მსახიობმა ხათუნა კოტრიკაძემ სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავად იქცა. რამდენიმე როლმა ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ დღემდე ახსოვთ და უყვართ. ის 2024 წლის 15 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც ხათუნამ გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო, უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდი-თქო, მაგრამ მაინც გაჰყვა. დათო მასზე 9 წლით უფროსია, ჩამოყალიბებული კაცი იყო.
ამდენი ხნის შემდეგაც ხათუნას დაბადების დღეზე დათოს არ შეუძლია, რომ სახლი ყვავილებით არ გაავსოს. აღარაფერს ვამბობ მის სხვა თვისებებზე. ერთადერთი ის არის, რომ დათო ეჭვიანია. ჩვენს ოჯახში კი ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა“, – უყვებოდა „სარკეს“ ხათუნა კოტრიკაძის დედა, ნანული ნიშნიანიძე წლების წინ.
ახლახან ხათუნა კოტრიკაძის მეუღლე, თბილისის „დინამოს” ყოფილი მეკარე, დავით გოგია, გადაცემა „სარბიელის” პოდკასტს სტუმრობდა, სადაც თქვა, რომ მას კინოში გადაღებები არ აუკრძალავს.
დავით გოგია ყვება:
-ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა…
საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. „მხიარული რომანი” რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში…
ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო…
განსხვავებული სილამაზე ჰქონდა. არაფერი აკლდა.. ყველაფერი გამოსდიოდა. ქსოვა ისწავლა, ქსოვდა იდეალურად, მე რომ მეთქვა, ეს ჭიქა ასე გადასწიე, არ გადაწევდა, თუ მას არ უნდოდა… 1991 წელია, რუსები ტოვებენ საქართველოს. ერთ გენერალს ვიცნობდი და მან სუფრაზე თქვა, ჰოლანდიური ჯიშის 6 ძროხა მყავს, აქედან სამი მაკეა, ახლა „თეთრი არწივის” ხალხი მოდის ჩვენს ნაცვლად, დაკლავენ ამ საქონელს, ჯიშიანი ჰოლანდიური ძროხებია და ვინმეს არ უნდაო? მივედი სახლში და ხათუნას მოვუყევი ეს ამბავი. მან მითხრა, მოდი, ვიყიდოთო.
დიღომში სახლი გვაქვს. მითხრა, მამაჩემს ავაშენებინებ აქ ძროხის ბაგას და იქ შევიყვანოთო. ამას მოვლა უნდა-მეთქი… გადაწყდა და ასე მოვიყვანეთ 6 ძროხა, ფერმასავით გვქონდა. მოიგო ერთმა ძროხამ ხბო, მოწველა ხომ უნდოდა?! ასაკოვანი ქალები ცხოვრობდნენ მეზობლად და ისინი ასწავლიდნენ მოწველას – მოწველა და ხელი გაუშეშდა… 17 წელი სამტრედიაში გავიზარდე, მაგრამ მეც არ მქონია ძროხასთან შეხება. 80 ლიტრს იწველიდა სამი ძროხა…
1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით. ყველაზე მეტად უყვარდა, ბოსელში რომ შევიდოდა, ყველა ძროხას ეფერებოდა. ხელით რომ ვერ მოწველა ძროხები, თურქეთში საწველი აპარატის საყიდლად წავედი. სტამბოლში ძლივს ვიშოვე ელექტროაპარატი და ჩამოვუტანე, მაგრამ შუქები არ იყო და ვუყიდე გენერატორი. შუქი რომ არ იყო, გენერატორს რთავდა და ასე წველიდა ძროხებს. უყვარდა ქათმები… ინდაურისხელა კვერცხებს დებდნენ. სიმინდს რომ გამოიტანდა ქათმებისთვის, კალთაში ჩაუსხდებოდნენ და ასე ეფერებოდა. კატებიც გვყავდა…
საოცარი ბოსტანი ჰქონდა გაკეთებული – კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მარწყვი, მწვანილები… თავისი ხელით მოყვანილი ბოსტნეული გვქონდა სახლში, ხეხილიც – სხვადასხვანაირი…
ხათუნას ფეხბურთი მაინცდამაინც არ უყვარდა. ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე არ ვთამაშობდი, ფეხი მტკიოდა და ტრიბუნაზე ვარ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერთხელ იყო, მეტად არ ყოფილა სტადიონზე…
