მარიკო ებრალიძე: ,,ეს ღვეზელი დედამთილმა მასწავლა, რეცეპტს ჩაგაწერინებთ”

მარიკო ებრალიძე: ,,ეს ღვეზელი დედამთილმა მასწავლა, რეცეპტს ჩაგაწერინებთ",,სარკე”

მომღერალი მარიკო ებრალიძე ინტერესიანი დიასახლისია. გარშემო საუკეთესო კულინარები ახვევია, რომლებიც ყოველთვის გემრიელი კერძების რეცეპტებით ამარაგებენ. მარიკომ დედამთილის მიერ ნასწავლი ღვეზელის რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებსაც გაუზიარა:

– ჩემი დედამთილი მეგრელი ქალია და კარგი, გემრიელი ხელი აქვს. მისი ვაშლის ღვეზელის რეცეპტს ჩაგაწერინებთ:

3 კვერცხი და 400 გრამი შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ 150 გრამი არაჟანი, 150 გრამი გამდნარი კარაქი, 1 ჩაის კოვზი სოდა და ცოტაოდენი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 შეკვრა ვანილი. ფქვილი იმდენი უნდა ვუყოთ, რომ მაგარი ცომი გამოვიდეს.

გავთალოთ 2 კილოგრამი ვაშლი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ცომი ფქვილმოყრილ ლანგარზე გავაბრტყელოთ, დავაფინოთ გახეხილი ვაშლი და ლიმონის ცედრა მოვაყაროთ. შემოვუკეცოთ გვერდები და ზემოდან ლამაზ ფორმებად დავაფინოთ გრძლად დაჭრილი ცომი. გადავუსვათ კვერცხის გული და ღუმელში 50 წუთი ვაცხოთ 70-80 გრადუსზე.

სილამაზისთვის შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ, ოღონდ ნამცხვრის გაგრილების შემდეგ.

ეს ღვეზელი ნებისმიერი ხილით შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩემი დედამთილი ამ ნამცხვარს ნაყინის ერთ მოზრდილ ბურთულას შემოუდებს ხოლმე გვერდით და ბრაუნივით გეახლებით.