რომის პაპი რუსეთის პატრიარქს: ,,განვითარდა ქრისტიანული ცნობიერება, დღეს ასე ვერ ვილაპარაკებთ”

რომის პაპი რუსეთის პატრიარქს: ,,განვითარდა ქრისტიანული ცნობიერება, დღეს ასე ვერ ვილაპარაკებთ"რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა -პოლიტიკის.

„ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მცდელობებში მშვიდობის დასამყარებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად, ვეძიოთ მშვიდობის გზები და შევაჩეროთ ცეცხლი… ეკლესია არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენას უნდა იყენებდეს… იყო დრო, როცა ადამიანები ჩვენს ეკლესიებშიც კი ლაპარაკობდნენ წმინდა ომზე ან სამართლიან ომზე. დღეს ჩვენ ასე ვერ ვილაპარაკებთ. განვითარდა ქრისტიანული ცნობიერება მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ“, – განაცხადა რომის პაპმა.

მანამდე რუსეთის პატრიარქმა თქვა, რომ უკრაინაში დღევანდელი ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ რვა წელია, გარკვეული ძალები ცდილობენ დონბასში არსებული საზოგადოებისა და მისი ღირებულებების განადგურებას. კირილეს თქმით, დონბასში ომი იმის გამოა, რომ იქ ხალხს გეიაღლუმის გამართვა არ სურს, გარე ძალები კი სწორედ ამ ტესტის ჩაბარებას ითხოვენ.

„იცით რა არის ეს ტესტი? ეს არის მარტივი და თან ამავდროულად საშინელი ტესტი – გეიაღლუმი. მოითხოვენ ხალხისგან, რომ გამართონ გეიაღლუმი“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ვიდეოზარის ბოლოს ომის ფასზე ისაუბრა:

„ომები ყოველთვის უსამართლოა, რადგან ხალხი იხდის მის ფასს. ჩვენს გულებს არ შეუძლია არ გამოიტირონ ომის ყველა მსხვერპლთან ერთად დაღუპული ბავშვები და ქალები. ომი არასოდეს არ არის გზა. სული, რომელიც გვაერთიანებს, გვთხოვს, როგორც მწყემსებს, დავეხმაროთ ხალხებს, რომლებიც იტანჯებიან ომით“.

ბათუმელები.ჯი