თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“
დიზაინერი მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩნდა

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“„სარკე“, ია ქუთათელაძე

ქართველი დიზაინერის, ტელეწამყვანის, ჟურნალების GLAMOUR Georgia-სა და Wedding Fair-ის დამფუძნებლისა და რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას, კარიერაში დიდი და ძალიან სასიხარულო სიახლეა. პირველად ქართული მოდის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო მოვლენა _ თამთამ გაიარა აკრედიტაცია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ნიუ იორკის საქორწინო და მაღალი მოდის კვირეულზე და მიიღო ოფიციალური მიწვევა, დაესწროს ყველა ღონისძიებას, რაც კვირეულის ფარგლებში ჩატარდება, შეუერთდეს შემოქმედებით გუნდს და, როგორც ჟურნალის რედაქტორმა და მოდის ექსპერტმა, შეაფასოს და გააშუქოს კვირეულში წარმოდგენილი ცნობილი ბრენდების კოლექციები, გადაიღოს ვიდეოები, ატვირთოს სოციალურ ქსელებში და განათავსოს ჟურნალებში.

როგორ მოიპოვა ეს საპატიო მიწვევა, რა მოთხოვნები ჰქონდათ მოდის კვირეულის დამფუძნებლებს და რა შეიძლება შეიცვალოს მის ცხოვრებაში უახლოეს მომავალში, თამთამ ექსკლუზიურად „სარკის“ მკითხველებს გაუზიარა.

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“

_ თამთა, გილოცავთ ამ წარმატებას! რას წარმოადგენს ნიუ იორკის საქორწინო და მაღალი მოდის კვირეული, რომელი ბრენდები მონაწილეობენ მასში?

_ მადლობა თქვენს ჟურნალს, რომ ყოველთვის დაინტერესებული ხართ ჩემს კარიერაში მომხდარი სიახლეებით. საქორწინო და მაღალი მოდის კვირეული ტარდება ორ კონტინენტზე _ ევროპაში,  ბარსელონაში, სადაც ორჯერ უკვე ვიმყოფებოდი და ამერიკაში, კერძოდ, ნიუ იორკში.

New York Bridal Fashion Week _ ეს არის კვირეულის ოფიციალური სახელწოდება და ორგანიზებულია ONE FINE DAY -ის მიერ. კვირეულში მონაწილეობს არა მარტო ამერიკული ბრენდები, არამედ ცნობილი ბრენდები ევროპიდან და აზიიდან. ეს არის ყველაზე მასშტაბური, ყველაზე სანახაობრივი, ყველაზე მდიდრული მოდის კვირეული, რაც კი შეიძლება იყოს მოდის სამყაროში.

საქორწინო კაბები ყოველთვის ლამაზია, მიმზიდველი, თვალისმომჭრელი, მაგრამ ამ ჩვენებისთვის ბრენდები წარმოადგენენ ექსკლუზიურ, ძვირადღირებულ მაღალი ხარისხის მასალისგან შექმნილ კაბებს, რომლებიც პირველივე დანახვისას გაჯადოებს და ზღაპრულ გარემოში ხვდები. აქ თავს იყრიან არა მარტო წამყვანი დიზაინერები და ბრენდის დამფუძნებლები, არამედ ცნობილი ბაიერები, მოდის სფეროს მაგნატები, ბიზნესმენები, რომლებსაც ფინანსური რესურსი აქვთ და დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით, ასევე _ ბლოგერები, მსოფლიოს წამყვანი გლამურული ჟურნალების რედაქტორები, მოდის ექსპერტები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ასე შემდეგ.

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“

_ თქვენ როგორ მოხვდით ამ ელიტურ კვირეულზე?

_ თქვენი ჟურნალის მკითხველმა იცის, რომ დიდი ხანია, მოდის ინდუსტრიით ვარ დაინტერესებული და მაქვს საკუთარი მოდის ბრენდი KVARA. ამასთან ერთად, ვარ GLAMOUR Georgia-სა და Wedding Fair-ის მთავარი რედაქტორი. ჟურნალებისთვის ვქმნი fashion editorial-ებს, რაც განსაკუთრებით მიყვარს და რითაც ვამაყობ. ასევე ვთანამშრომლობ ცნობილ ბრენდებთან და ვქმნი მათ სარეკლამო და სარედაქციო მასალებს.

ორი წლის წინ, ბარსელონას საქორწინო მოდის კვირეულზე, გავიცანი ამერიკაში საქორწინო კაბების მაღაზიათა ერთ-ერთი ცნობილი ქსელის, Panache Bridal-ის, მფლობელი, რომელმაც ჩემ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა. რამდენიმე საქმიანი შეხვედრის შემდეგ შემომთავაზა, მემუშავა Key Buyer-ად, მოგვიანებით კი ჩემი გემოვნებითა და ხედვით იმდენად მოიხიბლა, რომ თავად შემომთავაზა საკუთარი მოდის ხაზის შექმნა.

KVARA თავდაპირველად საღამოს კაბებით დავიწყე და დაახლოებით ნახევარ წელიწადში საქორწინო კაბის პირველი მოდელიც შევქმენი. ბრენდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. KVARA-ს კაბები იყიდებოდა Panache Bridal-ის ქსელში, რომელიც ამერიკაში მაღალი კლასის და საერთაშორისო მასშტაბის ბრენდებთან ექსკლუზიურად მუშაობს.

