,,მაოცებდა ზელენსკის ნიჭიერება, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი” – ბუბა კიკაბიძე გაუტეხელ, მამაც პრეზიდენტზე

,,მაოცებდა ზელენსკის ნიჭიერება, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი" - ბუბა კიკაბიძე გაუტეხელ, მამაც პრეზიდენტზე44 წლის ვოლოდიმერ ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ უნდა იბრძოლოს ქვეყნის მეთაურმა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. დღეს ყველა მამაც, გაუტეხელ უკრაინის პრეზიდენტზე ლაპარაკობს. ქართველ მომღერალს, ბუბა კიკაბიძეს მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ბატონი ბუბა ,,სარკესთან” საუბრობდა:

-წლების წინ კონცერტის დროს გავიცანი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწია. შემდეგ ჩემზე ფილმიც გადაიღო.

მე ვაკვირდებოდი მას წლების განმავლობაში, მაოცებდა მისი ნიჭიერება, ორგანიზებულობა, ლაკონურობა, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი. ერთ კონცერტზე, როცა ის საგრიმიოროში შემოვიდა ჩემ სანახავად, ვუთხარი, ვალოდია, დღეიდან ვიწყებ შენთან თქვენობით ლაპარაკს, რადგან დარწმუნებული ვარ, შენ ხარ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი-მეთქი. ჩემი წინასწარმეტყველება ახდა.

მას განსაკუთრებულად უყვარს საქართველო, ჩვენი მეგობრობა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საქმეებით ძალიანაა დაკავებული, მაინც პოულობს დროს და ზოგჯერ ტელეფონით მეხმიანება. მართალი გითხრათ, მეცოდება პოლიტიკისთვის, რადგან დიდ პოლიტიკას დიდი სირთულეები ახლავს.