„სარკე“, ლიკა ოსაძე
„მხოლოდ უფალი და უფლის სიყვარულია მუდმივი, ადამიანობაა მუდმივი“, _ გვითხრა ოპერის ქართველმა ვარსკვლავმა, თამარ ივერმა, რომელიც ბათუმში მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალისთვის ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს არჩევს და დიდი სცენებისკენ უკვალავს გზას. „ბათუმური რაფსოდია“ უკვე რამდენიმე წელია, დამწყები მომღერლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
თამარ ივერმა „სარკესთან“ არა მხოლოდ ფესტივალის სიახლეებზე, არამედ რწმენაზე, მისტიკურ ამბებსა და უცნაურ შემთხვევებზე ისაუბრა, რომლებმაც გარკვეულწილად მისი შემოქმედებითი გზაც განსაზღვრა.
_ ქალბატონო თამარ, ბათუმში რომ უნდა ჩატარდეს, იმ ფესტივალის შესახებ რა სიახლეს გაგვიმხელთ?
_ ბათუმში უნდა ჩატარდეს ძალიან დიდი ფესტივალი, რომელიც 2022 წელს დავაარსე და, უკვე 5 წელია, რაც არსებობს. ერთი წელი გვაქვს მასტერ კლასები, კონცერტები და სპექტაკლები, მეორე წელიწადს მხოლოდ საოპერო მომღერალთა, ვოკლასტთა საერთაშორისო კონკურსი. წელს გვაქვს საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი _ „ოპერის ოქროს ხმა“.
მოწვეულია ჟიურის ძალიან ცნობილი წევრები, ასევე მოვიწვიეთ ოპერის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დამწყებ მომღერლებს ხელი შეუწყონ. ამ ფესტივალს „ბათუმური რაფსოდია“ დავარქვი. ფესტივალმა ძალიან გაამართლა.
ყოველთვის მინდოდა, დამწყებ მომღერლებს ის პრობლემები არ ჰქონოდათ, რომლებიც მე გავიარე, როცა დამწყები ვიყავი. ჩვენ ვერ ვშოულობდით სპონსორებს, რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ და იქ გვემღერა, იქ გამოგვეჩინა ჩვენი ნიჭი. ახლა აქ ჩამომყავს ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს მოუსმენენ და სათანადოდ შეაფასებენ მათ ნიჭს.
პლასიდო დომინგოს აგენტი მესამედ ჩამოდის და, იცით, ეს რამდენს ნიშნავს?! ჩამოდის მსოფლიოში წამყვანი ტენორი და პედაგოგი, ჯანლუკა ტერანოვა. იტალიელებმა გადაიღეს ფილმი ენრიკო კარუზოზე და კარუზოს როლზე ჯანლუკა ტერანოვა მიიწვიეს, იმდენად დიდ პატივს სცემენ ამ მომღერალს.
ჩემი მოსწავლეებიდან 4-5 ადამიანია, რომლებმაც თავიანთი სათქმელი უკვე ხმამაღლა თქვეს. ესენი არიან აზერბაიჯანელი მეცოსოპრანო ელმირა ჰასანი, ქართველები _ ეკატერინე ბუაჩიძე, ანანო ონიანი, თათა რაზმაძე. მათ უკვე დაიწყეს მსოფლიო საერთაშორისო კარიერა და მათი ტრამპლინი იყო ეს ფესტივალი. ამ ბავშვებმა პლასიდო დომინგოს მსოფლიოში ნომერ პირველი პრესტიჟული კონკურსი მოიგეს. ჩვენს ფესტივალზე რომ გაიმარჯვებს ადამიანი, მერე ის მიდის და პლასიდო დომინგოს კონკურსზეც პირველ ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ჩაწყობებით არ იმარჯვებენ.
_ კონკურსი როდის დაიწყება და მონაწილეთა რიცხვი თუ არის ცნობილი?
_ კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. 12 სექტემბერს ჩატარდება დასკვნითი ფინალი, სადაც გამოვლინდება ოპერის ახალი „ოქროს ხმა“.
