ირაკლი მარგველაშვილი: ,,ირაკლი კობახიძევ, მამაშენი არ დაივიწყო, ავანგარდში იყო ქვეყნის ღალატის”

ირაკლი მარგველაშვილი: ,,ირაკლი კობახიძევ, მამაშენი არ დაივიწყო, ავანგარდში იყო ქვეყნის ღალატის''ირაკლი მარგველაშვილი ,,ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საჯარო წერილით მიმართავს, სადაც წერს:

,,ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს სამოქალაქო ომი დაიწყო”. არავის დაუწერია, რატომ მოხდა ეს და რატომ დაიწყო ეს ომი. მინდა, მოვუყვე კობახიძეს, რატომ დაიწყო 1991წ. 22 დეკემბერს ომი თბილისში.ეტყობა, მამამისმა უთხრა, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი.

ეს არ იყო სამოქალაქო ომი, ირაკლი კობახიძევ. ეს იყო რუსების მეორე შემოტევა ახალ ქართულ სახელმწიფოზე და ამ შემოტევის ავანგარდში მამაშენი გიორგი კობახიძეც იყო… მათ დაიწყეს ომი კანონიერად არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რუსეთის კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილის გენერალ სეფიან ბეპაევის მხარდაჭერით. გადატრიალების მთავარი მოქმედი პირები, თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი 24 დეკემბრიდან სწორედ სამხედრო ოლქის შენობაში ცხოვრობდნენ.

მოსკოვიდან მას ამზადებდა ბურბულისის ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას უწევდა სამხედრო გადატრიალებას. ამის შემდეგ მოხდა ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლების გადასვლა კრიმინალების ხელში.

რაც შეეხება აფხაზეთის დაკარგვას, ამისთვის ჯერ იურიდიული საფუძველი შეამზადეს. 1992წ. 28 თებერვალს გააუქმეს კონსტიტუცია და აღადგინეს 1921წ. კონსტიტუცია, სხვათა შორის სამხედრო საბჭომ. ამ კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განსაზღვრული არ იყო, რაც საბაბად მოიდო არძინბას ხელისუფლებამ.

ვინ ეკითხებიოდა სამხედრო საბჭოს ამას ან რა უფლებამოსილებით გააკეთეს, არავინ იცის, მაგრამ რატომ ქნეს ეს, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ აფხაზებს 1992წ. 14 ივნისს გამოეცხადებინათ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა და თავი საქართველოდან გასულად გამოაცხადეს. ესეც იმიტომ მოხდა, რომ 1992წ. მაისში, აფხაზეთის უზენაესი საბჭო დატოვა ქართულმა დეპუტაციამ (კიდევ ერთი გაუგებრობა) და აფხაზებს დარჩათ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რითაც მიეცათ საშუალება ამ გადაწყვეტილების მიღების.

ამის შემდეგ დაიწყო აფხაზეთის ომი, რომელის ნიადაგიც  ხელოვნურად შექმნეს, სექტემბრის მოსკოვის შეთანხმება 5 ოქტომბერს დაირღვა იმით, რომ გაგრა დაიკავეს სეპარატისტებმა. ახლა მომისმინე, ირაკლი კობახიძევ! მემკვიდრეობით რომ გადმოგეცა საქართველოს ინტერესების ღალატი… მამაშენმა და მისმა ამხანაგებმმა და კიდევ სხვებმა მოახდინეს სახელმწიფოს დამხობა და ეგ სამოქალაქო ომი კი არ იყო, ეგ იყო რუსებთან ერთად ჩატარებული სახელმწიფგო გადატრიალება, კლასიკური პუტჩი.

სხვათა შორის, 2020 არჩევნებზე შენც და შენმა ამხანაგებმაც ჩაატარეთ სახელმწიფო გადატრიალება და მაგისთვის პასუხი მოგეთხოვებათ… შენ ჩამოათრიე სწორედ ის გავრილოვი და გინდოდა, გაგეტესტა როგორ იყვნენ მზად ქართველები რუსეთში შესათრევად. ახლაც იგივეს იძახი, მაგრამ იცოდე, სანამ რამეს ხელს მოაწერთ, ხელები მოგემტვრევათ. როდესაც ლაპარაკობ მაგ პერიოდზე, მამაშენი არ დაივიწყო, ავანგარდში იყო ქვეყნის ღალატის. ეგ რომ არა, ახლა საქართველო სამშვიდობოს იქნებოდა, მაგრამ მამაშენმა და მისმა ამხანაგებმა 11 წელი დააკარგინეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა. აი, ასე უნდა მოყვე ეგ ამბავი”.