„მამას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ახლობელმა სიზმარში ნახა, რომ მამას ლევანიკომ ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა“
     ლევან კბილაშვილის ოჯახის ორმაგი ტკივილი

„მამას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ახლობელმა სიზმარში ნახა, რომ მამას ლევანიკომ ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა“„სარკე“, რუსუდან ადვაძე

2022 წელს სრულიად მოულოდნელად გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დამ, სალომე კბილაშვილმა, გვითხრა, რომ ახლა მის გულში ტკივილი და სიამაყე ერთმანეთს ენაცვლებიან ღირსეული ძმისა და ღირსეული მამის დაკარგვის გამო. ლევანს რომ არაფერი ეშლებოდა ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს მამის მაგალითის დამსახურება იყოო, ამბობს „სარკესთან“ სალომე.  ჯემალ კბილაშვილი სწორედ იმ დღეს გავიდა ამქვეყნიდან, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, შეუძლოდ შეიქნა და ღვთივმიიცვალა. როგორც სალომე გვიამბობს, ბატონი ჯემალი იყო ის კაცი, რომელიც 9 აპრილის ღამეს, პატრიარქს უკან ედგა და ხელებგაშლილი იცავდა…

ჯემალ კბილაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი შვილის გარდაცვალებიდან მალევე დაუსვეს. ონკოლოგიური დაავადება აქვს მის მეუღლეს, ქალბატონ მარიტასაც, რომელიც ასევე ლევანის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა…

კბილაშვილებს ლევანის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ. სალომე ერთ-ერთ კერძო სკოლაში სასწავლო ნაწილის პოზიციაზე მუშაობს და დაწყებით საფეხურზე ქართულსა და მათემატიკას ასწავლის, შალვა კი ახლახან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

სალომე კბილაშვილი „სარკეს“ მშობლებსა და იმ მოუშუშებელ ტკივილზე მოუყვა, რომელსაც ლევანი ჰქვია:

_ როგორც ლევანზე მაქვს განცდა, რომ მოსკოვშია, ახლა მამაზეც იგივე მემართება _ თითქოს საავადმყოფოშია.

_ მამა დიდიხანი ავადმყოფობდა?

_ მამას ავადმყოფობის ამბავი ლევანიკოს გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ. დედა და მამა მის საფლავზე ყოველდღიურად, დღეში ორჯერ ადიოდნენ. პირველ წელს მთელი ზამთარი ფაქტობრივად სასაფლაოზე გაატარეს… მამას ფეხის ტკივილი დაეწყო და ჩავთვალეთ, რომ გაცივდა. იმკურნალა კიდეც, მაგრამ მერე ტკივილები გაუძლიერდა და მივიყვანეთ კვლევებზე. აღმოჩნდა, რომ სიმსივნე ჰქონდა. დავიწყეთ მკურნალობა, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. შაქარიც ჰქონდა მამას, მაგრამ მაინც სტაბილურად იყო.

შარშან გაზაფხულზე კი გავიგეთ, რომ დედასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მასაც გავუკეთეთ ოპერაცია, ჩაუტარდა ქიმიოთერაპიები… დედა მთელი ზაფხულის განმავლობაში ისე ცუდად იყო, რომ ლევანიკოსთან ასვლას ვეღარ ახერხებდა. ამ ყველაფერს რომ უყურებდა მამა, იმდენად ნერვიულობდა, საერთოდ აღარაფრის გაკეთების სურვილი აღარ ჰქონდა.

უკვალოდ ხომ არაფერი ქრება. ამხელა სტრესი გვაქვს ყველას, რომელიც არ ნელდება. მამა ამ წლის 2 იანვრიდან დამძიმდა და მას მერე საავადმყოფოს ვერ მოვშორდით _ შეგვყავდა, გამოგვყავდა.

