ვინ იყო დარია დუგინა? – ის უკრაინელებს არშემდგარ ადამიანებს უწოდებდა, მომხრე იყო ომების, რასაც რუსეთის სულიერი მისიით ამართლებდა

ვინ იყო დარია დუგინა? - ის უკრაინელებს არშემდგარ ადამიანებს უწოდებდა, მომხრე იყო ომების, რასაც რუსეთის სულიერი მისიით ამართლებდადღეს მსოფლიო მედიის, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტების ყურადღება მოსკოვში მომხდარი აფეთქებისკენ არის მიმართული – ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, სადაც მისი ქალიშვილი დარია იჯდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ქართულ სოციალურ ქსელებში სენტიმენტალური სტატუსები გაჩნდა – ,,შვილმა რა დააშავა?”, ,,მამის გამო შვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი?” და ბევრს  ავიწყდება, რომ ის არ იყო შემთხვევითი მსხვერპლი. დარია მამის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული, მათ შორის – საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის  საქმიანობაში, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს. იმ საბედისწერო დღესაც მამა-შვილი ერთად მიდიოდნენ ევრაზიული მოძრაობის ღონისძიებაზე, თუმცა ბოლო მომენტში ალექსანდრ დუგინმა სხვა მანქანით წასვლა გადაწყვიტა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა სწორედ დარია იყო სამიზნე, მისი მკვლელობა იყო დაგეგმილი და არა – მამამისის.

ვინ იყო დარია დუგინა? ის არ ყოფილა რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის სანქცირებულთა სიაშიც იყო. დარია სხვა ერების მიმართ პათოლოგიური ზიზღით გამოირჩეოდა.

,,დარია არარუსი ერებისადმი განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებდა. იგი უკრაინელებს ,,არშემდგარ ადამიანებს” უწოდებდა, ხოლო ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთს ,,ევრაზიული იმპერიის მომავალ ნაწილად” განიხილავდა. მეტიც, იგი მარიუპოლშიც ჩავიდა და გმირ დამცველებს ქალაქის ამაოხრებლები უწოდა. ამასთან, დარია დუგინა სანქცირებულთა სიაში იყო დიდი ბრიტანეთის მიერ.
ალექსანდრე დუგინი ბავშვობიდან დაატარებდა ფაშისტურ დემონსტრაციებზე და ატარებინებდა ისეთ სიმბოლოებს, რომელთა კავშირიც ნაცისტურ წარსულთან ნათელი იყო. დარია დუგინა მამამისივით რუსეთის ექსპანსიონისტური სამხედრო კამპანიების აქტიური მომხრე იყო და ამას რუსეთის “სულიერი მისიით” ამართლებდა.
ალექსანდრ დუგინზეც რომ ვთქვათ ორიოდე სიტყვა…  მისი აზრით უნდა ჩამოყალიბდეს დიდი ევრაზიული იმპერია, რომელიც დაუპირისპირდება დასავლეთს, როგორც მომაკვდინებელ სხეულს. ამ პროცესში სლავურენოვანი ხალხების ერთიან რუსულ იმპერიაში გაერთიანების მომხრეა, რომლის შემდეგაც დასავლეთთან ომი დაიწყება. უკრაინა დიდი დაპყრობითი მისიის ერთ-ერთ ნაწილად აქვს მოაზრებული და უკრაინის, როგორც ქვეყნის არსებობას დასავლურ სეკულარიზმს აბრალებს. დუგინის აზრით, კიევი, რუსების ცენტრად უნდა იქცეს.
მას საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განსაკუთრებული ზიზღი აქვს. 1997 წელს თავის წიგნში Основы геополитики აღნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაიშალოს და აფხაზეთი და სამაჩაბლო (იგი “ერთიან ოსეთს” უწოდებს) რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, რომელთა გავლითაც რუსეთი სამხრეთ კავკასიას დაიკავებს.
2008 წელს ომამდე იგი ცხინვალში ჩავიდა.ამბობდა მალე აქაურობიდან რუსეთის აღდგენა დაიწყებაო. მან იქ “ევრაზიული ახალგაზრდული კონგრესის” შეხვედრა გამართა. ომის პერიოდში კი თბილისის აღებას ითხოვდა…”, – წერს გიორგი კობერიძე.