გიორგი ნაზღაიძე: ,,დამემუქრა, ბავშვი შენი არ არის, თავი დაგვანებეო”

გიორგი ნაზღაიძე: ,,დამემუქრა, ბავშვი შენი არ არის, თავი დაგვანებეო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

გიორგი ნაზღაიძეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ პირველი რეალითი ვარსკვლავი. ბოლო 20 წელიწადში მან სამ რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა. ესენი იყო „მდიდრები და ღარიბები“, „მზის სახლი“ და ახლა უკვე „პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე სკანდალური და ამავდროულად რეიტინგული მონაწილეა. 36 წლის გიორგის მთავარი მიზანია, ამ პროექტში მოგებული თანხით შვილის დაბრუნების რთული პროცესი დაიწყოს. ბავშვი, რომელსაც გიორგი საკუთარ შვილად მიიჩნევს, 12 წლისაა და ამერიკაში ცხოვრობს. გიორგის უნდა, ამერიკაში ჩავიდეს და სასამართლოთი დაამტკიცოს, რომ ის მისი შვილია. დანარჩენ დეტალებს „სარკის“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ გიორგი, რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად კონკურენტებზე დაკვირვებაში?

_ სიბოროტემ. წინა პროექტებშიც იყო კონკურენცია, მაგრამ არ იყო ზიზღი, შური და ბოროტება. არ იყო ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.

__ მოგვიყევით, რა მოხდა თქვენს პირად ცხოვრებაში, ვისგან გყავთ შვილი, რომლის გამოც ამერიკაში გინდათ ჩასვლა.

_ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შვილი ჩემ გვერდით არ არის. მყავდა საცოლე, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ბედნიერი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენი დაშორების შემდეგ მაშინვე წავიდა ამერიკაში და იქიდან სხვებმა მომილოცეს, მამა გახდიო. როცა შევეცადე გარკვევა ყოფილი საცოლისგან, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, საშინელი აგრესია წამოვიდა, დაგვანებე თავი, ბავშვი შენი არ არისო. დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვე, მაგრამ მუქარები წამოვიდა. ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოცქსელებში.

_ ფოტო არ გინახავთ?

_ ერთადერთხელ ვნახე. ეტყობა, შეცდომით დადეს და მაშინვე წაშალეს. ძალიან მგავს. დაშორებიდან მალევე გათხოვდა და ალბათ არ უნდოდა, მათი ოჯახური იდილია ჩემი გამოჩენით დარღვეულიყო. მინდა, ამერიკაში ჩავიდე და სასამართლო პროცესი წამოვიწყო.

_12 წელი რატომ ვერაფერი გააკეთეთ?

_ ძალიან დიდი თანხებია საჭირო, რომ ამერიკაში სასამართლო დავა წარმართო. იმედია, ამ პროექტის მოგება მომცემს ამის საშუალებას.

_დაოჯახების სურვილი უფრო მძაფრდება 36 წლის ასაკში?

_არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ამ ასაკში უნდა მოვიყვანო ცოლი. თუ გამოჩნდება ქალი, რომელთანაც მომინდება ოჯახის შექმნა, შვილები მისგან, უარს არ ვიტყვი. ახლა მსგავსი რამ არ რის.

_მეოჯახე ტიპი ხართ?

_ ოჯახის ადამიანი ვარ.ყველაფერს ოჯახისთვის ვაკეთებ. მიყვარს სახლი, ოჯახის წევრები.