გიორგი ქოჩორაშვილი: „9 თვისამ გავიარე ფეხზე და პირველი, რასთანაც შეხება მქონდა, ბურთი იყო”
„ოჯახის ბიჭი ვარ და ესპანეთშიც ყველაზე მეტად ოჯახი მენატრება"

გიორგი ქოჩორაშვილი: „9 თვისამ გავიარე ფეხზე და პირველი, რასთანაც შეხება მქონდა, ბურთი იყო",,სარკის“ არქივი 

„120 წუთი ირბინა ისე, როგორც არ ურბენია არავის! არანორმალურად ირბინა, მერე აიღო ბურთი და ისეთი პენალტი დაარტყა, მასეთს ვერ ურტყამენ ძალიან დიდი სპორტსმენებიც”, – ამბობს სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გიორგი ქოჩორაშვილზე, რომელიც 26 მარტის ისტორიული მატჩის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მოედანზე მართლაც დაუღალავად თამაშობდა, რომ მთელ ქვეყანას გამარჯვება ეზეიმა.

„სარკე” გთავაზობთ საქართველოსა და ესპანური საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს” ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილთან ინტერვიუს, რომელიც 2018 წლის აგვისტოშია ჩაწერილი. მაშინ გიორგი „ჟირონას” ღირსებას იცავდა.

– გიორგი, გაიხსენეთ ის მომენტი, როდესაც ფეხბურთზე მიხვედით, რა ასაკში დაიწყეთ თამაში?

– 9 თვისამ გავიარე ფეხზე და პირველი, რასთანაც შეხება მქონდა, ბურთი იყო. როგორც ჩემი მშობლები იხსენებენ, მას შემდეგ ბურთს არ ვშორდები. რაც შეეხება ფეხბურთზე მისვლას, 5 წლის ვიყავი. იმ დროს კახეთში ვცხოვრობდით, რადგან მამაჩემი მუშაობდა და სწორედ კახეთში მივედი ფეხბურთზე.

– პროფესიული ფეხბურთი რა ასაკში ითამაშეთ და პირველი გუნდი რომელი იყო?

– 6 წლის ასაკში უკვე “საბურთალოს” სკოლაში ვირიცხებოდი, სადაც 3 წელი გავატარე. შემდეგ იყო “ოლიმპი”, “დინამოს აკადემია” და ისევ “საბურთალო”.

– და “საბურთალოდან” საკმაოდ პატარა ასაკში აღმოჩნდით ესპანეთში. გაიხსენეთ იქ პირველი ჩასვლა.

– ვხვდებოდი, რომ ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება იწყებოდა. ბავშვობიდან ესპანეთში თამაშზე ვოცნებობდი. ის სათამაშო სტილი მომწონდა, რასაც ესპანეთში თამაშობენ. ვერ ავხსნი, თუ რა რეაქცია მქონდა, მაგრამ ძალიან გახარებული ვიყავი. თუმცა ვიცოდი, რომ იმაზე მეტი მქონდა საშრომი და დასამტკიცებელი, ვიდრე საქართველოში.

– ესპანეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. რა გაგიჭირდათ პირველ ეტაპზე?

– ტემპთან შეგუება, მაგრამ ისიც, რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა-მეთქი, არა, რადგან ბავშვობიდან საკუთარ თავზე ხშირად მიწევდა მუშაობა. აქაური ტემპი მართლაც მაღალია. ახლაც რომ ჩართოთ თამაშები, რისი თამაშიც მომიწია, ნა-ხავთ, რამხელა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატსა და ესპანეთის ჩემპიონატს შორის.

– რამდენად მალე გაიარეთ ადაპტაცია?

უფალს მადლობა, რომ ადაპტაციის გავლის პრობლემა არ მქონია. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, სადაც მოვდიოდი, ვიცოდი, რა დამხვდებოდა და ამისთვის მზად ვიყავი. ამან შემიწყო ხელი სწრაფ ადაპტაციაში.

