დინი ვირსალაძის კულინარიული იმპროვიზაციები

დინი ვირსალაძის კულინარიული იმპროვიზაციები,,სარკე”

პიანისტ დინი ვირსალაძეს სამზარეულოშიც ისევე უყვარს იმპროვიზაციები, როგორც ინსტრუმენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში დედა საოჯახო საქმეებით არ ტვირთავდა და მის თითებს უფრთხილდებოდა, როცა კერძების გაკეთება დასჭირდა, თავი მშვენივრად გაართვა, თანაც ისე, რომ აპლოდისმენტებს კულინარიულ ხელოვნებაშიც ხშირად იმსახურებს.

– ქალბატონო დინი, სამზარეულოსთან თქვენი ,,დამეგობრება” როგორ მოხდა?

– ეტაპობრივად. დედა ჩემს დროს და ენერგიას ზოგავდა, ამიტომ სკოლის ასაკში ამ საქმით არ ვყოფილვარ დაკავებული. სტუდენტობის ასაკში, როდესაც გავთხოვდი, მომიწია სადილების კეთება.

– კონტრასტული გემოები თუ გამოგიყენებიათ ერთად?

– ბევრჯერ. მაგალითად, სალათის ფოთლებს ცოტა ძმართან ერთად თუ თაფლსაც დაუმატებთ, უგემრიელესი იქნება. პიკანტურ გემოს აძლევს. ეს ჩვენს ტრადიციულ რეცეპტებში არ შედის, მაგრამ ბევრგან მიღებულია.

– იქნებ გაგვიმხილოთ თქვენი რომელიმე საიდუმლო კერძის რეცეპტი, რომელიც ძალიან მოგწონთ.

– მიყვარს ხორცის რულეტის კეთება. საქონლის გატარებულ ხორცს მარილს, ცოტა შავ პილპილს ვუზამთ და ჰაერღუმელის ტაფაზე გავაბრტყელებთ, ზემოდან შეგვიძლია ცოტა სოკო, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი დავამატოთ. ზოგი კამას ან სხვა მწვანილს უშვრება. ეს უკვე გემოვნების საკითხია. კამა პიკანტურ გემოს აძლევს. ბოლოს ამ მასას რულეტივით დავახვევთ, ზემოდან კვერცხის გულს წავუსვამთ, რომ პრიალა იყოს. ჰაერღუმელში გამოვაცხობთ და დავჭრით. ძალიან გემრიელი კერძი გასწავლეთ!

– როგორ ფიქრობთ, ყველა ქალის მოვალეობაა, რომ კარგი მზარეული იყოს?

– არ ვიცი, აუცილებლად უნდა ეხერხებოდეს თუ არა, მაგრამ ალბათ მაინც უმჯობესია, თუ ქალმა კერძების კეთება იცის. მგონია, რომ ბევრისთვის ეს სასიამოვნო პროცესია. გაზქურასთან დგომა ხშირად არ მიწევს და ალბათ ამიტომ მსიამოვნებს საჭმელების მომზადება.

– დაბოლოს, მსუბუქი სალათის რეცეპტიც გექნებათ.

– უმი კომბოსტო წვრილად დაჭერით, ასევე უმი სტაფილო გახეხეთ, მწვანე ვაშლი წვრილად დაჭერით და ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი კიტრი და ბულგარული წიწაკაც დაუმატოთ. ამ ყველაფერს ზეითუნის ზეთს მოასხამთ ცოტა ძმართან ერთად. ბევრი მწვანილი ძალიან უხდება, მე რეჰანსაც ვუშვრები. ვისაც რა მწვანილი გიყვართ, ის ჩააჭერით. ძალიან გემრიელია. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.