს.
_ ალბათ უხარია და ეამაყება კიდეც. იცით, რით ვარ ბედნიერი? პრემიერაზე უამრავი ჩემი კოლეგა, მსახიობი იყო მოსული. ეს იშვიათია თეატრში, რადგან ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ესე იგი, მათთვის სულ ერთი არ არის, მე რას ვაკეთებ და ეს მაბედნიერებს.
ჯაბაც თამაშობს ჩემს „ვოდევილში“. სხვა სპექტაკლებშიც იყო. კიდევ ვაპირებ ახლა ერთი სპექტაკლის დადგმას და იქაც იქნება აუცილებლად, თუმცა, როგორც გითხარით, არასოდეს არავისთვის ჩამიბარებია როლი, რომლის შესრულებასაც ვერ მოახერხებდა.
_ ცოლ-ქმარი ეჭვიანობდით ერთმანეთზე?
_ მე ვარ ეჭვიანი, თუმცა უსაფუძვლოდ ვიეჭვიანო _ ასე არ არის. იცის, რომ ვერაფერს გამომაპარებს, ყველაფერს ვხედავ! ასეთი ბუნება მაქვს. ვამჩნევ სიტყვაში, გამოხედვაში, ყველაფერში. რა ვქნა, ჩემი პროფესიის ნაწილია ეს ყველაფერი. მე ამ ყველაფერს სცენაზე ვაკეთებ და ვინ უნდა მომატყუოს რამე?!
თვითონაც ეჭვიანი იყო, ახლა რაღა დროსია?! არაფერი ჰქონია საეჭვიანო, მაგრამ მაინც.
_ როგორი დედა და ბებია ხართ?
_ გიჟი, არანორმალური! ძალიან ფეთიანი და მშიშარა ვარ. სიცხე რომ აქვს ჯაბას, ვერ მეუბნება, რადგან ისეთი მემართება!.. რად მინდა თქმა, რომ შევხედავ, ვხვდები, რომ რაღაც უჭირს, ყველაფერს ვატყობ.
ჩვენი შვილიშვილი 20 წლის გახდა. ეკონომიკურზე სწავლობს პრაღაში, საუკეთესო უნივერსიტეტში. თვითონ ჩააბარა, დამოუკიდებლად. უმაღლესი ქულები აქვს. შარშანდელი წელი რომ დახურა, სიგელი და მადლობები გადასცეს. კურსზე ყველაზე ძლიერია. თან ისეთი ფაკულტეტი აირჩია… ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურზე ჩააბარებდა. სულ ბიჭები არიან მის კურსზე. თქვა, მაგათ არ ვათქმევინებ, რომ მჯობნიან, ნახონ, რა შემიძლიაო და მართლა ყველაზე ძლიერია. წელს ამთავრებს უკვე. სამოდელო სააგენტოშიც იყო და წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე თქვა უარი და ასე გადაწყვიტა.
ძალიან დამოუკიდებელი და გონიერი ადამიანია, ფიქრობს იმაზე, რომ კარგად ისწავლოს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს. ღმერთმა დალოცოს მისი გზა და ყველა იმ ახალგზარდისა, ვინც თავის ქვეყანაზე ფიქრობს. ვთვლი, რომ ამაზე დიდი მიზანი არ უნდა არსებობდეს.
