„სარკე“, ავთო ჩიტიძე
ზოგჯერ ინტერნეტვარსკვლავად ქცევას არც დიდი სცენა სჭირდება, არც პროფესიონალური კამერა და არც ცნობილი პროდიუსერი, საკმარისია ერთი ვიდეო, ბუნებრივი ხიბლი და ისეთი ენერგია, რომელსაც ეკრანის მიღმაც გრძნობენ. სწორედ ასე გაიცნო საქართველომ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ორი და _ ევა და ანამარია ბუთიაშვილები.
ყველაფერი ოჯახური ვიდეოებით დაიწყო, რომლებსაც გოგონების დედა, ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი, თავდაპირველად ახლობლებისთვის იღებდა. პატარა ევას განსაკუთრებულმა არტისტიზმმა, კახურმა კილომ, იუმორმა და უშუალობამ კი სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. დღეს დებს მილიონობით ადამიანი იცნობს, მათი ვიდეოები მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღებასაც იქცევს, მათ შორის აღმოჩნდა სელინ დიონიც.
ევა და ანამარია უკვე „რუსთავი 2“-ის მეგა პროექტ „ნიჭიერის“ სცენაზეც გამოჩნდნენ და დიდ აუდიტორიას პირისპირ შეხვდნენ, მაგრამ როგორია მათი ცხოვრება პოპულარობის მიღმა? როგორ აღმოაჩინა დედამ შვილებში ეს განსაკუთრებული ნიჭი? როგორ შეხვდნენ გოგონები მოულოდნელ სუპერპოპულარობას და რა ოცნებები აქვთ მათ? ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას მრავლად აქვს, მათი დედა, ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი, გვიპასუხებს.
_ ქალბატონო ფიქრია, როდის და რატომ დაიწყეთ თქვენი შვილების ვიდეოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში?
_ ჩემი უფროსი გოგონა, ანამარია, თავიდანვე ფანდურზე დადიოდა. როცა მისი ნამღერი მომეწონებოდა, ვიდეოს ვიღებდი და სოციალურ ქსელში ვდებდი, რომ ახლობლებისთვის გამეზიარებინა. შემდეგ ევამაც მითხრა: „სულ ანამარიას რატომ აწერინებ? მოდი, მეც ჩამაწერინე!“. სიმღერა „დიპლიპიტო“ ჰქონდა დამახსოვრებული და ჩავწერეთ. თან კატეგორიულად მოითხოვა, სოციალურ ქსელში დამედო.
ვიდეო მოგვიანებით ავტვირთე, როცა დაიძინა. ვიფიქრე, ბავშვს ასე ძალიან უნდა-მეთქი. დილით, თვალი რომ გავახილე, გაოცებული დავრჩი _ ვიდეოს 70 000 მოწონება ჰქონდა. ასე გავრცელდა ჩვენი გოგონების ვიდეო.
_ პატარა ევას ასეთი არტისტულობა ვისგან გამოჰყვა, ვინ ასწავლა?
_ ევა ბუნებით არტისტულია. ამას ვერ ასწავლი და ვერც დააძალებ ადამიანს. თავიდანვე ასეთი იყო. შვიდი-რვა თვის ასაკში თუ ვინმე მოეფერებოდა, გაუღიმებდა ან ხელში აიყვანდა, მაგალითად, მეზობელი გარეთ გაიყვანდა და გაასეირნებდა, მადლიერების ნიშნად ხელზე კოცნიდა. სიყვარულს ასე გამოხატავდა.
_ რა ასაკში აიდგა ევამ ენა?
_ ერთი წლისა და შვიდი-რვა თვის ასაკიდან უკვე კარგად ლაპარაკობდა.
_ ვიდეოების გავრცელებამდე როგორი ბავშვი იყო, სოფელში, სამეზობლოში ყურადღებას იქცევდა?
_ ვიდეოების გავრცელებამდე ევა პოპულარული ბავშვი არ ყოფილა. ჩვეულებრივ ოჯახში იზრდება, რაც გვაქვს, ყველაფერი ჩვენი შრომით გვაქვს. ისე კი, სადაც უნდა წამეყვანა, ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. უცხოელი ტურისტებიც კი ეუბნებოდნენ, რა ლამაზი ხარ, რა კარგ ენერგიას აფრქვევო. დაბადების დღეებზე, გასართობ ცენტრებში, თბილისში თუ სხვაგან, ყველგან იქცევდა ხალხის ყურადღებას. ყოველთვის ეტყობოდა, რომ დიდი აუდიტორია სჭირდებოდა.

_ კახური კილოთი და საუბრის მანერით ვის ბაძავს, ჰყავს მისაბაძი პერსონაჟები?
_ არასოდეს არავისთვის მიუბაძავს. თავიდან არანაირი მისაბაძი პერსონაჟი არ ჰყოლია. ახლა, როცა ძველ ქართულ ფილმებს ვაყურებინებ, იქ პოულობს მიბაძვის ობიექტებს. ბოლო დროს სესილია თაყაიშვილის როლებს ირგებს. განსაკუთრებით მოსწონს ფილმები „ნატვრის ხე“ და „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
_ ამჟამად რამდენი გამომწერი გყავთ სოციალურ ქსელებში?
_ „ინსტაგრამზე“ 3,1 მილიონი გამომწერი გვყავს, „ფეისბუქზე“ _ 410 ათასი. „ტიკ ტოკზე“ 200 ათასამდე გამომწერი გვყავდა, მაგრამ ამ პლატფორმას ხშირად აღარ ვიყენებ და გამომწერების რაოდენობმაც იკლო.
_ თავად როგორ აღიქვა ევამ ეს პოპულარობა? მით უმეტეს, ახლა მეგა პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობს.
_ მოსწონს „ნიჭიერის“ სცენაზე დგომა, მოსწონს, რომ ხალხს უყვარს. ეს ძალიან სიამოვნებს. ევას სტიქია სცენაა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება დიდ სცენაზე და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწევს. ეს მისი მოწოდებაა. ეს არ ხდება დაძალებით ან ხელოვნურად, ევა სცენისთვის და აუდიტორიისთვის არის დაბადებული.
_ დები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან?
_ დიახ, ანამარია უფრო სერიოზული და დამთმობია, ევა კი სრულიად განსხვავებულია, არასდროს იღლება. ხასიათითაც და ენერგიითაც ძალიან განსხვავდებიან.
_ „ნიჭიერში“ ერთად გამოდიან?
_ დიახ, ერთად გამოვიდნენ. ევამ ცეკვა ჯერ არ იცის, მაგრამ ახლა ამბობს, ყველაფერს ვისწავლიო.
_ რა მოეწონათ ყველაზე მეტად, როცა ასეთი დიდი აუდიტორიის და ვარსკვლავური ჟიურის წინაშე წარდგნენ, რა ემოციებით ჩამოვიდნენ სცენიდან?

_ ევასთვის, თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია. მართლა გეუბნებით, იმ სცენაზე ჩამოყალიბებულ მომღერალს უფრო გაუჭირდებოდა გამოსვლა, ვიდრე ევას. ანამარია უფრო ღელავდა, მაგრამ ევას იმდენად მოსწონს ეს ყველაფერი _ სცენა, დიდი აუდიტორია, ყურადღება _ რომ მგონია, ყველგან შეძლებს თავის დამკვიდრებას.
_ არასდროს დაუწუწუნია, ყველგან მცნობენ და ეს მაწუხებსო? პოპულარობით ხომ არ დაღლილა?
_ არა, პირიქით, მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. არასდროს უკითხავს, ყველგან რატომ მცნობენო. იცის, რომ პოპულარულია. ხშირად ამბობს, ჩემი ვიდეოების გამო მიცნობენო და უცხო ადამიანებთანაც თავისუფლად ამყარებს კონტაქტს.
_ რა რეაქცია გქონდათ, როცა ევას ვიდეო სელინ დიონმა გააზიარა?
_ რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ევამ არც კი იცის, ვინ არის სელინ დიონი. წარმოიდგინეთ, გავაზში ცხოვრობს პატარა გოგონა, რომელიც ჩემი შვილია. ერთ დილას ვიღვიძებ და ვხედავ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ტელეფონში ჩემს შვილს უყურებს და მის ვიდეოზე ცეკვავს! ამაზე არც კი მიოცნებია.
_ სელინ დიონი, ტარკანი – კიდევ რომელი ვარსკვლავია ევას ფანებს შორის?
_ თურქმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმაც, გააზიარა მისი ვიდეო. თავიდან ასეთი დიდი აუდიტორია არ გვყავდა. ასევე, თურქმა მსახიობმა, ებრუ შაჰინმა, გააზიარა ევას ვიდეო და დააწერა, ეს ჩემი ბავშვობააო. შემდეგ ევამაც ჩაუწერა ვიდეო და გაუგზავნა.
_ რაზე ოცნებობს ევა, რა აქვს მიზნად დასახული?
_ ალბათ მსახიობობაზე ოცნებობს, თუმცა შეიძლება აზრი შეიცვალოს და სულ სხვა გზით წავიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ევა ბუნებით მსახიობია. ექიმიც რომ გამოვიდეს, მაინც მსახიობი იქნება.

_ საბავშვო ბაღში დადის?
_ დიახ, მაგრამ რეგულარულად ვერ დადის, რადგან საკმაოდ დატვირთულია. ზოგჯერ ონლაინგაკვეთილები აქვს და იმ დროს სახლში უნდა იყოს.
_ რას სწავლობს ონლაინ?
_ ინგლისურ ენას. თვითონ მთხოვა, ინგლისური კარგად მასწავლეო. თბილისში სიარულს ვერ მოვახერხებდით, ამიტომ ონლაინ კურსებზე დავარეგისტრირეთ.
