,,ჩემი და ჩემი რძლის დედაშვილობა არასოდეს დამთავრდება” – ციცი ფალავანდიშვილი

,,ჩემი და ჩემი რძლის დედაშვილობა არასოდეს დამთავრდება" - ციცი ფალავანდიშვილი,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

უკრაინის ომმა მის ფარგლებგარეთაც დაუკარგა ძალიან ბევრ ოჯახს მშვიდი ძილის საშუალება. მათ შორის არის საქართველოში მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის ოჯახი, რომელსაც ომის დაწყების დღიდან თავისი უკრაინელი რძლის, მუსიკოს გიგი დედამალაზიშვილის ცოლის, მარინა კარპის სახეზე ღიმილი ენატრებოდა. ქალბატონ ციცისთან ,,სარკემ” ეს ინტერვიუ მაშინ ჩაწერა, როცა მარინას მთელი ოჯახი – მშობლები, ბებიები, ძმა, ნათესავები თავშესაფრებში იყვნენ.

ციცი ფალავანდიშვილი: ამ ომმა დაგვამუნჯა. რაც მარინა ჩვენი რძალია, ამ 12 წლის განმავლობაში უკრაინა ჩვენი მეორე სამშობლო გახდა. მარინას ოჯახმა და ნათესავებმა ძალიან შეგვაყვარეს თავი. მარინას არაჩვეულებრივი მშობლები და ბებიები ჰყავს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ეს ამბავი მოხდებოდა. ეს ომი ჩვენთვის მეხის გავარდნა იყო. ჩვენ გვყავს შვილიშვილები და გვინდა, რომ მათ მაინც არ განიცადონ ამ ომის სისასტიკე. სულ გვეკითხებიან, ირა ბებია რატომ არ ჩამოდისო. მარინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამ ყველაფერს ისე განიცდის, რომ ვერც კი ველაპარაკები.

– მარინას მშობლების მდგომარეობა ბოლო მონაცემებით როგორია, სად შეაფარეს თავი?

– როგორც ყველა უკრაინელმა, საშინელი გზა გამოიარეს. იყვნენ ბუნკერებში, ბებია ახლაც იქ არის. მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა ქალაქებში არიან. გაოგნებული ვარ მათი არა მარტო მხნეობით, არამედ სულისკვეთებით. მარინას 80 წლის ბებია გვეუბნება, როგორ წამოვიდე, ქვეყანას როგორ ვუღალატოო. სარდაფში სადილებს ამზადებს, რომ მეომრებს გაუმასპინძლდეს. ინტერნეტით ვეკონტაქტებით და, რა თქმა უნდა, ხშირად აქვთ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. როცა დააგვიანებენ პასუხის მოწერას, თუ როგორ არიან, ეს ჩემთვის ყველაზე რთული წუთებია. ძალიან რთული ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ოჯახში.

– სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, რამდენიმე კვირით ადრე უკვე იყო ამ ომის მოლოდინი. არ ცდილობდით, რომ მარინას მშობლები და ახლო ნათესავები თბილისში ჩამოგეყვანათ?

– ვერავინ დავუშვით, რომ ომი მართლა დაიწყებოდა. მარინას დედა 27 იანვარს შვილიშვილის, ნიკუშას დაბადების დღეზე იყო ჩამოსული. ვეხვეწებოდით, კიდევ დარჩენილიყო ჩვენთან. ირამ ამჯერად არ დამიჯერა, შემპირდა, მალე ჩამოვალთო. არც ის და არც მე ვფიქრობდით, რომ ომი დაიწყებოდა.

უკვე კარგა ხანია, ნორმალური ძილი რა არის, არ ვიცი. მინდა, ერთხელ დავიძინო და სულ სხვა რეალობაში გავიღვიძო. ამ რთულმა პერიოდმა უფრო უკეთ დამანახა, რა საოცარი ხალხია უკრაინელები. იმდენ ძალას პოულობენ, რომ აქეთ მამხნევებენ მარინას ოჯახის წევრები. მეუბნებიან, ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულოთ, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთო.

– თვითონ გიგის როგორ გადააქვს ეს სტრესი?

– მისი მთავარი ამოცანაა, იდგეს მეუღლის და შვილების გვერდით და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისმა ოჯახმა ამ ფსიქოლოგიურ სტრესს გაუძლოს. ფაქტობრივად, მთელი ოჯახი მარინას ირგვლივ ვტრიალებთ.

– ვიცით, რომ განსაკუთრებულია თქვენი და მარინას რძალდედამთილობა. როგორ აეწყო ეს ყველაფერი?

– მარინა ჩემი შვილია. ზუსტად იგივენაირად ჩემი ქალიშვილის მეუღლეც ჩემი შვილია. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, ჩემი შვილების მეორე ნახევრები არ მიყვარდეს. პირველ რიგში, ის უნდა გიყვარდეს, ვინც შენს შვილს აბედნიერებს. მე ახლა მყავს 4 შვილი და 4 შვილიშვილი.

მარინა როდესაც ჩვენს ოჯახში შემოვიდა, პირველი ეს მითხრა: “გამარჯობა, დედა”. აქედან დაწყებული ჩვენი დედაშვილობა არასოდეს დამთავრდება. მე ხომ ქალიშვილიც მყავს. ისე უნდა მოვექცე ჩემს რძალს, როგორც გამიხარდება, რომ ჩემს ქალიშვილს მოექცნენ. ჩვენი მშობლების ოჯახებშიც ასე ხდებოდა. დედაჩემი ყოველთვის სიძის და რძლის მხარეს იჭერდა. ბოლოს ვბრაზდებოდი ხოლმე, სულ ისინი როგორ არიან მართლები-მეთქი.

– როცა ოჯახში უცხოელი რძალი შემოვიდა, არ გეფიქრებოდათ, რომ შეიძლებოდა რაღაც საკითხებში ერთმანეთისთვის ვერ გაგეგოთ?

– არა. სულ არ მჭირდება მე გაგება, მთავარია, ჩემს შვილს გაუგოს. ჩემს შვილს შეიძლება რჩევა მივცე რაღაც მომენტში, ვთქვა და გავიარო, მაგრამ არჩევანის თავისუფლება ყოველთვის მის მხარეზე უნდა იყოს. არავინ არავის შეცდომებზე არ სწავლობს ცხოვრებაში. რომ გითხრათ, უცხოელ რძალზე ვოცნებობდი-მეთქი, ასე არ იყო, ამას ვერც მოვიფიქრებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე გიგის გადაწყვეტილება, ძალიან გამიხარდა.