ერთხელ, კლინიკიდან მორიგი გამოსვლის შემდეგ, თავისი ფეხით მოვიყვანეთ სახლში და პირჯვარი გადაიწერა, უხაროდა, რომ თავისი ფეხით დაბრუნდა შინ. ერთი კვირაც არ გასულა, რომ ისევ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ყოველდღიურად უფრო და უფრო უმძიმდებოდა მდგომარეობა.

ტელეფონზე ზარად მაქვს დაყენებული ლევანის სიმღერა „ისევ მიდიხარ“. მამას არასოდეს უთხოვია, მისი სიმღერისთვის მოესმინა. არც ახსენებდა, ისე იკლავდა გულში თავის განცდას და მონატრებას. ყოველ დილით მოწესრიგდებოდა თუ არა, მივიდოდა იქ, სადაც ლევანიკოს სურათები გვაქვს და სანთელს ანთებდა. ან მივიდოდა, დაჯდებოდა და იჯდა ასე მარტო. მხოლოდ ეს იყო მისი მონატრების გამოხატვა, სხვაგვარად არ ახსენებდა ლევანს.

ერთ დღეს კი, საავადმყოფოდან რომ მოგვყავდა და ჩემი ტელეფონის ხმა გაიგო, მთხოვა, ჩამირთეო და თავიდან ბოლომდე მოუსმინა. არაფერი უთქვამს, ისე უსმინა…

ისე წავიდა მამა, რომ ამის შემდეგ ლევანიკო აღარ უხსენებია. თავადაც ხვდებოდა, რომ ძალიან მძიმედ იყო. ერთხელ მითხრა, რომ იცოდე, მამა გიკვდება და ბავშვებს მიხედეო. ტირილით გამოვედი და დედამ მკითხა, რა გითხრაო. არ ვუთხარი, რადგან აღარ მინდოდა, დედას ენერვიულა. ყველამ ვიცოდით მისი მდგომარეობა, მაგრამ დედა ბოლომდე იბრძოდა მამასთვის _ ამას ვაჩვენოთ, ის გავაკეთოთო… ჩვენ შეუძლებელი შევძელით, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ახლა კი ალბათ დაისვენა, თავის მონატრებულ შვილთან რომ წავიდა.

მამა იურისტი გახლდათ და მოჭიდავე, ძიუდოისტი. წარმატებული იყო, როგორც პოლიციელი და როგორც სპორტსმენი. სულ მეამაყებოდა _ ჯერ მისი შვილები ვიყავით, მერე ჩემი უფროსი ძმის, შაკოს, და-ძმა ვიყავით მე და ლევანი, მერე კი ყველანი ლევანისი ვიყავით _ მშობლებიც და და-ძმაც.

_ დედათქვენი წერდა სოციალურ ქსელში მამათქვენზე, ზუსტად მაშინ დამძიმდა, როდესაც პატრიარქი და იმავე დღეს გარდაიცვალაო…

_ დიახ. ჯერ მამა დამძიმდა. ექიმმა დამირეკა კლინიკიდან, იქნებ მოხვიდეთო და გაირკვა, რომ დამძიმდა, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ცოტა ხანში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტრიარქსაც ზუსტად იგივენაირად დაემართა და ერთ დღესაც წავიდნენ ამქვეყნიდან.

ჩვენ, ყველას, განსაკუთრებული პატივისცემა გვქონდა პატრიარქის მიმართ. მამა ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებით მოიხსენიებდა. 9 აპრილს ილია II დაშლისკენ რომ მოუწოდებდა დემონსტრანტებს, იმ დროს მამა ედგა უკან. მამა სულ პოლიციაში მუშაობდა და იმ დღესაც მას იცავდა. ერთ-ერთ გაზეთშიც დაიბეჭდა ფოტო, სადაც მამა ჩანდა პატრიარქის უკან. ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს სცემდა. თან ჩემი ტყუპი შვილების ნათლია იყო ილია II.

