რატი გაჩეჩილაძე: ,,ჩემი ცოლი ძალიან ძლიერი ადამიანია, აქეთ აწყნარებს თავის ოჯახს”

რატი გაჩეჩილაძე: ,,ჩემი ცოლი ძალიან ძლიერი ადამიანია, აქეთ აწყნარებს თავის ოჯახს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

სამეჯლისო ცეკვების დინასტიის წარმომადგენელ რატი გაჩეჩილაძეს რთული პერიოდი უდგას. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ცოლს, კარინა ლისენკოს, მის სამშობლოში მიმდინარე ომის საშინელებები დაავიწყოს. ამისთვის კი რატის ისევ ცეკვა ეხმარება. თუ როგორ აისახა ომი მათ ოჯახზე, რატი გაჩეჩილაძე ,,სარკეს” უყვება:

-ჩემი ცოლი კარინა ძალიან ძლიერი ადამიანია, აქეთ აწყნარებს თავის ოჯახს უკრაინაში. კარინას მამა ზაპოროჟიეს აეროპორტის დირექტორია. ომი რომ დაიწყო, მამამისი სპეციალურ ბომბსაცავში იყო, კარინას დედა – სარდაფში.

ომის პირველი ერთი კვირა განსაკუთრებულად რთული იყო. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის იმედი მიმეცა. კარინას ძმას და მის ცოლს ამ ომის დროს კიევში შეეძინათ ბავშვი და უსაფრთხოების მიზნით კიევი დატოვეს, მაგრამ ისევ უკრაინაში არიან. ქვეყნის დატოვებას მაინც არ ფიქრობენ. ამის სურვილიც რომ ჰქონდეთ, უკრაინაში 60 წლამდე მამაკაცებს ეკრძალებთ ქყვეყნის დატოვება. მაგალითად, კარინას რძალი თავისი მეუღლის გარეშე არ ტოვებს ქვეყანას, იმავეს აკეთებს კარინას დედაც. ეს ქალები ქმრებს უდგანან გვერდში.

– ყველაზე მეტად რა მოგწონთ უკრაინულ ხასიათსა და ტრადიციებში?

– ძალიან მომწონს მათი უშუალობა. თქვენ უნდა ნახოთ,  უკრაინელებისთვის რას ნიშნავს ჩასული სტუმარი. როცა კი კარინას ოჯახში ჩავსულვარ, სითბოსა და სიყვარულის გარდა არაფერი მიგრძვნია. კარინას ძმისა და მამის მაგალითზე ვხვდები, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანები არიან. ოჯახი მათთვის არის პირველი და ძალიან უფრთხილდებიან.

– ამ რთულმა პერიოდმა კარინას რა ახალი თვისებები დაგანახათ და როგორ იმოქმედა თქვენს ურთიერთობაზე?

– კარინაში დიდად ახალი არაფერი დამინახავს, რადგან კარგად ვიცნობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემ გვერდით ძლიერი ადამიანია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

– ხომ არ უთქვამს, სამშობლოს თუ დასჭირდა, ხელში იარაღსაც ავიღებო?

– კი, უთქვამს, ავიღებო და ვიცი, რომ ამის გამკეთებელიც არის. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ამის აუცილებობა დადგა, მეც გავყვები ომში გვერდით. ჩვენში მებრძოლი სული ძლიერია.