,,კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა” – დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

,,კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა" - დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანესმწერალი დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. ,,ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო ძლიერი  ნერვული და, სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს”, – დაწერა მწერალმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

,,ქართული ოცნება“, თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა, იარაღს დაახლი, თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ – პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია.

ბუნებრივია, ვეცადეთ, ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერც ერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება. ,,მე-17 სართული” და ,,ფორმულა” არ გაჩერდება, როგორც არ უნდა ეცადოთ“. – წერს სოფიო ხუნწარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დათო ტურაშვილს POSTV-ის ეთერიდან მიმართა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

„დათო ტურაშვილი „ხალხის ძალას“ რომ მოგვიწოდებს, რუსები ხართ და აღიარეთო, დათო, შენ კარგად მიცნობ მე და იცნობ დათო კაჭარავას, იცნობ ვიკა სანიკიძესაც და კახა კალაძესაც. იცნობ კობიაშვილს, ჩვენ ზურგით გვიტარებია ჩვენი დროშა და როცა რაღაცას ამბობ, ის უნდა დაამტკიცო. ჯერ ერთი, ზიხარ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირალების ფულით არის შექმნილი, შენი პატრონია დავით კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა.

მე აქამდე ღირსებით ვიცხოვრე. ჩადი შვეიცარიაში, იქ არის ჩემი დატოვებული  საქმე. მილანში არ ჩადიოდით? კახა კალაძეზე ისე იყო ყველა აღფრთოვანებული, როგორ დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე არიან. ახლა ამ ტელევიზიიდან, რომ ამბობ „ხალხის ძალაზე“ რუსიაო… ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი, რა. ვინ არის რუსი და ვინ არის შენზე მაგარი მოყვარული ამ ქვეყნის?!” – მიმართა ყაველაშვილმა დათო ტურაშვილს.

ბოლო დღეებში მწერლის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ,,პოსტივის” ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი ძალიან ემოციური სტატუსით გამოეხმაურა.