ლარისა გაჩეჩილაძე: ,,ვბერდები, მაგრამ რას ვიზამ, სიბერეც ლამაზი უნდა მქონდეს” – რას ყვებოდა ,,სარკესთან” სამეჯლისო ცეკვების ლედი

ლარისა გაჩეჩილაძე: ,,ვბერდები, მაგრამ რას ვიზამ, სიბერეც ლამაზი უნდა მქონდეს" - რას ყვებოდა ,,სარკესთან" სამეჯლისო ცეკვების ლედი,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,იცეკვეთ და იყავით ბედნიერი” – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ლარისა გაჩეჩილაძე და თავის გარშემო ბედნიერ სამყაროს ქმნიდა. ის უკვე ლეგენდაა, რომელზეც მოცეკვავეთა თაობები ძალიან ბევრს მოყვებიან. ქალი, რომელმაც საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ისტორია შექმნა, სამწუხაროდ, მარტში ის 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლარისა გაჩეჩილაძე დიდი ოჯახის დიასახლისი გახლდათ. მისი ქმარი, თენგიზ გაჩეჩილაძე, ,,თელას” დაამარსებელია მეუღლესთან ერთად. მათი შვილებიც, გიგი და რატი გაჩეჩილაძეები, მშობლების კვალს გაჰყვნენ და საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სათავეებში არიან. ცნობილი ქორეოგრაფები არიან ბატონი თენგიზის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, შორენა და მისი ქმარი, გოჩა ჩერტკოევი. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს.

ცეკვისა და სიყვარულის სამყაროში

ლარისა გაჩეჩილაძე ცეკვის სამყაროში შემთხვევით აღმოჩნდა.

– ჩემი იმერელი მამა ფაბრიკაში მუშაობდა, პოლონელი დედა საბავშვო ბაღში – აღმზრდელად. პოლონეთიდან დედაჩემის ოჯახი იყო ჩამოსული, მამას მოეწონა და მოიტაცა. ასე გავჩნდით მე და ჩემი ორი ძმა.

ბავშვობაში აფიშებს ვხედავდი, სადაც ეწერა, რომ სამეჯლისო ცეკვებზე გვეპატიჟებოდნენ. ამხანაგებს ბევრჯერ ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ, მაგრამ მათგან უარს ვიღებდი. იმ პერიოდში პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, თან კონიაკის ქარხანაში ვმუშაობდი, კომკავშირის კომიტეტი მებარა.

ერთ-ერთ ყრილობაზე ფოიეში ახალგაზრდები ცეკვავდნენ. ერთმა ბიჭმა საცეკვაოდ გამიწვია, მეც გავყევი. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ თურმე ვალსში მარჯვენა ბრუნი გააკეთა და მარცხენა გადააბა. მეც ავყევი და ვიცეკვე. ვუთხარი, რომ ცეკვაზე არასოდეს მივლია, მაგრამ ძალიან მინდოდა სწავლა. წამიყვანა თენგიზ მასწავლებელთან და უთხრა, ამ გოგოს ჩვენთან ჩაწერა უნდაო. ასე გავხდი თენგიზ გაჩეჩილაძის მოსწავლე, – ყვებოდა ლარისა გაჩეჩილაძე ,,სარკესთან”.

მოსწავლე მალე თენგიზ გაჩეჩილაძის ასისტენტი გახდა, შემდეგ კი – მისი მეორე ნახევარი და მისი ორი შვილის დედა. შეუღლებისას ბატონი თენგიზი 30 წელს იყო გადაცილებული, ქალბატონი ლარისა – 20-ს. ცოლ-ქმარი თავიანთი სიყვარულის ამბავს “სარკესთან” ასე იხსენებდნენ:

თენგიზი: ლარისა ძალიან ლამაზი იყო. ჩვენთან რომ მოვიდა, არაფერი იცოდა, მაგრამ მალე საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოცეკვავე გახდა. შემდეგ საქართველოს კონკურსი ჩატარდა ცეკვაში და, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი თვე იყო, რაც ცეკვაზე დადიოდა, კონკურსანტად გავიყვანე. საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

ლარისა: მასწავლებელი იყო და სხვანაირად მასზე ვერც ვიფიქრებდი. ვღელავდი, როცა თენგიზთან მიმიყვანეს და ჩემზე უთხრეს, ამ გოგონას ცეკვა გამოსდისო. განვიცდიდი, რომ შეიძლებოდა არ მივეღე. ჩვეულებრივად დავდიოდი თენგიზ მასწავლებელთან. მას ახლაც მასწავლებელს ვეძახი.