– თუმცა ალბათ იყო ენის პრობლემაც.

– პირველი ერთი თვე მიწევდა შეგუება, მაგრამ ინგლისურს კარგად ვფლობდი და ჩვვეულებრივად ვამყარებდი კონტაქტს. ვარჯიშებზე დამხმარე მწვრთნელისგან ყველაფერს ვიგებდი, რაც მჭირდებოდა. რაც შეეხება მოედნის მიღმა, სამეგობროში ინგლისური არავინ იცოდა და სულ ესპანურად მიწევდა საუბარი – ხან ხელებით ვუხსნიდი, ხან “გუგლის” სათარგმნი პროგრამით. თანდათან დავიწყე შეთვისება, 2 თვის შემდეგ უკვე თითქმის ყველაფერი მესმოდა, საუბარი მიჭირდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი ჩემი სათქმელის თქმას. ახლა უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობ, მთლად უშეცდომოდ – არა, მაგრამ ბევრად დალაგებულად.

– ახლა იცავთ “ჟირონას” ღირსებას და სულ ახლახან ითამაშეთ ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიცაა “ტოტენჰემი”. რა ემოცია იყო, როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევდათ თამაში?

– რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი, რომ “ტოტენჰემის” წინააღმდეგ თამაში მომიწევდა, მაგრამ უფრო გახარებული იმით ვიყავი, რომ მწვრთნელმა და კლუბმა ჩემ მიმართ დიდი ნდობა გამოიჩინეს.

სტადიონზე არანაირი განსხვავებული გრძნობა არ მქონია, რადგან სავსე სტადიონზე და კარგი გუნდის წინააღმდეგ მითამაშია. ნუ, ამ დონეზე – არა. მინდოდა, იმ ათ წუთში სიამოვნება მიმეღო და, უფლის წყალობით, მეც ვისიამოვნე და მაყურებელმაც.

საერთოდ, სტადიონზე შესვლამდე უფრო ვფორიაქობ ხოლმე, ვიდრე შესვლისას. მე ასეთი ვარ, შეიძლება სტადიონის გარეთ უფრო გახარებული ვიყო, რომ ასეთ გუნდს ვეთამაშე, მაგრამ უკვე თამაშის პროცესში აღარანაირი გრძნობა არ მაქვს – არც მორიდების და არც შიშის. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ.

– როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრის შემდეგ მოგეცემათ ძირითადში თამაშის საშუალება?

– “ტოტენჰემთან” შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი თამაში გვქონდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. მწვრთნელების მხრიდან უკვე დიდ ნდობას ვგრძნობ. “ხეტაფესთანაც” გვაქვს თამაში და ვნახოთ, იქაც თუ მომეცემა თამაშის საშუალება.

– კონკურენციაც დიდი იქნება. არ გაშინებთ ეს?

– პირიქით, კონკურენციაში უფრო იზრდები, ვიდრე კონკურნციის გარეშე – ეს ყველაზე ფართო ცნებაა. აქ იმხელა კონკურენციაა, შეიძლება სხვა ქვეყნებში ამდენი არ იყოს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. მოგეხსენებათ, ესპანელები ყოველთვის ძლიერები იყვნენ და ყოველთვის კარგი თაობა ჰყავთ. ხომ გაგიგონიათ: “თუ ყველაზე ჭკვიანი ხარ, არასწორ ოთახში ხარ, ხოლო თუ შენზე ჭკვიანები არიან, სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყო”. ამიტომ მინდოდა აქ მოხვედრა, მინდა, კონკურენციაში გავიზარდო.

ჩემზე მეტად ნიჭიერებიც არიან და მომავალშიც იქნებიან. მთავარია მიდგომა, როგორ მიუდგები შენს საქმეს, როგორი გულით და რამდენად ძლიერი იქნები ფსიქოლოგიურად. მადლობა უფალს, რომ ასეთი ოჯახი მომცა, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და მათგან ხშირად ვიღებ დარიგებას.

