გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან – ,,ხალხი ჭკუიდან არის გადასული!”

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან - ,,ხალხი ჭკუიდან არის გადასული!",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი გავიდა. ამ საქმეზე 17 ახალგაზრდა გაასამართლეს. 14 მათგანი დღემდე პატიმრობაშია. როგორც იურისტი, გიორგი შაქარაშვილის მამის ბიძაშვილი, მირიან ნიკოლაძე ,,სარკესთან” ამბობს, ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, რადგან ყველა სათანადოდ და კანონის შესაბამისად ისჯება, თუმცა მსჯავრდებულების ოჯახის წევრები განაჩენს ასაჩივრებენ. ისინი დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან.

მირიან ნიკოლაძე: მკვლელები დადგენილები არიან და მისჯილიც აქვთ სასჯელი,  ოჯახი თვლის, რომ განაჩენი სამართლიანია. ამათი სასჯელი წარმოუდგენელი უნდა იყოს, მაგრამ რა ვქნათ, კანონს ვერ შევცვლით. სამ დამოუკიდებელ ეპიზოდზე მიდის საქმის წარმოება და სამივე გასაჩივრებულია. ერთი განზრახ მკვლელობაა, მეორე – ძალადობა და არასრულწლოვნების ეპიზოდი.

ყველაზე მძიმე ბრალდება “ტოიოტა ქამრის” მგზავრებს აქვთ, რომლებმაც გარდაცვლილს ბოლომდე სდიეს და მდინარეში ჩააგდეს. სულ ხუთნი ისხდნენ, მაგრამ ერთს, მახარაძეს, არ წარედგინა განზრახ მკვლელობის მუხლი, რადგან კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ის მანქანაში დარჩა და მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია…

– ორი წლის გადასახედიდან როგორ ჩანს, რა მოხდა, რამ გამოიწვია ახალგაზრდების ასეთი გამხეცება, ასე რატომ გაიმეტეს გიორგი?

– ის მოხდა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება – ხალხი გამხეცებული, გამწარებულია და ერთმანეთის ზიზღი აქვს, გაბოროტებულები არიან. ჩვენს მოზარდ თაობას პატრონი არ ჰყავს. მშობლები სამუშაოდ არიან გასული, დეპრესიული ფონია ქვეყანაში… ფაქტია, რომ ეს გამხეცებული, გავეშებული და ერთმანეთზე გაბოროტებული ახალგაზრდობა იმაზეა ორიენტირებული, რომ ვიღაცაზე შური იძიოს. შურისძიება დღევანდელი ტრენდია და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მინახავს მსგავსი შემთხვევები.

ბოლო დროს მოდაში შემოვიდა გასული საუკუნის 90-იანი წლების ამბავი – უბანი უბანზე და დაუნდობლობა ერთმანეთისადმი. გასაოცარია, ისეთი ზიზღი, ბოროტება და ანგარიშსწორებაა ახალგაზრდებში. 17-18 წლის ბავშვებს 30 წლისანები დაედევნენ და შური იძიეს. ახლა გაიძახიან ციხიდან, რომ ვითომ გასაშველებლად ჩავიდნენ, რაც ზღაპარია. ანგარიშსწორებისთვის ჩავიდნენ და ვინც მოასწრო თავის დაღწევა, მოასწრო, ვიღაც შემთხვევითობის წყალობით გადარჩა და, საუბედუროდ, გიორგი შერჩათ ხელში, სრულიად უდანაშაულო ბავშვი…

გაჰკივიან, ოჯახმა ძალით დააჭერინაო. ოჯახს ვინ ეკითხება, როცა გამოძიებით ყველა ბრალი დადგენილია?! ოჯახმა შეიძლება თქვას, რომ გამოძიებას ენდობა ან არ ენდობა. ამას ამბობს ის, ვინც თავად მოიქცეოდა ისე, მისიანი რომ მოეკლათ. თურმე უსამართლოდ სხედან ციხეში ჩვენი პოზიციის გამო.

ხალხი ჭკუიდან არის გადასული. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა ჰქონდეთ, საკუთარ დანაშაულს იაზრებდნენ, შვილებს მიხედონ, რომ ისინიც და თავადაც მთლად ბოლომდე არ წახდნენ, იქით ავრცელებენ უაზრო ბრალდებებს…

– გიორგის ოჯახი, მშობლები და, როგორ არიან,?

– ისევ ცუდად არიან. ამასთან შეგუება წარმოუდგენელია, რა ენერგიაც უნდა იპოვო საკუთარ თავში, რაც უნდა მორწმუნე და იმედიანი იყო. ბავშვი რომ მოგენატრება, მოფერება გინდა და თან იცი, რომ უდანაშაულო იყო და ვიღაცამ მხეცურად მოგიკლა… ცხოვრებას აგრძელებენ, რადგან ანი ჰყავთ, გიორგის და. სანთელივით გოგოა და ყველა შევცქერით.

– გასამართლებულების ოჯახებიდან ვინმე მოვიდა, ბოდიში მოუხადა შაქარაშვილებს?

– რა ბოდიში, ემუქრებიან ოჯახს და არიან ერთ ამბავში. თამუნამ პროცესზე რომ ჩვენება მისცა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსასმენად რომ მივიდნენ, მაშინაც შეურაცხყვეს. რა ბოდიში, რის ბოდიში…

– ბრალდებულების დედებმა და მამებმა?

– დედებმა ლანძღეს და წყევლეს თამუნა. შვილმკვდარ დედას რომ შეურაცხყოფას აყენებ… ასეთები ზრდიან სწორედ მკვლელებს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”