მერე მითხრა, თუ გინდა, ჩემი ასისტენტი გახდიო. ისეთი ლამაზი გოგონები ედგნენ გვერდში, გამიკვირდა, მე რომ შემომთავაზა თანამშრომლობა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ეს გარკვეული სკოლა იყო, როგორ მესწავლებინა ბავშვებისთვის. თენგიზი მთელი ცხოვრება მასწავლის ცეკვას.

თენგიზი: ძალიან ძნელია ასისტენტის, ანუ ცეკვაში პარტნიორის მოძებნა. ცოლის მოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე პარტნიორის მოძებნა. ისევე უნდა უყვარდეს ცეკვა, როგორც შენ გიყვარს, ესმოდეს, ნიჭი ჰქონდეს… ანუ ძნელი შესარჩევია.

ლარისა: სულ ველოდებოდი, როდის მეტყოდა სიტყვას: “მიყვარხარ”. მან კი უბრალოდ მითხრა, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და დავქორწინდეთო.

თენგიზი: სხვათა შორის, ქალისთვის მართლა არ მითქვამს სიტყვა “მიყვარხარ”. ახლა უკვე ვეუბნები… ლარისა რომ შევირთე, პირველ ცოლს მერე გავშორდი. მე და ჩემი პირველი ცოლიც ერთად ვმუშაობდით. დღეს ერთმანეთთან გადასარევი დამოკიდებულება გვაქვს. თუ გამიჭირდება, ამერიკიდან წამლებსაც კი მიგზავნის.

ცოლ-ქმრის გაშორება უმტკივნეულო არასოდეს არის, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დავშორდით. სიდედრმაც თქვა, ესე იგი ბედი არ ყოფილაო. პირველ ცოლთან 16 წელი ვიცხოვრე. შორენაც 16 წლის იყო, რომ გათხოვდა და მეც იმ პერიოდში მოვიყვანე ლარისა. ვიზრუნე, რომ შორენას დედას არაფერი მოჰკლებოდა…

სიყვარული, იცით, რა არის? ნურავინ დაიტრაბახებს ვინმეს სიყვარულით, სანამ მასთან, სულ ცოტა, 25 წელს არ გაატარებს. როცა წყვილი ოჯახში 25 წელს გაატარებს, ერთმანეთს შერჩებიან, ამას ჰქვია სიყვარული. იმის ყვირილი, რომ ვიღაც გიყვარს, დიდი არაფერია…

ლარისა: ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

თენგიზი: ყოველი დღე პაემანი იყო და არის. გვიყვარს ჩვენი სამუშაო. 40 წელზე მეტია სტუდიას ჰქვია “თელა”, ჩვენი სახელების პირველი მარცვლები შევაერთეთ.

50 წლიანი ცოლქმრობის საიდუმლო

ქორეოგრაფების წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, ქორწილი არ გადაუხდიათ, მაგრამ დიდ და ლამაზ ქორწილზე ასაკშიშესულებიც ოცნებობდნენ. ბატონი თენგიზი და ქალბატონი ლარისა თავიანთი მყარი ოჯახის საიდუმლოზე “სარკის” სხვადასხვა ინტერვიუებში ყვებოდნენ. გთავაზობთ ამონარიდებს.

ლარისა: ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია დათმობა. ჩვენს შემთხვევაში ძირითადად მე ვთმობ ხოლმე.

თენგიზი: არის ასეთი ცეკვა “პასადობლი”, რომელიც ხარისა და ტორეადორის ურთიერთობაზეა აგებული. ცხოვრებაც ასე შეიძლება განვიხილოთ. არ შეიძლება ორი ხარი ერთმანეთს ეტაკებოდეს. დათმობა მნიშვნელოვანია.

