რატი გაჩეჩილაძე: ,,ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და შვილებიც გვეყოლება”

რატი გაჩეჩილაძე: ,,ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს  და შვილებიც გვეყოლება",,სარკე” ია ქუთათელაძე

საქართველოში სამეჯლისო ცეკვების განვითარებას და პოპულარიზაციას უდიდესი ენერგია და მთელი სიცოცხლე შეალიეს ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეებმა. მათ მიერ დაარსებულ სტუდია ,,თელას” დღეს ძმები გიგი და რატი გაჩეჩილაძეები ხელმძღვანელობენ და მშობლების ნაამაგარ საქმეს წარმატებით აგრძელებენ.

რატის გუკრაინელი მეუღლე ჰყავს, სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე კარინა ლისენკო. როგორია სტუდია “თელას” ხელმძღვანელის და გამორჩეული მოცეკვავის შემოქმედებითი და ოჯახური ცხოვრება, ამაზე რატი გაჩეჩილაძე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრა.

– რატი, რა გახსოვთ თქვენი მშობლების ურთიერთობიდან? ისინი არა მხოლოდ მეუღლეები იყვნენ, არამედ კოლეგები, პარტნიორები. როგორ უთავსებდნენ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს?

– მამა ყოველთვის ამბობდა, კარგი მეწყვილის პოვნა უფრო ძნელია, ვიდრე კარგი მეუღლისო. ჩემი აზრით, მამამ პირველად ნამდვილად კარგი მეწყვილე აღმოაჩინა დედაჩემის სახით, ვინც დაუდგებოდა გვერდით. დედა კარგი მეგობარიც იყო მისი, საუკეთესო მეწყვილეც და შესანიშნავი ბიზნესპარტნიორიც. მამამ გააკეთა სწორი არჩევანი, მან ჯერ მეწყვილე აირჩია, შემდეგ განვითარდა მათი სიყვარული, შექმნეს ოჯახი და არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ.

დედას სუპერქალს ვეძახდი. დილით, როცა გავიღვიძებდი, საოჯახო საქმეები დამთავრებული ჰქონდა და მოწესრიგებული, გაპრანჭული სტუდიისკენ მიიჩქაროდა. როგორ ასწრებდა ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვიცი.

– მამის შეგონება – მთავარი მეწყვილის პოვნა, ცხოვრებაში გამოგადგათ, რადგან თქვენი ცოლიც, კარინა, ჯერ თქვენი მეწყვილე იყო.

– დიახ, კარინა საქართველოში ჩამოვიდა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობის მისაღებად. მას გიგი იცნობდა. შემდეგ, როცა ჩემთვის მეწყვილის შერჩევის საკითხი დადგა, გიგიმ კარინას კანდიდატურა შემომთავაზა. ის თავდაპირველად ათი დღით ჩამოვიდა, რათა მოგვესინჯა, რამდენად შევეწყობოდით ერთმანეთს სიმაღლეში, ცეკვაში. კარგად შევეწყეთ. ჩემი მშობლებივით ჩვენც ჯერ საქმემ დაგვაკავშირა. ისიც თავის პროფესიაზე შეყვარებულია. შემდეგ მოვიდა სიყვარული, რომელიც საკმაოდ დიდ დროში გამოვცადეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქორწინეთ.

– პროფესიონალი მოცეკვავეები, როგორც წესი, მოგვიანებით გადაწყვეტენ ხოლმე შვილის ყოლას. ამ მხრივ ხომ არ არის სიახლე თქვენს ოჯახში?

– ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ, რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება.