„სარკე“, ავთო ჩიტიძე
ბრაზილიელი ინტერნეტვარსკვლავი, ჯიქეი, ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი ამპლუით წარდგა _ ის ქართული მეგაპროექტის, „ნიჭიერის“, ჟიურის წევრია. ჟესიკა კაიანე, რომელიც მილიონობით ადამიანმა იუმორისტული ვიდეოებით, გამორჩეული სტილითა და ექსტრავაგანტური პერსონით გაიცნო, საქართველოში ჩამოვიდა, რათა პროექტის მონაწილე ნიჭიერი ადამიანები შეაფასოს.
სამშობლოში ჟესიკამ პოპულარობა სოციალურ ქსელებში მოიპოვა, მოგვიანებით მსახიობობას მიჰყო ხელი და მოდის სამყაროშიც დაიმკვიდრა ადგილი. ახლა კი საინტერესოა, როგორ შეაფასებს ქართველი კონკურსანტების შესაძლებლობებს ქალი, რომელმაც თავად იცის, რას ნიშნავს აუდიტორიის ყურადღების მოპოვება და მილიონობით ადამიანისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარდგენა.
ფლაერების დამრიგებლობიდან მილიონობით გამომწერამდე, იუმორისტული ვიდეოებიდან „ნეტფლიქსამდე“, გრანდიოზული წვეულებებიდან საჯარო სკანდალებამდე _ GKAY-ის ცხოვრება თავად ჰგავს შოუს, რომელშიც მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნებები არასოდეს მთავრდება.
მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჟესიკა კაიანე როშა დე ვასკონსელოსი. ბრაზილიაში ის უბრალოდ არის GKAY _ ქალი, რომელმაც საკუთარი სახელი ციფრული ეპოქის ერთ-ერთ ცნობად ბრენდად აქცია. მისი ისტორია სულაც არ დაწყებულა ფუფუნებითა და მილიონებით. კარიერის დასაწყისში ჟესიკა ფლაერებს არიგებდა, მაღაზიაში მუშაობდა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
2021 წელს გამოცემა UOL-თან საუბრისას ჟესიკა იხსენებდა, რომ თვეში სულ რაღაც 200 ბრაზილიური რეალით (ქართული ვალუტით 104 ლარით) უწევდა ცხოვრება. დღეს კი მისი სახელი ასოცირდება მილიონობით გამომწერთან, ცნობილ ბრენდებთან, კინოსთან და ბრაზილიის შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ღონისძიებასთან, რომელსაც ყოველ დაბადების დღეს აწყობს. მის 200 მილიონ გამომწერს მალე ქართველებიც შეემატებიან, რადგან „ნიჭიერში“ არაერთი კონკურსანტის გული უკვე დაიპყრო.
„სარკემ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ბრაზილიელ ვარსკვლავთან ინტერვიუ, რომელშიც ჟესიკა თავის ცხოვრებასა და საქართველოში გატარებული დღეების ემოციებს გვიზიარებს.
_ როგორია თქვენი წარმატების ფორმულა, რა მიზანი გქონდათ და რას მიაღწიეთ?
_ ჩემი წარმატების ფორმულა არის ის, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. ყველა ემოციას და საკუთარ ცხოვრებას საზოგადოებას პირდაპირ და შეულამაზებლად ვაწვდი. ამან შემიწყო ხელი, რომ მოვსულიყავი იქამდე, სადაც ვარ დღეს. საზოგადოებასთან ჩემი მთავარი იარაღი ყოველთვის იყო სწორი კომუნიკაცია. ანუ შეიძლება ბევრი რამ არ მქონოდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, მქონოდა სწორი კომუნიკაცია და ასე დამემყარებინა ყველასთან კარგი კავშირი. სადაც უნდა მივსულიყავი, ბავშვობაშიც კი, ყველას ვამხიარულებდი.
_ დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველა ოცნება აიხდინეთ?
_ ბავშვობაში ჩემი მთავარი ოცნება იყო, დავხმარებოდი ჩემს ოჯახს და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ოცნება ამიხდა. მე შემიძლია ის გავაკეთო, რაზეც ვოცნებობდი კი არა, იმის თქმაც შემიძლია, ისეთებიც ამიხდა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა და არც მიოცნებია. დღეს ერთადერთი ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ ასასრულებელი მაქვს, არის ის, რომ გავხდე დედა. ღმერთი ისურვებს და ამ ოცნების ასრულებასაც შევძლებ. ამოჩემებული მაქვს, რომ მინდა, ტყუპები მყავდეს.
_ ახსენეთ, მინდოდა, ოჯახს დავხმარებოდიო. რა სირთულეები გამოიარეთ, სანამ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?
_ ჩემი ოჯახი ყოველთვის იყო ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობების. ოჯახის წევრებს შორის პირველი ვიყავი, ვისაც სწავლის საშუალება მიეცა და მივიღე უმაღლესი განათლება; პირველი ვიყავი ოჯახში, რომელსაც ჰქონდა კარგი სამსახური კარგი ხელფასით. ჩემი ოჯახი ახლაც ღარიბია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ვეხმარები. ზოგადად ჩემ ირგვლივ ბევრს უჭირს ფინანსურად.
_ საიდან დაიწყო ყველაფერი?
_ ინტერნეტით გავხდი ცნობილი. ვდებდი ვიდეოებს ჩემს ცხოვრებაზე. ხალხი მიცნობდა, მაგრამ ფული მაინც არ მქონდა, ანუ ინტერნეტის სამუშაო არ მაძლევდა ფინანსურ შემოსავალს. მერე ნელ-ნელა დაინტერესდა ჩემით ტელევიზია და პოპულარობას უკვე ფინანსებიც მოჰყვა. დღეს ვფიქრობ, რომ მე ვარ უკვე არტისტი, ხელოვანი, მაგრამ ყველაფერი დავიწყე, როგორც ინფლუენსერმა.
