„სარკე“
ქართული კინოს უკვე ლეგენდად ქცეული გენიალური რეჟისორი, ელდარ შენგელაია, „სარკესთან“ ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა თავისი ცხოვრების ეპიზოდებსა თუ კინოგადაღებების ისტორიებს. ამჟამად კინოკომედია „შერეკილების“ შესახებ მის ნაამბობს შემოგთავაზებთ, საიდანაც ჩანს, რომ თვითონ გადაღების პროცესი უკვე ცალკე კომედია იყო.
აქვე შესავლისთვის დავამატებთ, რომ ერთხელ კინოვარსკვლავმა სოფი ლორენმა ქართული კინოკომედია „შერეკილები” მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე ნახა და აღფრთოვანდა. სეანსის დამთავრების შემდეგ სასტუმრო „როსიას” ფოიეში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ბორის წიფურიას გამოელაპარაკა, მოგვიანებით კი თავის ინტერვიუში აღნიშნა: “მოსკოვში კინოფესტივალზე ვნახე ელდარ შენგელაიას “შერეკილები”. ეს ფილმი საბჭოთა კინოს გამარჯვებად მიმაჩნია. განსაკუთრებით ბორის წიფურია მომეწონა. თამამად შემიძლია, იგი კომედიური ჟანრის ფრანგ და იტალიელ მსახიობთა გვერდით დავაყენო”.
„შერეკილები” დღეს უკვე ქართული კომედიის კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს. ელდარ შენგელაიამ ფილმი 1973 წელს „ქართული ფილმის” ბაზაზე გადაიღო. სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა, კომპოზიტორი – გია ყანჩელი. ფილმის გადაღება თბილისში, კასპსა და მუხრანში მიმდინარეობდა.
ელდარ შენგელაია „სარკესთან“ იხსენებდა:
_ როცა ამ ფილმის გადაღება გადავწყვიტე, უკვე ცხადად მქონდა წარმოდგენილი, ვის რა როლი უნდა ეთამაშა. ბორის წიფურიას კინოსტუდიაში შემთხვევით შევხვდი და სცენარი შევთავაზე. მინდოდა, მღვდლის როლი ეთამაშა და ვუთხარი, სცენარის წაკითხვისას ამ გმირისთვის მიექცია ყურადღება. გახსოვთ ალბათ მღვდელი, რომელიც მიზანა ბრეგვაძის ვალებს ითვლის. ეპიზოდური როლია, მაგრამ საინტერესო. ბორიამ რომ წაიკითხა, მაინცდამაინც არ აღფრთოვანდა. ყველაზე მეტად ვასილ ჩხაიძის (“ბიძია ბაბუა”) და ციხის უფროს ხუტა ოდიშარიას როლები მოეწონა. მოვიდა და მითხრა, სიამოვნებით ვითამაშებდი ხუტა ოდიშარიას როლსო. შევიცხადე, რადგან ამ როლისთვის უკვე დამტკიცებული მყავდა იპოლიტე ხვიჩია, რომლისთვისაც სცენარი რეზო გაბრიაძემ სპეციალურად დაწერა. რეზოს ძალიან უნდოდა, რომ იპოლიტეს ეთამაშა, ორივე ქუთაისიდან იყვნენ და მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
_ თქვენც ამ როლზე მხოლოდ იპოლიტე წარმოგედგინათ?
_ ჩემთვისაც აბსოლუტურად მისაღები იყო. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე მსახიობი გავსინჯე ამ როლზე _ რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ ზაუტაშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მაგრამ იპოლიტეზე შევჩერდით. ბორიას ვუთხარი, არიადნა (არიადნა შენგელაია, ელდარ შენგელაიას მაშინდელი მეუღლე _ მარგალიტას როლის შემსრულებელი. ე.პ.) დაიღალა ამდენი სინჯებით და ახლა კიდევ შენ რომ გაგსინჯო, გადაირევა-მეთქი. მე მივალ არიადნასთან და ვეტყვიო. დაითანხმა. სხვათა შორის, სანამ ბორიას ამ როლზე დავამტკიცებდით, ძალიან ინერვიულა. გულით უნდოდა, ეთამაშა. თურმე სახლშიც ვერ ისვენებდა. როცა მისმა მშობლებმა ნერვიულობის მიზეზი გაიგეს, უთხრეს, “შერეკილები” თუ არის, აუცილებლად დაგამტკიცებენ, რას ნერვიულობო.
