,,ეს ამბავი არავინ იცის ჩვენ გარდა” – შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი დათო ტურაშვილზე

,,ეს ამბავი არავინ იცის ჩვენ გარდა" - შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი დათო ტურაშვილზეჟურნალისტ შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე მწერალ დათო ტურაშვილზე წერს:
,,ჩემი წარსული ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა სილამაზის სალონი გავაკეთე წვალებით და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი.
ერთხელაც მენეჯერი მეუბნება, ვიღაც კაცი გკითხულობსო. გამოვედი და ვხედავ, დათო ტურაშვილი დგას სალონის ფოიეში. დათოს კი ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი და გამიკვირდა მისი დანახვა, თუმცა სიხარულით შევხვდი და ჩამოვსხედით სალაპარაკოდ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვსაუბრობთ, ძალიან გულღია ადამიანია, ვინც იცნობთ, გეცოდინებათ. ჰოდა, თან ვატყობ, რომ ნერვიულობს, აშკარად რაღაც საქმეზეა მოსული და უჭირს თქმა.
ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, ვხვდები, რაღაცის სათქმელად მოხვედი და მითხარი-მეთქი. ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის, გეხვეწები, სწორად გამიგე, რასაც გეტყვი. შენზე ხშირად ვფიქრობ, წარმოვიდგენ, მე რომ დამიჭირონ, ჩემს ცოლს რა ეშველებო, რამხელა ტვირთის ტარება მოუწევსო. ჰოდა, გულმა ვეღარ მომითმინა, გუშინ ჩემი წიგნის ჰონორარი ავიღე და მინდა, გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო.
ახლაც თვალწინ მიდგას, თავდახრილი როგორ მეუბნებოდა ამას, ხელში კონვერტით. ძალიან გავვოცდი, თან ცრემლები მომადგა, გული ისე ამიჩუყდა. გადავეხვიე და ვუთხარი, მადლობა, დათო, მართლა არ მჭირდება, მაქვს საკმარისი შემოსავალი-მეთქი. მენეჯერს აღრიცხვის ჟურნალიც კი მოვატანინე, რომ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო და მინდოდა, დაენახა, რომ ასე თუ ისე ვირჩენდით თავს.
ვერ გამოგართმევ, დათო, შენც ოჯახი და წვრილშვილი გყავს, მაგრამ ჩემთვის იგივეა, რომ გამოგართვი, შენც ასე ჩათვალე, რომ მომეცი ეს ფული-მეთქი…
ეს ამბავი არავინ იცის ჩვენ გარდა, მას მერე ალბათ 15 წელი გავიდა, მაგრამ არ დამვიწყებია მისი გულწრფელი საქციელი და შეწუხებული სახე, როგორ ნერვიულობდა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო, რადგან ფულს მთავაზობდა…
დათოს ქალიშვილის პოსტი შემხვდა ახლა, ნერვიულობს მამის მდგომარეობის გამო, შავ პიარს უგორებენო. თან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონია თურმე დათოს და გულმა არ მომითმინა, ეს ამბავი არ მეთქვა საჯაროდ. მას მერე აღარ შემხვედრია დათო, არც მისაუბრია, მაგრამ სულ ვფიქრობდი, თუ შემხვდებოდა, კიდევ გადამეხადა მისთვის მადლობა. დათო არის ნამდვილი ადამიანი, გულწრფელი და მართალი.  უცხოსთან მოვიდა დასახმარებლად, თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ მე მიყოფდა…”.