ლარისას თქმა არ სჭირდება, მე რა მინდა და რა მიჭირს. ამ მხრივ, ჩემზე ძლიერი პიროვნებაა. მე ვეკითხები, თუ რა უნდა, რა სჭირდება, ლარისა კი უთქმელად ხვდება, მე რა მჭირდება. ლარისა დაახლოებით ასეთი ფილოსოფიის მომხრეა: კაცის ბედნიერება არის “მე მინდა” და ქალის ბედნიერება – “მას უნდა”. ცოტა რეაქციული ნათქვამია, მაგრამ სწორი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რაც ლარისას უნდა, მე არ ვუსრულებ.

ლარისა: ყველა ქალმა უნდა იცოდეს ერთი რამ: თუ მამაკაცს შენთან ყოფნა არ უნდა, ძალით არ უნდა დაიჭირო. კაცს თავისუფლება უნდა მისცე. თენგიზი თავისუფალი იყო და არის. ჩემი პრინციპია: “თუ მას არ ვუნდივარ, ღმერთმა ხელი მოუმართოს!”.

თენგიზი: ეჭვი ხანძარზე სწრაფად უნდა ჩააქრო. ეჭვიანობა ბრიყვებისთვის ბედნიერებაა. ლარისა არ არის ეჭვიანი. შეიძლება ვინმესკენ გამიხედავს, მაგრამ არ შეუმჩნევია. არადა მიწისქვეშ რა არის, ისიც კი იცის.

ლარისა: თენგიზის მიმართ დღემდე ისეთი რიდი მაქვს, როგორიც მოსწავლეს მასწავლებლის მიმართ უნდა ჰქონდეს. ჩვენი სიყვარული მუდმივმა ურთიერთობამ, ერთნაირმა აზროვნებამ მოიტანა.

ხანდახან რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე რომ მიდის, ის სამი-ოთხი დღე საუკუნე მგონია. ერთმანეთის გარეშე ძალიან გვიჭირს. ერთად მუშაობა ძალიან კარგად გამოგვდის. თენგიზი ახალი იდეების ავტორია, მე კი – ამ იდეების განმახორციელებელი.

თენგიზი: ლარისა დილიდან საღამომდე მუშაობს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან, ლარისა რომ არ გყოლოდა, ვერაფერს მიაღწევდიო. მას ხანდახან ნინო რამიშვილს ადარებენ, მაგრამ ქალბატონ ნინოს მოსამსახურეები ჰყავდა, ლარისას – არა…

ღმერთმა კაცებს გვერდით ქალები დაგვიყენა. არსებობენ ეგოისტი მამაკაცები, რომლებიც წინა პლანზე საკუთარ თავს აყენებენ, მეორეზე – ქალს. კარგმა მამაკაცმა კი ქალი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს, მასზე უნდა იზრუნოს. თუ კაცი საზოგადოებაში კარგად ჩანს, ეს ქალის დამსახურებაა.

ოჯახში სასიამოვნო პირობების შექმნაც ქალზეა დამოკიდებული. კარგი გამოთქმაა, ბედნიერი ისაა, ვინც ოჯახშია ბედნიერიო. ქალმა თუ სითბო გიჩვენა, შვილები გაგიჩინა, ეს სიყვარულს უფრო ამყარებს. ეს არის ბედნიერება და კიდევ ის, რომ კი არ დაგძაბავს, პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარება… მე ყოველთვის ბრაზიანი ვიყავი, ლარისა მანეიტრალებდა.

სიყვარული ის კი არ არის, ერთმანეთს თვალებში უყურო, სიყვარული ისაა, ორი ადამიანი ერთ მხარეს რომ იყურება. ერთხელ იდეა მომივიდა, წავედი და ხარების უღელი მოვიტანე სახლში. საწოლის თავზე ჩამოვკიდე და აქეთ-იქით ჩვენი სურათები დავკიდე. ასე შევებით უღელში და დღემდე ვეწევით. ყველა გაოცებული რჩება, როცა ამ უღელს ხედავენ…

ჩვენი ცხოვრება “ფოქსტროტს” ჰგავს. ეს არის ერთადერთი ცეკვა, რომლის დროსაც სულ ვმღერი. ჩვენი ცხოვრება ამ ცეკვის რიტმებს ძალიან უხდება.

,,როგორც დედამ, ჩემი ვალი მოვიხადე”

,,დედაჩემი რომ მიყვარს, ისე ვინ უნდა მიყვარდეს? 9 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავედი და 17 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ამ ხნის განმავლობაში მშობლები არ მინახავს. დედამ მხოლოდ ერთხელ ჩამომაკითხა. მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ ისინი სულ გვერდით მედგნენ. დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის”, – უყვებოდა გიგი გაჩეჩილაძე “სარკეს” დედაზე.

