გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქვეყნის საქმეს!“

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქვეყნის საქმეს!“„ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება“, – წერს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა – როინ ქოჩორაშვილი და ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აუღებელი პენალტის დრო დადგება, რომელსაც ქართველი ხალხი დაარტყამს.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ, ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა, სწორად აღიქვათ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება! ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება, რომელ მხარეს, ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!
ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ), ასე გავზარდე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ „ბოდიში”, თქვენ ალბათ იმას აკეთებთ, რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას, რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის „დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!
პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე, სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზრონე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.