მამას პანაშვიდზე ვინც მოდიოდა, ჩვენგან პატრიარქის პანაშვიდზე მიდიოდა და პირიქით _ იქიდან მოდიოდნენ ჩვენთან. ყველა ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში მუშაობდა და მაშინ სხვანაირი დრო იყო, არ გააფუჭა ფულმა თუ თანამდებობამ და ბოლომდე კაცად დარჩაო. მე კი ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ჯემალის შვილი და ლევანის და ვარ.

ჩემი მეორე ძმა, შაკო, ბოლო დროს აღარ მუშაობდა პოლიციაში, რის გამოც მამას გული სწყდებოდა. მამას ორმოცის შემდეგ კი ისევ აღადგინეს შს სამინისტროში და დააწინაურეს. ახლა ალბათ მამაც გაიგებდა და ლევანიც იქ, ზემოთ. მჯერა, რომ ჩვენ ახლა ცაში ორი მფარველი ანგელოზი გვყავს.

ლევანიკო ძალიან ჰგავდა მამას. ერთი პერიოდი მანაც ულვაშები მოუშვა და ამბობდა, ჰა, ახლა ხომ ვგავარ შალვოვიჩსო. მამა ძალიან დიდი, წარმოსადეგი კაცი იყო. მერე კი ტკივილმა დააპატარავა. სულ სხვანაირი ჯემალი გახდა.

ლევანიკოს რომ ურთიერთობებში არაფერი ეშლებოდა, რა თქმა უნდა, ეს მამის და ოჯახის დამსახურება იყო _ ოჯახში ხედავდა ქალის, მეგობრის თუ სხვა ადამიანთა პატივისცემას. უყურებდა, როგორ იქცეოდა მამა ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში და სწორედ მამა იყო მაგალითი, რომ ლევანი გახდა ისეთი, არც მას ეშლებოდა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი მშობლების ჩხუბი არც მახსოვს. ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იყვნენ სავსე.

ლევანიკომაც იურიდიულზე ჩააბარა თავიდან, მამისა და ძმის კვალს გაჰყვა. შს სამინისტროში მუშაობდა, სანამ მოსკოვში წავიდოდა. სულ იმას ამბობდა, არ არის პოლიცია ჩემი საქმე, თქვენი ხათრით ჩავაბარე იურიდიულზე, თორემ მე თეატრალურის დამთავრება მინდოდაო, თუმცა არავის დაუძალებია ეს ამბავი.

_ ლევანს შვილი არ დარჩა. თქვენ და თქვენს უფროს ძმას რამდენი შვილი გყავთ?

_ ჩემს ძმას ორი გოგონა ჰყავს და მეც სამი გოგოს დედა ვარ. უფროსი გოგო 20 წლის არის, ტყუპები 12-ის არიან. მამაჩემი საოცარი პაპა იყო. ჩემი უფროსი შვილი სამედიცინოზე სწავლობს და ის უვლიდა მამაჩემს. სულ გზას გაჰყურებდა მამა _ არ მოდიან ბავშვებიო…

ბოლოს რეანიმაციაში იწვა ძალიან მძიმე პაციენტების გვერდით. თავად გონზე იყო, ჩვეულებრივად საუბრობდა, გვეხვეწებოდა, სახლში წამიყვანეთო, მაგრამ არ გამოუშვეს. ფილტვებში წყალი უდგებოდა და დრენაჟი ჩაუდგეს. შაბათი იყო, რომ შევედი რეანიმაციაში. მთხოვა, სახლში წამიყვანეო. შევპირდი, ორშაბათს წაგიყვან-მეთქი. სუსტად იყო, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ რამდენიმე დღეში აღარ იქნებოდა.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, კარგად რომ ვერ დავემშვიდობე. ვფიქრობ, ალბათ ჩემზე გაბრაზებული წავიდა იმქვეყნად, რადგან კვირას აღარ მივედი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, არ გამოუშვებდნენ და ამის გამო მიბრაზდებოდა. ორშაბათს კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სუნთქვა არ მოსწონდათ და ხელოვნურ სუნთქვაზე უნდა გადაეყვანათ. რომ მივედი, აღარ შემიშვეს, რომ მენახა მაინც… ახლა სულ ვფიქრობ, ჩემზე ხომ არ გაბრაზდა, რომ ვერც გამოყვანა შევძელი და ვერც კარგად დავემშვიდობე-მეთქი.