საერთოდ, ასეთი თვისება მაქვს, რამეს თუ ვაკეთებ, ის უნდა გაკეთდეს მაღალ დონეზე ან საერთოდ არ უნდა გაკეთდეს. არ მინდა, ჩემი სახელი ფიგურირებდეს ავანტიურაში და დაბალი დონის კონკურსებზე. აქამდე თუ 100 და 120 მონაწილე იყრიდა თავს, წელს 400-მდე მონაწილემ შემოიტანა განაცხადი. ადრე თუ ძირითადად ქართველები ჭარბობდნენ, წელს 300-მდე უცხოელი იყო. აქტიურობენ ჩინეთი, კორეა, მონღოლეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, ამერიკიდანაც გვყავდა. გვიხარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავედით.
_ წარმატებებს გისურვებთ! შემოქმედებით გზაზე რამდენად დაგეხმარათ რწმენა და საერთოდ, ხელოვან ადამიანზე სულიერება და რწმენა როგორ აისახება?
_ ვთვლი, რომ დედამიწაზე ყველაფერს უფალი განაგებს. ჩვენი დაბადებაც და გასვლაც უფლის ნებით ხდება. ვიცი ისეთი შემთხვევა, როცა ბავშვი დაიბადა და ვერ აატირეს, ფილტვები არ იხსნებოდა. სწორედ იმ მომენტში ამ ბავშვის სახლში ბებია გარდაიცვალა და სწორედ მაშინ ახალშობილს ფილტვები გაეხსნა, ამოისუნთქა. უფალმა მოხუცის სიცოცხლე წაიღო, რომ ეს ბავშვი მოვლინებოდა ქვეყანას.
მომღერალი რომ გავხდი, მამაჩემის დამსახურებაა. ის ოპერის მომღერალი იყო, ბარიტონი. მამა ძალიან ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გამოეცალა ამ ქვეყანას. ქუჩაში ინფარქტით გარდაიცვალა. მისი სურვილი იყო, მე საოპერო კარიერა გამეკეთებინა.
ავსტრიაში მოცარტის კონკურსზე რომ გავიმარჯვე და პირველი ადგილი ავიღე, წინა ღამით მამა დამესიზრმა. მითხრა, შვილო, ხვალ შენით ვიამაყებო. მეორე დღეს პირველი ადგილი ავიღე.
ცხოვრებამ მამაჩემის სიცოცხლე წაიღო იმისთვის, რომ მე საოპერო კარიერა გამეკეთებინა. მამა რომ გარდაიცვალა, მერე დაიწყო წარმატებები ჩემს ცხოვრებაში. პირველად ისეთი შოკი იყო მამის გარდაცვალება, რომ სიმღერის დაწყებას არც ვაპირებდი. მამა იყო ჩემი პირველი პედაგოგი, მოძღვარი, დამრიგებელი. მისი გარდაცვალების შემდეგ სიმღერა აღარ მინდოდა და სხვა პროფესიას ვირჩევდი.
მერე მამა დამესიზმრა და მითხრა, შენ თუ სიმღერას არ გააგრძელებ, იცოდე, მე აქ ვიწვალებო. მას შემდეგ დავიწყე სიმღერა და წარმატებებიც წამოვიდა. ამიტომაც ვთვლი, რომ რაღაც რაღაცის წილ ხდება. კარიერაში არ გაგიმართლებს, ქალურ ბედნიერებაში გაგიმართლებს; არ გაგიმართლებს ოჯახში, კარიერაში გაგიმართლებს და ასე შემდეგ. ანუ სამყარო რაღაცას გაძლევს, რაღაცას გართმევს. სრულყოფილება არ არსებობს.
_ სამყაროს თქვენთვის თუ „წაურთმევია“ კარიერა?
_ კი, ტყუპები რომ შემეძინა, იმ წლებში წამართვა. განგებამ მიმანიშნა, რომ დრო შვილებისთვის უნდა დამეთმო და რაღაც პერიოდი კარიერა გამიჩერდა, არც ერთი შემოთავაზება არ მქონდა. 2-3 წელი გაჩერებული ვიყავი. მერე მივხვდი, უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ბავშვებისთვის მიმეხედა.
