ბაჩო კოლელიშვილი: ,,ბევრი კითხვა დაგროვდა ჩემს ცხოვრებაში და შევეცადე, პასუხები გამეცა”

ბაჩო კოლელიშვილი: ,,ბევრი კითხვა დაგროვდა ჩემს ცხოვრებაში და შევეცადე, პასუხები გამეცა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ყოფილი მორაგბე, 30 წლის ბაჩო კოლელიშვილი, ,,რუსთავი 2″-ის ტოქ შოუ “ღამის პრაიმ ტაიმის” ყველაზე უმცროსი წევრია და აქამდე ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონია. ეს შეთავაზება მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, რომ, უბრალოდ, შეეშალათ. ყველანაირად ცდილობს, გამოწვევას კარგად გაართვას თავი. მისი მთავარი მიზანია, რომ იყოს ბუნებრივი და თავისუფალი. ეკრანზე თამაში რომ არ უყვარს, ამაში მამა, რეჟისორი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ადრეულ ასაკშივე დაარწმუნა.

თუ რატომ დაასრულა ადრიანად წარმატებული მორაგბის კარიერა, რას საქმიანოდა ტელეწამყვანობამდე და როგორ გრძნობს თავს ახალ ამპლუაში, ბაჩო კოლელიშვილი ამ და სხვა თემებზე ,,სარკეს” ესაუბრა:

– არასდროს მქონია სურვილი, ტელევიზიაში მემუშავა. პირველად რომ დამირეკეს, ისიც კი ვუთხარი, მე მგონი, ვიღაცაში გეშლებით-მეთქი. როდესაც ყველაფერი გავაცნობიერე, ჩემს თავს ვუთხარი, რატომაც არ უნდა ვცადო-მეთქი.

– რაგბი როგორ აღმოაჩინეთ თავის დროზე?

– ჩემი სურვილით მივედი, რადგან მეგობარი დადიოდა. სანამ ამ სპორტზე მივიდოდი, მანამდე ჩემი ცხოვრება იყო სკოლა და ქუჩა. ერთფეროვანი ყოფა იყო და მინდოდა, რამე შემეცვალა. მსურდა, იმ უბნიდან გავსულიყავი, სადაც ვცხოვრობდი.

– რაგბიმ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– რაგბიმ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამ სპორტთან ერთად გავიზარდე. 13 წლიდან 23 წლამდე ვთამაშობდი. როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი, ძალიან კარგად ჩამომაყალიბა. მასწავლა, რომ ცხოვრება თამაში არ არის. რატომღაც ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა, იმაზე დიდი რაგბი მეთამაშა, ვიდრე ვთამაშობდი. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ამ სპორტში დროებით ვიყავი და ასეც მოხდა.

– რატომ თქვით უარი წარმატებულ კარიერაზე?

– ტრავმების გამო. ის გუნდიც აღარ იყო, სადაც მე თამაში მსიამოვნებდა. მაინც ძნელი იყო რაგბიზე უარის თქმა, მაგრამ ტრავმები დამეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იყო პერიოდი, რომ ფიზიკურად ვერ დავდიოდი, გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია.

– რას საქმიანობდით რაგბის შემდეგ 7 წლის განმავლობაში?

– ძირითადად საკუთარ თავზე ვმუშაობდი, შემეცნებით ვიყავი დაკავებული. ბევრი ისეთი რაღაც ვისწავლე, რისთვისაც მანამდე დრო არ მქონდა. ბევრი კითხვა დაგროვდა ჩემს ცხოვრებაში და შევეცადე, ყველაფრისთვის პასუხი გამეცა.

– როგორია თქვენი და თქვენი ცნობილი მამის, ზაზა კოლელიშვილის, ურთიერთობა?

– ოჯახმა მაქსიმალურად თავისუფლად გამზარდა, ჩვენთან ყოველთვის დემოკრატია იყო. დედმამიშვილებში ყველაზე პატარა ვარ და ყველაზე მეტი თავისუფლება მე მქონდა. ზაზა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ცხოვრებაში მართალი უნდა ვყოფილიყავი. ყოველთვის იმაზე მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ვმოქმედებდი.

– კინოში გადაღების ცდუნება არასოდეს გქონიათ?

– არა. ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი კამერის წინ დგომას. სადაც კი აქამდე გამოვჩენილვარ, ყველგან ოჯახის თხოვნით. მამის ორ ფილმში ვითამაშე მცირე როლი, მაგრამ ეს ჩემი არ არის. მსახიობობა კატეგორიულად არ მინდოდა.

– ეკრანს სხვანაირი პოპულარობა მოაქვს. ალბათ დიდი ინტერესი გაჩნდა თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ.

– ყოველთვის იყო ინტერესი ჩემ მიმართ. იყო პერიოდები, ჩემს ძმაშიც კი ვეშლებოდი. მოკლედ, მამაჩემისა და ჩემი ოჯახის გამო ეს ცნობადობა არასდროს მაკლდა. მე ისე არ ვცხოვრობ და ისეთ საქმეს არ ვაკეთებ, რომ უარყოფითი ემოციები გამოვიწვიო ხალხში.