ნამცხვარი ხარჩოს სუნელებით – რეცეპტები ნინო ხაჟომიასგან

ნამცხვარი ხარჩოს სუნელებით - რეცეპტები ნინო ხაჟომიასგანჟურნალისტ ნინო ხაჟომიას გემრიელი დილის გადაცემები ალბათ ბევრს ახსოვს, სადაც ნაირ-ნაირი კერძების რეცეპტებს სთავაზობდა მაყურებელს. იმ პერიოდში ,,სარკე” ჟურნალისტს შეხვდა და მისგან რამდენიმე რეცეპტიც წამოიღო.

ნინო ხაჟომია: ხარჩოს სუნელებით ნამცხვარი ასე კეთდება: ავიღოთ 3 კვერცხი და გული და ცილა ცალ-ცალკე ამოვიყვანოთ. 75 გრამი ფქვილი ორად გავყოთ, ნახევარი ათქვეფილ კვერცხის გულს ჩავაყაროთ და შემდეგ ამ მასას ამოყვანილი ცილა შევურიოთ. მერე დავამატოთ შაქარი და ხარჩოს სუნელები.

ცომი ტაფაზე დავასხათ და გამოვაცხოთ. როცა გამოცხვება, მარწყვის ჯემი გადავუსვათ, რულეტივით გადავახვიოთ და ქსოვილის ნაჭერში შევინახოთ. ცალკე გავაკეთოთ რძის კრემი დარჩენილი ფქვილისგან და ცალკე – ნაღების კრემი (მათი მომზადება ნებისმიერმა დიასახლისმა იცის და რეცეპტს აღარ ჩაგაწერინებთ). შემდეგ ბისკვიტი თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ჭიქებში ჩავალაგოთ, მოვასხათ ცოტა კონიაკი, ზემოდან ორნაირი კრემი დავადოთ და ბოლოს მიწის თხილი მოვაყაროთ.

ორაგულის ღვეზელებს გასწავლით. დავჭრით ორ თავ ხახვს და მოვშუშავთ კარაქსა და ზეითუნის ზეთში. ოღონდ მანამდე ხახვი ცივ ტაფაზე უნდა დავყაროთ, რომ ოქროსფერი იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეწვას. დავუმატებთ ცოტა დაფნის ფოთოლს, მარილს და წიწაკას. ეს ყველაფერი კარგად რომ მოიშუშება, დავასხამთ 150 გრამ თევზის ბულიონს და ცოტა კონიაკს. ბულიონმა იქამდე უნდა იდუღოს, ვიდრე მასა არ განახევრდება.

შემდეგ ფენოვანი ცომისგან ორი ერთნაირი ზომის ფირფიტა გავაკეთოთ და დავჩხვლიტოთ. ავიღებთ დამარინადებულ “სიომგას” (ჩრდილოეთის ორაგული) და დავჭრით, დავამატებთ ბულიონს და მივიყვანთ ნაღების სისქემდე. მერე თუნუქის ფორმას წავუსვამთ კარაქს, ზედ დავაფენთ ცომის ერთ ფირფიტას, დავდებთ თევზისგან მომზადებულ მასას, შემდეგ ზემოდან მეორე ფირფიტას დავაფარებთ. ბოლოს ღუმელს 180 გრადუსამდე გავახურებთ, ცომს შევდგამთ და 10-12 წუთში ჩვენი ღვეზელი მზად იქნება.

– თქვენი ქმარი, აკაკი გოგიჩაიშვილი, თუ ერკვევა კულინარიაში და რა უყვარს ყველაზე მეტად?

– კულინარიისგან ძალიან შორსაა. ერთხელ მივლინებაში ვიყავი და იქიდან რომ დავბრუნდი, აკაკის ობიანი მჭადი ჰქონდა ნაჭამი. პრეტენზიული მჭამელი არ არის, შეუძლია ყველაფერი მიირთვას. ერთადერთი, მეგრულ საჭმელებს ვერ შეეჩვია ეს გურული კაცი. ჩემგან განსხვავებით, ცხარე კერძები არ უყვარს.

– კულინარიული საიდუმლოებებიც გექნებათ და იქნებ გაგვიმხილოთ.

– შემიძლია გითხრათ, რომ ნიორი ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, შოკოლადსაც კი სჯობს. ლელა წურწუმიამ მასწავლა, თუ გინდა, ნივრის ჭამის შემდეგ სუნი არ აგდიოდეს, აუცილებლად ბევრი რძე მიაყოლეო. ხახვის დაჭრის დროს კი წყლის სათვალე გაიკეთეთ.

– როგორ აფასებთ იმ ადამიანებს, ვინც სამზარეულოს ანა-ბანა არ იციან?

– ასეთები ნერვებს მიშლიან. ჩემმა რძალმა საჭმელი რომ არ გააკეთოს, ნამდვილად არ მომეწონება. თუ არ ეცოდინება, კულინარიულ კურსებზე ჩაეწეროს და ისწავლოს!

– დედამთილმა რომ ასწავლოს?

– რძალსაც მე ვუკეთო საჭმელი?! ფულს თუ გადამიხდის, კი, ბატონო.