_ „ტიკ-ტოკზე“ 20-მილიონიანი აუდიტორია გყავთ. როგორ შეაყვარეთ მათ თავი?
_ როცა დავიწყე, არ ვიცი, რა დავარქვა ამას, გადაცემა თუ რაღაც ვიდეოები ინტერნეტში, ვყვებოდი ჩემს ყოველდღიურობაზე შეულამაზებლად და იუმორით. ყოველდღე ვიღვიძებდი და ჩემს ცხოვრებას ვუჩვენებდი ხალხს, ყველაფერი იყო იუმორით ნაჩვენები და ამით შევუყვარდი ყველას. 20 მილიონი ადამიანის გულის მოგება ნამდვილად არ იყო ადვილი. 10 წელი დავხარჯე, რომ ნელ-ნელა აქამდე მოვსულიყავი.
_ პირველად ხართ საქართველოში?
_ როდესაც შემომთავაზეს ეს სამსახური, საქართველოში უკვე ნამყოფი ვიყავი ორჯერ. მე ძალიან კარგი მეგობრები მყავს საქართველოში. მათ ისე შემაყვარეს ეს ქვეყანა, რომ ყოველ ჯერზე დიდი სიხარულით მოვემგზავრები. დიდი სიხარულით დავთანხმდი „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობას, რადგან ასე უფრო ფართოდ გავიცნობდი ამ ქვეყანას თავისი ნიჭიერი ადამიანებით.
სხვათა შორის, საქართველოსკენ რომ მოვფრინავდი, სტამბულის აეროპორტში პასპორტის ფოტოსთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა. მიმტკიცებდნენ, არ ხართ ფოტოზე გამოსახული ადამიანიო. ბოლო დროს მართლა შევიცვალე. შემდეგ კი ბარგთანაც შემექმნა სირთულეები, მაგრამ მაინც ბედნიერი ჩამოვფრინდი თბილისში.
_ ახლა უშუალოდ „ნიჭიერზე“ ვისაუბროთ. უკვე ხართ აღფრთოვანებული და გაოცებული ქართველების ნიჭით?
_ კი, „ნიჭიერით“ ძალიან ნასიამოვნები ვარ. გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ახალგაზრდა და პატარა ასაკის ადამიანია ნიჭიერი. ამ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მთელი ქვეყანა გამეცნო. ალბათ სხვა შემთხვევაში წლები დამჭირდებოდა, რომ ქართული კულტურა ასე საფუძვლიანად გამეცნო.
_ ყველაზე მეტად მაინც რა გაოცებთ, რა იწვევს მძაფრ ემოციებს?
_ ყველაზე მეტად, რაც ჩემზე ახდენს შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული მუსიკა. ყოველ ჯერზე, როცა ქართულ მუსიკას ვუსმენ, ის მამოგზაურებს, რაღაც ძალიან ღრმა და დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. ეს არის მუსიკა, რომელიც გაფიქრებს, რომელსაც გადაჰყავხარ სხვა სამყაროში და ამიტომ ჩემთვის ძალიან დასაფასებელია.
_ თქვენ რა ნიჭი გაქვთ ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ იციან თუნდაც თქვენმა გამომწერებმა?
_ მათ ყველაფერი იციან ჩემზე, მაგრამ თუ მაინც ისეთ დამალულ ტალანტებზე ვილაპარაკებთ, ეს ალბათ იქნება „სამბა“. ვგიჟდები „სამბას“ ცეკვაზე და მთელი ღამე გაუჩერებლად შემიძლია ვიცეკვო.
_ ჟიურის სხვა წევრებზე რას იტყვით, რომელიმეს თუ დაუმეგობრდით, რამდენად კარგად გრძნობთ თავს მათ გარემოცვაში?
_ ჩემი ჟიურის წევრები ძალიან მიყვარს. მათ საოცრად თბილად მიმიღეს. ყველანი მეხმარებოდნენ და ახლაც მეხმარებიან, ცოტ-ცოტას ქართულს მასწავლიან. განსაკუთრებით ნუცასთან (მომღერალი ნუცა ბუზალაძე _ რედ.შენ.) მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. ის ნამდვილად ჩემი დიდი მეგობარია და ჩემ მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანია. ძალიან მიყვარს მათთან ყოფნა. ყოველთვის კარგ ხასიათზე, მხიარულები არიან, ყველაფერს მიზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ენობრივი ბარიერი მაქვს. წამყვანმა თიკა ფაცაციამ ცოტა ქართული ცეკვა მასწავლა და ეს ძალიან მახარებს.
_ ქართველი მამაკაცების ხასიათი და ტემპერამენტი თუ მოგწონთ? რამდენად განსხვავებულები არიან ბრაზილიელი მამაკაცებისგან?
_ ჩემთვის მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება პატივისცემის უნარია და ვხედავ, რომ ქართველი მამაკაცები ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევიან. ყველა მამაკაცი, ვისთანაც აქ ყოფნისას მქონია ურთიერთობა, ძალიან კარგად მექცევა. ჩემ მიმართ დიდი პატივისცემით არიან განწყობილი. ეს კიდევ უფრო მიძლიერებს აღფრთოვანებას ზოგადად ქართული კულტურისა და ქართველი მამაკაცების მიმართ.