ოპერის მომღერლებს ერთი თვისებაც ახასიათებთ: შეიძლება გაიღვიძო ერთ დღეს და ხმამ არ „გაგიშვას“. შენი ხმის აპარატი დამოკიდებული არ არის, რამდენად კარგ ხასიათზე ხარ და რამდენად კარგი ამინდია გარეთ. შეიძლება წავიდეს ხმა და თვეები აღარ მოგივიდეს. ეს ყველაფერი ძალიან მისტიკურია.
_ სამყაროდან რაიმე მინიშნებები ხომ არ გქონიათ?
_ კი, მქონდა. ბათუმში, ბულვარში ვსეირნობდი და დავინახე, რომ ქვებში წმინდა გიორგის გულსაკიდი ეგდო. იმ წელსაც იტალიაში, ვერდის კონკურსზე გავიმარჯვე.
_ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა სიკვდილისთვის ჩაგიხედავთ თვალებში და სასწაულად გადარჩენილხართ?
_ ეს ბათუმში, ზღვაზე მოხდა და ცხოვრებაში არ დამავიწყდება. იმ დღეს მართლა ჩავხედე სიკვდილს თვალებში. მაშინ დაახლოებით 19 წლის გოგონა ვიყავი. ტალღები იყო, მაგრამ ზღვაში მაინც შევედი. ჩემთან მოვიდა ერთი საკმაოდ მსუქანი გოგონა, ჩემზე დაახლოებით 3 წლით უფროსი და მითხრა, რომ ცურვა კარგად არ იცოდა და ეშინოდა. მთხოვა, ხელი მომეკიდა და ისიც წყალში შემოვიდა.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ ტალღებმა ეს გოგო ცოტა ღრმად შეიყვანა წყალში. დამიძახა, ვაიმე, ფეხს ვეღარ ვადგამო. ვუთხარი, ხელი მომეცით და ნაპირზე გაგიყვანთ-მეთქი. ხელი რომ გავუწოდე, უცებ მთელი ძალით ჩამებღაუჭა და არ ვიცი, როგორ მოახერხა, კისერზე მომაჯდა, მხრებზე ხელები დამაჭირა და ჩამძირა. ფაქტობრივად მე ჩამძირა და ზემოდან დამაჯდა.
ვგრძნობდი, რომ ვიხრჩობოდი, ვკვდებოდი, წყლის ზემოთ თავს ვერ ვყოფდი და ვერც ამ გოგოს ვიშორებდი კისრიდან, 120 კილო იქნებოდა. წყლის ქვეშ ვერ ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, რომ მალე გონებას დავკარგავდი, თავს უკვე ქვებს ვურტყამდი, მაგრამ უფალმა გადამარჩინა, სასწაული მოხდა.
არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ტალღამ ეს გოგო მომაშორა. რომ ვიგრძენი, მომშორდა, ხელიც ავკარი და მთლიანად მოვიშორე…
ნაპირზე რომ გამოვედი, ამ გოგოს ოჯახის წევრები ნაპირზე იდგნენ და უყურებდნენ. არც ერთი არ შემოვიდა წყალში, ჩემთვის რომ ეშველათ.
მქონდა მეორე შემთხვევაც. თბილისში ნაძალადევში ვცხოვრობდით, ბებია-ბაბუას იქ ჰქონდათ ბინა. იმ პერიოდში ბათუმის ოპერის თეატრში ვმღეროდი და ბათუმში ხშირად მიწევდა ჩასვლა მატარებლით. ზოგჯერ მეზარებოდა გადასასვლელი ხიდიდან მოვლა და პირდაპირ ჩავდიოდი მატარებლების ლიანდაგებზე და იქიდან გადავდიოდი რკინიგზის სადგურზე. ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც საშინლად ბოროტი თვალი ჰქონდა. ერთხელაც, როცა მე და დედა ბათუმში მივდიოდით, გზაში ეს მეზობლის კაცი შეგვხვდა. მომიკითხა და მკითხა, სად მივდიოდით. მეც ვუთხარი, რომ ბათუმში მივდიოდით, სპექტაკლები მაქვს-მეთქი. ამ კაცმა ისე გამოგვაყოლა თვალი, რომ არ მესიამოვნა.