_ ამ გადასახედიდან წარმოუდგენელია, ვის შეიძლებოდა ეთამაშა ეს როლი ბორის წიფურიაზე უკეთესად. მას კოსტიუმი ვინ შეურჩია, პერსონაჟის წარმოსაჩენად ამას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?
_ მართლაც ასეა, კოსტიუმის შერჩევას საგანგებოდ შევუდექით. რამდენიმე დეტალი თვითონ დაუმატა. ყველაზე მეტად მისი ფაფახის მოძებნა გაძნელდა. ის ფაფახი, რომელიც მას ფილმში ახურავს, ძაღლის ბეწვისგან იყო დამზადებული და საშინელი სუნი ჰქონდა.
_ ფილმში მარგალიტას თქვენი ყოფილი მეუღლე, ქალბატონი არიადნა თამაშობს. როგორი იყო ცოლთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობა?
_ ამ ფილმამდე არიადნას უკვე ნათამაშები ჰქონდა რაღაც როლები, საბჭოთა კავშირის კინოვარსკვლავად ითვლებოდა. გახსოვთ ალბათ ეპიზოდი, ხუტა რომ მიადგება მარგალიტას სახლში და ეხვეწება, შემომიშვიო. მარგალიტა კი პასუხობს, ვერ შემოგიშვებ, სახლს ვალაგებო. ხუტა ეუბნება: “მე, მე დაგილაგებთ, ჩემო მარგალიტა!”. ეს ეპიზოდი რამდენჯერმე მხოლოდ იმიტომ გადავიღეთ, რომ არიადნა სიცილს ვერ იკავებდა. რამდენჯერაც მივედით აქამდე, იმდენჯერ ახარხარდებოდა. ამიტომ გადაღების პროცესი ცოტათი გაგრძელდა. არიადნამ ქართული არ იცოდა, ფილმში მას სხვა ახმოვანებს.
_ კომედიის გადაღებას ალბათ ბევრი კომიკური სიტუაციაც ახლდა, რა თქმა უნდა, ისეთი, სცენარით რომ არ იყო გათვალისწინებული.
_ ერთ-ერთი ეპიზოდი მტკვარში უნდა გადაგვეღო, სადაც ციხის პერსონალი ცხენებს აბანავებს და ციხის უფროსიც მათთან ერთად ბანაობს. საერთოდ, გადაღებებზე მსახიობებს თავისუფლებას ვაძლევ. შეუძლიათ, თავიანთი ინტერპრეტაციითაც ითამაშონ, თუ რეჟისორისთვის მისაღები იქნება.
წიფურიას სხვა აზრი მოუვიდა თავში _ ციხის ეზოში კასრი დავდგათ, შიგ ჩავჯდები და ჩემი ხელქვეითები წყალს დამისხამენო. ეს იდეა მაშინ მითხრა, როცა გადასაღებ მოედანზე მივდიოდით. ვუთხარი, კარგი იდეაა, მაგრამ ამ დილაადრიან კასრი და შამპუნი სად ვიშოვოთ-მეთქი. მაგაზე ნუ წუხარ, შამპუნები უკვე მაქვს და კასრს ღვინის ქარხნიდან გამოვიტანთო.
დავიწყეთ ამ ეპიზოდის გადაღება. კასრში შამპუნები ჩავასხით, მაგრამ არ აქაფდა, რადგან წყალი ცივი იყო. მერე გავაცხელეთ და ხელმეორედ ჩავასხით. მგონი, საინტერესო გამოვიდა. ასევე საინტერესო იყო მისი დამარხვის სცენა. საფლავი საკმაოდ ღრმა იყო. ხუტა ხალიჩაში უნდა გაეხვიათ და ისე ჩაეწვინათ, მაგრამ ბორიამ გაგვიპროტესტა _ ჯობია, შიგნით ჩააფინოთ, რომ ჩამაგდებთ, რამე არ ვიტკინოო.
იმ ეპიზოდს _ მარგალიტას ქმარი, ტრიფონი, კარტოფილით სავსე ტომარას რომ ისვრის, ერთი გლეხის ოჯახში ვიღებდით. იმდენჯერ გავიმეორეთ ეს სცენა, რომ სახლის პატრონს სახურავი სულ დავუმტვრიეთ და მერე გვიჩიოდა.
_ სხვა ფილმების მსგავსად, ალბათ ამ ფილმსაც შეხვდა რაღაც წინააღმდეგობები საბჭოთა ცენზურის მხრიდან.
_ სამწუხაროდ, ფილმმა საკონკურსო ეტაპები ვერ გაიარა. საბჭოთა მთავრობას არ მოეწონა, რომ ადამიანი იმდენად თავისუფალი იყო, ფრენა შეეძლო.