– ორსულობის პერიოდში ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მშობიარობის დროს გიგი ფეხებით წამოვიდა. ორივე ჩვენგანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, ან მე უნდა გადავერჩინე ექიმებს, ან ბავშვი. ბავშვი გადაარჩინეთ-მეთქი, ვუთხარი.

სუსტი დაიბადა, თავის ქალაზეც პრობლემები ჰქონდა. მირჩევდნენ, სამშობიაროში დატოვეთო. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. მამაჩემმა ექიმებს უთხრა, ჩემი შვილიშვილია და ჩემთან უნდა იყოსო. ჰოდა, აგერ კი ხედავთ, რომ ჯირკივით ბიჭი გაიზარდა. ნატურალურ საკვებზე მყავდა, თხის რძეს ვასმევდით. მამამისი ყოველ მის ჭამაზე მცხეთაში მიდიოდა და იქიდან ჩამოჰქონდა თხის რძე.

გოგო ძალიან გვინდოდა, მაგრამ ასაკმა აღარ მომცა ამის უფლება. 42 წლის ვიყავი, როცა რატი გამიჩნდა. გიგი რომ დაიბადა, 37 წლის ვიყავი. შვილებს არასდროს ვანებივრებდი. სულ ისე ვზრდიდი, რამე რომ მომსვლოდა, დარწმუნებული ვყოფილიყავი, თავს გაიტანდნენ. როგორც დედამ, ჩემი ვალი მოვიხადე, – უთხრა ლარისა გაჩეჩილაძემ “სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნამდვილი ლედი

,,არასდროს მეგონა, რომ ჩემი მასწავლებელი დაბერდებოდა”, – წერს სოციალურ ქსელში ლარისა გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მოსწავლე. წლებთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი მისთვის ცეკვა იყო და არავითარი კოსმეტიკური ხრიკები.

– როცა მოსწავლეებს ჩემი ასაკი ვუთხარი, გაუკვირდათ და თქვეს, რომ მათი ბებიებიც ამ ასაკისანი არიან, მაგრამ ჩემსავით შპაგატში ვერ სხდებიან. მითხრეს, რომ ჩემი ტანის შურდათ. თუ რამე დადებითია ჩემში – ხასიათი, ენერგია, სიცოცხლის სიყვარული და ა.შ. ყველაფერი ცეკვის დამსახურებაა. ამის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ადამიანმა იცეკვოს და ცუდ ხასიათზე იყოს?!

თენგიზის აზრი ყოველთვის მთავარი იყო ჩემთვის. როცა ახალ სამოსს ვიძენ, მას ვაჩვენებ, მიხდება თუ არა. ის ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს, ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით მისგან პრეტენზია არასოდეს გამიგია. ერთხელ რიგიდან სახის კრემი ჩამომიტანა, რომლის ფასმაც გამაოცა – 400 ევრო ღირდა. შენ ამას იმსახურებო, მითხრა.

ბუნებრიობა მომწონს ახალგაზრდაშიც და მოხუცშიც…. ბუნებრივი საშუალებებითაც საკმარისად შეიძლება ქალმა თავს მოუაროს. თუ მოინდომებს, ამას მცირე თანხითაც მოახერხებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფული არ მიყვარს. ვიცი ხალხი, რომლებიც ფულზე გიჟდებიან. ფულმა არ უნდა გაგაგიჟოს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ადამიანურად უნდა იცხოვრო და ამისთვის ბევრი ფული საჭირო არ არის,..

ვფიქრობ, რომ ვბერდები, მაგრამ რას ვიზამ, სიბერეც ლამაზი უნდა მქონდეს. სარკე ნამდვილად არის ჩემი მეგობარი. იცით, ქალისთვის ყველაზე დიდი სასჯელი რა არის? შეიყვანო ოთახში, სადაც ბევრი შლაპაა და არც ერთი – სარკე”.

..

ლარისა გაჩეჩილაძე 14 მარტს თბილისის ყოველთა წმინდათა ეკლესიიდან გაასვენეს. მას უკანასკნელ გზაზე უამრავი ადამიანის ცრემლი გაჰყვა.