,,ბახვა ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი, ცოცხალი გმირი იყო” – ამ წუთებში ბახვა ჩიქობავას ცხედრის და დაჭრილი ქართველების გამოსაყვანად იბრძვიან

,,ბახვა ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი, ცოცხალი გმირი იყო'' - ამ წუთებში ბახვა ჩიქობავას ცხედრის და დაჭრილი ქართველების გამოსაყვანად იბრძვიანრამდენიმე საათის წინ მარიუპოლში შეტაკებისას ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ის ოკუპანტებს ჯერ საქართველოში ებრძოდა – 2008 წლის ომში მონაწილეობდა, 2014 წლიდან კი უკრაინაში, მარიუპოლში მსახურობდა. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი იერიში რუსებს მარიუპოლზე აქვთ მიტანილი. ბახვა ჩიქობავა ,,აზოვის” ბატალიონის წევრი იყო და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა ქალაქისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

ბახვა ჩიქობავა პოლკოვნიკი გახლდათ. ,,ის გამოცდილი მებრძოლი, ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი იყო. სპეცდანიშნულების რაზმების კუთხით ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ. ის იყო ცოცხალი გმირი, არაერთი ორდენის კავალერი. ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული. ის ეხმარებოდა უკრაინელებს სახელმწიფო არმიის მშენებლობაში”, – ამბობს ბახვა ჩიქობავას თანამებრძოლი.

-ბახვა ჩიქობავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სპეცრაზმის მეთაური იყო. ამ ხელისუფლებამ შეთითხნილი ბრალდებით დააკავა, მერე მოუწიათ გათავისუფლება. ის წავიდა უკრაინაში. 2014 წლიდან არის მარიუპოლში. მთელი ეს პერიოდი ოჯახსაც კი აწუხებდნენ მიგზავნებით, თქმით, რომ ჩამოვიდესო და ა.შ. ბახვა ძალიან თავდადებული ბიჭი იყო. სულ ამბობდა, ვერ შემოვლენ, ჩვენ მოვერევით ყველა შემთხვევაშიო. ბოლოს სამი დღის წინ ვესაუბრე, – ამბობს ,,პირველთან” ნაციონალების მთავრობის მაღალჩინოსანი გივი თარგამაძე.

სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი ქართველი ჯარისკაციც  დაჭრილია. ჯერჯერობით ცხედრისა და დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდება. ქართველი მეომრების თანამებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხედარი და დაჭრილები გამოიყვანონ. სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.