ლიანდაგებზე გრძელი მატარებელი იდგა და მის იქით ბათუმის მატარებელი უნდა ჩამომდგარიყო. დედამ მითხრა, ამ გაჩერებული მატარებლის ქვეშ გავძვრეთო. მეც დავთანხმდი. რომ მივუახლოვდით, მივხვდი, ცოტა ხნით იყო გაჩერებული. დედას ვუთხარი, ეს მატარებელი დიდი ხნით გაჩერებულს არ ჰგავს-მეთქი. დედამ მითხრა, გავძვრეთ, წამები გვინდაო. დედა შეძვრა მატარებლის ქვეშ და გადავიდა. მეც თავი შევყავი, უნდა გადავსულიყავი და მატარებელი დაიძრა! მაშინვე წინ რომ წასულიყო, დედაჩემს ფეხს გადააჭრიდა, მე კი სახე დამიზიანდებოდა.
იცით, რამ გვიშველა? მატარებელი მუხრუჭს რომ გაუშვებს, ჯერ უკან გაგორდება და მერე იწყებს წინსვლას. უკან რომ გაგორდა, მე თავი გამოვწიე, დედამ ფეხის გადადგმა მოასწრო. მაშინაც სიკვდილს ჩავხედე თვალებში.
_ თუ ყოფილა რამე უჩვეულო შემთხვევა, რომელმაც თქვენს რწმენაზე გავლენა მოახდინა?
_ კი, მქონია. ვთქვათ, მოვიტყუე, ვერ მოვალ, ავად ვარ, ან გავცივდი, ან მოვიწმალე-მეთქი. არ არსებობს, მესამე დღეს არ გავცივდე, ან არ მოვიწამლო, ან ავად არ გავხდე. ანუ რასაც ვიტყვი, ის ხდება. ვგრძნობ, რომ ღმერთი მსჯის ასეთ რაღაცებზე. სულ მგონია, რომ ზემოდან რაღაც ძალა ჩვენს ნაბიჯებს ამოწმებს, ამიტომ ყველასთან ვცდილობ, მართალი ვიყო და ზეცაში ახედვის არ შემეშინდეს.
_ გჯერათ კარმის ან რეინკარნაციის?
_ თან მჯერა, თან არა. მაინც მინდა, რომ მჯეროდეს. ადამიანს სიკვდილი ემსუბუქება იმიტომ, რომ იცის, იქ მარადიულ ცხოვრებაში გადადის, თავის გარდაცვლილ ახლობლებს შეხვდება. არ მინდა, ვიფიქრო, რომ მორჩა, მოკვდა ადამიანი და ჩაქრა შუქი. ყველაფერი უფლის და გაგნების ნებაა. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს შვილი გარდაეცვალა და 40 დღე მის ფანჯარასთან მტრედი იჯდა. თუ რაღაც არ არის, რატომ არ შორდება მტრედი ფანჯარას და მეორმოცე დღეს რატომ მიფრინავს?
ტაბახმელაში ახლობელს შვილი გარდაეცვალა და 40 დღე მტრედი მის ფანჯარასთან იჯდა. ეს მტრედი მეორმოცე დღეს გაფრინდა. ამ ამბის შემდეგ ხომ უნდა დავიჯეროთ, რომ რაღაც არსებობს.
_ ამბობენ, რომ ძველ შენობებში, მის სარდაფებში, ძნელად მისადგომ ადგილებში სულები არიან ჩასახლებულები. გჯერათ ასეთი მითების?