– კონკურენციის მუხედავად, რამდენად მეგობრულები არიან თანაგუნდელები?

– ეს უკვე პროფესიონალური დონეა – არავინ არაფერს გამოხატავს, მოედნის მიღმა ერთმანეთში კარგ ურთიერთობაში არიან, აი, მოედანზე ყველა თავისას ამტკიცებს.

– როგორ ატარებთ დროს მოედნის მიღმა?

– ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს – ორჯერადი ვარჯიშები და ყოველ მესამე დღეს თამაშები, ამიტომ დროის გატარება ოთახში მიწევს.

– და საერთოდ?

– საერთოდ მიყვარს მეგობრებთან ერთად ვახშმობა, ბოულინგის თამაში და ა.შ. თუმცა დიდად გართობის მოყვარული არც ადრე ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვიყო და ოჯახთან მქონდეს კავშირი. არ დავმალავ და, ცოტა არ იყოს, ოჯახის ბიჭი ვარ.

– ეს ოჯახის ბიჭი ქართულ კერძებს თუ ამზადებთ ესპანეთში და თუ აცნობთ ესპანელ მეგობრებს?

– მომზადებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ქართულ რესტორანში ჩვენი კერძები გავასინჯე და გაოცებულები დარჩნენ. განსაკუთრებით ხაჭაპური მოეწონათ.

– ღვინო?

– ღვინის მოყვარულები არ არიან.

– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გენატრებათ ესპანეთში ყოფნისას?

– ოჯახი.

– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით.

– რაც შეეხება ჩემს ოჯახს, 1 წლის წინ ცოტა გავიფანტეთ – მე ესპანეთში წამოვედი სათამაშოდ, მამაჩემი ყაზახეთში საელჩოში წავიდა სამუშაოდ. ჩემმა დამ ოჯახი შექმნა, უკვე 5 თვის შვილიც ჰყავს და დედაჩემი ჩემს დას ბავშვის აღზრდაში ეხმარება. ახლა ყველაზე მეტად, ვისი ნახვაც მინდა, ჩემი დისშვილია. ასევე მყავს დეიდაშვილები, დეიდები, ბებიები – ერთი დიდი ოჯახი ვართ, რაც ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს.

– როგორი გოგოები მოსწონს გიორგის?

– როგორც ყველას, ლამაზები და ჭკვიანები. ასე სტერეოტიპი არ მაქვს – ზოგი შეიძლება ძალიან ლამაზი არ იყოს, მაგრამ იყოს ეშხიანი და მომეწონოს.

– შეიძლება, რომ ესპანელი გოგონა იყოს თქვენ გვერდით?

– რატომაც არა, თუ ყველაფერში გავუგებთ და შემიყვარდება, დიდი სიამოვნებით.

– ესპანეთში თამაშობთ. ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა “ბარსელონაში” ან “რეალში” თამაში. თქვენთვის რომელი გუნდია საუკეთესო და სად ითამაშებდით?

– ჩემი მიზანი, პირველ რიგში, “ჟირონას” პირველ გუნდში დამკვიდრებაა. მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – არსებობს დიდი მიზანი და არსებობს ყოველკვირეული და ყოველდღიური მიზანი. ოცნება კიდევ მიზნის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ჯერ ჩემი მიზანია “ჟირონას” პირველ გუნდში თამაში. თუ გინდათ, ამას ოცნებაც დაარქვით და ამ ოცნებისთვის კიდევ ყოველდღიური და ყოველკვირეული მიზნების შესრულება ჩემთვის მთავარია. შემდეგ უკვე, როდესაც “ჟირონას” ოცნებას ამოვწურავ, კიდევ ერთ ინტერვიუს ჩავწერთ და იქ უკვე ახალ ოცნებასა და მიზნებს გაგიმხელთ. იმედია, ღვთის წყალობით, ამის დრო მალე მოვა.

„სარკე“, მარი მგალობლიშვილი, 2018 წელი