ნატო დუმბაძე: ,,ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ სენს დაძლევდა, მაგრამ ვერ მოერია”

ნატო დუმბაძე: ,,ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ სენს დაძლევდა, მაგრამ ვერ მოერია",,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,ქუჩის ბიჭების”, ,,სეიშენის”, ქეთა თოფურიას, თიკა ჯამბურიას, ბუკა მანაგაძისა და ჯაბა ქარსელაძის პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, წლებია,  შოუბიზნესში აღარ საქმიანობს. ინტერნეტის განვითარების შედეგად ,,იუთუბსა” და სხვა სოციალურ ქსელებში იმდენად გაადვილდა მომღერლის შესაძლებლობების წარმოჩენა, მათთვის პროდიუსერი ძველებურად საჭირო აღარ არის.

შოუბიზნესში დაბრუნება არ ენატრება. დიდი დოზით ჰქონდა კონცერტები, ზრუნავდა მომღერლების რეპერტუარზე, გარეგნულ სტილზე, კლიპების გადაღებაზე… ცოტა არ იყოს, დაიღალა, ყველანაირ გასართობს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას სახლში მყუდროდ მოკალათება ურჩევნია.

2021 წელი მძიმე და ცრემლიანი გამოდგა ნატოსთვის. მიუხედავად ექიმების დიდი მცდელობისა, 26 ნოემბერს მან დაწერა: ,,ღმერთი ვერ ასწრებს, ყველგან იყოს ერთდროულად, სწორედ ამიტომ შექმნა მან დედა. გარდაიცვალა ჩემი ლამაზი, კეთილი და მადლიანი დედიკო”.

ნატო დუმბაძე:

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მშობელთან დამშვიდობება უწევს. ძალიან ძნელია ამის გადატანა. მშობელს ასაკი არ აქვს და სანამ ცოცხალია, თავი ყოველთვის ბავშვი გგონია. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ სენს დაძლევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოერია.

ორმოცი დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი და ლამის ყველა ტაძარი შემოვიარე. მისი სულისთვის ვუკვეთავდი წირვებს, ამავე დროს არ გამომიტოვებია მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები. 39-ე და მე-40 დღეს შეკვეთილი წირვები ჩავატარეთ მგალობლებთან ერთად. მართალია, სრული სიმშვიდისგან ჯერ შორს ვარ, მაგრამ გარკვეული დოზით დავმშვიდდი. ვიცი, რომ ყველა ეს რიტუალი მის სავალ გზას ამსუბუქებდა და ნამდვილად სასუფეველში შევიდა. ეს რომ არ მჯეროდეს, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ქრისტიანობას, მარხვას, ტაძარში სიარულს? ყოველი წირვის შემდეგ ვიღებდი ზიარებას და ეს მაძლიერებდა.

– ცოტა არ იყოს, მიჭირს თქვენთვის სხვა კითხვების დასმა.

არა, არ მოგერიდოთ, რადგან პირადი ტკივილი მხოლოდ ჩემია და არ მინდა, ადამიანები შევაწუხო ამ თემაზე საუბრით. ასე რომ, შეგვიძლია ჩვეულებრივ კითხვა-პასუხზე გადავიდეთ.

– დიდი დრო გავიდა, რაც აღარავის პროდუისერი არ ხართ. არადა  თქვენი ყველა პროექტი წარმატებული იყო, საზოგადოებას ყოველთვის გემოვნებიან პროდუქტს სთავაზობდით. აღარ გსურთ ამ საქმიანობის გაგრძელება?

– დრო ძალიან შეიცვალა. ვის ინტერესებშიც არის კონცერტების ჩატარება, მარტივად პოულობს თავისთვის შესაფერის  მომღერალს. როცა რომელიმე სიმღერას ან კლიპს მილიონობით ნახვა აქვს, ფაქტია, მისი კონცერტი უკვე მომგებიანი იქნება.

– ასეთ დროს ალბათ თქვენც განიცდით ფინანსურ გაჭირვებას.

– არასდროს მიყვარდა წუწუნი და არც ახლა მინდა. შოუბიზნესში ჩემი პროდიუსერული საქმიანობით სერიოზული შემოსავალი არ მქონია, თუ თავად არ ვიყავი რაიმე კონცერტის ორგანიზატორი. ბევრჯერ საკუთარი ფული დამიხარჯავს. ყოველთვის შემიძლია ისეთი საქმეები გავაკეთო, რაც შემოსავალს მომიტანს, მაგალითად, ჩემი გემოვნებით შევქმენი პატარა კოლექცია ზამთრის სამოსის და ელვის სისწრაფით გაიყიდა. ჩემი შვილები უკვე დასაქმებულები არიან, ოჯახები აქვთ და ჩემი დახმარება არ სჭირდებათ. დედა გარდაიცვალა, მე და ჩემს პატარა ცუგას კი ბევრი არაფერი გვჭირდება. ასე რომ, ამ მხრივ, პრობლემები არ მაქვს.

– პროფესიული არჩევანი, ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები, ქორწინება, ვინმესთან მეგობრობა ან მტრობა… უამრავი რამაა, რასაც ადამიანები ნანობენ, თქვენ რას ნანობთ?

– არასდროს არაფერი მინანია. საერთოდ მიყვარს საკუთარ თავთან დიალოგი. ბავშვობიდან მოვუყვები ხოლმე და ვიხსენებ ყველაფერს. როცა აღსარებისთვის ვემზადები, მაშინაც ვეკითხები ჩემს თავს: “მშურდა ვინმესი?”.  არასდროს! “გული გატკინეს, სამაგიერო გადაგიხდია?” –  არასდროს. იმიტომ კი არა, რომ ყველაზე კარგი გოგო ვარ, არა, უბრალოდ ასეთი ვარ.

მეგობრებსაც უტკენიათ გული, შოუბიზნესშიც ბევრი რამ მომხდარა უსიამოვნო, მაგრამ მერე რა, გაიარა. გული არაფერზე მწყდება, რაც იყო და როგორც იყო. ყველაფერი ისე იყო და ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.