ნამდვილი ცეზარის რეცეპტი ანიტა რაჭველიშვილისგან – ,,საქართველოში არსად აკეთებენ კარგად”

ნამდვილი ცეზარის რეცეპტი ანიტა რაჭველიშვილისგან - ,,საქართველოში არსად აკეთებენ კარგად''ოპერის ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი ,,სარკის” მკითხველს თავისი საყვარელი სალათის რეცეპტს უზიარებს:

-ძალიან მიყვარს ქათმის სალათი, რომელსაც სჭირდება პომიდორი, სალათის ფურცლები, ოღონდ ხელით დაფლეთილი და არა – დანით დაჭრილი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი, ქათმის მოხარშული ფილე, კიტრი, მოხარშული კვერცხი, ბლომად შავი პილპილი და მარილი. ყველა ინგრედიენტს გემოვნების მიხედვით ჩააყრით. ქათმის ფილეს დაძენძავთ, ინგრედიენტებს დაჭრით და ყველაფერს ერთმანეთში აურევთ. ზემოდან პარმეზანს მოახეხავთ.

ცალკე სოუსს მოამზადებთ ლიმონის, ზეითუნის ზეთისა და შავი პილპილისაგან. სოუსში მოხარშული კვერცხის გული გახსენით, ცილა კი ქათმის სალათას ჩააჭერით. სოუსს ხელით ძალიან დიდხანს უნდა ურიოთ, შემდეგ სალათს ზემოდან მოასხამთ, ძალიან წვრილად დაკეპილ ცოტა ოხრახუშს მოაყრით (ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ თავის გემოზე არ წაიყვანოს) და მიირთმევთ.

ესაა ცეზარის სალათი, რომელსაც საქართველოში არსად აკეთებენ კარგად. ეს კი იმის ბრალია, რომ მაიონეზს უშვრებიან. ცეზარი ზუსტად ასე გააკეთეთ.

– გემრიელ კერძებზე ასეთი სიამოვნებით რომ საუბრობთ, წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ?

– ჭამა არ მიყვარს, ცოტ-ცოტას ყველაფერს ვსინჯავ. ბევრი ჭამა არასოდეს მყვარებია და ვერც ჩემი ორგანიზმი იტანს – ოდნავ ზედმეტი საჭმელიც კი ცუდად მხდის. ჩემს ბავშვობაში გაჭირვების წლები იყო და სად იყო ბევრი საჭმლის საშუალება?! ერთი კერძი ყველასთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო და ისიც თუ გვქონდა, დიდი ფუფუნება იყო. ალბათ კუჭი დამიპატარავდა და დღემდე ცოტას ვჭამ.