„სარკე“, ლიკა ოსაძე
მსახიობი ნინო მუმლაძე „სარკესთან“ ყოველთვის გულახდილად საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც ბევრი საჯაროდ ლაპარაკს ერიდება. ამჯერად ის წონის კლების მცდელობებზე, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, თავის ახლანდელ ცხოვრების წესზე, თვითნებური დიეტების მძიმე შედეგებსა და იმ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ბარიატრიულ ოპერაციაზე უარი თქვა.
__ ნინო, ცნობილია, რომ თქვენ წონის დასაკლებ პროგრამაში მიგიწვიეს. დათანხმდით ამ წინადადებას?
_ ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელობა გამესაუბრა, უფრო სწორად, პიარს ჰქონდა ინტერესი და შემომთავაზეს ბარიატრიის ალტერნატიული ვერსია. თავიდან მინდოდა ენდოსკოპური ბარიატრიის გაკეთება. პიარმა დამაკავშირა ერთ-ერთ კლინიკასთან. კლინიკის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უფასო პროცედურას არ ჩამიტარებდნენ. გულისწყვეტა გამოვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ ინფლუენსერებს გაცილებით ძვირადღირებულ ოპერაციებს უფასოდ უკეთებდნენ.
ვიდეო როცა ჩავწერე, ძალიან ბევრი კლინიკა დამიკავშირდა და უფასოდ შემომთავაზეს ბარიატრია. მერე ის კლინიკაც დამიკავშირდა და მითხრა, სიახლე გვაქვს და თანახმა ვართ, ის პროცედურა, რაც თქვენ გინდოდათ, უფასოდ გაგიკეთოთო, მაგრამ უარი ვთქვი.
__ უარის მიზეზი რა იყო?
_ ბარიატრიული ოპერაციის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე. აღმოჩნდა, რომ მთლად ასე მარტივიც არ ყოფილა. ენდოსკოპური ბარიატრიის გაკეთება იგივეა, რაც ბარიატრიული ოპერაცია. მასაც იგივე პროცესები მოჰყვება, რაც ბარიატრიის ოპერაციას, ამიტომ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევისგან შევიკავე თავი.
ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება პრინციპულად არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება, ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორგანიზმი იმდენად იფიტება, რომ მუდმივად დამოკიდებული ხდება აბებსა და გადასხმებზე. ორგანიზმი სრულფასოვნად ვერ იღებს ვერც ვიტამინებს და ვერც მინერალებს.
აქტიურ რეჟიმში ვცხოვრობ, ჩემთვის ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მივედი ჩემს ენდოკრინოლოგთან, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია და რეჟიმით 6 კილო დავიკელი. ექიმს არაფერი განსაკუთრებული დიეტა არ დაუნიშნავს, უბრალოდ, კვება იყო ჩემზე მორგებული. შეიძლება იმდენი ვერ დავიკლო, რასაც ოპერაცის შედეგად დავიკლებდი, მაგრამ მირჩევნია, თავს ჯანსაღად ვგრძნობდე, ვიდრე ქირურგიული ოპერაციები ჩავიტარო.
__ დიდი ხანია, რაც ამ ექიმთან გაქვთ ურთიერთობა?
_ ალბათ 20 წელია. როცა წონა ძალიან გამექცევა, მას მივმართავ ხოლმე. ამჟამად პატარა პრეპარატების ჩარევაც დამჭირდა, რადგან პრედიაბეტი მაქვს. სისხლში მაღალი შაქარი და მაღალი კორტიზოლი წონის დაკლებაში მიშლიდა ხელს. როცა შაქარმა და კორტიზოლმა დაიწია, მერე დავიკელი კიდეც.
__ რამდენი წლის იყავით, პირველად წონა რომ გაგექცათ?
_ ეს პრობლემა სტუდენტობის პერიოდში დამეწყო. მანამდე ნორმალური წონა მქონდა. როცა თეატრალურში ჩავაბარე, ყველამ მითხრა, რომ უფრო გამხდარი უნდა ვყოფილიყავი. პუტკუნა არ ვიყავი, უბრალოდ, ქალური ფორმები მქონდა.
