,,ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც” – ტრაგედიის ადგილას ,,ოცნების” წევრები იკრიბებიან

,,ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც" - ტრაგედიის ადგილას ,,ოცნების" წევრები იკრიბებიანფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, ვაკეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა ნახეს. დეპუტატი 51 წლის იყო. მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. მის სახლთან ,,ოცნების” წევრები იკრიბებიან.

ხახუბიას ოჯახს 2017 წელს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს, ავტოავარიაში დეპუტატის ვაჟი, ბექა ხახუბია დაიღუპა. ოჯახის წევრების თქმით, დეპუტატს შვილის დაღუპვის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„წავიდა ბექასთან! ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც, ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო, ირაკლი ხახუბია!“ – დაწერა დეპუტატის მეგობარმა, შორენა მირცხულავამ.

დეპუტატი შვილის დაღუპვის შესახებ წერდა: ,,ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება – მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას.

გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც, სამწუხაროდ, შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს – გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს, სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც, სხვათა შორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა…

ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ, უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ, ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ”.