_ სხვათა შორის, ადრე წავიკითხე, ინგლისში ყველაზე ძვირად ის სახლები იყიდება, სადაც სულები ცხოვრობენო. ამაზე კარგად გამეცინა, მაგრამ იტალიაში არის შენობები, სადაც დიდი ტრაგედიები მოხდა. არის ბინები, სადაც ადამიანები კედელში ცოცხლად ჩაუტანებიათ. ვითომ ქალწული დასაჯეს იმის გამო, რომ ვიღაცასთან დაწვა და კედელში ცოცხლად ჩაატანეს. მერე ამბობდნენ, ღამე ამ სახლიდან ხმები ისმის, გოგონას ხედავენო და მსგავსი რაღაცები. სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებზე შიში მიტანს.
რაღა შორს წავიდე. ვაშლიჯვრის ასახვევში დგას ულამაზესი თეთრი ვილა, რომელიც რამდენჯერმეა გაყიდული. ყოველთვის, ვინც ამ ვილას ყიდულობს, ვიღაც უკვდება, ამიტომ ყიდიან. ამბობენ, ამ ვილაში ვერავინ გაიხარაო. იძახიან, დაწყევლილიაო. დღესაც იმ სახლთან სულ შიშით გავივლი ხოლმე.
_ მახსოვს, თქვენ რომ შეიძინეთ სახლი, იქაც აღმოაჩინეთ რაღაც თოჯინა.
_ კი. სახლი რომ შევიძინე, იმ მეპატრონემ მითხრა, იმიტომ ვყიდი, ძმა დამეღუპაო. ეს კი მითხრა, ამ ბინაში არ დამღუპვიაო, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. მაინც შევიძინეთ. იმ პერიოდში უამრავ კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ უცებ ყველაფერი გაჩერდა.
ჩემმა მეუღლემ ქუთაისელი მარიამ თევდორაძე ჩამოიყვანა. ეს ქალბატონი სურათებიდან ხედავს, იმ კონკრეტულ სახლში არის ჯადო თუ არა. ჩემთვის უთქვამს, სახლების და კორპუსების წინ რომ გავივლი, ვხედავ, რომელ სახლშია გაკეთებული ჯადო და რომელში არაო. ძალიან ბევრი მჩხიბავი ამით არის დაკავებული, რომ ვიღაცას ავნოს. მე არ მჯეროდა ასეთი რაღაცების. ჩემი მეუღლე გადამეკიდა, გინდა თუ არა, ეს ქალი უნდა მოვიყვანოო. მერე ვუთხარი, სურათი ჩაუგდე-მეთქი. მოვიდა ჩემი მეუღლე და მეუბნება, იმ ქალმა მითხრა, ამ სახლში ჯადოა გაკეთებულიო. პირველად მეგონა, ეზოში იყო, რადგან კერძო სახლი გვაქვს, მაგრამ შევცდი.
ეს ქუთაისელი ქალბატონი სულ დაკავებულია, სულ რიგები აქვს. თვეებით ადრე ეწერებიან მასთან. 2 თვეში ერთხელ ჩამოდის თბილისში. დიდხანს ველოდეთ და ჩამოვიდა. ძალიან ღვთისმოსავი ქალბატონია, რამდენადაც ვიცი, საპატრიარქოშიც იპოვა რაღაცები გაკეთებული. იქ რომ შეიყვანეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალის ნიჭი რაღაცნაირად აღიარეს.
ჩემს სახლში რომ მოვიდა, მკითხა, სალოცავი სად გაქვსო და მეც ვუჩვენე. მერე წმინდა კვიპრიანეს ლოცვები დაიწყო. მე ცუდად გავხდი. მერე მითხრა, ზემოთ ამიყვანეთო და ჩვენც მეორე სართულზე ავიყვანეთ. ჩემს საძინებელში შესვლა მოინდომა. ვუთხარი, რომ, რაც ეს სახლი ვიყიდეთ, ამ ოთახში უცხო არავინ შესულა. ეს ქალი ოთახში რომ შემოვიდა და ჭერში აიხედა, გვითხრა, ეს ადგილი უნდა ამოჭრათო.