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“

წელს ბრენდის განვითარების ძალიან დიდი გეგმები გვქონდა. ბევერლი ჰილსის მაღაზიის ატელიეში უკვე იკერებოდა KVARA-ს კაბები და გაყიდვების დაწყებიდან პირველივე კვირას სამი კაბა გაიყიდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ბრენდს ნამდვილად ჰქონდა წარმატების პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ KVARA ბაზრისთვის ახალი და უცნობი ბრენდი იყო, მომხმარებლების მხრიდან დიზაინისა და ხარისხის მიმართ გამოხმაურება ძალიან დადებითი აღმოჩნდა. ვგეგმავდით ბრენდის გაფართოებას, ახალ ქსელებში შესვლას და ამ მიმართულებით ბარსელონას მოდის კვირეულზეც აქტიურად მუშაობას, თუმცა მოულოდნელად ეს ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო, პირველ რიგში, ადამიანურად, რადგან ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი იყო, შემდეგ კი პროფესიულადაც, რადგან მთელი წლის შრომა და ჩვენი გეგმები ერთიანად შეჩერდა.

გამიჭირდა მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება და რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ მქონდა ენერგია და ემოციური რესურსი საჯარო და აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ შემოქმედებითად გავჩერდი. პირიქით, ამ პერიოდში დავიწყე ხატვის სწავლა და KVARA-ს ახალი საზაფხულო და კრუიზის კოლექციაც შევქმენი. უბრალოდ, შინაგანად ისეთი დაცარიელებული ვიყავი, არ მქონდა სურვილი, ეს ნამუშევრები ვინმესთვის მეჩვენებინა ან საჯარო სივრცეში გამეტანა. კაბები კარადაში ჩამოვკიდე და, სიმართლე გითხრათ, დღემდე იქ კიდია. ალბათ მაშინ უბრალოდ დრო მჭირდებოდა, რომ შინაგანად ისევ დავბრუნებულიყავი იმ მდგომარეობაში, როცა შემეძლებოდა ჩემი საქმისთვის მთელი ენერგიით დაბრუნება. ზოგჯერ ვფიქრობდი, საერთოდ დამენებებინა თავი ამ საქმისთვის, რაც ერთად დავიწყეთ, თუმცა მას იმდენად სჯეროდა ჩემი და ჩემი ბრენდის, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე, ეს გზა გამეგრძელებინა მისთვის მხოლოდ მაშინ, როცა ამისთვის მზად ვიქნებოდი.

მისი მეგობრები ხშირად მიკავშირდებოდნენ და მხარდაჭერას მთავაზობდნენ, მათ შორის არიან ძალიან გავლენიანი ადამიანები ამერიკის, კანადისა და ევროპის მოდის ინდუსტრიიდან. ამასობაში კი ერთ დღეს დამირეკა ცნობილი უკრაინული ბრენდის მფლობელმა და მითხრა, რომ ოქტომბერში ნიუ იორკის საქორწინო მოდის კვირეულში მონაწილეობდნენ და მიმიწვია. თავდაპირველად უარი ვუთხარი, მხოლოდ ერთი ჩვენებისთვის ასეთი შორეული გზის გავლა არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად. თუმცა მეორე დღეს უკვე კიდევ სხვა ორი ბრენდი დამიკავშირდა, შემდეგ ამას რამდენიმე სხვა მოწვევის ზარებიც მოჰყვა. იმდენი მიწვევა მივიღე, რომ თავადაც გამიკვირდა.

ვხედავდი, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სურდათ, მათი კოლექციები მენახა და მათთვის მნიშვნელოვანი სტუმარი ვიყავი. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, როგორც ჟურნალების დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, ოფიციალური აკრედიტაცია მომეთხოვა ნიუ იორკის საქორწინო მოდის კვირეულის ორგანიზატორებისთვის. იმ მომენტში ეს იდეა თავადაც კი ცოტა გიჟურად და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“_ როგორც ვიცი, თქვენს მოდურ ბრენდს KVARA პრობლემები შეექმნა. რას გედავებიან?

_ ეს ბრენდი ჩემი დაფუძნებულია. ჩემი იდეა იყო ამ სახელწოდებით მოდის ბრენდის შექმნა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და მისი განვითარება, შესაბამისად, KVARA ჩემი საკუთრებაა. როდესაც განაცხადი შევიტანე საქპატენტში, ჩემი ბრენდი უკვე არსებობდა, ის უკვე იყიდებოდა, მუშაობდა და ჰქონდა თავისი ისტორია. ამის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებებიც მაქვს.

ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, რომ თავად ჰქონდეს ასეთი სახელწოდების სამოსის ბრენდი და ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას. რაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და საქმე სასამართლოში შევიტანე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სახელწოდება და მასთან დაკავშირებული ჩემი უფლებები კანონიერად მე მეკუთვნის. საქმეში ჩემი ადვოკატები არიან ჩართული და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მე კი მზად ვარ, სამართლებრივად დავიცვა ის, რაც ჩემი იდეით, ჩემი შრომითა და ჩემი ინვესტიციით შევქმენი.