_ დედა როგორ არის ამ ყველაფრის ფონზე?

_ ძალიან ცუდად არის დედა. მამამ ლევანის ტკივილი გაგვიახლა. ეს იმხელა ტკივილია, ვერაფერს შევადარებ. ლევანის გარდაცვალება  მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. მამაზე ასე თუ ისე ვიცოდით, რომ ცუდად იყო და ბოლო 3 თვე საავადმყოფოს კარს ვერ მოვცილდით, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ტკივილი იყო. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, ისევ დედას უჭირს. მისთვის და ჩვენთვისაც მამა ძალიან დიდი დასაყრდენი იყო.

ვაგრძელებთ ცხოვრებას, გვინდა თუ არ გვინდა. შვილები გვყავს, რომლებსაც მიხედვა სჭირდებათ. ვცდილობთ, ეს ისე გავაკეთოთ, როგორც მამას და ლევანს ესიამოვნებოდათ. სიამაყე და ტკივილი ერთად უცნაური განცდაა.

ლევანის გარდაცვალების შემდეგ ნებისმიერი ჩემი გაცინების, სადმე წასვლის გამო, იცით, როგორი შეგრძნება მქონდა? რომ რაღაცას ვაშავებდი. რომ გავიცინებდი, მეგონა, დანაშაულს ჩავდიოდი. ჩემს გულში რას ვგრძნობდი, ეს მხოლოდ მე ვიცოდი. ამდენი ხანია, ამ ტრაგედიით ვცხოვრობ და ვცდილობ, სხვებს არ ვაგრძნობინო. ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა და საკლასო ოთახის კარს რომ შევაღებდი, მორჩა, დამთავრებული იყო ჩემი ტრაგედია. ვერავინ მიხვდებოდა იმას, რომ მე რაღაც პრობლემა მქონდა. ეს ასეც უნდა იყოს.

მამას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემმა ახლობელმა სიზმარში ნახა, რომ მამას ლევანიკომ ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა… მანამდე ვიღაცებმა ნახეს, რომ ლევანი ძალიან მოწყენილი იყო. წინა დღეს დედამაც მითხრა, უცნაური სიზმარი ვნახე ლევანიკოზე, მაგრამ არ ვთქვიო…

_ ლევანის გარდავალების წინაც გქონდათ ოჯახში რაიმე წინათგრძნობა?

_ საერთოდ არაფერი. წინა საღამოს დედა მთელი 2-3 საათი ელაპარაკა, კონცერტის ამბები მოუყვა ლევანმა. დედა ყოველდღიურად, თბილისის დროით 12-13 საათზე ურეკავდა ხოლმე. იმ დღეს კი არ დაურეკავს. მე კი ლევანის გარდაცვლების შესახებ „მესინჯერში“ ჩაგდებული პოსტით გავიგე _ ვიღაც ბიჭი ემშვიდობებოდა ლევანს და ფოტო ედო. ახლობელმა ჩამიგდო, ეს რა არის, რა ხდებაო. როგორც მითხრა, ეგონა, ტყუილს ავრცელებდა ვიღაც. შეშინებულმა დედაჩემთან ვერ დავრეკე და დავიწყე სხვებთან რეკვა.

იმ დღეს უცნაურად მშვიდად იყო დედა და არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონდა. მერე კი ეს საშინელი ამბავი  ელვის სისწრაფით მოედო მთელ სოციალურ ქსელს…