უარი ვთქვი ჭერის ამოჭრაზე, რადგან რემონტი ახალი გაკეთებული მქონდა. ვუთხარი, ვერაფერი რომ ვერ ნახოთ, რემონტი ხომ ტყუილად გამიფუჭდება-მეთქი. ამ დროს შემოვიდა ჩემი მეუღლე და მითხრა, ეს ქალბატონი ასეთ რაღაცებს მეუბნება და აქ რა დამაძინებსო. შემოიტანა რაღაც იარაღები და ამოჭრა ზუსტად ის ადგილი, რომელიც მიუთითა.
იმ ადგილს მივადგით კიბე და ეს ქალი ავიდა, აიტანა ვიდეო (სხვათა შორის, ყოველთვის წერს ვიდეოთი, რომ არავინ იფიქროს, იტყუება ან რაღაც მსგავსი). რომ შეიხედა, გვითხრა, ძალიან შორს არის და ხელით ვერ მივწვდებიო. რკინის მილი მივეცით. ეწვალა და ჩამოიტანა რქებიანი თოჯინა ქალის ნამდვილი თმით. ეს ჩემთვის უდიდესი შოკი იყო. მერე თავად მითხრა, ასეთ რაღაცებს ხელს რომ ვკიდებ, ცუდად ვხდებიო. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონს მონაზონი ლოცვებს უკითხავს, რადგან ასეთ რაღაცებს რომ პოულობს, ცუდად ხდება.
ამ თოჯინას 5 საათი ვწვავდით. ისეთი რაღაცებით იყო გაჟღენთილი, რომ არ იწვებოდა. რა არ დავასხით, ბენზინი, დიზელი, ნავთი, მაგრამ არ იწვებოდა. ბოლოს გველებივით დაიკლაკნა და დაიწვა. ეს ჩემზე და ჩვენს ოჯახზე არ იყო გაკეთებული, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი. ამ ქალმა მითხრა, იმდენ ცნობილ ადამიანს აქვს ჯადო გაკეთებული, რომ მათი ოჯახებიდან ჯადოს ამოღებას ვერ ავუდივარო.
სხვათა შორის, ამ ქუთაისელ ქალბატონზე ორჯერ იყო თავდასხმა. როგორც აღნიშნა, ორჯერ მოუწყვეს ავარია. ალბათ იმ ხალხმა ჩაიდინა ეს, ვინც ასეთ რაღაცებს ამზადებს.
ამ ინციდენტის შემდეგ შვება ვიგრძენი და აღმავლობაც დაიწყო. ეს ქალი რომ გავაცილე, მერე გამახსენდა, ჩემი შავი კატა საძინებელში რომ შემოვიდოდა, სულ იმ ადგილს უყურებდა. კატები გრძნობენ ასეთ რაღაცებს.
_ კოლეგების მხრიდან გიგრძვნიათ შუღლი, შური ან მსგავსი რამ?
_ სანამ საზღვარგარეთ წავიდოდი, იყო შური, მაგრამ ყველა უნდა გააჩუმო შენი საქმით, პროფესიონალიზმით. ყველაფრის პასუხია შენი სიმღერა და შენი საქმე. არსებობს ყვავის და არწივის იგავი. ყვავი არწივს ზურგზე დაახტება. არწივი ყვავს კი არ ჩამოაგდებს, პირიქით, მაღლა და მაღლა აიჭრება ცაში გარკვეულ სიმაღლემდე. ყვავს ჰაერი აღარ ყოფნის და თავად ვარდება ძირს. ცხოვრებაც ასეთია. შენ რომ ახვალ ზემოთ შენი საქმით, შენი ნიჭიერებით, ასეთი ადამიანები თავად გშორდებიან.
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის მოდის დრო, როცა კარიერაში კრიზისი აქვს. თუ პოპულარობის ზენიტში ადამიანის სახე შეინარჩუნე, კარიერის დამთავრების შემდეგ ხალხს ეყვარები, რადგან მათთვის არა მხოლოდ მომღერალი იყავი, არამედ ადამიანიც. ამიტომ ადამიანობა არასდროს უნდა დაკარგო და უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია. მხოლოდ უფალი და უფლის სიყვარულია მუდმივი, ადამიანობაა მუდმივი.