იმ დროს ასეთი სტერეოტიპი არსებობდა _ მსახიობი ძალიან გამხდარი უნდა ყოფილიყო. ძალიან ნორმალურად გამოვიყურებოდი, მაგრამ ლექტორების და ჩემი მომავალი კოლეგების მუდმივი მინიშნება წონასთან დაკავშირებით რაღაცნაირად მოქმედებდა ჩემზე.
მუდმივი ზეგავლენის გამო სტუდენტობიდან დავიწყე დიეტა. ზუსტად ამ თვითნებურმა დიეტებმა მიმიყვანა იქამდე, რომ ამერია ნივთიერებათა ცვლა და დავიწყე წონაში მომატება. ამიტომაც ყველას ურჩევ, თვითნებურ დიეტას ნუ მიეძალებიან, მიმართონ პროფესიონალს და ისე დაიკლონ წონაში. თვითნებური დიეტებით ორგანიზმი გავინადგურე.
__ გამოდის, სტუდენტობის დროს ასეთი მწვავე რეაქცია რომ არ ჰქონოდათ თქვენს წონაზედა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ რომ არ ყოფილიყავით, დღეს ეს პრობლემა არ გექნებოდათ.
_ კი, ასე გამოდის. ყოველი დიეტის შემდეგ ორმაგად ვიმატებდი. სულ ვშიმშილობდი და მუდმივი შიმშილისგან წონასწორობას ვკარგავდი, მაქანავებდა. ლექციებზე ისეთი მშიერი დავდიოდი, რომ ერთხელ გულისწასვლამდე მივედი. ამ დიეტებით გავიფუჭე მთელი ორგანიზმი. მერე ამან კვებაზე დამოკიდებულება გამოიწვია, ამიტომ ვაბრალებ ყველაფერს თვითნებურ დიეტებს.
__ სპორტდარბაზში არ დადიოდით?
_ კი, მქონდა ეს პერიოდიც, მაგრამ ვარჯიში დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს. ჩემთვის ტანჯვაა ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწვრთნელები მყავდა, შედეგიც რამდენჯერმე დავდე, ვარჯიში ჩემთვის ტანჯვა და წვალებაა. სიმართლე გითხრათ, ჩემი შვილის მოვლა და დევნა საკმაოდ კარგი ვარჯიშია.
__ თქვენი ვიდეო ვნახე, რონი 2 წლის გახდა. ისეთ ასაკშია, როცა ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ. აქტიური ბავშვია?
_ დიახ, 28 მაისს ჩემი რონი 2 წლის გახდა. გაიზარდა და ისეთი აქტიური გახდა, რომ აივანზე გისოსები დავაყენე. ყველგან ძვრება, ყველაფერზე ადის და ყველაფერი აინტერესებს. მიხარია, რომ ზაფხულია, რადგან მთელ ჩემს დროს რონის დავუთმობ.
დაბადების დღე ბავშვთა ცენტრში აღვნიშნეთ. ძალიან გაუხარდა, ბედნიერი და კმაყოფილი იყო. ლამაზი და კარგი დღე ვაჩუქე.
__ ზაფხულში რაიმე შემოქმედებითი გეგმები ხომ არ გაქვთ ან რაიმე შემოთავაზება?
_ ისეთი არაფერი. პრემიერა გვქონდა სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ვითამაშე მართას როლი, რომელიც ზურიკელას თბილისში ბინას მიაქირავებს. მართას როლზე მე და ნინო ლეჟავა დუბლიორები ვართ. ამ როლზე გრიმი თავად გავიკეთე, რითაც ძალიან ვამაყობ. მეხერხება გრიმის გაკეთება და ყოველთვის ვცდილობ, ჩემით გავიკეთო, თუ რამე რთული დეტალი არ არის. გარდასახვა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ასევე საბავშვო სტუდია „ტელე-კინო აკადემიაში“ მიმიწვიეს და პირველად, როგორც რეჟისორმა, დავდგი სპექტაკლი „ლურჯი ფრინველი“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს გასტროლები აქვს სამეგრელოს დიდ ქალაქებში. შემდეგ ოჯახთან ერთად ზღვაზე და მთაში ვაპირებ დასვენებას. როგორც გითხარით, ძალიან მიხარია, რომ ამ ზაფხულს შვილთან ერთად ვიქნები და მთელ დროს მასთან გავატარებ.
